Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს

ლევან ჩაჩუა: ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს

“ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობასთან” ტანდემში განაგრძობს ქვეყნის მიწა-წყლის გაყიდვას”

393
ლევან ჩაჩუა: ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, 24 აპრილს რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანჰესის პროექტზე თავისი პოზიცია წერილობით ამცნო და პრემიერის გადაწყვეტილების მომლოდინე უკმაყოფილო საზოგადოების დამშვიდება გარკვეული წინადადებებითა თუ ორაზროვანი შეთავაზებებით სცადა.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჯერ მთავრობის ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ მედიითაც გავრცელდა, პუნქტებად იყო ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, რომლითაც მმართველი გუნდი დათმობის იმიტაციას ცდილობს. 9-12-თვიანი მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე, პოლიციელების რაოდენობის შემცირება ხეობაში, კარვების დადგმის უფლება დემონსტრანტებისთვის მათთვის სასურველ ადგილებზე და ა.შ. _ ეს არის ნაწილი იმ “კომპრომისებისა”, რომლებითაც ხელისუფლებამ თავისი “კონსტრუქციულობის” წარმოჩენა სცადა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იგი მთავარ საკითხში, რომელიც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გულისხმობდა, შეუვალი აღმოჩნდა, აღნიშნულმა შეთავაზებებმა უკუშედეგის ეფექტი უფრო იქონია _ 23 მაისს თბილისში გრანდიოზული აქცია დაანონსდა, საყოველთაო სახალხო მღელვარება რეგიონიდან დედაქალაქში ინაცვლებს.

რას ნიშნავდა განცხადება, რომელიც მთავრობამ გაავრცელა და სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება პროცესები მომავალში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, წინა კვირას საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომენკასთანდადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. ამას გარდა, უწყებამ უნდა ჩამოიყვანოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, არსად ჩანს ის მომენტი, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გამოწვეულია ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის გაფორმებით, მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი _ საერთაშორისო პრაქტიკა. როგორ შეაფასებთ მთავრობის განცხადებას?

_ უწინარესად, მივმართავ იმ ხალხს, რომელმაც ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”: დღემდე რომ გაიძახით, “ოცნებას” იმიტომ ვირჩევდით, ნაცები რომ არ დაბრუნებულიყვნენო და სწორედ თქვენი რჩეულები რომ ევედრებიან ნაცებს პარლამენტში შესვლას, ოდნავ შეურაცხყოფილად მაინც არ გრძნობთ თავს? თუ პირადი გამორჩენის სანაცვლოდ ყველაფრის ,,გაპრავება” მოსულა?! ქვეყანა თავზე გვექცევა და თქვენი რჩეულები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლად და მთავარ გამარჯვებად მიიჩნევენ მიშელის კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომლითაც პარლამენტში შეჰყავთ სწორედ ის ნაცები, რომლებიც თქვენ არ გინდოდათ! რაც შეეხება ნამოხვანჰესის პროექტზე მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას და კონკრეტულად განცხადების იმ ნაწილს, რომ უცხოური იურიდიული კომპანია შეისწავლის ხელშეკრულებას საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას, ვფიქრობ, ეს ფრაზა ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს, იმიტომ, რომ მათი მიდგომები აქ იკვეთება. მათთვის მნიშვნელოვანია არა ის, კონკრეტული დოკუმენტი როგორ მიესადაგება ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს ან მისაღებია თუ არა ის ჩვენი ერისთვის, არამედ მთავარია, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო პრაქტიკას. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეს საერთაშორისო პრაქტიკა? _ ის, რაც გეოპოლიტიკური სპეციფიკიდან ან ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხელსაყრელია რომელიმე სახელმწიფოსთვის, შეიძლება ჩვენთვის შეუსაბამო იყოს. ეს ერთი და მეორე _ პროტესტის საფუძველი საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამობაა თუ თურქული კომპანიისთვის გადაცემული ქართული მიწაწყლის მილიონობით კვადრატული მეტრის ფართობი?!

_ გამოდის, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში აცდენილია ხალხის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში აზრი აქვს მოლაპარაკებას?

_ ხელისუფლება არა მხოლოდ აცდენილია ხალხს, არამედ ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს და ვერც კი აცნობიერებს ასეთი მიდგომის შედეგებს. ხალხი აპროტესტებს უცხოური კომპანიისთვის, პრაქტიკულად, მთელი ხეობის გადაცემას, ესენი კი დროის გაყვანითა და დოკუმენტის “საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანით” ცდილობენ მუხტის ჩაქრობას. მათი მოკლე ჭკუით, თუ შესაბამის დასკვნას დადებენ, ხალხი ჩათვლის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა. ძალიან კონსტრუქციულების როლიც მოირგეს და, თითქოს დიდ დათმობაზე მიდიოდნენ, განცხადებაში ჩაწერეს, კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდაო. ჯერ ერთი, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს სხვისი პრაქტიკა; მეორეც, კაშხლის აშენება-არ აშენებამ უკვე მეორეხარისხოვანი დატვირთვა შეიძინა, მთავარი პრობლემა არის ხეობის 600 ჰექტრის _ 32 კმიანი მონაკვეთის _ თურქული კომპანიისთვის გადაცემა. სხვათა შორის, თურქული კომპანია უნიკალური ხეობის განადგურების ე.წ. წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს და მოსახლეობას ხეობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევს, რაშიც ხეობაში გადასროლილი პოლიციური დანაყოფები უწყობენ ხელს. აი, ეს არის უპირველესი პრობლემა და არა ის, რომ ვიღაც აქ ჩამოვა და ეკოლოგიური ან გეოლოგიური თვალსაზრისით პროექტის უსაფრთხოებაზე დაგვიწყებს საუბარს…

_ თუმცა ესეც მნიშვნელოვანია.

_ კი, ბატონო, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ტერიტორია არ დავკარგოთ. თანამედროვე მსოფლიოში ყალბი მეცნიერული დასკვნის დადება რა პრობლემაა? ბოლოს და ბოლოს, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები გამიყალბესო და ივანიშვილი ვერ იპოვის “საერთაშორისო პრაქტიკის” თაღლითს, რომელიც გარკვეულ საფასურად სასურველ დასკვნას დაუდებს?!

_ .., შეიძლება ყალბი დასკვნებიც მომზადდეს საზოგადოების მოსატყუებლად?

_ რა თქმა უნდა. საერთოდ, ვინმეს სჯერა, რომ რიონის ხეობის 32-კილომეტრიანი მონაკვეთი თავისი ტყით, მიწით, მიწისქვეშა წიაღისეულითა და მდინარით კორუფციული გარიგების გარეშე 121 ლარად მიჰყიდეს თურქებს? მინდა, შევეხო დავითგარეჯის თემას, რომელიც ხელისუფლებამ მიზანმიმართულად უკანა პლანზე გადასწია და, როგორც ჩანს, სანამ კიდევ რამე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ დასჭირდებათ, არც წამოსწევენ. არსებობს სენსაციური დოკუმენტი, რომელიც ბევრს, ალბათ, არც უნახავს და ვფიქრობ, საზოგადოებამ ის უნდა იხილოს. 2013 წელს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ღირსების ორდენით დააჯიდლოვა ნატალია ილიჩოვა. ის ილიჩოვა, რომელიც მელაშვილთან ერთად წინასაარჩევნოდ დააკავეს, მერე კი მოსამართლე კალიჩენკოს გაათავისუფლებინეს. ესენი არიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქვეყნის მიწა-წყლის გამყიდველები და ტანდემში მოქმედებენ ნაციონალებთან, თუმცა აქ მეორე მომენტიც არის: რამხელა უკმაყოფილების მუხტიც უნდა იყოს დღეს საზოგადოებაში, ჩვენ ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ სისტემას მხოლოდ ფართომასშტაბიანი საპროტესტო ბრძოლით თუ დავამარცხებთ, სხვა გზას არ გვიტოვებენ

_ ამის მცდელობაა, ალბათ, ის, რომ მალე აქცია რეგიონიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს. რას ელოდებით ამ პროცესისგან?

_ მე უდიდეს პატივს ვცემ რიონის ხეობის მცველებს და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი წილი ჩაგვედო მათ მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მუხტის აწევაში. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი ბლოგერები, სოციალური ქსელების გვერდები, რომლებსაც ასიათასობით მნახველი ჰყავს, ათასობით თანამოაზრის მობილიზაცია შევძელით ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით ქვეყნის ყველა რეგიონიდან და ა.შ. აქციის ორგანიზატორები გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს და სწორადაც მოიქცნენ _ პარტიების 99% ყავლგასული, ურეიტინგო და ოდიოზური ლიდერებით არის წარმოდგენილი. ჩვენ გაგებით შევხვდით რიონელების მიდგომას და, ვინმესთვის სათქმელი რომ არ მიგვეცა, აქციებზე სიტყვითაც არ გამოვსულვართ. თავმდაბლად, ამბიციების გარეშე ვედექით გვერდით და მომავალშიც ასე ვაპირებთ.

_ რას მოიმოქმედებთ შემდგომში, თუ, ვთქვათ და, საზოგადოება ნამოხვანის პროექტის გაუქმებას მიაღწევს?

_ საჯაროდ ვამბობ, რომ მხოლოდ ნამოხვანის საკითხის გადაწყვეტით ის მოღალატეობრივი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც “ოცნება” ახორციელებს “ნაციონაურ მოძრაობასთან” ერთად, ვერ მოიხსნება. ცხადია, დიდი პროტესტის შემთხვევაში, ნამოხვანის პროექტს ხელისუფლება გააუქმებს, მაგრამ ამით დღევანდელი პოლიტელიტის მიდგომები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ არ შეიცვლება. სხვათა შორის, რიონის ხეობაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკულად იგივე ხდება დღეს სუფსაში, ბახმაროში და სხვაგან. დავითგარეჯაა აგერ გაყიდული. იყიდება ყველაფერი: მიწა, წიაღისეული, ტყე, მთა, მდინარე, თანამდებობა, დეპუტატის მანდატი, ექიმობა, ჟურნალისტობა, ნარკოტიკი, სხეული, სარწმუნოება, მომავალი. მასობრივად იმატებს ნარკომანია, პროსტიტუცია, მამათმავლობა, სათამაშო ბიზნესმა ხომ, საერთოდ, გაანადგურა ოჯახები. პანდემიით მანიპულაციამ საშუალო ფენის გაბანკროტება გამოიწვია, ხოლო საეჭვო იძულებითმა ვაქცინაციამ, შესაძლოა, ფიზიკურ განადგურებამდეც კი მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი თავს იყრის მავნე პოლიტიკური სისტემის მიერ დამკვიდრებულ დღის წესრიგში, ამიტომ არის აუცილებელი ჯანსაღი ეროვნული ძალების დიდი ერთობა…

_ არსებობს ასეთი ერთობის შექმნის რეალური წინაპირობა?

_ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს აშენება შეუძლია მხოლოდ სულიერად ამაღლებულ ერს, რომელიც ზნეობას გასტრონომიულ მოთხოვნებზე მაღლა აყენებს და ეროვნული იდეალების გამარჯვებისთვის მზადაა, მატერიალური სიდუხჭირე დაითმინოს. მხოლოდ ზნეკეთილ და ღირსეულ საზოგადოებას შეუძლია, საკუთარი წიაღიდან გამოირჩიოს საუკეთესო. გაღატაკებულ ტელეზომბირებულ მასას კი ყოველთვის მოისყიდიან და გააბითურებენ. უწყობს კი ხელს დღევანდელი (თუნდაც გუშინდელი) ხელისუფლება ისეთი გარემოს შექმნას სახელმწიფოში, რომელშიც ნაკლები საცდური ექნებათ ჩვენს შვილებს გარყვნილების, ძალადობის, აზარტული თამაშების, ნარკომანიის სახით? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რა საჭიროა ისეთი კანონმდებლები ან მათ მიერ მიღებული კანონები, თუ ისინი ხელს უშლიან ჩვენი ერის ფიზიკურ და სულიერზნეობრივ განვითარებას?! ერი უნდა იდგეს ჩვენი ულამაზესი მიწაწყლის სადარაჯოზე! ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს _ ხვალ გვიან იქნება! ქუდზე კაცი უნდა დადგეს ეკლესიის გვერდით, უნიკალური მიწაწყლის, რიონის ხეობის, დავითგარეჯის დასაბრუნებლად _ ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესის დასაცავად, ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად! ქვეყანა, ფაქტობრივად, უპატრონოდ არის მიგდებული და ანგარიშგასაწევი ეროვნული ძალის დროულად ჩამოყალიბება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, ამის გარეშე საქართველოს მომავალი არ ექნება, მით უფრო ახლა, როცა რეგიონში დღითიდღე იძაბება მდგომარეობა… უკრაინას კიდევ ერთხელ უპირებენ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად გამოყენებას; ამ ყველაფრის ფონზე ძალიან დასაფიქრებელია ერდოღანის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი სცენარისგან, მაგრამ 2008 წელი მახსენდება, როცა კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა თბილისში. მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here