Home რუბრიკები საზოგადოება “კოპა ამერიკა 2019” _ წარმატებულები და წარუმატებლები

“კოპა ამერიკა 2019” _ წარმატებულები და წარუმატებლები

523
კოპა ამერიკა 2019

14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბრაზილიის 5 ქალაქში სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლი) ეგიდით ჩატარდა სამხრეთ ამერიკის თასის 46- გათამაშება (გათამაშება დაარსდა 1916 წელს, როგორც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი; 1975 წელს, რეორგანიზაციის შემდეგ, ეწოდა ამერიკის თასი _ “კოპა ამერიკა”).

ტურნირში მონაწილეობდა სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყნის _ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის, ჩილეს, ვენესუელის, კოლუმბიის, ბოლივიის, პერუსა და ეკვადორის, და აზიიდან მიწვეული ორი ქვეყნის _ იაპონიისა და ყატარის _ ნაკრებები. თასის გათამაშებაში გაიმარჯვა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ამერიკის თასი, სულ კი მეცხრედ  ისტორიაში, ბრაზილიელებმა ფინალში დაამარცხეს პერუ _ 3:1. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი არგენტინამ ჩილეს მოუგო 2:1.

კოპა ამერიკა 2019

5 ჩემპიონი

ბრაზილიამ ისე კარგად ითამაშა, რომ სიმბოლურ ნაკრებში მისი, სულ ცოტა, 5 ფეხბურთელი მოხვდებოდა.

დანი ალვესი
დანი ალვესი

დანი ალვესი

ნაკრების ვეტერანი “კოპა ამერიკა 2016”-ზე საუკეთესოთა შორის მოხვდა, ასე იყო ამ ჩემპიონატზეც. მან ტურნირის MVP-ის (ყველაზე ღირებული მოთამაშის) ტიტული დაიმსახურა. 36 წლის ალვესმა განსაკუთრებით კარგად არგენტინასთან ითამაშა.

გაბრიელ ჟესუსი
გაბრიელ ჟესუსი

გაბრიელ ჟესუსი

ჟესუსი ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, ტიტეს,  საყვარელი ფეხბურთელია. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა ტურნირის ყველა მატჩში, ნახევარფინალსა და ფინალში თითო-თითო გოლი გაიტანა.

რობერტო ფირმანო
რობერტო ფირმანო

რობერტო ფირმანო

ფირმანო არ არის ეგოისტი თავდამსხმელი და, ბრაზილიური გაგებით, მომართული არ არის მეტოქის კარში ბურთების გასატანად; სამაგიეროდ იცის, როგორ განახორციელოს პრესინგი მოწინააღმდეგის მცველების მიმართ და ხელი შეუწყოს თანაგუნდელებს.

ფირმანომ ტურნირზე საგოლე პასი მეტი გააკეთა, ვიდრე ბურთი გაიტანა (3 პასი და 2 გოლი). ის იდეალური გუნდური მოთამაშეა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

არტური
არტური

არტური

ბრაზილიის ნაკრებს, კარგა ხანია, არ ჰყოლია ისეთი მოთამაშე, რომელიც ასე ოსტატურად გააკონტროლებდა ბურთს (საშუალოდ მატჩში აკეთებდა 75 გადაცემას 90,5%-იანი სიზუსტით). აღსანიშნავია, რომ ეს 22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ნახევარმცველია.

ალისონი

ამ სეზონში ალისონმა ძალიან ცოტა ბურთი გაუშვა როგორც კლუბში (“ლივერპული”), ისე ნაკრებში. მიუხედავად იმისა, რომ მცველები მის კართან მეტოქის თავდამსხმელებს თითქმის არ უშვებდნენ, ალისონმა თავი მაინც გამოიჩინა პენალტების სერიაში პარაგვაის წინააღმდეგ და მოიგერია მესის რთული დარტყმა.

5 აღმოჩენა

ევერტონ სოარესი
ევერტონ სოარესი

ევერტონ სოარესი (ბრაზილია)

ძნელია, აღმოჩენა დაარქვა 23 წლის ევერტონს, რომელსაც ბრაზილიური “გრემიოს” შემადგენლობაში 230 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ასეა. გასული სეზონში ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, ნაკრებშიც ეპოვა თავისი ადგილი. მან პერუელ პაულო გერეროსთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

ერიკ პულგარი (ჩილე)

პულგარი ჩილეს ნაკრებში გამოჩნდა მარსელო დიასის ნაცვლად, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გუნდის ძირითადი მოთამაშე იყო. პულგარი დიასისგან განსხვავდება იმით, რომ შესანიშნავად მოქმედებს მოწინააღმდეგის შეტევის ჩასაშლელად, აზღვევს პარტნიორებს და შემოქმედებითი მოქმედების საშუალებას აძლევს მათ.

ლაუტარო მარტინესი (არგენტინა)

ლაუტარო ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო თავის გუნდში _ გაიტანა ორი ბურთი ძალიან მნიშვნელოვან მატჩებში. “ინტერას” თავდამსხმელი არ აფუჭებს ბევრ მომენტს მატჩის მიმდინარეობისას. ლაუტაროსა და მესის შორის გაჩნდა ურთიერთკავშირი, რომელმაც მომავალში კარგი შედეგი უნდა მოიტანოს.

ვილიამ ტესილიო (კოლუმბია)

ამ 29 წლის მცველმა შესანიშნავად ითამაშა არგენტინისა და ყატარის ნაკრებების წინააღმდეგ. ხშირად ერთვებოდა შეტევაში, დაცვაში კი საიმედო იყო. ჩილელებთან მთლად კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ, საერთოდ, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მიგელ ალმირონი (პარაგვაი)

ალმირონი ნაკრებში ახალბედა არ არის _ უკვე თითქმის ორი ათეული მატჩი ჩაატარა, მაგრამ “კოპა ამერიკაზე” გუნდის ლიდერად და მთავარ შემტევ ძალად წარმოგვიდგა. მისი გასვლა მარცხენა ფლანგზე არგენტინის ნაკრებთან ტურნირის საუკეთესო მომენტებს შორისაა.

5 დამარცხებული

ამ სიაში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ჩემპიონატი კარგად არ წარიმართა.

გაბრიელ არიასი (ჩილე)

ჩილეს ნაკრების მეკარე “კოპა ამერიკის” ერთ-ერთი ცუდი თუ ყველაზე ცუდი მოთამაშეა. უნიჭოდ ითამაშა პერუსთან მატჩის პირველი ტაიმი და მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში. ცუდად ითამაშა მან არგენტინასთანაც _ გუნდი გოლებს ვერ გადაარჩინა.

ლონელ მესი (არგენტინა)

მესის ცუდად არ უთამაშია, მან ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, მაგრამ ისეთ სუპერვარსკვლავს, როგორიც მესია, ასეთი თამაში არ ეკადრებოდა. ის პრაქტიკულად არ ასრულებდა დაცვით ფუნქციებს, არ მონაწილეობდა პრესინგში, ცდილობდა მხოლოდ ცენტრიდან, 2-3 მოთამაშის გვერდის ავლით, შესულიყო მეტოქის საჯარიმო მოედანზე.

დერლის გონსალესი (პარაგვაი)

დერლისთვის ეს ყველაზე საშინელი ტურნირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა, პენალტები ძალიან ცუდად დაარტყა  ჯერ არგენტინასთან, შემდეგ პელანტების სერიაში _ ბრაზილიასთან. მას შეეძლო, ეს ორი გუნდი ჩემპიონატიდან გაეგდო, მაგრამ, ნაცვლად ამისა, თვითონ გაემგზავრა შინ.

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

ფალკოსგან ფეერიულ თამაშს არ ელოდნენ. ასეთი მოლოდინი იყო 2011 წელს, როდესაც მან ვილაშ-ბოაშის “პორტუსთან” ერთად შესანიშნავად ითამაშა ევროპაში და “კოპა ამერიკაზე” ერთ-ერთ ვარსკვლავად წარდგა, მაგრამ როგორც მაშინ, ისე ახლა, ძალიან ცუდად ითამაშა.

ჯოზეფ მარტინესი (ვენესუელა)

მარტინესმა თითქმის მთელი ტურნირი გაატარა სათადარიგოთა სკამზე (3 მატჩში მოლოდ 40 წუთი ითამაშა). არადა, მისი სტატისტიკური მონაცემები ამერიკის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) განსაცვიფრებელია.

შედეგები

ტურნირი არც ისე კარგი გამოვიდა _ ცუდი ორგანიზებულობა, ცუდი მინდვრები, ხშირად არაადეკვატური მსაჯები, ძვირი ბილეთები და დაბალი დასწრება. რაც შეეხება დადებით მხარეს, ჩემპიონატზე ვნახეთ ძლიერი ბრაზილია, კარგად გაწვრთნილი ურუგვაი და კოლუმბია და პოტენციურად ძლიერი არგენტინა, რომელიც ცოტა ხანში, უკვე 2020 წლის “კოპა ამერიკაზე” კარგად უნდა ათამაშდეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here