Home რუბრიკები ეკონომიკა ლამის ორჯერ გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, ორჯერ და მეტჯერ გაძვირებული პროდუქტები, უკიდურესი გაჭირვება...

ლამის ორჯერ გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, ორჯერ და მეტჯერ გაძვირებული პროდუქტები, უკიდურესი გაჭირვება და განცდა იმისა, რომ საშველი არ ჩანს

საქართველო 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ყველაზე გაჭირვებული და ყველაზე ჩამორჩენილია?

10705
სიღარიბე

იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ დავწერეთ, რა დღეში ჩავარდა საქართველოს მოსახლეობა, როგორ მოიმატა ფასებმა და ისიც ვთქვით, სახელმწიფო გადამჭრელ ზომებს თუ არ მიიღებდა, პროდუქტის გაძვირებისა და ინფლაციის შეჩერება ვერ მოხერხდებოდა, ჩვენი არავინ არ გაიგონა; ან პირიქით _ გაიგონეს და, უბრალოდ, გამოსავალი არც კი უძებნიათ. ასეა თუ ისე, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სექტემბრის ბოლოს მორიგი განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა და, როგორც ბოლო პერიოდში ხდება ხოლმე, ეს მაჩვენებელი კვლავ ინფლაციასა და პროდუქტის გაძვირებას ასახავს.

სექტემბრის მაჩვენებელი იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველოში ფასების საერთო დონემ 6,4%-ით მოიმატა. ასეთი ინფლაცია ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. იმავე “საქსტატის” მონაცემებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი რიგითი მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს, თორემ ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომელთა ხელფასი 5 ათას ლარს ზემოთ არის, გაძვირებას ნაკლებად გრძნობენ. საზოგადოდ კი, ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3,49 პროცენტული პუნქტით აისახა. თევზეული (16,1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14,6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13,2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12,6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10,8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10,1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,0 პროცენტი). ეს იმას ნიშნავს, რომ გაძვირდა ძირითადი საკვები პროდუქტი, ანუ ის, რითაც ხალხი შიმშილს ებრძვის (ჰო, კი არ იკვებება, შიმშილს ებრძვის).

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, შესადარებლად ორ ძალიან საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს შემოგთავაზებთ. პირველი ასახავს იმას, რა გაძვირდა ყველაზე მეტად სექტემბერში, ხოლო მეორე _ რა გაიაფდა ყველაზე მეტად შემოდგომის პირველ თვეს. მაშ ასე, ჯერ გაძვირებული პროდუქტები ჩამოვთვალოთ _ საზამთრო (ფასმა მოიმატა 91,2%-ით), ნიორი _ 90,8%-ით, საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი (?!) _ 68,3%-ით, მწვანე ლობიო _ 48,5%-ით, ქლიავი _ 44,9%-ით, ატამი _ 39,3%-ით, ხახვი _ 35,6%-ით, მუზეუმის ბილეთი (?!) _ 33,9%-ით, შაქარი _ 33,7%-ით, ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი _ 29,8%-ით. შესაძლოა, ვინმე შემოგვედაოს: ხილი სეზონურია და გაძვირებაც ამან გამოიწვიაო, მაგრამ ხახვი? შაქარი? მუზეუმის ბილეთები რატომ გაძვირდა ან ტელეფონით სარგებლობა რატომ გაორმაგდა?

ახლა ის არის საინტერესო, რა გაიაფდა ყველაზე მეტად საქართველოში სექტემბერში. “საქსტატის” მონაცემებით, თურმე, ყველაზე მეტად USB ფლეშბარათი გაიაფდა და მისი ფასი 21,6%-ით შემცირდა. შემდეგი გაიაფებული “პროდუქტები” ასე გამოიყურება: ქალის დემისეზონური (გარდამავალი სეზონის) სამოსი, ფეხსაცმელი _ 19,2%-ით, მწვანილი _ 16,4%-ით, მამაკაცის სვიტერი _ 16,0%-ით, ქალის ქვედაკაბა _ 15,0%-ით, ქალის ჩექმა _ 13,5%-ით, მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი (ე.წ. დუტი) _ 13,3%-ით, მამაკაცის შარვალი _ 12,4%-ით, ბიუსტჰალტერი _ 11,8%-ით, მამაკაცის ფეხსაცმელი _11,6%-ით.

გაიაფებული პროდუქტების ტოპათეულში ერთადერთი, რისი ჭამაც შეიძლება, მწვანილია. აბა, როგორ არ გავიხსენოთ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” და სანდრო კარიძის ნათქვამი: ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვსსძოვოს”. ჰოდა, ეჭვი გვაქვს, მწვანილიც ამიტომ გააიაფეს, რომ ვძოვოთ… ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 2016 წელს საქართველოში ზარ-ზეიმით შემოსული ბელარუსული მაღაზიების ქსელი “ბელარუსკი” ქართულ ბაზარს ტოვებს. ხუთი საფირმო მაღაზიიდან ოთხი უკვე დაიხურა და თვის ბოლოს მუშაობას მეხუთეც შეწყვეტს. შეგახსენებთ, რომ მაღაზიებში 300 სახეობის მხოლოდ ბელარუსული ნაწარმი იყიდებოდა და ეს ქსელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში მუშაობს… საქართველოს გარდა. ხომ არ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო იმ 15 რესპუბლიკას შორის, დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე გაჭირვებული და ყველაზე ჩამორჩენილია?

ამის ფონზე, ხელისუფლება ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ ყველაფერი რიგზეა და საგანგაშო არაფერი არ ხდება. არადა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ინფლაციისა და პროდუქტის გაძვირების ფონზე, ხელფასების მომატების მოთხოვნაც კი აბსურდულია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია, არ მუშაობს და ხელფასი ვის უნდა მოემატოს _ პარლამენტარებსა და მინისტრებს, რომლებსაც ისედაც სოლიდური შემოსავალი აქვთ?

ნამდვილად არ გვეგონა (ალბათ, არც არავის ეგონა), რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ეს რეალობა გვექნებოდა: ლამის ორჯერ გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, ორჯერ და მეტჯერ გაძვირებული პროდუქტები, უკიდურესი გაჭირვება, სიღარიბე და, რაც მთავარია, განცდა იმისა, რომ საშველი არ ჩანს. პოლიტიკური ნიჰილიზმის გარდა, ხალხს მომავლის იმედიც დაეკარგა და ამას დაუფარავად ამბობს. ამომრჩეველს აღარ სჯერა არანაირი დაპირების, ყველას ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი და ფიქრობს, რომ უცხოეთში უკეთესად იქნება. სამაგიეროდ, სხვები ფიქრობენ, რომ საქართველოში უკეთესია და აქ ჩამოდიან, მინიმალური თანხები მოაქვთ საკუთარი ქვეყნიდან, აქ ბიზნესს იწყებენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათხოვრულ ხელფასზე ამუშავებენ. სწორედ უკიდურესი გაჭირვების ბრალია გაუარესებული დემოგრაფიული სტატისტიკა, სწორედ უფულობის გამო ცდილობენ ოჯახები, ერთ შვილზე მეტი არ იყოლიონ და ესეც იმ შემთხვევაში, თუ გარისკავენ და ოჯახს შექმნიან. დიახ, ოჯახის შექმნა რისკთან გაიგივდა, რადგან ოჯახს მეტი სჭირდება, ოჯახს შენახვა და რჩენა უნდა და ეს ფუნქციები როგორც კაცს, ისე ქალს თანაბრად აქვთ გადანაწილებული, რადგან მხოლოდ ერთის მათხოვრული ხელფასი ყველაფერს ვერ სწვდება.

წეღან ბელარუსი ვახსენეთ და, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ქართული ოპოზიცია არცთუ იშვიათად დიქტატორად მოიხსენიებს, ფაქტია, რომ იქ დასაქმებას უდიდესი ყურადღება ექცევა და ფაბრიკაქარხნები მუშაობს. ისიც ფაქტია, რომ ბელარუსებს საკუთარი ნაწარმი სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ და საქართველოშიც 300 სახეობის პროდუქცია შემოიტანეს. ჩვენს ქვეყანასთან რომ გავავლოთ პარალელი, ლუდის, ლიმონათის, მინერალური წყლების გარდა, რა გვაქვს ისეთი, ექსპორტისთვის რომ ვარგა? რძის პროდუქტები? ხორცპროდუქტები? და კიდევ? მეტი არაფერი, იმიტომ, რომ არაფერს არ ვაწარმოებთ და იმავე ბელარუსის მაგალითზე შეიძლება თქმა, რომ იქაური ნაწარმის ყველაზე დიდი მომხმარებლები თვითონვე არიან, რადგან ადგილზე ნაწარმოები პროდუქცია არ არის ძვირი, არ სჭირდება ტრანსპორტირება და განბაჟება, ჩვენთან კი… ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, გავყვირით: კვერცხის ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 15-17%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი შემოგვაქვსო. რით ვერ დავადგით თავი, რომ კვერცხი მაინც გვქონდეს ჩვენი? მაგრამ არა, შემოტანილი კვერცხი ცალკე თემაა, მას კულუარებში თეთრ ოქროსაც ეძახიან, ამიტომ არაოფიციალურად აკრძალულიც კი არის იმდენი კვერცხის წარმოება, ადგილობრივი ბაზარი რომ დააკმაყოფილოს. ეს არაოფიციალურად, ოფიციალურად კი გეტყვით _ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ იბეგრება და სოფლის მეურნეობის პროდუქტებში შედის რძის ნაწარმი, მაგრამ არ შედის ქათამი და კვერცხი, ანუ ისინი იბეგრება. რატომ? იმიტომ, რომ ფერმერებს ნამატი ფული არ გაუჩნდეთ, არ გაუჩნდეთ გაფართოების სურვილი და კვერცხისა და გაყინული, ხშირ შემთხვევაში საკვებად უვარგისი ბარკლების შემომტანებს პრობლემები არ შეექმნათ. ვინმემ ერთხელ მაინც აგვიხსნა, რატომ არ არის კვერცხი სოფლის მეურნეობის პროდუქტი? არა? იმიტომ, რომ ამას ახსნა არ აქვს და ხომ არ იტყვიან, შემომტანი კომპანიისკრიშებისგაბრაზება არ გვინდაო?!

საქართველოში, პურის გარდა, არ იწარმოება არაფერი, რაც ადგილობრივ ბაზარს აკმაყოფილებს. თუმცა არსებული სიდუხჭირის ფონზე პურსაც გამოზომილად და გამოზოგილად ყიდულობს მოსახლეობა, თორემ, დასანაყრებლად რომ ჭამოს, ეგებ არც ეს გვეყოს. იქნებ ეცადა სახელმწიფოს და ერთი მიმართულება მაინც აეღო ისეთი, რომელზეც აქცენტს გააკეთებდა, თანხებს დახარჯავდა და ის რაღაც იქნებოდა ადგილობრივი წარმოების და სრულად დააკმაყოფილებდა ქართულ ბაზარს კვერცხით შეიძლება დაწყება და თანაც დღესვე. უბრალოდ, ფერმერებს სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის დარად, უნდა მოუხსნან ბეგარა კვერცხსა და ქათამზე და გაუუქმონ აკრძალვა მათ წარმოებაზე. ჰო, აკრძალვა, რადგან ფერმებმა ზუსტად იციან, რამდენ კვერცხსა და რამდენ ქათამზე მეტი არ უნდა აწარმოონ და მერე ნახავთ, რომ კვერცხიც გაიაფდება, ქათამიც და არც ის აღარ გვექნება გასარკვევი, რომელი უფრო ადრე გაჩნდა.

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. ეს ხალხი გენეტიკურად არის მიჩვეული იმას, რომ ქართველი აზნაურები მათზე ნადირობდნენ როგორც კურდღლებზე – რომ მერე ანაკლიაში ან ქობულეთში გაეყიდათ – ესენი კი ტყეში იმალებოდენ…. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების – საშვილიშვილოდ გარდაეცემის… ამერიკას რომ არ ეშველა ჩვენთვის მხედრიონი და გვარდია უკვე ხალხის გაყიდვაზე გადავდოდა – ჯართი რომ გამოილეოდა მის შემდეგ – და კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა წინააღმდეგ .. ისევ ტყეში გაიხიზნებოდნენ კურდღლებივით…

  2. ყველაფერი მასონების გეგმით მიდის, ტყავს გვაძრობენ. მიზეზებზე წერეთ სტატიები. იმათზე ვინც ასეთი ფსიქიურ-შეურაცხადი და არანორმალური რეჟიმი დაგვივერბოკა. გეგონება არააა გამოსავალი, უფლის მიერ შექმნილი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება , როცა ცხოვრება თავისუფალ სივრცეში მიდის. მაგრამ ეს სივრცე ხომ ჭინკებს ააქვთ დაკავებული. ნება არაა და ამ ქვეყანას სულთამხუთავები მართავენ. ამოხდეთ სული ჩვნს მთავრობას და მის ქვეშევრდომ პარტიებს. ერთი კოალიციაა დღეს მთავობაც, ოპოზიციაც, მასმედიაც, არასამთავრობოც და ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურებზე მოთრეული ადამიანები. სასულიერო პირები მათ რიგებში პირველები არიან. თქვენ კი ამ წერილს არ გამოაქვეყნებთ, თუმცა მინდა გითხრა , რომ როგორც თქვენ ჩაახშობთ ჩემს თავისუფალ აზრს ისევე ჩაიხშობა თქვენი ნებაც და თქვენი საქმიანობაც, უბრალოდ დროის საიკითხია. ბუმერანგივით უბრუნდება ყველას ყველაფერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here