Home რუბრიკები საზოგადოება “მანთაშოვი რომ იყო ხელებგაშლილი, წავიდა, არაფერი წაუღია”

“მანთაშოვი რომ იყო ხელებგაშლილი, წავიდა, არაფერი წაუღია”

1513
რაზმიკ ბურნუჩიანი

„— Валик-джан, зачем тебе болъшая авиасия? Поедем ко мне домой, мама долму готовит. Ты любищъ долма?

— Нет.

— Потому, что у вас не умеют готовитъ долма. А настояший долма – уф!

— Рубик дорогой, толъко теперъ не скажи, что у нас и сациви не умеют готовитъ.“

Мимино

რაზმიკ ბურნუჩიანი შემთხვევით გავიცანი _ მეზობელს ავეჯის გადაზიდვაში ეხმარებოდა ეს ხანშიშესული, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანიანი კაცი.

რამდენი წლისა ბრძანდები-მეთქი, _ ვკითხე, _ ამ სკამებსა და მაგიდებს რომ ეჭიდები?

_ სამოცდათორმეტის. მალე სამოცდაცამეტის გავხდები, _ უცებვე მიაყოლა, _ სემდესიატ ტრი!

_ წლებს იმატებ?

_ შევდივარ, რა!

ავუხსენი, რომ თბილისელ სომეხზე ვაპირებ წერილის დაწერას გაზეთში.

_ ჩემი ბიოგრაფია წასულია, _ იუარა რაზმიკ ბურნუჩიანმა, _ რაც მამაჩემი იცოდა, ისიც დავიწყებულია. ჩემი _ არ ღირს.

_ თბილისელი ხომ ხარ, კაცო! _ შევაგდე ნამუსზე.

_ მაშ! თბილისელი! ქართველი, ებრაელი, ქურთი ჩვენ უბანში ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით. ძმობა და სიყვარული იყო… (დაფიქრდა) ახლაც არი… ძველი თბილისური გაგებით ყველა ერთმანეთში სიყვარულით ვიყავით _ აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ქურთი…

ცუდია?!

ახლა? ერთმანეთს რომ ჭამენ…

ჩემმა ბიჭობამ ხარფუხში გაიარა. მტკვარზეც მიბანავნია და თევზიც დამიჭერნია.

_ თევზის დაჭერას უშლიდნენ?

_ უშლიდნენ, მაგრამ მაინც ხომ გვინდა ჭამა. სეტკითაც ვიჭერდით და ისეც…

_ კომუნისტების დროს სად მუშაობდი, რაზმიკ-ჯან, ბატონო?

_ მე კომუნისტების დროს მადლობელი ვარ რაზე: მამაჩემი რომ გარდამეცვალა, ჰოო, რვა კლასიდან ბიძაჩემთან ვმუშაობდი _ პიონერთა სასახლეში, რუსთაველზე რომ არი. ხატვა მეხერხებოდა, მანდა ვხატამდი. მეორე სართულზე. სკოლაში არ დავდიოდი.

_ რომელ სკოლაში?

_ გასპარიანის სკოლაში. აი, ეხლა რომ დაანგრიეს მერიის უკან. პერვი ჟენსკი იყო.

_ პერვი ჟენსკი, ქალთა პირველი სკოლა, ჩიტაძეზე იყო.

_ ჩემი დები მანდა სწავლობდნენ. ეგ არ ვიცი?!

ვერ შევთანხმდით…

_ პეტროსიანი ჩვენთან სწავლობდა. შახმატისტი.

_ ტიგრან პეტროსიანი _ მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში.

_ ჰოდა, სახლში მომაკითხეს, რატომ არ სწავლობო, _ დაუბრუნდა მთავარ თემას რაზმიკ, _ ასე კისრიდან დამიჭირეს და მატაციკლეტში ჩამსვეს.

_ მალიარად ვმუშაობ, _ ვეუბნები, _ ვხატამ. წინათ ხომ რემონტების დროს ხატავდნენ.

_ სომეხი ოსტატები არემონტებდნენ ბინებს, კედლებს და ჭერს მოხატავდნენ, მოაჩუქურთმებდნენ ფერადად.

_ თოიძეს ფეზეუ იყო მაშინ (ფაბრიჩნო-ზავოდსკოე უჩილიშჩე), ეგრევე შემიყვანეს. დამამთავრებინეს. ცუდობა ხომ არ გამიკეთეს?!

ეხლა ამხელა ახალგაზრდები, ლაწირაკები ქუჩაში დგანან. ყურადღებას ვინ აქცევს?

_ რომელ სპეციალობას დაეუფლე?

_  Художник маляр-реставратор!

_ გიმუშავია მაგ სპეციალობით?

_ კანეშნა. ოპერა რომ დაიწვა, იქაც. იტალიელები რომ მუშაობდნენ, მაშინ. ფინანსთა სამინისტროშიც მიმუშავია.

_ იქ რას აკეთებდი?

_ მალიარის საქმეს. სუ მანდ ვიყავი, სუ მანდ ვმუშაობდი.

_ პენსიაზე გასვლამდე?

_ კანეშნა.

_ ახლა რასა იქმ?

_ აგერ ჩემი ბიჭია, ვართანა. საქმე გვაქვს. ჩემი ხელობა აქვს. მაგარი ხელოსანია. იაფად ვმუშაობთ. ისე არა, ზოგი რომ ამბობს: არ გინდა? წავედი… თანაც ნაცნობებთან. ვენაცვალე! კრანს რომ გახსნი, ცოტა რომ მოდის, ისე, პასტაიანათ. თორემ ზოგი იცის, გახსნის და უცებ გათავდება წყალი.

_ მამაშენი რა ხელობის კაცი იყო?

_ მეხორცე. ფიროსმანი რომ დგას, იქ იყო შეითან ბაზარი. იქ მუშაობდა.

_ ერთი შვილი გყავს?

_ პატარა ბიჭი დამეღუპა. უკვე 18 წელია. ეეე, ძველი ამბავია… _ და ისევ ძველ თბილისზე გადადის _ იოსებ გრიშაშვილი ჩვენი ნათესავი იყოო. ძველ თბილისში ფეზეუები იყოო.

_ არ გინდა სკოლაში სწავლა _ ხელობა ისწავლე, ტოკრობა (ხარატობა) ისწავლე. ჩემი ძმაკაცები, თოიძეში რო სწავლობდნენ, ახლა მოსკოვში არიან. ხეზე ჭრის ოსტატები. ქართულად. კაიროზე (კაიროს სახელობის ქუჩაზე) რომ იყო ფაბრიკა, იქა მუშაობდნენ. ეხლა არი ერთი უჩილიშჩა, რომ ასწავლონ ესეთი რამე? წინათ იყო, ხელით აკეთებდნენ. ქუთაისი რო მებელს უშვებდა, სად არის ის მებელი?

_ კარგი მაგიდები იყო.

_ მა რა…

_ წავიდა ის ცხოვრება, რაზმიკ ბატონო…

_ იცი რა? ამ ცხოვრებიდან არავის არაფერი მიაქვს. სიკეთე დათესე და წადი. მანთაშოვი რომ იყო, ხელებგაშლილი, წავიდა, არაფერი წაუღია. სიყვარული დარჩება, _ ფილოსოფიურად ასკვნის, _ ერთმანეთში მაინც სიყვარული იქნება. ჩვენი _ კავკასიური. ღმერთი ზევით არი! კარგობას ერთმანეთთან წელიწადები უნდა, სიყვარული რომ დათესო. ერთ წუთში შეიძლება შეაგინო და გააფუჭო. მაგრამ იმ კაცთან კარგობა უნდა იპოვო (ვისაც შეაგინებო).

ეხლა ახალგაზრდები არ იციან ცხოვრება. ომის ვეტერანებზე რაც გააკეთეს, ნახე?

_ 9 მაისს, ვაკის პარკში?

_ ხო. არ მომეწონა. იმათ, ვეტერანებმა, კარქობა გააკეთეს, რომ ეხლა ჩვენა ვცხოვრობთ, თორემ ის გიტლერი… არც ჩვენ ვიქნებოდით, არც ჩვენი შვილები და შვილიშვილები, არც ქართველი, არც სომეხი. თუ ვიქნებოდით, როგორც საქონელი. არც ეროვნება გვექნებოდა, არც ადამიანობა. ფაშიზმ!

აი, ეგეთი, ეხლა უკრაინა რომ აკეთებს. კარქი რამეს აკეთებს?!

მეზობელი, რაც გინდა ცუდი მეზობელი იყოს, კარის მეზობელია. უნდა ენა იპოვო. ტკბილი. ეგრე არ არი?! წიწაკა აქვს? შაქარი მიეცი!

ის შორს არის, ამერიკა. მაგის დედა ვატირე… იმასთანაც კარგათ ვიყოთ. მაგრამ ეს მაინც ჩემი მეზობელია (რუსეთიო).

_ ორი სიტყვა ოჯახზეც მითხარი.

_ სამი შვილიშვილი მყავს. უფროსი 21 წლისაა. სპორტსმენია _ ჯუდო.

_ საიდან ჩამოსახლდნენ თქვენიანები თბილისში?

_ დედაჩემი, სირანა ცხრა წლის ვიყავი რომ გარდამეცვალა, ვიცი, რომ სიგნახიდან იყო. მამაჩემი _ ძველი სომხეთიდან იყო, თურქებმა რო გამოყარეს ცხრაას თხუთმეტში. აკოფ ერქვა…

_ აკოფ დარდიმანდიანც, _ ჩავრთე უადგილოდ.

_ არა, კაცო, _ ბურნუჩიან, _ პაუზა. გაიღიმა, _ შენ “ხანუმაზე” ლაპარაკობ… მაგარი იყო ჩხიკვაძე. ეროსიც, მანჯგალაძე, _ შეაფასა და განაგრძო:

_ ორი სიძე ქართველები მყავდა. ჰალალად გეუბნები. ერთი ჯოხაძე შოთა ორჯონიკიძის ქარხანაში ტოკრად მუშაობდა. საქართველოს დეპუტატი იყო. ჯიგარი კაცი. შოთა სომხურად სუფთად იცოდა. ავლაბრელი იყო. თბილისიდან ერევანში დელეგაცია რომ მიდიოდა, შოთა ყოველთვის მიყავდა შევარდნაძეს _ ვინმეს ცუდი რომ არ ეთქვა რამე. პერევოდჩიკად იყო, რა… (იცინის).

ორი სიძე ქართველი, ორიც _ სომეხი. სტუმრად რომ მოდიოდნენ ჩემთან, ახალგაზრდა რომ ვიყავი, სუფრა სავსე მქონდა, ბასთურმა, სუჯუხი, ტოლმა, საცივი…

_ არ თქვა, რომ საცივი სომხურია.

_ ზატო ტოლმა! _ ნირი არ გაიტეხა და ტოლმაზე დამპატიჟა…

ხაჩიკიანივით!

არმაზ სანებლიძე

P.S. “_ В етом гостинице я директор”.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here