მთავარი ისტორია ილია: ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის-კი ცნობა აზრისა, თუ...

ილია: ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის-კი ცნობა აზრისა, თუ ქვეშ არ უწერია, ეს აზრი ამა და ამ ფერისააო

712
გააზიარეთ
ძეგლი „თერგდალეულები“ მეგობრობს გზაზე

თერგდალეულებს არ შეუქმნიათ თეორიული ტრაქტატები, მათ ცალკე კონკრეტული წერილიც კი არ მიუძღვნიათ ლიბერალიზმის იდეოლოგიისადმი, მაგრამ ისინი კარგად გაერკვნენ ამ იდეოლოგიის არსში, ჩასწვდნენ მის სულს და ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები საქართველოს სპეციფიკას მიუსადაგეს.

ეროვნული იდეოლოგიის პარალელურად, ისინი საქართველოში ლიბერალიზმის იმ პრინციპებს ამკვიდრებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა ერის წინსვლას.

როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ვაჟაფშაველასპატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი”. “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია”, _ წერდა ვაჟაფშაველა და დასძენდა: “ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო”.

ცალცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა”, ხაზს უსვამდა ვაჟაფშაველა.

ლიბერალურ ღირებულებათა საქართველოში შემოტანა და დამკვიდრება მნიშვნელოვანწილად ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის სახელებთანაა დაკავშირებული. მათი ძალისხმევა ქართული აზროვნებისა და პოლიტიკური კულტურის ევროპეიზაციისაკენ იყო მიმართული. თერგდალეულები გზას უკაფავდნენ დასავლურ მოწინავე შეხედულებებს, ცდილობდნენ, შეემზადებინათ მათთვის ქართული ნიადაგი და ქართველი ერი თვითიზოლაციიდან პროგრესის ფართო ასპარეზზე გაეყვანათ.

საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, “საკუთარი თავის მოიმედობა” _ აი რა გვაკლია დღეს ჩვენ.

ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ევროპული პრაგმატიზმისა და საქმიანობის, ევროპული პოლიტიკური რეალიზმის, ევროპული განათლების, ტექნიკისა და კულტურის საქართველოში დანერგვა ჯერ კიდევ 1870-იან წლებში დაიწყო. ილია ჭავჭავაძეს კი შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისუფლება, როგორც ეროვნული ბედნიერების წინაპირობა, მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია (“თავისუფლების მშოვნელი ამქვეყნად მხოლოდ თოფია”), მაგრამ იმასაც ითვალისწინებდა, რომ გამუდმებული აჯანყებები ერს ღონეს აცლიდა და მის მომავალს უნუგეშოს ხდიდა. ამიტომაც ილიამ და თერგდალეულებმა გეზი მშვიდობიანი ბრძოლაზე აიღეს, რომლის იარაღად ცოდნა და განათლება დაიგულეს. “ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა” და რომ “მორიგებით, მშვიდობიანობით საქმის გათავება, რასაკვირველია, ყოველთვის კარგია”(ილია ჭავჭავაძე).

ამდენად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თერგდალეულთა მშვიდობიანი ბრძოლის ტაქტიკა სრულად პასუხობს ლიბერალიზმის თეორიულ პოსტულატებს და მის კონცეფციაში თავსდება.

ლიბერალურ აზროვნებას შეესაბამება ასევე წოდებათა შერიგებისა და თანხმობის, ყველა საზოგადოებრივ ძალთა გაერთიანების ილია ჭავჭავაძისეული შეხედულება, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში “საერთო ნიადაგის” თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი. აზრი იმის შესახებ, რომ “საერთო ნიადაგის” თეორია არსობრივად “ლიბერალ-რადიკალურია”, ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძემ გამოთქვა 1901 წელს ჟურნალ “მოამბეში” გამოქვეყნებულ სტატიაში “პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე”. “საერთო ნიადაგის” თეორია კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურ საფუძველზე დგას, შენობა კი მთლიანად ლიბერალურია”.

თერგდალეულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ადამიანის უფლებები. მათი აზრით, ადამიანის უფლებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ზრუნვისა და დაცვის საგანი უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძე ამ საკითხს სულაც კაცობრიობის პროგრესს უკავშირებდა: რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფაცხოვრება, _ უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებული არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ, შევიწროებულ”. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია. ხელშეუხებლობაში ილია რომ ათასგვარი გარყვნილებისა და ცხოვრებისეული ანომალიის დამკვიდრებისთვის ხელის არშეშლას არ გულისხმობდა, ცხადია. ის ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და მის სამშობლოში თავს წამოყოფდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას მოითხოვდნენ და იმდენად გათავხედდებოდნენ, რომ ქალის ქალზე და კაცის კაცზე დაქორწინების წინააღმდეგ გამოსვლას ადამიანის უფლებების შელახვად გამოაცხადებდნენ და მთელ “ლიბერალურ” მსოფლიოს მოგვისევდნენ დასამუნათებლად: აი რა ბნელი ხალხია საქართველოში, უფლებებს გვიზღუდავენო…

სწორედ აქ უნდა გავუსვათ ხაზი ადამიანის ღირსების საკითხს, რომელიც თერგდალეულთა ნააზრევში განსაკუთრებითაა გამოკვეთილი, და რომელიც “ჭეშმარიტ ლიბერალობას … დიდი ასოებითაა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ” (ილია). ილია “კაცებურის ღირსების გრძნობას” “ღვთაებრივ გრძნობას”, “ადამიანთათვის მომადლებულ საუნჯეს” უწოდებდა, მასვე ადამიანის ღირსება “ზნეობით კუთვნილებად” მიაჩნდა და მოითხოვდა, რომ იგი “ღრმად პატივცემული” ყოფილიყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თერგდალეულები ადამიანის უფლებებს ყოველთვის მოვალეობასთან კავშირში განიხილავდნენ, ამ კუთხით ილია ჭავჭავაძის აზრი ასეთია: მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი”.

ლიბერალურ თეორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალიზმს, რომელიც პიროვნების პირად დამოუკიდებლობას, თვითდამკვიდრებას გულისხმობს და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე მის უზენაესობას აღიარებს. ინდივიდუალიზმი ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას ემყარება, ხოლო პიროვნული თავისუფლება ადამიანური ღირსების გარანტიაა.

ილია ჭავჭავაძეს თანასწორობა იმ საჯარო უფლებად მიაჩნდა, რომელიც ყველას კუთვნილი და ყველასათვის ერთნაირად ძვირფასია. თანასწორობასულია და გული ყოველის წყობისა”, _ წერდა იგი. ძმობას, ერთობასა და თანასწორობას შეტრფოდა აკაკი წერეთელი,ც ასევე, თანასწორობის უფლებას იცავდა ნიკო ნიკოლაძეც, რომელიც ბევრს წერდა და ქადაგებდა “ლიბერალურ პრინციპთა ფარგლებში” (ჯორჯაძე).

თერგდალეულთა სხვა ნააზრევიდან, რომელიც ასევე “ლიბერალიზმის საკვებით საზრდოობს”, ერთ-ერთი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა, ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: “საკუთარი თავის მოიმედობა”. ამ უაღრესად საგულისხმო პრინციპს თერგდალეულები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ პირად ინიციატივას, საკუთარი უნარის, ნიჭისა და თვითმოქმედების გამოვლენას ქვეყნის წინსვლა-განვითარების პირობად სახავდნენ და არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ერს მოქალაქეობრივი აქტივობისაკენ მოუწოდებდნენ. ჩვენი ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ”, ჩვენს გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია _ მოძღვრავდა ქართველ ერს ილია ჭავჭავაძე. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონპატრონი”, _ ასეთი იყო აკაკის შეხედულება.

ნიკო ნიკოლაძეს თავისუფლება ადამიანის უზენაეს ბედნიერებად მიაჩნდა; მისთვის თავშეწირვა, სიცოცხლის დათმობა, უკომპრომისო ბრძოლა კაცობრიობის ისტორიის ანბანად ესახებოდა. ამ თავისუფლების მოპოვებისთვის მან პირველი დემოკრატიული საქართველოს დასამკვიდრებლად 1918-21 წლებში ბევრი რამ გააკეთა და ეკონომიკური პროგრამის შემქმნელადაც მოგვევლინა.

მრავალი ათეული წლის წინათ დაწერილი ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობა დიდი ინტერესით იკითხება დღესაც, რადგან პრობლემები არ დაძველებულა, მისი დასკვნები კი ეხმიანება დღევანდელობას. მის სიტყვას ჟანგი არ მოსდებია…

ნიკო ნიკოლაძეს უპირველეს იდეოლოგიურ ამოცანად მიაჩნდა იმის გარკვევა, თუ რა გზა და მიმართულება უნდა აირჩიოს ერმა სამომავლო ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის მოსაწყობად: როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და მოუხდება საკუთარი სხეულის, აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია, ის მოძღვრება, რაც მას სჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისათვის ჭკუაგონება არ ყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება”.

ნიკო ნიკოლაძე მაინც განვითარების ეროვნული მოდელის შექმნას უჭერდა მხარს, უცხოური დადებითი გამოცდილების გამოყენების გათვალისწინებით, და თვლიდა, რომ ეს მოდელი ჩვენვე უნდა შეგვემუშავებინა და არა უცხოელს _ ქართული სპეციფიკის და რეალობის არმცოდნეს, რომელსაც შეუძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის ზუსტად მისადაგებული განვითარების რეცეპტი მოენახა: ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისთვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ, დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებენ და არა ადამიანისას? უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”.

ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება” და რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველი იყო და იქნება ქვეყნისთვის. როგორც ჩანს, ნიკო ნიკოლაძეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის უკან ჰქონდა სწორი პასუხი იმ კითხვაზე, თუ რომელი საქმეების მოგვარებაა ქვეყნისათვის პირველ რიგში პრიორიტეტული – შინაგანი თუ გარეგანი საქმეების: მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება, _ წერდა იგი, _ უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ უშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ შინაგან წესებს არ ავიყვანთ საგარეო დიდების სიმაღლეზე, თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნილებებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენს თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

აანალიზებდა რა ჩვენი ქვეყნის რთულ და მძიმე ისტორიულ წარსულს და თანამედროვეობას, ნ. ნიკოლაძე მიიჩნევდა, რომ “უცხოეთლების შემოსევის გარდა ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა” – ერთმანეთის მტრობამ და გაუტანლობამ, წინდაუხედაობამ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ და სხვათა ბრმა წაბაძვამ; ქართული ზნეობისა და ცხოვრების წესის უკუგდება, ყოველივე უცხოურის უკრიტიკოდ და უნიადაგოდ მიღების ხარჯზე მას დაუშვებლად მიაჩნდა.

საქართველომ რომ დამოუკიდებლობა მოიპოვოს, აუცილებელია, ის ჯერ ეკონომიკურად აღორძინდეს. აღორძინების უმთავრეს პირობად კი ნიკო ნიკოლაძეს თავაუღებელი შრომა, სწავლა და თვითგანვითარება მიაჩნია. იგი თვლიდა, რომ სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება”.

ქვეყნის ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი აღორძინების პროცესში ნიკო ნიკოლაძეს ასევე აუცილებლად მიაჩნდა სხვისი მოიმედეობის, იოლი გამდიდრების სურვილის დაძლევა, რომელიც მაშინაც გამეფებული იყო ქვეყანაში და ახლაც ასეა. “ჩვენს საზოგადოებაში, _ წერდა იგი, _ ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთს მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის”. ამიტომ ნიკო ნიკოლაძე საკუთარი რესურსებითა და შრომით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდა და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ანგარება: ჯერ არსად, არც ერთს ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს, არც მთელს საზოგადოებას, კაცისათვის და ქვეყნისათვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრით და ბრძოლით შეუძენია? ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო”.

დასკვნა კი ასეთია: ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ მარტო თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიმუშაოთ, მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც”, ხოლო, თუ კვლავ სხვისი დახმარების მოიმედე ვიქნებით და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, მაშინ პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო იქნება: “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ”.

თერგდალეულებს მიაჩნდათ, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ეროვნული ფსიქიკის, ზნე-ხასიათისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვისად უნდა მოწყობილიყო. ნიკოლაძე წერდა: “ყველა ხალხს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს. შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ _ წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ”.

“მე დამივლია მთელი ევროპა, _ წერდა ნ. ნიკოლაძე – და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა”.

ნიკო ნიკოლაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიტიკურ ლიდერთა ტიპებს და მოგვცა კიდეც მათი კლასიფიკაცია. “იქ, სადაც ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს და არა დაწესებულებაზე, _ წერდა იგი, _ ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ, სხვა არავინაო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასაო. ქვეყნის, ერის იდეალის სხენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის და იდეალის სამსახური, დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან”.

ნიკო ნიკოლაძე მიუთითებს, რომ “ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარ როლს ჩვეულებრივ ორი ტიპის მოღვაწენი ასრულებენ ხოლმე: ფანატიკოსები და მოანგარეები? რას ვხედავთ ამ მხრივ ჩვენში? საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მომზადებული ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობისათვის საჭირო ცოდნითა და ნიჭით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენში ძლიერ ცოტაა. კიდევ უფრო ნაკლებად გვყვანან ფანატიკოსები, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა რკინის ბორკილების ტარებას? უფრო მეტი რაოდენობით გვაყვანან სავსებით მოუმზადებელნი პირნი, რომლებსაც ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობის უზომო მადა აქვთ, მაგრამ სრულიადაც არ გააჩნიათ არც მშვიდი ანგარიშიანობა, არც გამძლეობა, არც უნარი, რომ საკუთარი ძალ-ღონით და მეტნაკლებად რიგიანი საზოგადო საშუალებებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს და რაკი სხვა ტიპის საზოგადო მოღვაწენი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ბურთი და მოედანი რჩება ხოლმე ამ ორ ტიპს _ სათნო აზიზ-მაზიზებს, ერთი მხრივ, და არაკეთილსინდისიერ ინტრიგანებსა და მოანგარეებს _ მეორეს მხრივ”.

თითქოს დღევანდელობის სარკეა ნიკოლაძის სიტყვები: მოდიოდნენ ჩვენში მეთავურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან რა აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ: “ამბოხება დავიწყოთო!” _ დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას _ ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ახსნა ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა, და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ: გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?”

ასეთი “ლიდერებისა” და “მოღვაწეების” ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს ჩვენი საზოგადოებაც ასრულებდა პირმოთნეობითა და მლიქვნელობით. “გასაგებია ისეთი საზოგადოების მავნებლობა, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე, _ სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასხამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძილი და იგი სულ უფრო ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე”. “პოლიტიკა ახალმოდური შლიაპკა კი არ არის, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება”.

როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს? ვინ უნდა აღზარდოს საზოგადოებამ?

“დროა შეიგნონ, რომ პატიოსნება, გულწრფელობა, გატაცება, ერთგულება, მაგრამ არა ოქროსადმი, არამედ კაცობრიობის მაღალი იდეალებისადმი დანაშაული კი არა, არამედ აუცილებელი ძალაა სახელმწიფოსათვის, სასარგებლო საქმეა ხალხის განვითარებისათვის. დამიჯერეთ, რომ ის, ვინც ყველაზე მაღლა ამ ქვეყნად საკუთარი ჯიბის ინტერესებს აყენებს, თუ დასჭირდა, თქვენს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებს მას? ანგარებიანი ადამიანები იმითაც არიან მავნებლობის მომტანი, რომ ისინი უსარგებლონი არიან”(ნიკოლაძე).

საზოგადოება უნდა განათლდეს, აღიზარდოს! მაგრამ, როგორც ნ. ნიკოლაძე “კალმის კაპრიზებში” აღნიშნავს, დრომ საზოგადოებაში ისეთი ტიპები წარმოშვა, რომლებმაც საქმე არ იცოდნენ, მაგრამ უფროსის ხელის ლოკვით მუდამ მყარად გრძნობდნენ თავს; “მისი აღმაშფოთებელი უმეცრება ყველას თვალში ხვდებოდა, მალე ცხადი შეიქნა, რომ მან იმ საქმის ანა-ბანაც კი არ იცოდა, რომელსაც ხელი მოჰკიდა, როგორც შემოსავლიან ხელობას”. სახელმწიფო სამსახურში მყოფ ასეთ ადამიანთან “ვერც ერთი პატიოსანი ადამიანი ვერ ჩერდებოდა. იგი თავის გარშემო თავს უყრიდა ფავორიტებს, რომლებიც პირში ეფერებოდნენ, მის მდგომარეობას იყენებდნენ და ყაჩაღურად იქცეოდნენ”.

რა ნაცნობი სურათია, არა?

მაგრამ პირდაღებული არ შეიძლება შეაჩერდე მომავალს. საკუთარი ძალის იმედით მომავლისთვის ბრძოლა, საკუთარი შრომით, ოფლისღვრით ხვალინდელი დღის გათენება, მიღწეულით დაუკმაყოფილებლობა! _ აი რა გვმართებს, რადგან “ნაპოვნი და ნაწყალობები კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაპოვნი იყო”. “თუ ჩვენ დოყლაპიასავით პირდაღებული სხვის შემწეობას შევაჩერდებით, მაშინ ამ მონიჭებულსაც ჩვენ სხვა ვინმე მეზობელი, ჩვენზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული, ხელიდან გამოგვტაცებს და თავისთვის მოიხმარს”, _ ამაზე უკეთ და მარტივად ამ ჭეშმარიტების პირში თქმა შეუძლებელია. უსმინეთ დიდ ნიკოს!

კიდევ ერთი სენი ჩვენში, რომელზეც ნიკო ნიკოლაძე დიდი გულისტკივილით საუბრობს, უსინდისობაა, არაპროფესიონალიზმი. “ყასბობას არ იკისრებს მავანი, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე, _ გაწრთვნილი არ ვარ, შეიძლება ტყავი დავაზიანო და დრო დაგაკარგვინოთო, მაგრამ იგი მზადაა, იკისროს მსაჯულის, ბანკირის, ქალაქის მმართველის, მოკლედ, ხელმძღვანელის როლი, რასაც ასჯერ მეტი ცოდნა-გამოცდილება სჭირდება, საკვირველი ისაა, _ გულნატკენი გვამცნობს პუბლიცისტი, _ რომ კაცი არ გამოჩენილა ჩვენში, რომელსაც სინდისი გაღვიძებოდეს ამგვარი თანამდებობის ძიების დროს და ეთქვას: რადგან მე სრულიად არაფერი მისწავლია ამ თანამდებობისა, მე მისი აღსრულება არ შემიძლიან და სჯობს მასზე უარი ვთქვაო”.

არც დღეს არ ჩანან მსგავსი კაცები, სინდისის კარნახით უარს რომ ამბობენ შეთავაზებულ თანამდებობაზე

ილიას სიტყვებს მოვიშველიებ იმ განცდის გადმოსაცემად, რომელიც, შეიძლება კი არა, აუცილებლად გაუჩნდება ჩემს მკითხველს: “რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?… ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!”

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here