Home ახალი ამბები საქართველო ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

416
ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ჩვენი მკითხველისთვის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის საფრთხეებისა და დეზინფორმაციის განხილვა უცხო არ არის. ბევრი გვისაუბრია იმაზე, რა მასშტაბებს წვდება ჰიბრიდული ომი და როგორ გვესხმიან ყოველდღიურად თავს ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო კამპანიის ჯარისკაცები, უფრო ზუსტად, ტროლები. იცით ისიც, რომ 2020 წელი, რომელიც ყველანაირად რთული იყო მსოფლიოსთვის, ტროლებმა, ბოტებმა და მათმა ზემდგომმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უფრო გაართულეს. დღეს სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) გამოაქვეყნა დეზინფომეტრის წლიური ანგარიში, რომელშიც კრემლისა და მისი გავლენის აგენტების გზავნილებია გაანალიზებული. ერთწლიანი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსეთის ინტერესების მხარდასაჭერად პრორუსული აქტორები საქართველოში თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენებს აქტიურად იყენებენ სტრატეგიული გზავნილების გასაძლიერებლად.

“საქართველო ერთ-ერთი პირველი სატესტო პლაცდარმი აღმოჩნდა, სადაც რუსეთმა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები გამოსცადა. სხვადასხვა მედიისა თუ ინტერესთა ჯგუფის გამოყენებით, რუსეთი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოს მიერ დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო კურსსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ეროზიაზე აკეთებს. აღნიშნულით კი, საბოლოო ჯამში, საქართველოში ღიად პრორუსული (ან მინიმუმ ნაკლებად ანტირუსული) პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის რუსულ გავლენის სფეროში დაბრუნებას ისახავს მიზნად”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია აკვირდებოდა დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროებს და გამოკვეთა თავდასხმის ძირითადი სამიზნეები: დასავლური ინსტიტუტები — ევროკავშირი და ნატო, სტრატეგიული პარტნიორები — თურქეთი და აზერბაიჯანი. ამის პარალელურად კი აქტიურად გრძელდებოდა პრორუსული პროპაგანდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, დავით გარეჯის თემა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის გამოიყენებოდა.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად

ორგანიზაციის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში მოხვდა 13 ონლაინ მედია სააგენტო, 5 ტელევიზია, 22 Facebook გვერდი, 7 Facebook ჯგუფი. საერთო ჯამში, დამონიტორინგდა 3 751 მასალა, საიდანაც ანგარიშში შესულია 1 006 მედია პროდუქტი.

წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, დამონიტორინგდა რიგი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ტრადიციულად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები და დღის წესრიგი აქვთ. ამ კუთხით, ანგარიშში მოხვდნენ: პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში, ქართული იდეა, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა.

შედეგად ორგანიზაციამ გამოავლინა TOP 10 დეზინფორმაციული წყარო. ამ სიის “გმირების” ხილვა არ გაგიკვირდებათ, რადგან წლების განმავლობაში მათი სახელი მსგავს უარყოფით კონტექსტში არაერთხელ გვსმენია და ასევე, არაერთი დეზინფორმაციული მასალა გვახსოვს, რომელიც ფაქტჩეკერებმა, მათ შორის GRASS-მა გამოავლინა.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

რას გვატყუებენ ყველაზე ხშირად

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ტროლებს ძალიან არ მოსწონთ საქართველოს დეკლარირებული დასავლური კურსი და მთელი ძალით ცდილობენ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესები მოგვხვიონ თავს. სწორედ ამიტომ მათი მთავარი სამიზნე ნატო, ევროკავშირი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

NATO-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მარტი-აპრილის პერიოდში NATO-ს კრიტიკა ძირითადად კორონავირუსის კონტექსტში ხდებოდა, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში ნეიტრალიტეტის და სამხედრო მიუმხრობლობის პროპაგანდა იყო წინა პლანზე წამოწეული. გარდა ამისა, NATO-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია/პროპაგანდა ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშების ექსპლუატაციას ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული კონფლიქტებისა და რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველოში ღიად პრორუსული ნარატივების გავრცელება არც ისე პოპულარულია, და შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ეტაპობრივი ცვლილებისთვის ნეიტრალიტეტის თუ სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის პროპაგანდირება ერთგვარ გარდამავალ, შენიღბულ ტაქტიკას წარმოადგენს

ვკითხულობთ ანგარიშში

ანგარიშში განხილულია რამდენიმე მაგალითიც, რომელსაც პრორუსული აქტორები იყენებდნენ. მათ შორის, მოხვდა პატრიოტთა ალიანსის მიუმხრობლობის პოლიტიკის აგიტაცია და ნატოს, როგორც უსარგებლო და უფუნქციო ორგანიზაციად წარმოჩენა. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც ეროვნული ტრავმის NATO-ს წინააღმდეგ გამოყენების მცდელობა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ გამოჩნდა ახალი ნარატივი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის და რეგიონში გავლენების კიდევ უფრო გაძლიერების შემდეგ, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა მინიმუმამდე დავიდა.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტორები აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობდნენ. მუდმივად განმეორებადია პრორუსული ნარატივი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს დამოუკიდებლობა სრული ფიქციაა, რადგან სინამდვილეში ქვეყანა აშშ-ის კოლონიას წარმოადგენს, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსები აკონტროლებენ, ხოლო აშშ-ის ელჩი საქართველოში ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსების შეწყალებაზე, პრორუსულმა გამოცემებმა ქართველი ხალხის სურვილზე “აშშ-ის იმპერიალიზმის გამარჯვებად” წარმოაჩინეს. ხოლო და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი, რომელიც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს განცხადებებს ხშირად აკეთებდა, “საქართველოს მესამეხარისხოვან მმართველად”, ალტერნატიულად კი, “საქართველოს ფაქტობრივ მმართველად, პრეზიდენტად, მეფედ და პატრიარქად” მოიხსენიეს. გარდა ამისა, პრორუსული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს დღის წესრიგს უდგენს და სწორედ მან “უბრძანა” პარტიებს წინასაარჩევნო “ქცევის კოდექსზე” ხელმოწერა.

ამასთან, რუსული პროპაგანდის მიხედვით, აშშ-ის სამსახურში მყოფი საქართველო ვერ აცნობიერებს, რომ, ვაშინგტონისგან ის სარგებელს “არ იღებს”. ორგანიზაციის განცხადებით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ანაკლიის პორტის საკითხიც, რომელიც, პრორუსული მედიის თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის “თავსმოხვეულია” და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული, რადგან ის რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ანტიამერიკული კამპანიის ფარგლებში, პრორუსული ძალები ვაშინგტონის აგრესიულ საერთაშორისო აქტორად წარმოჩენას ცდილობდნენ. აღნიშნული ნარატივი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ კრემლის მტრული ქმედებების “გასამართლებლად” გამოიყენება. მის მიხედვით, აშშ რუსეთის “NATO-ს რკალში მოქცევას” ცდილობს, ხოლო საქართველო ამ პროცესში “პროვოკაციების მოსაწყობად” და სამხედრო მიზნით გამოსაყენებლად სჭირდება, რაც რუსეთს “იძულებულს ხდის”, საპასუხო ზომები მიიღოს.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობების ფორმირებისთვის პროპაგანდისტული წყაროები ევროკავშირის დისკრედიტაციას ეწევიან და მასთან დაკავშირებით უსაფუძვლო შიშების დანერგვას ცდილობენ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა განსაკუთრებულ აქცენტს ფასეულობებსა და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებზე აკეთებს. ამტკიცებენ, რომ დასავლეთი “მავნებლურ” კანონებს გვხვევს თავს, მეორე მხრივ, ანტიდასავლური წყაროები რუსეთსა და მის პრეზიდენტს ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენდნენ.

ანტიდასავლური წყაროები ცდილობენ ქართული და ევროპული კულტურების შეუსაბამობის ჩვენებას არგუმენტით, რომ ევროკავშირი საქართველოში მართლმადიდებლობასა და ტრადიციებს ებრძვის

ვკითხულობთ ანგარიშში

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში ანტიდასავლური პროპაგანდა აქტიურად წერდა ევროპასა და საქართველოში მიგრაციის საფრთხეებზე. მიგრანტების შესახებ პროპაგანდით ევროკავშირის დისკრედიტაციას თან სდევდა გზავნილები, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიგრანტების მასობრივი შემოსვლა მოჰყვება.

მათივე თქმით, პრორუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თემასთანაც აკავშირებდა და მცდარ დილემას აყენებდა. დეზინფორმაციის თანახმად, აფხაზები და ოსები ცხოვრებას ევროპული სტილის საქართველოსა და ევროკავშირში არ მოინდომებენ. ამტკიცებდნენ იმასაც, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას სწორედ ევროკავშირი უშლის ხელს.

ანტიდასავლური პროპაგანდა ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირს სარგებელი არ მოაქვს. კონკრეტულად კი, ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დისკრედიტაციას ეწეოდა და არაფრის მომცემად, დამაზარალებლად და უფლებების შემზღუდავად ახასიათებდა. მაშინ, როცა საქართველომ ევროკავშირისგან არაერთი დახმარება მიიღო, როგორც ფინანსურად, ასევე, ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ჰუმანიტარული სახით.

გარდა მუდმივად განმეორებადი მაგალითებისა, რუსულმა პროპაგანდამ მარტი-მაისის (და შემდგომაც) პერიოდში პანდემიის საკითხიც გამოიყენა, რომ ევროკავშირი სუსტ და არასანდო გაერთიანებად წარმოეჩინა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი რუსეთის და ჩინეთის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეფექტურობას წარმოაჩენდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებამდე და შემდგომ არჩევნების წინა პერიოდში (სექტემბერ-ოქტომბერში) განსაკუთრებით აქტიური იყო ნარატივი ევროკავშირის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს ევროკავშირის კოლონიად და მთავრობას მის მარიონეტად მიიჩნევდა, რომელიც ევროპიდან გამოგზავნილი მითითებებით იმართება. მათივე ინფორმაციით, ანტიდასავლური წყაროები წერდნენ, რომ ევროპას ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ხილვა აღარ სურდა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი. მათი მტკიცებით, ევროპა ოპოზიციასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს და სწორედ ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად დააწევინა საქართველოს საარჩევნო ბარიერი.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ანტითურქული დეზინფორმაცია და პროპაგანდა

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს რუსული ოკუპაციის საკითხის ნიველირება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად კი, რუსული პროპაგანდა წლებია აქტიურად იყენებს საქართველოს ისტორიული ტაო-კლარჯეთის საკითხს და თურქეთს ოკუპანტ ქვეყანად წარმოაჩენს. ანტითურქული პროპაგანდისა და მესიჯების გავრცელება სწორედ რუსული ოკუპაციისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება.

მათივე განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში ანტითურქული პროპაგანდის გავრცელებაში პრორუსული და ანტიდასავლური მედიების, ჯგუფებისა თუ წყაროების გარდა, პოლიტიკური პარტიებიც იყვნენ ჩართულნი — პატრიოტთა ალიანსი და ქართული იდეა.

“პოლიტიკური პარტია ქართული იდეა მაგალითად, პირდაპირ ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავარი მტერი თურქეთია. ასევე ისმოდა მტკიცება, რომ თურქეთის მეგობრად, ხოლო რუსეთის ისტორიულ მტრად განხილვა არასწორია, რადგან თურქეთის მიერ წართმეული ტერიტორია საქართველოს სწორედ რუსეთის მეშვეობით დაუბრუნდა და დანაწევრებას ან გაქრობას საქართველო ასევე რუსეთმა გადაარჩინა”, — ვკითხულობთ კვლევაში.

მათი განცხადებით, დეზინფორმაციული წყაროების მიერ ყარსის ხელშეკრულებით მანიპულირება ტრადიციად იქცა. კვლევაში აღნიშნულია, რომ აქტორები აქტიურად იყენებდნენ ჰესების საკითხსაც და ამტკიცებდნენ, რომ მათი მშენებლობაც თურქეთის ექსპანსიის ნაწილია. ასევე, ანტიდასავლურმა პროპაგანდამ ივლისში გაავრცელა მესიჯი, თითქოს NATO-ში შესვლის შემთხვევაში თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე ჯარის განთავსების კანონიერი საფუძველი გაუჩნდება, რის შემდეგაც ის საქართველოში ჯარს შემოიყვანს, ქვეყანას დაიკავებს და მის ოკუპირება-ანექსირებას მოახდენს.

ანტითურქული პროპაგანდა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ივლის-აგვისტოსა და სექტემბერ-ოქტომბერში, გააქტიურდა, რაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა. ისინი მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას “დაეცვათ” აჭარა და სატელევიზიო ეთერებიდან ანტითურქულ მოწოდებებს ავრცელებდნენ. გარდა ამისა, არეკლამებდნენ ანტითურქულ ვიდეორგოლებს და აჭარაში დეზინფორმაციული შინაარსის ბანერებს აკრავდნენ, რომლის მიზანი იყო აჭარა ოკუპირებულად წარმოეჩინა.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

დეზინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ინტერპრეტაციის საგანი ხშირად ხდება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი აქტორების მიზანს, ერთი მხრივ, საზოგადოების პოლარიზაციის ზრდა და ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, მათთვის ხელსაყრელი ჯგუფების გაძლიერება წარმოადგენს

“2020 წლის განმავლობაში, რიგ შემთხვევებში, აღნიშნულს ხელს ცალკეულ საკითხებზე სახელისუფლებო გუნდის პოზიციონირებაც უწყობდა, რა დროსაც, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადიკალური მემარჯვენე მოძრაობები და კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროპაგანდისტული მედია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს მსგავს შეფასებას აძლევდნენ”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევით გამოწვეული ანტისამთავრობო აქციების დროს, პრორუსული მედია გაერთიანებულ ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებდა და მათ წინააღმდეგ შავ პიარ კამპანიას აწარმოებდა. მათი სამიზნეები, ამერიკელი კონგრესმენები, სენატორები და ელჩებიც იყვნენ, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის მაის-ივნისში საინფორმაციო სივრცეში აზერბაიჯანის რუსეთის მსგავს ოკუპანტ სახელმწიფოდ წარმოჩენისკენ მიმართული ძალისხმევა გამოიკვეთა. კერძოდ, პრორუსული აქტორები დავიდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის მდებარეობის შესახებ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის საკითხთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამოყენებით, საზოგადოებაში ავრცელებდნენ ნარატივს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო და ოკუპანტია.

“ამასთან, პრორუსულმა და ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა, მმართველი ძალის წარმომადგენლების პარალელურად, ორ ქვეყანას შორის არსებულ შეუთანხმებელი სასაზღვრო მონაკვეთის საკითხზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ბრალი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დასდეს, რასაც კამპანიური ხასიათი ჰქონდა”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ოპოზიციის მიერ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების პარალელურად, პრორუსული მედიის მიერ ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდებოდა.

არჩევნების შემდეგ პრორუსული ჯგუფების ნაწილი იმასაც ამტკიცებდა, რომ, მართალია, არჩევნები გაყალბდა, თუმცა შედეგების გაყალბება არა “ლიბერალური ოპოზიციის”, არამედ ისეთი პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგოდ მოხდა, როგორებიცაა: პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში, ქართული დასი და ქართული იდეა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც პროპაგანდის სამიზნედ იქცა:

  • პროპაგანდა საარჩევნო სისტემის ცვლილებებისა და 8 მარტის შეთანხმების შესახებ;
  • პროპაგანდა დოსიეს ანგარიშების შესახებ;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია;
  • ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს არჩევნების შემდეგ გამართული აქციების მიზანს სახელმწიფო გადატრიალება წარმოადგენდა.

რუსეთის მხარდამჭერი პროპაგანდა

ორგანიზაციის განცხადებით, წლის დასაწყისში, პანდემიის საწყის ეტაპზე, კერძოდ, რუსეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებამდე, კორონავირუსის გავრცელება ადგილობრივმა პრორუსულმა ჯგუფებმა საბჭოთა კავშირის გაიდეალებისა და თანამედროვე რუსეთის კრიზისებთან ეფექტურად მებრძოლ სახელმწიფოდ წარმოსაჩენად გამოიყენეს. მათ მიერ გავრცელებული გზავნილების მიხედვით, დასავლეთსა და რუსეთს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მხრივ არსებული განსხვავება საბჭოთა განათლების სისტემის დამსახურება იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში კრიზისიც მოჰყვა, აღნიშნული პროპაგანდისტული ნარატივი პრორუსული აქტორების არსენალიდან გაქრა და მოვლენების განვითარების პარალელურად ის სხვა გზავნილებით ჩანაცვლდა.

პრორუსი აქტორების მტკიცებით, რუსეთმა რამდენჯერმე გადმოდგა პირველი ნაბიჯი, თუმცა საქართველომ დიალოგის დაწყებაზე ყოველ ჯერზე უარი განაცხადა, რაშიც, აღნიშნული ჯგუფები “დამნაშავედ” საქართველოს დასავლელ პარტნიორებს წარმოაჩენენ. პარალელურად, პრორუსული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მოსკოვია ის ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

ორგანიზაციის განცხადებით, ივლის-აგვისტოს სამონიტორინგო პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის უგულებელყოფას განაგრძობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების არევაში დანაშაულის დიდი წილი საკუთრივ ქართველებზე მოდის. პარალელურად, პრორუსული ჯგუფები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაცია “გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით დასჭირდა”, სინამდვილეში კი, სამხედრო დაპირისპირების მიუხედავად, კრემლი საქართველოს მიმართ “კეთილგანწყობილია”. პროპაგანდის მესიჯი იყო ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხისადმი “განსაკუთრებული” დამოკიდებულება აქვს.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კრემლის ადგილობრივი სატელიტები წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ საქართველო დღეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოს მიერაა “ოკუპირებული”, რომელთა შორის მას სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობები, გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრის გამო, მხოლოდ რუსეთთან შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამ ნარატივებს მოჰყვება პრორუსული პროპაგანდა იმაზე, რომ თბილისმა ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს, “უკეთეს შემთხვევაში” კი, საქართველო რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში უნდა შევიდეს.

ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბრის სამონიტორინგო პერიოდში, კრემლისტური ჯგუფები რუსეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინის წარმატების საკითხსა და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის გარშემო სამშვიდობო პროცესის წარმართვაში რუსეთის როლზე აკეთებდნენ. მსგავსი გზავნილების გავრცელებით, ადგილობრივი პრორუსული ჯგუფები საქართველოსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის უალტერნატივობას უსვამდნენ ხაზს და მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის მხრივ, მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობდნენ.

საერთაშორისო მოვლენებზე გავრცელებული დეზინფორმაცია

პრორუსული პროპაგანდა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც ცდილობს, ინფორმაცია პრორუსული და ანტიდასავლური პრიზმით გააშუქოს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მასშტაბით 2020 წელს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ისტორიის საბჭოთა და თანამედროვე კრემლისტური ვერსიის პოპულარიზება იყო.

“რუსული პროპაგანდა მეორე ომის დასრულებასაც მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და მის ლიდერს მიაწერდა, ხოლო დანარჩენი მოკავშირეების როლს ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში უგულებელყოფდა. გარდა ამისა, 9 მაისის კონტექსტში პრორუსული პროპაგანდა მოსახლეობას 9 მაისის საზეიმოდ აღნიშვნისკენ მოუწოდებდა, ხოლო რუსული გავლენის აგენტები ქართველ ვეტერანებს რუსეთის მთავრობის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთავაზობდნენ”, — წერია ანგარიშში.

2020 წლის დასაწყისში კი მთავარი ფოკუსი რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლება იყო. მაგალითად, პრორუსული წყაროები უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში, ხანგოშვილისა და სკრიპალების საქმეებში, სირიის ქალაქ დუმაზე ქიმიურ თავდასხმაში რუსეთზე დადანაშაულებას ანტირუსულ ნარატივად და რუსოფობიად განიხილავდნენ. ასევე იმეორებდნენ კრემლის მესიჯს, რომ ხანგოშვილი ტერორისტი იყო.

ანგარიშში განხილულია სხვა საერთაშორისო მოვლენებიც, რომელიც რუსული პროპაგანდის სამიზნედ იქცა:

  • ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ აშშ-ირანის დაპირისპირების საკითხი;
  • ბელარუსის არჩევნების ლეგიტიმურად და დასავლეთის მადესტაბილიზირებელ ძალად წარმოჩენის მცდელობა;
  • მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ დეზინფორმაციული ნარატივები;
  • მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებთან გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები;
  • აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ნარატივები.

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

სამწუხაროდ, 2020 წელს პანდემიასთან ერთად, ახლდა ინფოდემიაც, რაც კორონავირუსზე დეზინფორმაციული ამბების გავრცელებით გამოიხატა. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციის შეტევის ობიექტი ლუგარის ლაბორატორია გახდა. პრორუსული აქტორები ხშირად ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ NCDC ამერიკული ინტერესებით იქ ბიოლოგიურ იარაღს ქმნის.

ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19 დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს როგორც ავტორიტარულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმებმა (როგორებიცაა: რუსეთი და ჩინეთი), ასევე ცალკეულმა მავნე საზოგადოებრივმა ჯგუფებმა (მაგალითად, ანტივაქსერებმა).

კრიზისულ სიტუაციებში ადამიანები ყალბი ამბებისა და შეთქმულების თეორიების მიმართ გაცილებით მოწყვლადები ხდებიან და შესაბამისად, ის შიში, დაბნეულობა და გაურკვევლობა რაც თან ახლდა ახალი კორონავირუსის გავრცელებას, ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის

აცხადებენ ორგანიზაციაში

აღსანიშნია ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთი დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებებში დაბნეულობის გამოწვევის და მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით, დეზინფორმაციას აქტიურად იყენებდა. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კრემლი დეზინფორმაციის გამოყენებით პანიკის დათესვასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ოფიციალურად დაადანაშაულეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის საწყის ეტაპზევე (მარტის თვეში) გაჩნდა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ჯგუფები, სადაც მომხმარებლების მასიური მობილიზება და მათი აზრით მანიპულირება ხდებოდა. მსგავსი ჯგუფებისა და ვირუსთან დაკავშირებული მცდარი და ხშირად ჯანმრთელობის რისკების შემცველი ინფორმაციის მზარდი გავრცელების გამო, Facebook-მა მკაცრი პოლიტიკა შეიმუშავა მსგავსი მასალის პლატფორმიდან წაშლის შესახებ.

ორგანიზაციის განცხადებით, გამოჩნდნენ ახალი ტიპის ე.წ “კორონაინფლუენსერები” (კობა კუპრაშვილი, შორენა შანიძე, ნონა აღდგომელაშვილი, ნინა მარჯი, სხვ.), რომლებმაც სოციალურ ქსელში სწორედ კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოიპოვეს პოპულარობა.

“თუ თავდაპირველად მსგავსი აქტორები ეჭვქვეშ აყენებდნენ თავად ვირუსის არსებობის ფაქტს ან მას ნაკლებად საშიშ გრიპის ვირუსად წარმოაჩენდნენ, მოგვიანებით საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ ეს ნარატივი ვაქცინების საწინააღმდეგო ნარატივით ჩანაცვლდა, რაც თავის მხრივ, მსოფლიოში ვაქცინების დამტკიცების პერიოდსაც დაემთხვა”.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციისა და დაჩიპვაზე შეთქმულების თეორიების გავრცელება, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი საწყის ეტაპზე იყო და სამედიცინო თვალსაზრისით ხელშესახები შედეგები არ არსებობდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი ყალბი ამბავი მარტის თვეში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული ქონდათ ბე-ცე-ჟე-ს აცრა, კორონავირუსის მიმართ გაცილებით მდგრადი იმუნიტეტი ექნებოდათ, რასაც თან ერთვოდა პროპაგანდა საბჭოთა მედიცინის გაიდეალების შესახებ. გარდა ამისა, უშუალოდ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს თავს ესხმოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მაგალითად ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაისის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მიხეილ ცაგარელის მონაწილეობით, სადაც ის ხალხს ვაქცინაციაზე უარის თქმას ურჩევდა და ამტკიცებდა, რომ ბილ გეითსის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ხალხის გაწყვეტა სურთ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც Pfizer-მა და Moderna-მ, ივლისსა და აგვისტოში, ვაქცინის კლინიკური ტესტირების I/II ფაზის შედეგები გამოაქვეყნეს, პრორუსული დეზინფორმაციული მანქანა რუსული ვაქცინის უპირატესობებისა და ეფექტიანობის წარმოჩენას ცდილობდა.

მათივე თქმით, სექტემბრის თვეში, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციას გაუარესების პარალელურად, აქტიურად დაიწყო ევროკავშირსა და აშშ-ში შემუშავებული ვაქცინების შესახებ ნეგატიური საინფორმაციო კამპანიის ამოქმედება. პრორუსული გამოცემები ირწმუნებოდნენ რომ დასავლეთში ვაქცინების შექმნის პროცესი სათანადო კლინიკური ცდებისა და ტესტირების ფაზების გავლის გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობდა.

“ასევე, ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სხვადასხვა თანამდებობის პირი დასავლურ სახელმწიფოებში ჯერ ოფიციალურად დაუმტკიცებელ ვაქცინებს იკეთებდა.[1] ამ ნარატივის მიხედვით, სინამდვილეში ეს ადამიანები იკეთებდნენ სხვა ნივთიერებებს, ან საერთოდაც დადგმული კადრების საშუალებით ატყუებდნენ საზოგადოებას, რათა შეცდომაში შეეყვანათ ადამიანები და მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ეიძულებინათ”.

ანგარიშში განხილულია ისიც, რომ ინტერნეტში ვრცელდებოდა ყალბი სურათები ვაქცინის შედეგად დაზიანებული ადამიანების ორგანოების თაობაზე. ანტივაქსერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინები უფრო მძიმე დაავადებებსა და გართულებებს იწვევს, ვიდრე თავად კორონავირუსი – მაგალითად, აუტიზმსა და ბელის დამბლას.

ანგარიშის დასასრულს ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში ანტიდასავლური და პრორუსული აქტორები ყველაზე მეტად გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში და ოქტომბერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ აქტიურობდნენ.

ვინ გვატყუებს ყველაზე ხშირად და რა არის პრორუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე

https://on.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here