მთავარი პოლიტიკა ვინ და რატომ ებრძვის სალომე ზურაბიშვილს?

ვინ და რატომ ებრძვის სალომე ზურაბიშვილს?

1951
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებმა დამატებითი ინტრიგა შეიძინა _ “ქართული ოცნებასალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს. შესაძლოა, ის ყველა კანდიდატის დასახელებას ელოდება, თუმცა ექსპერტების ნაწილმა ამის საფუძველზე ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ივანიშვილმა შეიძლება ყველაფერი გადაათამაშოს.

განცხადება იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს (ან საერთოდ არავის), ბიძინა ივანიშვილმა 24 ივლისს გააკეთა. სანამ ეს მოხდებოდა, პარლამენტმა საგულისხმო საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და, “საარჩევნო კოდექსის” კორექტირებისას ცვლილება მის 98-ე მუხლშიც შეიტანა. ამიერიდან ცესკო-ში წარდგენილ “განცხადებას უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავე დროს არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეცაა, განცხადებას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ”. უკლებრივ ყველა კომენტატორმა, რომლებმაც ამის თაობაზე მოსაზრება გამოთქვეს, განაცხადა, რომ კოდექსი სპეციალურად ზურაბიშვილისთვის ჩაასწორეს. საქმე ისაა, რომ მან უკვე მიმართა საფრანგეთის ხელისუფლებას განცხადებით მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ პროცედურამ შეიძლება რაღაც პერიოდი დაიკავოს, შესაბამისად, წარმოიშვას იურიდიული კოლიზია, რომელიც ზურაბიშვილის მონაწილეობას არჩევნებში შეუძლებელს გახდის.

საინტერესოა, რომ 2013-ში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა პირველად დააპირა მონაწილეობის მიღება საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-მ რეგისტრაციაზე უარი იმ საბაბით უთხრა, რომ კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ამ თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. ზურაბიშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ აკრძალვა ეხება უკვე არჩეულ პრეზიდენტს და არა არჩევნებში მონაწილე კანდიდატს. მომდევნო წლებში ზურაბიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” საერთო ენა გამონახეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მათ წარმატებით გამოსცადეს “დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის” სქემა. ბოლოს კი საქმე “საარჩევნო კოდექსში” ერთ პირზე მორგებული ცვლილებების შეტანამდე მივიდა.

ნაციონალები და მათთან აფილირებული ჯგუფები სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო აკრიტიკებენ. ამის მორალური უფლება ნაკლებად აქვთ, რადგან 2008-ში სააკაშვილის ხელისუფლება დაეთანხმა და ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუცია, რომლის მე-5 პუნქტში ნათქვამია: “2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში; და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით”. შეუძლებელია, ხელს აწერდე ამას და ამავე დროს სხვას, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს ანალოგიური პოზიციის გამოხატვისთვის “მოღალატეს” უწოდებდე, თუმცა აქ უფრო საგულისხმოა სხვა რამ.

ნაციონალების კამპანიის ფონზე, გამოჩნდა რამდენიმე ექსპერტი, რომლებიც დაუცხრომლად ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ სკანდალის ფონზექართულ ოცნებასამომრჩევლებს დააკარგვინებს. ისინი პირდაპირ ან ირიბად მოუწოდებენ ივანიშვილს, ზურაბიშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას გადახედოს.

აქ შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე კითხვა:

თუ ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე ასეთი კომპრომატია, რატომ არ შემოინახეს ნაციონალებმა ეს თემა გადამწყვეტი მომენტისთვის, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაცქართულ ოცნებასმხარდაჭერა ზურაბიშვილის მიმართ უკვე გამოხატული ექნებოდა, ხოლო რეგისტრაცია დასრულებული? თუმცა ისინი ისე მოქმედებენ, თითქოს ურჩევნიათ, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გადაათამაშოს და, მოწყვლადი კანდიდატის ნაცვლად, მხარი უფრო ძლიერს დაუჭიროს. ამან შეიძლება ორი ეჭვი გააჩინოს: ა) ნაციონალები ხვდებიან, რომ ეს კამპანია ამომრჩეველთა განწყობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს; ბ) ისინი სხვისი ინსტრუმენტის როლს ასრულებენ, რადგან აშკარაა, რომ მათ ინტერესებში იყო თემის აქტუალიზაცია უკვე მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ფსონს საბოლოოდ და საჯაროდ გააკეთებდა.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ ხაზი კიდევ ერთ გარემოებას გავუსვათ: ხსენებული ექსპერტები ცდილობენ, გააიგივონ რამდენიმე ასეული ადამიანის (თუ “ბოტის”) პოზიცია სოცქსელებში საზოგადოებრივ აზრთან, ხოლო მათი სტატუსები _ საზოგადოების პოზიციასთან. ეს კარგად აპრობირებული ხერხია. სინამდვილეში, ვერავინ გაიგებს, რა გავლენა მოახდინა “აგვისტოს სკანდალმა” ზურაბიშვილის რეიტინგზე მანამ, სანამ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი სოციოლოგიური მონაცემები არ გამოქვეყნდება და არ გაჩნდება მათი შედარების შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ-ერთი ბოლო მაგალითი. ივნისში თანამდებობაზე თეა წულუკიანის დარჩენის თაობაზე სოცქსელებში ნამდვილი აპოკალიფსი სუფევდა _ ივანიშვილს ულტიმატუმებს უყენებდნენ და აფრთხილებდნენ, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მან კი ყურადღება არ მიაქცია, წულუკიანი დატოვა და დღეს, არათუ ქუჩაში, სოცქსელებშიც კი ამას თითქმის არავინ აპროტესტებს (ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ წულუკიანი იდეალური მინისტრია, უფრო _ პირიქით). ასეა ახლაც _ ისტერიული საინფორმაციო ფონიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ზურაბიშვილიოცნებისმხარდაჭერით არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს შეიძლება სამმა ფაქტორმა უზრუნველყოს: ) მმართველ პარტიას გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ყველა კონკურენტს, ერთად აღებულს; ) ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არ მიიჩნევს სააკაშვილის რეჟიმს უდანაშაულოდ 2008 წლის მოვლენებში და ამ თემაში ჩაღრმავება ზურაბიშვილს შესაძლებლობას მისცემს, “ნაცებთან მებრძოლისწაუგებელი თამაში დაიწყოს; ) ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს ისე ეზიზღება ნაციონალები, რომ მათი რევანშის შიშით ხმა შეიძლება არათუ ზურაბიშვილს, არამედ ლუციფერსაც კი მისცეს.

ალბათ, ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს მოსწონს, რომ ზურაბიშვილს “ძირავენ” (და ხელს უწყობენ ამას), რადგან აქვთ იმის იმედი, რომ ფორს-მაჟორულ ვითარებაში, სააკაშვილის მოწინააღმდეგეებისთვის შემაკავშირებელ ფიგურად იქცევიან და არჩევნებს მოიგებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ფუნქცია საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სიმბოლურია, საყოველთაო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერა საკუთარი თამაშის წამოწყებისთვის აუცილებელ რესურსს მისცემთ.

ფართოდ გავრცელებულია ვარაუდი, რომ ზურაბიშვილისდისკვალიფიკაციახელს აძლევთ გარკვეულ ჯგუფებსქართულ ოცნებაში”, თუმცა მათ მოტივებთან დაკავშირებით სრული გაუგებრობაა. ზოგიერთი ავტორი, კონსპიროლოგიაში იძირება და ამტკიცებს, რომ ისინი აპირებენ, პრეზიდენტის პოსტი ნაციონალებს, უფრო სწორად “ევრონაციონალებს” (რამ გაყო) დაუთმონ, რადგან ამას დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ; ზოგი ირწმუნება, რომ მათ დაუკმაყოფილებელი ამბიცია ამოძრავებს. საუბარია მათზე, ვინც ახლო წარსულში სახელისუფლო პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებოდა, და მათ უკან მდგომ ჯგუფებზე. თუმცა აქ შეიძლება მუშაობდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამ (პრინციპში ვიწრო) წრისთვის “გამაძლიერებლის” როლს ასრულებს და შესაძლებლობას აძლევს, ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ ბრძოლაში ელიტის საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას დაეყრდნოს.

საქმე ის როდია, რომ ზურაბიშვილს რთული ხასიათი აქვს და ძნელად სამართავია, გარკვეულ სიტუაციებში კი _ უმართავი, მმართველი ელიტის მიერ ზურაბიშვილი განიხილება, როგორც ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი და ლობისტი. დღევანდელი ქართული ელიტა ოდნავ სახეცვლილი საბჭოთა ელიტაა. ის ემიგრაციას, განსაკუთრებით “ძველს”, თითქოს პატივს მიაგებს, თუმცა რეალურად მის ზედა ფენას კონკურენტად და “უცხო სხეულად” აღიქვამს. ეს ადამიანები ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ზედმეტ პრობლემას ხედავენ, რომელმაც ერთგვარიპლაცდარმიშეიძლება შექმნას ემიგრანტებისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ ძლიერ მფარველად მოევლინოს. “წითელ ელიტასეს არაფერში სჭირდება. შესაძლოა, სწორედ ეს ქვეტექსტი შესაძლებლობას აძლევს სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეებს, როგორც მმართველ პარტიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ შედარებით ფართო მხარდაჭერა მოიპოვონ.

საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ის, როგორც ჩანს, ცდილობს, მანევრის თავისუფლება ბოლომდე შეინარჩუნოს და მაქსიმალურად გამოფიტოს პროცესის ყველა მონაწილე. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხან მხარს უჭერენ ზურაბიშვილს ნაციონალებთან პოლემიკაში (ვოლსკი), ხან აცხადებენ, რომ არ ჩამოყალიბებულან, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს (მდინარაძე, სერგეენკო და სხვები). ყველაფერი ისევ იქით მიდის, რომ ნაციონალების რევანშის საფრთხით შეშინებული “2012 წლის ამომრჩეველი” მხარს ივანიშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაუჭერს და ყველაფერს აპატიებს, ნაციონალებისთვის პრეზიდენტის პოსტის დათმობის გარდა; ამ შემთხვევაში ეს ადამიანები “შუშის სასახლეს” თავზე დაამხობენ.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here