მთავარი ისტორია იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

1869
გააზიარეთ
ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია _ რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი, საბჭოთა კავშირის მარშალი, სოციალისტური შრომის გმირი. 1941 წლიდან _ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1953 წლის მარტიდან _ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი. სსრკ თავდაცვის კომიტეტის წევრი და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საკ. კპ () ცენტრალური კომიტეტის წევრი, ცკის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, შემდეგ _ პოლიტბიუროს წევრი. 1945 წლის 20 აგვისტოდან _ სსრ კავშირის ბირთვული პროგრამის რეალიზაციის ხელმძღვანელი. 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით.

ფესვები

120 წლის წინათ, 1899 წ. 29 მარტს მიყრუებულ ქართულ სოფელ მერხეულში, სოხუმის მახლობლად, პავლე ბერიასა და მართა ჯაყელის ოჯახში ბიჭი დაიბადა _ ლავრენტი.

მაშინ აქ მეგრელები ცხოვრობდნენ, გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ კი ქართველების ხსენებაც არ არის.

პავლე ღარიბი გლეხი იყო, მართა _ გაღატაკებული თავადების გვარიდან, რომელიც დადიანებს ენათესავებოდა.

ლავრენტი მშობლების მეორე ვაჟი იყო. პირველი ორი წლისა ყვავილისგან გარდაეცვალათ. და გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ დაყრუვდა და დამუნჯდა.

სსრკ შინსახკომის მომავალი შეფი სოხუმის რეალურ სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 15 წლისამ წარმატებით დაამთავრა. ბაქოს მექანიკა-სამშენებლო ტექნიკუმში შვილის მოსაწყობად მამამ სახლის ნახევარი გაყიდა.

ახალგაზრდა ლავრენტი ინჟინერის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ, როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, 1917 წლის რევოლუციამ მომავლის გზა შეუცვალა _ ბაქოს მექანიკა-სამშენებლო სასწავლებელში ყოფნისას იგი ბოლშევიკებს მიეკედლა და პროფესიონალი ჩეკისტი გახდა.

პარტიულმა ხელმძღვანელობამ სათანადოდ შეაფასა საქმისადმი მისი ერთგულება და ფხიანობა. წარმატებით ჩაახშო ანტისაბჭოთა ამბოხებების მთელი რიგი და სწრაფად დაწინაურდა: 33 წლისა იგი ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და ამ მხარის სამეურნეო საქმიანობას ედგა სათავეში.

ექვსი წლის შემდეგ იოსებ სტალინის პირადი მიწვევით გადაჰყავთ მოსკოვში და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ნიშნავენ.

ლავრენტი ბერია ოჯახთან ერთად - ვაჟი სერგო, მეუღლე ნინა და რძალი მართა
ლავრენტი ბერია ოჯახთან ერთად – ვაჟი სერგო, მეუღლე ნინა და რძალი მართა

დაიწყო ბერიას “დათბობის ხანა”: შეიკვეცა რეპრესიების მასშტაბი, უამრავი პატიმარი გაათავისუფლეს, “გულაგის” ბანაკებში შეიქმნა სარეჟიმო საკონსრუქტორო ბიუროების სისტემა. ბერია ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ დაზვერვას. პირველს მას უპატაკებდნენ, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას აპირებდა.

ქვეყანა დიდი ომისთვის ემზადებოდა.

და ხვალ იყო ომი

1941 წლის 22 ივნისის დილის 5 საათსა და 45 წუთზე სტალინის სამუშაო ოთახში შევიდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბერია, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი, თავდაცვის სახალხო კომისარი ტიმოშენკო და მისი ორი მოადგილე _ მეხლისი და ჟუკოვი.

ამ ერთ შტრიხს ვიხსენებთ იმის გამო, რომ ხრუშჩოვის ანტისტალინიანის ავტორ-შემსრულებელთა და პროპაგანდისტული მანქანის მიერ ფართოდ ტირაჟირებული “მტკიცება”, თითქოს ომის დაწყებისთანავე სტალინი აბსოლუტურ პროსტრაციაში ჩავარდა, დაიბნა და რამდენიე დღის განმავლობაში არსად გამოჩენილა, იყო სრულიად უსაფუძვლო და ბოროტგანზრახული ცილისწამება.

ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე ვერაგული თავდასხმის პირველივე წუთებიდან სტალინმა ქვეყნის თავდაცვის საქმე თავის ხელში აიღო და, როგორც ცნობილია, გამარჯვებამდე მიიყვანა.

დაიწყო დიდი სამამულო ომი, დიდი გამოცდა ქვეყნისა და ხალხის სიმტკიცის, რიგითი ჯარისკაცების და გენერლების, მუშების და გლეხების, ინჟინრებისა და მთავრობის წევრების, _ აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ბერიამ იცოდა, რომ გამარჯვების მოპოვება ფაშისტურ გერმანიაზე, რომელსაც იმხანად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა დაპყრობილი ჰქონდა, იოლი არ იქნებოდა, რომ წყდებოდა უდიდესი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, რომ ამ ომში დაშვებული შეცდომების შედეგები შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო არა მარტო საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

ომის პირველსავე დღეებში ლავრენტი ბერიას 16 წლის ვაჟმა სერგომ განაცხადა, რომ მოხალისედ წავიდოდა ფრონტზე და დაზვერვის სკოლაში შეიტანდა განცხადება. მშობლებმა შვილს მოუწონეს გადაწყვეტილება.

საბჭოთა მთავრობის წევრებს არასოდეს უცდიათ თავიანთი შვილები დაეფარად ფრონტზე წასვლისგან: სტალინის ვაჟები მოქმედ არმიაში იბრძოდნენ _ ვასილი მფრინავი იყო, იაკობი და სტალინის ნაშვილები არტიომი _ არტილერისტები. მფრინავები იყვნენ ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟი ლეონიდი და კლიმენტ ვოროშილოვის ნაშვილები თემურ ფრუნზე. ორივენი ომში დაიღუპნენ.

სერგო ბერია, როგორც მზვერავი, მონაწილეობდა სპეცოპერაციებში ფრონტის ხაზს იქით, მტრის ზურგში განხორციელებულ ოპერაციებში, დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით.

მამამისს სულ უფრო რთული და მასშტაბური ამოცანების გადაჭრა უხდებოდა. იგი თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო და ევალებოდა სამრეწველო საწარმოთა ევაკუაცია და თითქმის ყველა სახის შეიარაღების, თვითმფრინავებისა და სარაკეტო ტექნიკის წარმოება.

ლავრენტი ბერია მავზოლეუმის ტრიბუნაზე
ლავრენტი ბერია მავზოლეუმის ტრიბუნაზე

ოცდაათიან წლებში წარმატებით განხორციელებული ინდუსტრიალიზაციის წყალობით საბჭოთა კავშირმა შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა უცხოეთიდინ ტექნიკისა და მოწყობილობადანადგარების შემოტანა, მწყობრში ჩადგა 9800 მსხვილი საწარმო, სსრკში შეიქმნა ისეთი საწარმოო ბაზა, რომელიც თითქმის სრულად გათავისუფლდა იმპორტზე დამოკიდებულებისგან. ომამდელი 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ქარხნებში დამზადდა 700 000 ტრაქტორი, ანუ მსოფლიოში წარმოებული მათი საერთო რაოდენობის თითქმის 40 პროცენტი. ომის დაწყებისთანავე ეს ქარხნები ტანკების წარმოებაზე გადაერთო. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში დაიწყო ახალი სახის სამხედრო ტექნიკის გამოშვება: მძიმე ტანკი _ KB, საშუალო ტანკი _ T-34, ავიაგამანადგურებლები _ ЯК-1, ЛАК-3, МиГ-3, მოიერიშე თვითმფრინავი _ ÈË-2, ბომბდამშენი _ Ï-2 და რეაქტიული დანადგარები _ “კატიუშები”. ამ ყველაფრის წარმოება შესაძლებელი გახდა საბჭოთა კავშირში სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების სისტემის დანერგვის, ასევე, სამეცნიერო-ტექნიკური ბიუროებისა და საცდელი საამქროების ამოქმედების შედეგად.

ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საბჭოთა კავშირი სამხედრო ტექნიკის წარმოებით გაუთანაბრდა გერმანიასა და ჰიტლერის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში გამოშვებული შეიარაღების დონეს, 1944 წლისთვის კი _ გადააჭარბა რაოდენობრივად და ხარისხით. ომის ბოლო წლებში გერმანიის შეიარაღება ხარისხობრივი მაჩვენებლებით ჩამორჩებოდა საბჭოთა იარაღს.

ლავრნტი ბერია, როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, თავდაცვის მრეწველობას კურატორობდა და ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებაში მისი წვლილი ფრიად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. 1943 წლის 30 სექტემბერს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების წარმოების დარგში მიღწეული წარმატებისთვის მას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა.

ბერია ამასთან ერთად უწინდებურად ხელმძღვანელობდა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოებს. სწორედ ომის წლებში განსაკუთრებული აქტიურობითა და წარმატებით გამოირჩა მის მიერ შექმნილი აგენტურული ქსელი. მაგალითად, კურსკის რკალზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა საბჭოთა დაზვერვის რამდენიმე წყაროსგან მიიღო. მათგან ზოგიერთი დღემდე გასაიდუმლოებულია.

1942 წლის 23 აგვისტოს ლავრენტი ბერია მოსკოვიდან თბილისს გაფრინდა. მას ახლდა რამდენიმე ქართველი ოფიცერი, რომლებიც კავკასიის დასაცავად პირადად შეარჩია. ბაქოს რომ მიუახლოვდნენ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბერიას პირადმა პილოტმა, პოლკოვნიკმა გრაჩოვმა თავისი ოსტატობისა და გამოცდილების წყალობით შეძლო ხანძრის ჰაერშივე ჩაქრობა. გვიან ღამით თვითმფრინავი საქართველოს დედაქალაქში დაეშვა.

აქედან ბერია და მისი თანმხლებნი დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მოზდოკს. ქალაქის მისადგომებთან უკვე მიმდინარეობდა ბრძოლები.

კავკასიის დაცვა პრაქტიკულად ბერიამ  აიღო ხელში. უწინარეს ყოვლისა, კადრების ჩანაცვლება-გადაადგილება განახორციელა, არმიებს სათავეში ახალგაზრდა და უნარიანი მეთაურები ჩაუყენა.

ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია

აქვე შევნიშნოთ, რომ, მართალია, ლავრენტი ბერია ყოველთვის დაკავებული იყო მნიშვნელოვანი სამხედრო საკითხების გადაწყვეტით და საბჭოთა კავშირის მარშლის უმაღლესი წოდება ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ მხედართმთავრის როლი თითქმის არასოდეს შეუსრულებია. გამონაკლისი იყო 1942-1943 წლების კავკასიის გათავისუფლების ოპერაცია, რომელსაც იგი, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა როგორც მთავარსარდალი. ხოლო სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენი, მთავარსარდლების უმაღლესი ჯილდო, აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის კი არ მიიღო, არამედმთავრობის სპეციალური დავალების სანიმუშოდ შესრულების გამო”. ამ თემაზე ცალკე ვისაუბრებთ.

დიპლომატიური შტრიხი

აქ ღირს ერთი დიპლომატიური თემაც ჩავრთოთ, რომელსაც ბერია ომის დაწყების პირველ თვეებში განახორციელებდა და რომელიც მას 22 წლის შემდეგ ბრალდებად წაუყენეს _ ჰიტლერთან გარიგების მცდელობად.

სინამდვილეში რაც მოხდა, ამაზე უშიშროების გენერლის სუდოპლატოვის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ციხიდან გაუგზავნა 1953 წლის 7 აგვისტროს.

“…1941 წლის დაახლოებით 25-27 ივლისს გამომიძახა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მაშინდელმა სახალხო კომისარმა ბერიამ.

ბერიამ მითხრა, რომ საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, აუცილებელია არაოფიციალური გზით გავარკვიოთ რა პირობებით დათანხმდება გერმანია შეწყვიტოს ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და შეაჩეროს გერმანულ-ფაშისტური ჯარების შეტევა. ბერიამ ამიხსნა, რომ საბჭოთა მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზანია ისეთი პირობების შექმნა, როცა საბჭოთა კავშირს მიეცემა მანევრირების და ძალის მოსაკრებად დროის მოგების საშუალება. ამასთან დაკავშირებით, ბერიამ მიბრძანა შევხვედროდი სსრკ-ში ბულგარეთის ელჩ სტამენოვს, რომელსაც სსრკ შინსახკომის მონაცემებით კავშირი ჰქონდა გერმანელებთან და მათთვის კარგად ნაცნობი პირი იყო.

ბერიამ მიბრძანა სტამენოვთან საუბრისას ოთხი შეკითხვა დამესვა მისთვის. ეს საკითხები ბერიამ თავისი უბის წიგნაკიდან ამოიკითხა:

* რატომ დაარღვია გერმანიამ თავდაუსხმელობის პაქტი და დაიწყო ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ;

* რა პირობებით დათანხმდებოდა გერმანია შეეწყვიტა ომი, რა არის საჭირო ომის შესაწყვეტად;

* ხელს მისცემს თუ არა გერმანელებს ისეთი საბჭოთა მიწების გადაცემა, როგორებიცაა ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბესარაბია, ბუკოვინა, კარელიის ყელი;

* თუ არა, კიდევ რომელ ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზია.

ბერიამ მიბრძანა, საუბარი სტამენოვთან წარმემართა არა საბჭოთა მთავრობის სახელით, არამედ წამომეჭრა ეს საკითხები შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური ვითარების თემის განხილვის პროცესში, და გამერკვია სტამენოვის შეხედულებათა ამ ოთხ საკითხზე.

ბერიამ უმკაცრესად გამაფრთხილა, რომ საბჭოთა მთავრობის ამ დავალებაზე არსად, არავისთან და არასოდეს სიტყვა არ დამეძრა, თორემ მე და ჩემს ოჯახს გაგვანადგურებდნენ…

ბერიას მითითებების თანახმად, მეორე დღეს დავრეკე ბულგარეთის საელჩოში, აპარატთან სტამენოვი მივიწვიე და შევთანხმდით, რომ მაიაკოვსკის მოედანზე, ჩაიკოვსკის დარბაზთან შეხვდებოდით ერთმანეთს. შევხვდით, ჩავისვი მანქანაში და წავიყვანე რესტორან “არაგვში”.

რესტორანში საუბარი ბერიას ინსტრუქციების მიხედვით წარიმართა.

“სტამენოვი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ თავის აზრი ამ ოთხი საკითხის შესახებ არ გამოუთქვამს. თავი ისე ეჭირა, როგორც ამ ომში გერმანელების დამარცხებაში დარწმუნებულ ადამიანს… მისი აზრით, საბჭოთა ძალები გერმანელებისაზე უეჭველად აღმატებულია, და დასაწყისში სსრკ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორიები რომც დაიპყრონ, შეიძლება ვოლგამდისაც მივიდნენ, მაგრამ მომავალში აუცილებლად დამარცხდებიან და გერმანია განადგურდება.

სტამენოვთან შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ, იმავე საღამოს შედეგების შესახებ მოვახსენე მაშინდელ სახელმწიფო კომისარს ბერიას მის სამუშაო ოთახში სსრკ შინსახკომის შენობაში. ჩემი მოხსენების დროს ბერია რაღაცას იწერდა თავის უბის წიგნაკში, შემდეგ გამოიძახა მანქანა, მორიგეს უთხრა, რომ მიდის ცკ-ში და გაემგზავრა”.

დაბეჯითებით რამეს თქმა, მოჰყვა თუ არა რამ შედეგი სუდოპლატოვისა და სტამენოვის ამ შეხვედრას, არავის ძალუძს, ხოლო სტალინის პირადი არქივი მისმა მემკვიდრეებმა პირწმინდად გამოასუფთავეს: 1941 წლის 14 აპრილიდან 13 ნოემბრამდე არცერთი დოკუმენტი შენახული არ იძებნება.

დავუბრუნდეთ კავკასიის დაცვას.

დაუძლეველი ბასტიონი

და ვუბარებ ყველა ქართველს:

მისი წმინდა ვალი არი _ მოკვდეს,

მაგრამ მკერდით შეკრას

დერბენტი და დარიალი.

ირაკლი აბაშიძე

მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლა მხოლოდ ცენტრალური აზიიდან შეიძლებოდა, რადგან პირდაპირი გზა გერმანელებს უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. ბერიას თვითმფრინავი ჯერ კრასნოვოდსკში დაეშვა და მხოლოდ საღამოს, ჩამობნელების შემდეგ კასპიის ზღვის გავლით _ ბაქოში, შემდეგ კი თბილისში თითქმის შუაღამეს დაფრინდა. ქალაქს ჯერ კიდევ არ ეძინა, ქუჩები გაჩახჩახებული და ხალხით სავსე. იყო.

საქართველოს დედაქალაქიდან, როგორც ვთქვით, ბერია და მისი თანმხლებნი მანქანებით ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრნენ.

ლავრენტი ბერიას იქ, განსაკუთრებით კი, სამხრეთის ფრონტზე, რომლის სარდალი სამოქალაქო ომის გმირი სემიონ ბუდიონი იყო, ქაოტური მდგომარეობა დახვდა. ფრონტის შტაბს  ხელიდან ჰქონდა გაშვებული ჯარების მართვის სადავეები და დემორალიზებული იყო. უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკთან და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმებით, ბერიამ იქვე გადააყენა ბუდიონი ფრონტის სარდლის თანამდებობიდან.

სერგო ბერია იხსენებს, რომ არმიების სარდლებად მამამისმა ორი ახალგაზრდა მეთაური დანიშნა. “ორივემ, როგორც მივხვდი, მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავიანთი კომპეტენტურობითა და შეუპოვრობით. ლაპარაკია კონსტანტინე ლესელიძესა (46-ე არმიის სარდალზე) და ანდრეი გრეჩკოზე (47-ე არმიის სარდალზე)…

“ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას, _ განაგრძობს სერგო ბერია, _ გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, მამამ გასცა ბრძანება სხვადასხვა ფრონტებიდან შეეკრიბათ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები _ საშუალო მეთაურთა შემადგენლობა… მას მიაჩნდა, რომ ეს ადამიანები, სამხედრო განათლებითა და საომარი გამოცდილებით, ადგილობრივი პირობების შესანიშნავი ცოდნით კავკასიის დამცველთა სამხედრო ნაწილების ფორმირების საქმეში შეუცვლელები იქნებოდნენ”.

გენერალ ლესელიძის სარდლად დანიშვნაც ამ პრინციპით მოხდა. ქართველი ოფიცრების მიერ ფორმირებული ნაწილებისთვის ქართველ გენერალს უნდა ესარდლა. ეს, არა მხოლოდ ყველასთვის გასაგები ეროვნულობის განწყობილებით იყო ნაკარნახევი, არამედ, რეალობის ზუსტი შეფასებით. ამიერკავკასიაში მუშაობისას დაგროვებულმა გამოცდილებამ ბერია დაარწმუნა, რომ სწორედ ქართველები იყვნენ სხვებზე მეტად ლოიალურები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ნიშანდობლივია, რომ ქართული ნაწილებიდან დეზერტირობის შემთხვევები სომხური და აზერბაიჯანული ნაწილებიდან დეზერტირობაზე გაცილებით ნაკლები იყო. 20 აგვისტოს კავკასიაში ბერიას მივლინების წინა დღეს, სტალინმა ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობას გაუგზავნა დირექტივა, რომლითაც მოსთხოვა 61-ე მსროლელთა დივიზიიდან სარეზერვო ნაწილებში გადაეყვანათ 3767 სომეხი, 2721 აზერბაიჯანელი და “დაღესტნელ ხალხთა” 740 ჯარისკაცი, როგორც არასაიმედონი.

ფრონტზე ბერიას ყოფნის მასალებს როცა ეცნობი, _ წერს ბორის სოკოლოვი თავის წიგნშიყოვლისშემძლე სახალხო კომისრის ბედი”, _ 1953 წლის უაღრესად მიკერძოებული გამოძიების დროსაც კი ბერიას ვერ წაუყენეს სასამართლოს გარე დახვრეტის ან სხვა უკანონო რეპრესიის ბრალდება. თუმცა მაშინ უკვე მოქმედებდა სტალინის მრისხანე #227- ბრძანება. ლავრენტი ბერია ამჯობინებდა, ჯარისკაცები და მეთაურები არ დაეხვრიტა და წესრიგი უფრო ცივილიზებული მეთოდებით დაემყარებინა. იგი ცდილობდა, უფროსებად შესაფერი ადამიანები დაეყენებინა, გენეხორციელებინა თავდაცვის გაძლიერების ღონისძიებანი”.

სამხედრო ძალების რაციონალურად განაწილება-გამოყენების მკაფიო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ თვალსაჩინო ისტორიული ფაქტი, როცა ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას მან სტალინს სთხოვა სხვადასხვა დროს ირანში შეყვანილი და იქ დისლოცირებული ჯარის ნაწილები დაებრუნებინათ საბჭოთა კავშირში და კავკასიის დაცვისთვის გამოეყენებინათ.

იგივე შეიძლება ითქვას სსრკ შინსახკომის ჯარების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებაც, მაგრამ არა საომარ ოპერაციებში ჩასართავად, არამედ მათი პროფილის მიხედვით ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალური ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად: შინსახკომის დივიზიები რეგულარული არმიების წინააღმდეგ ფრონტებზე საბრძოლველად გაწვრთნილი არ იყო.

შინსახკომის ჯარების ნაწილებს ამ მხარეში ურთულეს ვითარებაში უხდებოდა ბრძოლა ინგუში და ჩეჩენი პარტიზანების დაჯგუფებათა წინააღმდეგ. ამბოხებული იყვნენ სხვა ადგილობრივ ეროვნებათა წარმომადგენლებიც, რომლებიც გერმანელ ფაშისტებს  არა მხოლო სტალინისგან, არამედ რუსეთის იმპერიისგან გამათავისუფლებელ ძალად მიიჩნევდნენ, და ამაში ფაშისტური პროპაგანდის წილი საკმაოდ დიდი იყო.

მაგრამ სტალინგრადში გერმანელების კატასტროფულმა მარცხმა ფაშისტებს ბაქოს მიმართულებით შეტევის ძალა მნიშვნელოვნად გამოაცალა. მომხდურმა მტერმა კავკასიონი ვერ გადმოლახა და ჩრდილოეთ კავკასიელების განწყომილთა დეპორტაცია 1944 წლისთვის გადაიდო.

ადგილობრივი ბანდფორმირებები თავს ესხმოდნენ წითელი არმიის ალაფს, ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს უშლიდნენ საბჭოთა ჯარის ნაწილების გადაადგილებას. ბანდებს უერთდებოდნენ დეზერტირები, მათ შორის ბევრნი _ პირადი იარაღით. ნაციონალისტებს, როგორც წესი, გერმანელი აგენტები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც საბჭოთა ზურგში აჯანყებებისა და დივერსიების მოსაწყობად იყვნენ შემოგზავნილები.

ჩრდილოეთ კავკასიის გათავისუფლების შემდეგაც ბანდიტები განაგრძობდნენ ბრძოლას წითელი არმიის რეგულარული ნაწილებისა და შინსახკომის ჯარების წინააღმდეგ, კლავდნენ ადგილობრივ პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელებს, კოლმეურნეობებიდან იტაცებდნენ საქონელს.

დივერსიები მას შემდეგ შეწყდა, როცა საბჭოთა ხელმძღვანელობამ დეპორტაციის აქტი განახორციელა _ ჩრდილოეთ კავკასიიდან ურალში, ციმბირში, ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისარი ივან სეროვი და ბოგდან ქობულოვი, რომელიც წლების განმავლობაში ბერიას უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. ბერია პირადად აკონტროლებდა ოპერაციის მიმდინარეობას და ამტკიცებდა ხალხთა გადასახლების წესების ინსტრუქციას.

სხვადასხვა მონაცემით, ომის წლებში იძულებით გადაასახლეს 61 ეროვნების წარმომადგენლები. გადასახლებულებს უნარჩუნდებოდათ არჩევნების უფლება, პარტიის წევრობა, წოდებები და თანამდებობები, შეეძლოთ თან წაეღოთ ნახევარ ტონამდე  პირადი ნივთები (ოჯახისთვის), ფულსა და ძვირფასეულობას არ ართმევდნენ.

ერთი რამ აქვე უნდა ვთქვათ: ბერიას მიაჩნდა, რომ, თუ გერმანელები შეძლებდნენ ამიერკავკასიაში შემოღწევას, შინსახკომის ჯარები კი ფრონტების გასამაგრებლად იქნებოდა გადაყვანილი, რჩდილოეთ კავკასიას აჯანყებების ტალღა წალეკავდა. აქედან გამომდინარე, ანტისაბჭოთა ამბოხის თავიდან აცილების გზად ლავრენტი ბერია ჩეჩნების, ინგუშების, ყარაჩაელების, ბალყარელებისა და დაღესტნელების დაუყოვნებელ დეპორტაციას მიიჩნევდა. რაც, ბოლოს და ბოლოს, მსხვერპლისა და სისხლის ფასად განახორციელა კიდეც.

ბერიას განკარგულებით გადაიკეტა ყველა უღელტეხილი, ბრძოლებში ჩაერთო სამთო მსროლელთა მობილური რაზმები, რომლებიც პროფესიონალი ალპინისტებით იყო დაკომპლექტებული, მებრძოლები მაყუჩიანი იარაღით აღჭურვეს, რამაც მათი ბრძოლის ეფექტიანობა გაცილებით აღამაღლა.

ნოემბრისთვის გერმანელების შეტევა შეჩერდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ქართული საგაზეთო ვარიანტი უცხოეთის ტელეფილმების, წიგნებისა და პუბლიკაციების

მიხედვით მოამზადა  

არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. ბერიამ ააშენა ქვეყანა, აჯობა მსოფლიოს დაზვერვას, მოუგო ომი . 1 ეპიზოდიც კავკასიონზე როგორც კი გადმოვიდოდა ფაშისტური ევროპის ჯარის ნაწილები, ეგრევე დღევანდელების ,ძმა ‘ თურქეთი დაგვარტყავდა . ეს არ მოხდა აგრეთვე გენერალი ლესელიძისა და ქართული დივიზიის თაობით . რაც შეეხება 30-იან წლებში დახვრეტებს ძირითათი მაგ დროს იყო, შიხსახკომის თავმჯდომარე ანუ შშშს მინისტრი 1938-წლის დეკემბრამდე ქვეყნის მოღალატე და მენშევიკების აგენტი ე ჟ ო ვ ი . ანუ თქვენი აგენტი . მსოფლიში რატო არავინ არ ლაპარაკობს ამაზე და არც წერს მანდამაინც .

  2. რატომ ხარ ანონიმური?
    შენი თუ არა სხვა სახელი დაირქვი, გურამს,ჯემალა ან ჯუმბერა მაინც.
    ევროპაა ფაშისტური და.რუსეთი ანგელოზი?
    ვაი შენ პატრონს

  3. ვაი შენს პატრონს, შალიკო. დღეს თქვენი და თქვენნაირი სამშობლოს მოღალატეების მზე ამოვიდა და თქვენც როგორც ტილები მზეზე ისე ამოხვედით. სამართალს მოვიტანთ ყველა მიიღებთ საკადრისს, სამშობლოს – საქართველოს არ გაგაუბედურებინებთ თქვე კატის კნუტებო! რასაც სტალინი იტყოდა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here