Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ არის ზელენსკი და რატომ დაბრუნდა იანუკოვიჩი?

ვინ არის ზელენსკი და რატომ დაბრუნდა იანუკოვიჩი?

2229
იგორ კოლომოისკი და ვლადიმერ ზელენსკი

31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ახალ წლამდე ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოქმედ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და მის ცნობილ ოპონენტ იულია ტიმოშენკოს შორის გაიმართებოდა. მაგრამ საარჩევნო მარათონის ლიდერი მოულოდნელად სხვა პიროვნება აღმოჩნდა _ შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი. რა არის ამის მიზეზი და რატომ გააქტიურდა ბოლო პერიოდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი?

წინასაარჩევნო რეიტინგები ასე გამოიყურება:

“სოციალური მონიტორინგის ცენტრი”: ზელენსკი _ 21,9%, ტიმოშენკო _ 19,2%, პოროშენკო _ 14,8%.

სოციოლოგიური ჯგუფი “რეიტინგი”: ზელენსკი _ 19%, ტიმოშენკო _ 18,2%, პოროშენკო _ 15,1%.

“კმისი”, “სოცისი”, “რაზუმკოვის ცენტრი” (ერთობლივი გამოკითხვა): ზელენსკი _ 23%, პოროშენკო _ 16,4%, ტიმოშენკო _ 15,7%.

ქართველებისთვის კარგად ნაცნობი “გრინბერგ რისერჩი”: ზელენსკი _ 28%, პოროშენკო _ 18%, ტიმოშენკო _ 15%.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი: ზელენსკი _ 26,9%, პოროშენკო _ 17,7%, ტიმოშენკო _ 15,8%.

სხვა კანდიდატებიდან მეორე ტურში გასვლის რეალური, თუმცა არც ისე მაღალი, შანსი, ალბათ, მხოლოდ იური ბოიკოს აქვს _ მისი მაჩვენებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებში 9-10%-ის ფარგლებში მერყეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზელენსკის რეიტინგს ბოლო კვირებში სტაბილური ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

ვლადიმერ ზელენსკი კომიკური ჟანრის მსახიობი და პაროდისტია, რომელსაც ადრე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. განათლებით იურისტია, თუმცა ჯერ კიდევ უფროს კლასებში “კა-ვე-ენ”-მა გაიტაცა, სტუდენტობის პერიოდში კი გატაცება ბიზნესად აქცია და გასართობი გადაცემების სტუდია შექმნა. როდესაც პოპულარობა მოიხვეჭა, დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ ტელეარხებთან _ “ინტერთან” და “1+1”-თან. ზელენსკი ამ უკანასკნელის მფლობელს, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის დაუახლოვდა. როდესაც ის პრეზიდენტ პოროშენკოს დაუპირისპირდა, ზელენსკის იუმორისტულ გადაცემებში მოქმედი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყო. ბევრ უკრაინელ ექსპერტს დღესაც არ სჯერა, რომ კოლომოისკი სრული სერიოზულობით აპირებს, უკრაინის პრეზიდენტობა კომიკური ჟანრის მსახიობს ჩააბაროს. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი მიზანია, მთავარ კანდიდატებს შეევაჭროს, შემდეგ კი, ზელენსკის კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, მაღალი პოლიტიკური და ფინანსური ბონუსები მიიღოს. მოკლედ, ისინი ამ პროექტს სერიოზულად არ აღიქვამენ, თუმცა ფაქტია _ ზელენსკი რეიტინგებში დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე ტურში გასვლის ძალიან მაღალი შანსი აქვს.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ცნობილი, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ფენომენია _ ხალხი დაიღალა ძველი პოლიტიკოსებისგან და ახალ, გაუსვრელ ფიგურებს ეძებს. ამ ფაქტორმა საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ნდობა ძველი პარტიებისა და, შესაბამისად, მათი კანდიდატების მიმართ იმ პერიოდში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. შეგვიძლია გავიხსენოთ 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებიც, როდესაც ალეკო ელისაშვილმა რესურსების მწვავე უკმარისობის და ძალიან ცუდი წინასაარჩევნო სტრატეგიის მიუხედავად, დიდი გამოცდილების მქონე პარტიების კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღო, და ვინ იცის, რა მოხდებოდა მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში. საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ქართველი ამომრჩევლების კრიტიკულად დიდ ნაწილს, უპირველესად, ის აინტერესებს, გამოჩნდება თუ არა ასპარეზზე ახალი, გაუსვრელი პოლიტიკური გაერთიანება. ყველაზე ხშირად მას “მესამე ძალას” უწოდებენ და მოელიან, რომ ის უცნაურ “ნაც-ქოცურ” სიმბიოზს ბოლოს მოუღებს. ასეა უკრაინაშიც _ ამომრჩევლებმა დაინახეს კანდიდატი, რომელიც ძველ პოლიტიკურ ელიტასთან და მის მიერ ჩადენილ სიბინძურეებთან არ ასოცირდება, და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მის კავშირს სკანდალურად ცნობილ ოლიგარქთან.

მიუხედავად ამისა, პეტრე პოროშენკოს მდგომარეობა უიმედო არ არის. ადმინისტრაციული რესურსი მის ხელშია. ყირიმისა თუ დონბასის მოვლენების და ემიგრაციის ზვავისებური ზრდის პირობებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა მოიშალა. ამასთანავე, საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი უკრაინელი ცხოვრობს. ექსპერტების შეფასებები განსხვავებულია, თუმცა ისინი მიუთითებენ, რომ რამდენიმე მილიონი ხმის გაყალბების რესურსი ხელისუფლებას ნამდვილად აქვს (უკრაინაში დაახლოებით 32 მილიონი ამომრჩეველია _ ზუსტი რაოდენობის დადგენას ვერავინ ახერხებს). პეტრე პოროშენკო აქტიურად ათამაშებს ორ კარტს _ ის გამუდმებით მიუთითებს გარე საფრთხეზე და საუბრობს იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მნიშვნელოვანწილად მისი დამსახურებაა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოროშენკო პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც ოლიგარქებმა ამ საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს. მართალია, მოგვიანებით მასსა და კოლომოისკის შორის დაპირისპირება დაიწყო, მაგრამ კავშირი სხვა ოლიგარქებთან პოროშენკოს შესაძლებლობას აძლევს, კრიტიკულ მომენტში “შავ სალაროში” დიდძალი თანხების სწრაფი აკუმულირება მოახდინოს და არჩევნებს მოახმაროს.

ახალი წლის წინ იულია ტიმოშენკო რეიტინგებში დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ვლადიმერ ზელენსკის ფაქტორი, ამასთანავე, მან ძირითადი მესიჯები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაასაჯაროვა, ხოლო ბოლო თვეებში ახალი არაფერი უთქვამს. შეიძლება ითქვას, რომ მან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ შემდეგ ტემპი დააგდო. ტიმოშენკოს, როგორც ყოველთვის, პრობლემას წარსული უქმნის _ საეჭვო კავშირები და გარიგებები მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში. ტრადიციულად მაღალია იმის ალბათობაც, რომ ტიმოშენკომ, არჩევნების გაყალბების საბაბით, შეიძლება “მაიდანის” აგორება სცადოს. შიდაპოლიტიკური კრიზისის უკონტროლო ესკალაცია, სავარაუდოდ, კოლაფსამდე მიიყვანს ისედაც უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ უკრაინულ სახელმწიფოს.

6 თებერვალს მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა უკრაინის მეოთხე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. ის ტელეკამერების წინ თვეების, თუ არა წლების, განმავლობაში არ გამოჩენილა. საბაბი პრესკონფერენციისთვის უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა, რომელმაც ჩათვალა, რომ იანუკოვიჩი “რუსეთს ძირგამომთხრელ საქმიანობაში ეხმარებოდა” და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იანუკოვიჩმა ეს ბრალდება უარყო, შემდგომ კი სხვა თემებზე გადავიდა. მან თქვა, რომ, მისი რწმენით, პეტრე პოროშენკო გაყალბების გარეშე პრეზიდენტის პოსტს ვერ შეინარჩუნებს. იანუკოვიჩმა შეშფოთება გამოთქვა, რომ (მისი ინფორმაციით) უკრაინული სპეცსამსახურები გეგმავენ თავდასხმას “ოპოზიციური პლატფორმის” ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და დაახლოების მომხრეა. 5 თებერვალს უკრაინის პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლებით მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 29 იანვარს მედვედჩუკი თავისი პარტიის ყრილობაზე წინადადებით გამოვიდა უკრაინის შემადგელობაში დონბასის ავტონომიური რეგიონის შექმნის თაობაზე.

ვიქტორ იანუკოვიჩი სხვა თემებსაც შეეხო, თუმცა საინტერესოა ერთი ნიუანსი _ რატომ ჩატარდა მისი პრესკონფერენცია მაინცდამაინც მოსკოვში? ის საერთაშორისო ძებნაში არ იმყოფება და საზღვარგარეთ დადის, პრესკონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი თქმით, იქ სამკურნალოდ ჩავიდა. საინტერესოა, რატომ არ ჩაატარა მან პრესკონფერენცია, მაგალითად, ვენაში ან ჟენევაში, არამედ მოსკოვში და დამატებითი საბაბი მისცა ოპონენტებს იმისთვის, რომ “კრემლის მარიონეტი” უწოდონ. თუმცა, შესაძლოა, ამის გაკეთება რუსმა პარტნიორებმა ურჩიეს და მის გამოჩენას მოსკოვში დემონსტრაციული ხასიათი ჰქონდა.

გამორიცხული არ არის, რომ კრემლს სურს, აშშ-ის მოქმედებას ვენესუელაში ასიმეტრიული პასუხი გასცეს. კრიზისი ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში გრძელდება, ვაშინგტონი დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს ვენესუელის ხელისუფლებაზე და მის გადადგომას მოითხოვს. ტრამპის ადმინისტრაცია უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და არა მხოლოდ დაამყარა ურთიერთობა თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ხუან გუაიდოსთან, არამედ მას ვენესუელის ხელისუფლების საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება მისცა. მალე საქმე შეიძლება ღია ინტერვენციამდე მივიდეს.

ამ დროს უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებს უახლოვდება, შესაბამისად, ამ ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით, იზრდება მწვავე კრიზისის დაწყების საფრთხეც. შესაძლოა, 6 თებერვლის პრესკონფერენციით კრემლმა, იანუკოვიჩთან შეთანხმებით, მიანიშნა ამერიკელებს, რომ “წითელი ხაზების” გადალახვას ვენესუელაში, დიდი ალბათობით, მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები უკრაინაში, მით უმეტეს, რომ იურიდიული თვალსაზრისით ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც პრეზიდენტს, ხუან გუაიდოსთან შედარებით, ლეგიტიმურობის გაცილებით მაღალი ხარისხი აქვს. ამგვარად, იანუკოვიჩის კომენტარები მიმდინარე მოვლენებზე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მისი დაბრუნება პოლიტიკურ დაფაზე, ისევე, როგორც მედვედჩუკის დახმარება, სავსებით შესაძლებელია. დღეს იანუკოვიჩის გააქტიურება თითქოს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება და მას ძალისმიერი დაპირისპირება მოჰყვება, რაც გამორიცხული ნამდვილად არ არის, სიტუაცია შეიძლება მყისიერად შეიცვალოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here