მთავარი პოლიტიკა …მამა ნახე, შვილი ისე გამონახე!

…მამა ნახე, შვილი ისე გამონახე!

2116
გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი, ედუარდ შევარდნაძე,

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში სახოტბო სიტყვები არ დაიშურა საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ, რომელსაც 25 იანვარს 90 წელი შეუსრულდებოდა.

“დღეს ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს, ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბოლის ეუთოს 1999 წლის სამიტი _ ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატო-ს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე. ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა “ცივი ომის” დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება”, _ დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი კვირიკაშვილმა თავის პოლიტიკურ მამაზე, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით, “მოქალაქეთა კავშირში” მიიღო, დააფრთიანა და გზა გაუხსნა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად, თუმცა კვირიკაშვილს, ეტყობა, დაავიწყდა (როგორც თავის დროზე “დაავიწყდა”, ვინ იყო თურქეთი საქართველოსთვის _ მტერი თუ ისტორიული მეგობარი) შევარდნაძის სხვა დამსახურებები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. მაგალითად, მასობრივი დაჭერები ცკ-ის მდივნობის პირველ წლებში; 1991-92 წლებში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების მხარდაჭერა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას განდევნა სამშობლოდან, შემდეგ კი მისი დევნა და მკვლელობა; უცხო ქვეყნების ჯარების შემოყვანა აფხაზეთსა (345-ე სადესანტო პოლკი) და სამეგრელოში (რუსი ადმირალის, ბალტინის საზღვაო ფლოტის ქვედანაყოფების); თბილისში ჩამოსვლის შემდეგ (1992 წ.) თვითმფრინავის ტრაპიდან იმ “ინტელიგენციისთვის” მადლობის გადახდა, რომელმაც პუტჩი მოაწყო; სამეგრელოს ძარცვა-აოხრება “მხედრიონის” მიერ, რომლის ხელმძღვანელ ჯაბა იოსელიანთან ერთად ე.წ. სამხედრო საბჭოს მეშვეობით მართავდა ქვეყანას. თენგიზ კიტოვანის ჯარების გაგზავნა აფხაზეთში და იქ ძმათამკვლელი ომის გაჩაღება, რომელიც ამ კუთხის დაკარგვად დაუჯდა ქვეყანას. უშუქობა, უდენობა, კუპონისა და ვაუჩერების შემოღება, შედეგად _ სრულიად საქართველოს ძარცვა და მოსახლეობის გაღატაკება, ხოლო მისი “ბიზნესის კეთების ნიჭის” მქონე ახლობლებისა და ნათესავების გამდიდრება; “მოქალაქეთა კავშირის” შექმნა და იქიდან “რეფორმატორთა გუნდის”, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა, დაფრთიანება, რომელმაც 9 წლის განმავლობაში სისხლის კალო დააატრიალა ქვეყანაში…

ნათქვამია: “გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა”, მაგრამ სიმართლის თქმით კვირიკაშვილი ხომ წყალში ჩაუყრიდა ედუარდ შევარდნაძეს იმ უზარმაზარ ღვაწლს, რომელიც მას საქართველოს “განვითარებაში” აქვს შეტანილი?!

…მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო!

ნიკოლოზ აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here