მთავარი საზოგადოება ექსპერიმენტი _ სად გადის ქართველთა მოთმინების ზღვარი?

ექსპერიმენტი _ სად გადის ქართველთა მოთმინების ზღვარი?

400
გააზიარეთ
ექსპერიმენტი _ სად გადის ქართველთა მოთმინების ზღვარი?

მსოფლიოში სულ შვიდი საოცრებაა, მაგრამ თამამად შეიძლება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მერვე საოცრებად ჩავთვალოთ. არა, არ ვხუმრობთ, შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ საქსტატის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევისა და გაანგარიშების შედეგები და საოცრებათა ჩამონათვალში პირველი სწორედ ის იქნება.

საქსტატმა მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და სიამაყით გვამცნო, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ანუ საქართველოს მოსახლეობა ასე მდიდარი არასოდეს ყოფილაო.

უფრო კონკრეტულად კი: საქსტატმა 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის კვლევას კი გაისად გაახლებთო. ჰოდა, აი 2018 წლის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები: ქალაქი _ 18,0%, სოფელი _ 23,1%, სრულიად საქართველო _ 20,1%. 2017 წელს ეს მონაცემები შემდეგნაირი ყოფილა: ქალაქი _ 18,6%, სოფელი _ 26,6%, სრულიად საქართველო _ 21,9%.

საქსტატის მისამართით ჩვენც ზუსტად იგივე კითხვა გაგვიჩნდა, რაც თქვენ, მაგრამ უწმაწური სიტყვების დაწერა არ შეიძლებაო და ჩვენც “კულტურის ფარგლებში” მივყვეთ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რის ხარჯზე დაადგინა საქსტატმა, რომ შარშან უფრო უკეთესად ვცხოვრობდით, ვიდრე შარშანწინ და, საზოგადოდ, ყოველთვიურად გაუმჯობესებისკენ რომ მივყავართ ციფრებით, ვერც მაგას ვხვდებით. ხანდახან ისე გვეჩვენება, რომ ჩვენ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, საქსტატის თანამშრომლები კი _ სხვაში. ერთი თვის წინათ არ იყო, საქსტატმა ხუთსულიან ოჯახს თვეში ნორმად 361 ლარი რომ დაუდგინა? ანუ ოჯახის თითოეულ წევრს _ დღიურად 2,40 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში არც ერთი მწეველი არ უნდა იყოს, თორემ თამბაქოს ფასი 5 ლარიდან იწყება და ორი კაცის დღიური ულუფა ერთ კოლოფ სიგარეტში დაიხარჯებოდა. საქსტატი გვიმტკიცებს, რომ საქართველოში მოქალაქეს დღეში ერთი დოლარიც კი არ სჭირდება და, რაც მთავარია, ეს თანხა კვებისთვისაც უნდა იმყოფინოს, მგზავრობისთვისაც, ტანსაცმლისთვისაც, გადასახადების დასაფარავადაც. ჰო, ჰო, ასეა, ხუთსულიან ოჯახზე 361 ლარი აქვთ გაწერილი. მერე იყო, დღეში ოთხი ლარი დავადგინეთო, რომ თქვეს, ოღონდ ეს _ როცა საქმე ცალკე პიროვნებას ეხება, თორემ, თუ ოჯახია, 361 ლარია საკმარისი. როგორ არის, იცით? ოჯახში ერთმანეთის ხათრით არ ჭამენ, ალბათ, საჭმელს. ეს აქვთ გათვლილი: მშობლები შვილებს დაუტოვებენ, უფროსი ბავშვები _ უმცროსს და ასე. აბა, როგორ გინდათ, ცოტა თუ არ გაიჭირვეთ, საქსტატის ხელმძღვანელობამ, რომლის წევრებსაც თვეში, სულ ცოტა, 3 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, როგორ იცხოვროს მერე?!

ჩადი, სუდანი, ნიგერი _ ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც, ცივილიზებული მსოფლიოს აღიარებით, ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე მეტად შიათ და შიმშილით ყოველ წელს ათასობით ბავშვი იღუპება. ამას წინათ ერთ-ერთი ამერიკული უფლებადამცველი წერდა: ვერ მოვახერხეთ ისე, რომ ამ ადამიანებს დღეში 2 დოლარზე მეტი ჰქონდეთო. ჩიოდა, ამ ყველაზე გაუბედურებულ ხალხს დღეში ორი დოლარი აქვთ და იქნებ ისე მოვახერხოთ, მეტი ჰქონდეთო. ჩვენი თავის უბედური ვალუტის ამბავს კი გაიგებდით (ნეკროლოგების სვეტშიც იყო რამდენჯერმე) და 2 დოლარი ქართულად 5,60 ლარს უდრის, ანუ კაცის ერთი თვის ნორმა 168 ლარი გამოდის, ხუთსულიან ოჯახს კი 840 ლარი სჭირდება. რაც მთავარია, ეს იმ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობა შიმშილით იხოცება და უღარიბეს სახელმწიფოებადაა მიჩნეული, რომლებშიც დღემდე სამოქალაქო ომია და მოსახლეობის 50%-ს შიდსი აქვს; იმ სახელმწიფოებში, სადაც ჩასულ წითელი ჯვრის თანამშრომლებს არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს ოჯახის წევრები 5 დოლარად სთავაზობენ. ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და, რაც მთავარია, იმ ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ დაწერილი რეალობა, რომელთა მხარესაც სწორებას ვაკეთებთ.

გამოდის, ჩვენ ოფიციალურად იმაზე უარესად ვცხოვრობთ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც ცივილიზებულ მსოფლიოს უღარიბესად მიაჩნია. გამოდის, რომ ჩვენ ამას საკუთარ ხალხთან ვაღიარებთ, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში _ არა, რადგან დიდი შანსია, ვიზალიბერალიზაცია თავზე გადაგვახიონ და საქართველოდან ვითომ ტურისტის სტატუსით წასული ადამიანები მასობრივად გამოაძევონ. ეს იმიტომ, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, ზემოთ ჩამოთვლილი აფრიკული სახელმწიფოების მცხოვრებლებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ, რადგან ევროპასა და ამერიკაში ზუსტად იციან, რომ ისინი მხოლოდ სამუშაოდ თუ წავლენ ქვეყნიდან და თან ძალიან იაფად, რაც ადგილობრივ მუშახელს სამუშაო ადგილებს შეუმცირებს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მილიონზე მეტი ჩვენებური რომ არის დასაქმებული, არახალია. ისიც ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს და, პრაქტიკულად, კანონდარღვევით ნაშოვნი ფულით არჩენს ოჯახს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სხვა გზა და სხვა ხსნა, უბრალოდ, არ აქვთ. მათ გაასწრეს ქვეყნიდან, რომლის მომავალიც არ დაიჯერეს და როგორ გინდა, დაიჯერო, როცა, აგერ უკვე 30-ე წელია, ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ დაუსრულებლად და სასიკეთო არაფერი ჩანს. უფრო პირიქით _ უკან მივდივართ.

რომელ სიღარიბის ზღვარის დაწევაზეა საუბარი, როცა ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება, როცა პროდუქტებზე ფასები იზრდება, როცა ქვეყანა პრაქტიკულად არაფერს აწარმოებს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებულ-ჩამოკიდებული, როცა წელი ისე გადის, რომ არც ერთი საწარმო არ იხსნება, როცა მაღალჩინოსნების ხელფასი ხუთნიშნა რიცხვებს ეთამაშება და მომატებული პენსიაც ზღაპარს ჰგავს, რადგან, იმავე ლარის კურსის გამო, ნამატი პენსია ნაკლებად მსყიდველუნარიანია?!

ხანდახან გვგონია, რომ ვიღაც უხილავი ჩვენზე ექსპერიმენტს ატარებს თემაზე _ სად გადის ქართველთა მოთმინების ზღვარი? რამდენიც უნდა ვიძახოთ და ვამტკიცოთ, რომ ამაყი ერი ვართ, რომ პრინციპები გვაქვს, რომ ბატონს არ დავისვამთ, ტყუილია. ეს მოსაზრებები იქ მთავრდება, სადაც სანაგვე ყუთში გადაკიდებული არასრულწლოვნის ფეხები ჩანს. კვირა არ გავა, სოციალურ ქსელში ვიდეო არ გავრცელდეს, სადაც 10 წლამდე ბავშვები, სათამაშოს კი არა, საჭმელს ითხოვენ. გაიხსენეთ, მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით პატარები, საჭმელზე ვფიქრობდით თუ გართობაზე; მშობლებს პურს ვთხოვდით თუ ნაყინსა და შოკოლადს; გაიხსენეთ, ბოლო წლებში რამდენმა მშობელმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით მხოლოდ იმის გამო, რომ მშიერი შვილების ყურება აღარ შეეძლო

ძალიან კარგად გვესმის, რომ ხელისუფლებას ურჩევნია, მოსახლეობა მაძღარი ჰყავდეს და ნაკლებ კრიტიკას ისმენდეს, მაგრამ საამისოდ არაფერს არ აკეთებს. ჰო, არაფერს, რადგან, თუნდაც საკუთარ თავს რომ ჩამოაკლონ ხელფასები, წლიურად 100 მილიონ ლარზე მეტი გამოთავისუფლდება. ამ თანხას კიდევ, სოციალურ პროგრამებში კი არა, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში სჭირდება ჩაბრუნება, რათა ადამიანებს სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი ჰქონდეთ, ადამიანური სამსახური და შემოსავალი, თორემ ჭიათურელ მაღაროელებს საკვებს რომ ურიგებენ, რომლის შემადგენლობაში თურმე კვირაში ორჯერ სოსისი შედის, იმ სოსისს კი კატა არ ეკარება და ძაღლი, ცხოველები არ ჭამენ იმ სოსისს და ადამიანებს ვკვებავთ.

სჯობს, ეს საქსტატი გააუქმოთ. ჯერ ერთი, რასაც აქვეყნებენ, დროსა და სივრცეს აცდენილია, არც ერთი მონაცემი რეალობასთან ახლოსაც კი არ არის და ამ უწყების გაუქმებით რამდენიმე მილიონს დაზოგავთ; და მეორე _ ნერვები მაინც აღარ მოეშლება ხალხს, მაძღარ მთავრობას ჩვენც მაძღრები ვგონივართო. ახლა კიდევ ზაფხულია და რა უჭირს მოსახლეობას? ბოსტნეულზეა გადასული, იმ ბოსტნეულზე, რომელიც იაფი არ ღირს, მაგრამ ხორცსა და თევზთან შედარებით, მაინც ხელმისაწვდომია.

ეჭვი გვაქვს, საქსტატი მომავალშიც არ დაგვამადლის ანალოგიურ კვლევებს და შორს არ არის დრო, როცა გამოგვიცხადებენ: სიღარიბე დაძლეულია, საქართველოში ღარიბი ადამიანები არ არსებობენ და ყველა ბედნიერად ცხოვრობსო. სანამ ამას გააკეთებთ, შესადარებლად გეტყვით, რომ ბედნიერების ინდექსით პირველ ადგილზე მსოფლიოში დანიელები არიან და იქ პენსიონერის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 7500 ლარია. ჰოდა, ამ ნიშნულს კი არ მიუახლოვოთ, ჯერ, უბრალოდ, ოთხნიშნა ციფრით გამოსახული პენსია დაუნიშნეთ ადამიანებს და ბედნიერებასა და სიღარიბეზე მერე გვესაუბრეთ, ბატონებო…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. საქტატი იმას კი მატკიცებს საშუალო ხელფასი 1200 ლარიაო საქართველში. 😀

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here