Home ახალი ამბები საქართველო მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

2880
სპუტნიკი

მრავალპროფილიანმა ახალი ამბების სააგენტო Sputnikმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო _ SputnikPro. მასტერკლასი 20 მარტს თბილისში, საერთაშორისო სააგენტო და რადიოშპუტნიკსაქართველოსმულტიმედიურ ცენტრში, რუსმა მედიამენეჯერებმა ქართული უწყებების პრესსამსახურებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებისთვის გამართეს.

მედიამენეჯერებმა ქართველ ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოების სტანდარტები და ტექნოლოგიები გააცნეს. მასტერკლასზე საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიას” მთავარი რედაქტორის მოადგილე ნატალია ლოსევამ თანამედროვე მედიასივრცეში მიმდინარე ცვლილებებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მე, როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა, ვიცი, რომ სახელმძღვანელოები ვერ ეწევა იმ ცვლილებებს, რომლებიც მასმედიაში ხდება. სახელმძღვანელოები და ქრესტომათიები ლამის გამოცემისთანავე ძველდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია”, _ განაცხადა ლოსევამ “Sputnik -საქართველოსთან” ინტერვიუში.

Sputnik -ის ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნების მულტიმედიური ცენტრების დირექტორის მოადგილე მარინა პერეკრესტოვას თქმით, პროექტის საპილოტე ვერსია შარშან დეკემბერში აზერბაიჯანში ამოქმედდა, რის შემდეგაც მისი განვრცობა გადაწყდა.

“ჩვენი კოლეგები მზად არიან, მიგვიღონ, მოგვისმინონ, კითხვები დაგვისვან. ამიტომ გადავწყვიტეთ, თემა დიდ პროექტში გადაგვეყვანა”, _ აღნიშნა პერეკრესტოვამ.

ქართველი ჟურნალისტებისთვის “ფეიკურ”, ანუ ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლის მასტერკლასი საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიას” მრჩეველმა სვეტლანა ბაბაევამ ჩაატარა.

ბაბაევას განმარტებით, ფეიკური ახალი ამბები და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელება მკითხველის შეცდომაში შეყვანისა და ფინანსურ-პოლიტიკური გამორჩენის მიღების მიზნით, ერთ-ერთ პრობლემად რჩება.

“როცა, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, კოლეგა ჟურნალისტები ურთიერთობენ და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, ეს შესანიშნავია. ამაშია იმის საფუძველი, რომ ყველა სირთულე გადაილახება”, _ აღნიშნა ბაბაევამ მასტერკლასის დასასრულს.

ბოლო მასტერკლასი ბილდრედაქტორებისა და ფოტოგრაფებისთვის “როსია სეგოდნიას” ონლაინგამოცემის ფოტოსამსახურის ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ სვეტლანა სვიაზოვამ ჩაატარა, რომელიც საავტორო უფლებებს ეხებოდა.

მასტერკლასის პირველი სერია მინსკში ჩატარდა, მეორე _ თბილისში, საიდანაც მედიამენეჯერები ერევანში გაემგზავრნენ.

მოამზადა

სოფიო კაკაჩიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here