Home რუბრიკები საზოგადოება ლევან თედიაშვილი _ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე

ლევან თედიაშვილი _ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე

3228
ლევან თედიაშვილი

კარიერის განმავლობაში ლევან თედიაშვილმა 700-მდე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათგან ნახევარზე მეტი წმინდად მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა

15 მარტს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდება ქართული სპორტის ლეგენდას, ორგზის ოლიმპიურ და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონს სამბოში _ ლევან თედიაშვილს.

ლევან თედიაშვილის მამა _ ქიტესა დიდი სამამულო ომის პერიოდში ქერჩში დაიჭრა. ჰოსპიტალში ყოფნისას გაიცნო მომვლელი რუსი გოგონა ალექსანდრა (შურა) გრიკალოვა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანა და მასზე იქორწინა. წყვილს 1948 წლის 15 მარტს შეეძინათ ლევანი.

მომავალმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა სოფლის ნახერხმოყრილ სარბიელზე ისწავლა. 14 წლის ლევანმა საგარეჯოელი მწვრთნელის, ვალერიან მეკოკიშვილის, ყურადღება მიიპყრო და მწვრთნელმა ის თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ჩაწერა. სოფელ კაკაბეთში გამართული ერთ-ერთი შეჯიბრების მიმდინარეობისას ცნობილმა ქართველმა მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა არსენ მეკოკიშვილმა მეორე ცნობილ ქართველ ფალავანს, პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში _ ვახტანგ ბალავაძეს უთხრა ლევან თედიაშვილზე, რომ იმ ბალღის ორთაბრძოლებს დაჰკვირვებოდა. “ჭიდაობის პროფესორიც” დააკვირდა ლევანის ჭიდაობას და… ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წაიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკვალვაშიც დაეხმარა.

1968-69 წლებში ლევან თედიაშვილმა ორჯერ ზედიზედ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის; 1970 წელს ბერლინში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, მაგრამ მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. ერთი წლის შემდეგ კი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. სულ კი კარიერის განმავლობაში ლევან თედიაშვილმა 700-მდე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათგან ნახევარზე მეტი წმინდად მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ლევან თედიაშვილს რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის:

* 1974 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლევანმა 3 წამში დაამარცხა შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი _ მოგვიანებით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილა) პრეზიდენტი. ერთი წლით ადრე კი, 1973 წელს, ლევან თედიაშვილმა თეირანში ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა, სამი დღის შემდეგ კი იქვე, თეირანში, სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატშიც გაიმარჯვა (საბჭოთა კავშირის სამბისტთა ნაკრების წევრი ავად გახდა და მწვრთნელებმა უკვე მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს სთხოვეს სამბოშიც ეასპარეზა);

* ლევან თედიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (82, 90 და 100) მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტული.

1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე ლევან თედიაშვილი ექვს მეტოქეს შეხვდა და ყველას იოლად გაუმკლავდა, მათ შორის მთავარ კონკურენტებს _ გერმანელ პიტერ ნოიმაიერს, რუმინელ ვასილე იორგას, ამერიკელ ჯონ პეტერსონს და შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონის ახალი ტიტულები და მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადა, რომელიც ლევანმა ბრწყინვალედ მოიგო _ ის ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს, აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში თედიაშვილმა 5 ქულით მოუგო მიუნხენში დამარცხებულ ჯონ პეტერსონის უმცროს ძმას _ ბენ პეტერსონს.

ბევრი დაწერილა ლევან თედიაშვილის ვაჟკაცურ საქციელზე ირანის დედაქალაქ თეირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე: როდესაც ბეჭებზე გააკრა შაჰის, რეზა ფეჰლევის რჩეული ფალავანი, ლევანმა გამარჯვებულის პრივილეგიით ისარგებლა და შაჰს ირანელი მოჭიდავის, “მაზანდარანელ ვეფხვად” წოდებული ალი ჰაბიბის ციხიდან გათავისუფლება სთხოვა. შაჰმა დააკმაყოფილა ლევან თედიაშვილის თხოვნა და გაათავისუფლა ჰაბიბი, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო.

ბევრისთვის ცნობილია, როგორ გაჰყვა ლევან თედიაშვილი აფხაზეთში მოხალისედ თავის ვაჟს, ვახტანგს, და როგორ ჩააკვდა მამას შვილი ხელში. ბევრმა იცის, როგორი იყო ლევან თედიაშვილი, როგორც მამა და მეუღლე, როგორც სპორტსმენი, კახეთის გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, კინომსახიობი.

ლევან თედიაშვილმა მთელი ეპოქა შექმნა ჭიდაობაში. ის 2008 წლიდან ფილას დიდების დარბაზის წევრია. სახელოვანი ფალავანი დაჯილდოებულია მრავალი ორდენით, მათ შორის: ოლიმპიური ორდენით, ვახტანგ გორგასლის, ღირსების და სხვ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი და ვახტანგ ბალავაძე
ლევან თედიაშვილი და ვახტანგ ბალავაძე
ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი
კადრი ფილმიდან „ხარება და გოგია“ . ხარება - ომარ ფხაკაძე, გოგია - ლევან თედიაშვილი
კადრი ფილმიდან „ხარება და გოგია“ . ხარება – ომარ ფხაკაძე, გოგია – ლევან თედიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here