Home რუბრიკები პოლიტიკა ილუზიებს აყოლილები

ილუზიებს აყოლილები

აღიარებს თუ არა ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების ზონად?

951
ილუზიებს აყოლილები

აშშის ურთიერთობა რეგიონის ორ ძლიერ სახელმწიფოსთან _ თურქეთსა და ირანთან _ უარესდება. თუ პირველ შემთხვევაში საქმე დიპლომატიურ და ეკონომიკურ დაპირისპირებასთან გვაქვს, მეორეში იარაღის ჟღარუნი ისმის. რას უქადის ეს საქართველოს და ვართ კი მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის?

16 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა სავაჭრო პრეფერენციები, რომლებითაც თურქეთი 1975 წლიდან სარგებლობდა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. თურქეთის პრობლემები, ინფლაცია იქნება თუ ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება, დაუყონებლივ აისახება საქართველოზეც, ამაში ბოლო წლებში არაერთგზის, თუნდაც ლარის კურსის შემხედვარე, დავრწმუნდით. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯების შედეგად, თურქეთის მშპ გასული წლის ბოლო კვარტალში 2,5%-ით შემცირდა და პირველად ბოლო ათწლეულში რეცესია დაფიქსირდა. უმუშევრობამ ბოლო 10 წელიწადში რეკორდულ 14,7%- მიაღწია (ახალგაზრდებს შორის 27%-). 2017 წლის ბოლოდან დღემდე თურქული ლირა 30%-ით გაუფასურდა.

თეთრი სახლის ბოლო ნაბიჯს ექსპერტების უმრავლესობა თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექს “ს-400”-ების შეძენას უკავშირებს. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ის ნატოს თავდაცვით სისტემებთან შეუთავსებელია. თურქები, თავის მხრივ, მიუთითებენ, რომ 2015 წელს აშშ-მა მათი ქვეყნის ტერიტორიიდან “პეტრიოტის” კომპლექსები გაიყვანა, რომელიც თურქეთში სირიის ომის საწყის პერიოდში განთავსდა. ამასთანავე, ვაშინგტონმა ანკარას “პეტრიოტები” არ მიჰყიდა. ამის შემდეგ თურქული მხარე შეეცადა, ჩინური “ფდ-2000” შეეძინა, ხოლო შემდეგ მოსკოვს მიმართა. პირველ შემთხვევაში ამერიკელების რეაქცია შედარებით ზომიერი იყო, მეორეში კი _ ძალიან მკვეთრი. მათ აშკარად არ ხიბლავს ის, რომ სამხრეთ თურქეთში განლაგებული “ს-400”-ები, რომელთა რადარები 600 კილომეტრის რადიუსში მუშაობს, ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს.

თუმცა ეს რუსულ-თურქული გარიგება, ალბათ, უფრო საბაბია, ვიდრე მიზეზი. აშშ-თურქეთის ურთიერთობის გაფუჭება გაცილებით ადრე დაიწყო და განსაკუთრებით 2016 წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გართულდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივ ურთიერთობებს, პრაქტიკულად, ეკონომიკური ომის სახე მისცა და ამის ერთერთი შედეგი თურქეთისა და რუსეთის დაახლოება გახდა, რომელიც მხოლოდ საზენიტო სისტემების შეძენით როდი შემოიფარგლება. მხარეები აფართოებენ სავაჭრო ურთიერთობებს და, როგორც 6 მაისს ანკარაში ხელმოწერილი შეთანხმებიდან ჩანს, აპირებენ, ბაქოთბილისიყარსის რკინიგზა ორი ქვეყნის დამაკავშირებელ არტერიად აქციონ. ეს ბევრისთვის თბილისში მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ამასთანავე, დონალდ ტრამპი ცდილობს, ყველა ხიდი არ დაწვას _ იმავე დღეს მან 50-დან 25 პროცენტამდე შეამცირა საბაჟო გადასახადი თურქულ ფოლადზე, რასაც ოფიციალური ანკარა მიესალმა. გადასახადის გაზრდამ 2018 წლის აგვისტოში აშშ-ში თურქული ფოლადის ექსპორტი 48%-ით შეამცირა.

პარალელურად მკვეთრად დაიძაბა ვითარება სპარსეთის ყურეში, სადაც 11 მაისს საუდის არაბეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებსა და კიდევ ორ გემზე (ნორვეგიისა და გაერთიანებული საამიროების დროშების ქვეშ) თავდასხმა განხორციელდა. საუდის არაბეთის ხელისუფლებას დამნაშავე ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ სხვადასხვა ფორმით მიანიშნებდა, რომ თავდასხმის უკან ირანი დგას. 14 მაისს ერრიადში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ იემენურმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც ირანი აკონტროლებს, იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანიძალიან მწარედ ინანებს”, თუ შეტევაზე გადავა. რეგიონში გადაისროლეს ოთხი სტრატეგიული ბომბდამშენი-52” და ავიამზიდიაბრაამ ლინკოლნი”.

იმავე დღეს “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციაზე დაფუძნებული სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰენმა ტრამპს ირანის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნა შესთავაზა. გაზეთის ინფორმაციით, ეს მოხდა 9 მაისს უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლების შეხვედრაზე, ხოლო მნიშვნელოვანი გავლენა ახალი გეგმის შედგენაზე ჯონ ბოლტონმა მოახდინა და ბევრი მათგანი, ვინც მას გაეცნო, “შოკირებული დარჩა”, რადგან დაახლოებით ამდენი ამერიკელი სამხედრო გადაისროლეს რეგიონში 2003 წელს, ერაყის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ, თუმცა, “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, შენაჰენის გეგმა ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას არ ითვალისწინებს.

ერთი წლის წინათ აშშ-მა უარი თქვა 2015 წელს დადებულ “ბირთვულ გარიგებაზე”, რომელიც, ერთი მხრივ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და, მეორე მხრივ, მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. გასული წლის ოქტომბერში ტრამპის ადმინისტრაციამ აღადგინა სანქციები, ხოლო ამა წლის აპრილში გაამკაცრა. ირანის ეკონომიკას ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. 8 მაისს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განაახლებს ურანის გამდიდრებას, თუ აშშ 60 დღის ვადაში არ დაადასტურებს მზადყოფნას ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად. რამდენიმე დღეში დაიწყო იდუმალებით მოცული თავდასხმები ტანკერებზე.

დონალდ ტრამპმა “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციას “ფეიკ-ნიუსი” უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მსგავსი გეგმის შედგენის შემთხვევაში რეგიონში “გაცილებით მეტ ჯარისკაცს” გაგზავნის. ირანის პრობლემა განიხლებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრაზეც, რომლის შემდეგ პომპეომ თქვა, რომ აშშ არ მიისწრაფვის ომისკენ, მაგრამ სურს, ირანს პოლიტიკა შეაცვლევინოს. ექსპერტებმა დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რა დგას ამ ცნობების უკან _ რეალური საომარი სამზადისი თუ ბლეფი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ხელისუფლებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

საგულისხმოა, რომ “ნიუ იორკ თაიმსის” წერილის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე გაიხსნა თემა სახელწოდებით “120 ათასი აშშ სამხედრო ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საქართველოში”. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში საქართველო საერთოდ არ იყო ნახსენები, მსჯელობა ამ თემაზე საკმაო ხანს გაგრძელდა. ანალოგიური დისკუსია სოციალურ ქსელებშიც გაიმართა. მსგავსი განხილვები ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ხშირად იმართება და, როგორც წესი, აშშ-ირანის ურთიერთობის გართულებას მოსდევს.

განხილვების მონაწილეების ნაწილი, სავარაუდოდ, ოცნებობს “გეოპოლიტიკურ სასწაულზე”, რომლის შედეგად საქართველოში ამერიკული ბაზები გაჩნდება, დაახლოებით ისე, როგორც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გაჩნდა (ავღანეთში ამერიკელების შესვლის პერიოდში). მსჯელობა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ დროდადრო შედარებით სერიოზულ გამოცემებშიც იწყება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ეს პერსპექტივა საკმაოდ საეჭვოა.

2011 წელს აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი ექსპერტის, არიელ კოენისა, და პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონის მოხსენება, რომელიც აგვისტოს ომის შედეგებს ეხება. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატების და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ. რუსეთს სურს, რომ ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეს, შეაჩეროს კავკასიაში აშშისა და მოკავშირეების ჯარების გაშლა, მათ შორის სამხედროსაჰაერო ბაზების გამოყენებით. რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე სომხეთში და საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან გამორიცხავს აშშის საჰაერო ოპერაციებს მოსკოვის თანხმობის გარეშე”.

ამ ფაქტორისა და აზერბაიჯანის პოზიციის მიუხედავად, რომელიც ბოლო თვეებში მიზანმიმართულად აფართოებს თანამშრომლობას რუსეთთან და ირანთან (აგვისტოში მოსკოვში სამმხრივი სამიტი გაიმართება), აშშ-ირანის ურთიერთობის ნებისმიერი გართულება ქართულ სოცქსელებში მაინც ამერიკულ ბაზაზე მსჯელობას წარმოშობს. მეტიც, ზოგი იმასაც კი წერს, რომ მას შემდეგ, რაც აშშთურქეთის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდება, ამერიკელების მთავარი პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორი რეგიონი, მისი გეოსტრატეგიული პლაცდარმი სწორედ საქართველო გახდება და ისევ და ისევ ბაზების განლაგებაზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და თურქეთის კონტროლისგან თავისუფალი საჰაერო და საზღვაო კომუნიკაციები საქართველოსთან ამერიკელებს, უბრალოდ, არ აქვთ და ეს წარმოსახვით ბაზას იმთავითვე ბლოკადაში აქცევს. თუმცა ლოგიკური მსჯელობა იქ, სადაც საქმე ეხება ირაციონალურ რწმენასა და “გეოპოლიტიკური სასწაულის” მოლოდინს, ალბათ, მაინც უადგილოა. ეს ნათლად გამოვლინდა ცოტა ხნის წინათ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის სკეპტიკურ კომენტარს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაზე დიდი ვნებათაღელვა და სკანდალი მოჰყვა, რომლის დროსაც თითქმის ყველას დაავიწყდა, რომ განხილვის საგანი _ ამერიკული ბაზა საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობს. მისი შექმნის შანსი თითქმის განულდა იმ პირობებში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია “ახალი იზოლაციონიზმის” პოლიტიკას ატარებს და ძველ რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, ურთიერთობის დაძაბვას არ ერიდება. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებამ არ დაადასტურა ტრამპის საარჩევნო შტაბის დანაშაულებრივი კავშირი რუსეთის წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციას მოსკოვთან ურთიერთობაში “ხელები გაეხსნა” და მნიშვნელოვანწილად გაზარდა შანსი “დიდი გარიგებისა”, რომლის ფარგლებში ვაშინგტონმა შეიძლება აღიაროს პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების ზონად. თუმცა ეს ჯერჯერობით ვარაუდია, ხოლო აშშ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება _ ფაქტი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება, წესით, უნდა დააფიქროს იმაზე, როგორი საგარეო პოლიტიკა შეიძლება დასჭირდეს ქვეყანას ახლო მომავალში.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here