მთავარი საზოგადოება ექსპერიმენტი სახელწოდებით “როგორ დავანგრიოთ განათლების სისტემა” ბატიაშვილის შესრულებით

ექსპერიმენტი სახელწოდებით “როგორ დავანგრიოთ განათლების სისტემა” ბატიაშვილის შესრულებით

224
გააზიარეთ
მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თუ შეხვალთ, სხვადასხვა ამბავთან ერთად ამ უწყების მისიასაც ნახავთ. მისია ერთ აბზაცში ეტევა: “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები”.

ჯერ იმას ვიტყვით, რომ აღნიშნული მისია, სავარაუდოდ, მაშინდელია, როცა სამინისტროს სპორტი არ იყო დამატებული, თორემ მისიის შესავალში სამინისტროს სახელს მაინც დაწერდნენ გამართულად, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი; მთავარი, რაც წერია, არის ის, რომ თურმე სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო…”

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტროში, უბრალოდ, არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა საზოგადოება. ჰო, არ იციან, რადგან სხვაგვარად, ერთპიროვნულად არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს. სხვათა შორის, ყველას აინტერესებდა, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ერთპიროვნული ნააზრევი იყო თუ ვინმე დაეხმარა და მანაც განმარტა, რომ გადაწყვეტილებებს მრჩევლებთან ერთად იღებს, მაგრამ ვინ არიან მრჩევლები, არც ბატიაშვილს უთქვამს და არც სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული.

სამაგიეროდ, სამინისტროს ვებგვერდზე 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმაა აღწერილი და დოკუმენტი, რომელსაც “განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021” ჰქვია, 104 გვერდს მოიცავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებს სამინისტრო, მაგრამ ეს მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რადგან, ჯერ ერთი, ამ დოკუმენტში სპორტი ნახსენები არ არის (მაშინ ცალკე სამინისტრო იყო) და მეორეც _ 104 გვერდზე არსად წერია, რომ სამინისტრო 2021 წლამდე პერიოდში გამოცდების გაუქმებას გეგმავს. რა გამოდის? არსებობს პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილი და დამტკიცებული სტრატეგია და ამ სტრატეგიას სამინისტრო არ მიჰყვება.

კარგი, ამასაც შევეშვათ. ვთქვათ, რომ ახალ მინისტრს ახალი ხედვა აქვს, ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც გაგვაცნობს (ან არ გაგვაცნობს), მაგრამ, ადრე რომ ვთქვით, განათლების სისტემაში, წლებია, ექსპერიმენტები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ გაამართლაო, ლამის ჯვარზე გაგვაკრეს. ისიც ვთქვით, ჩვენი მომავალი თაობა ამ ექსპერიმენტების გამო საცდელ ბოცვრებად რომ აქციეს, რასაც, აგრეთვე, კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ რეალობა მწარეა _ წინამორბედების დარად, ახალი მინისტრიც განათლების სისტემას საკუთარ თარგზე ჭრის, თანაც ისე, რომ შედეგებზე კონკრეტული წარმოდგენა არც თვითონ აქვს და ვერც დაინტერესებულ მხარეს (ამ შემთხვევაში მშობლებს) უხსნის. მხოლოდ გამოცდების გაუქმებაზე საუბარი აღარ არის, ამ განცხადების შემდეგ ბატიაშვილმა ისეთი პენალტი დაარტყა, გაუქმებული გამოცდები დაგვავიწყა.

“უნდა ვთქვათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს”, _ განაცხადა ბატიაშვილმა.

სანამ ბატიაშვილს დავუბრუნდებით, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭირო ფაკულტეტები გვაქვს და მათ სახელმწიფო დააფინანსებს, რათა სპეციალისტები გვყავდესო. შედეგად, 2014 წელს 21 ფაკულტეტის (აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტრინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია) დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და ის სტუდენტები, რომლებიც ამ ფაკულტეტებზე სწავლის სურვილს გამოთქვამდნენ და საგამოცდო ბარიერს გადალახავდნენ, სახელმწიფოსგან ასპროცენტიან დაფინანსებას მიიღებდნენ, დაგროვებული ქულების მიუხედავად. ახლა კი ეს ყველაფერი აღარ იქნება, რადგან ბატიაშვილი გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ “უმაქნისი” მოდელის გასაუქმებლად. და, მინისტრი თუ მოინდომებს…

ოპოზიციას თავი რომ დავანებოთ, უმრავლესობის დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივებს, რადგან ვერ მიხვდნენ, რეალურად რა სურს მინისტრს. მან ვერ ახსნა, რა სარგებელს მოიტანს მისაღები გამოცდების გაუქმება კონკრეტულად აბიტურიენტებისთვის და როგორ აისახება დადებითად ეს მათ განათლებაზე. რეალურად, უმაღლეს სასწავლებელში მოხვდება ყველა, ვის ოჯახის წევრებსაც წლიური გადასახადის გადახდის შესაძლებლობა ექნება, და ვერ მოხვდება ვერავინ, ვისაც ეს შესაძლებლობა არ ექნება. გაჭირვებული ოჯახები იმის იმედად, რომ მათი შვილი ნიჭიერია და თუნდაც უფასო ფაკულტეტზე ისწავლის, ვეღარ იქნებიან. შედეგად ისწავლიან მხოლოდ შეძლებული ოჯახის შვილები და ვერ ისწავლიან გაჭირვებული ოჯახების შვილები. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ნელ-ნელა ფეოდალურ სახელმწიფოდ გადავიქცევით, მემკვიდრეობით გადავა თანამდებობები, გაჭირვებული მუდამ გაჭირვებული იქნება, მდიდარი _ პრაქტიკულად, ექსპლუატატორი.

ადრე ვთქვით და ისევ გავიმეორებთ: განათლების მინისტრი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთპიროვნულად წყვეტს, უმაღლესმა სასწავლებლებმა სტუდენტები როგორი ფორმით უნდა მიიღონ, გამოცდები უნდა იყოს თუ არა, ვინ უნდა იყოს სტუდენტი და ვინ _ არა, ამასთანავე, უნივერსიტეტისა და სკოლის წილებს რომ ფლობს, ინტერესთა კონფლიქტი არ არის?! ეს, სულ ცოტა, თორემ, ჩვენი აზრით, არ შეიძლება, განათლების მინისტრი იყოს სასწავლებლის მეწილე, ენერგეტიკის მინისტრი _ ჰესების მფლობელი და ა.შ.

სხვათა შორის, მინისტრმა დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა: ჩვენ ეს პრაქტიკა ევროპული სახელმწიფოებისგან ავიღეთო, თუმცა, როცა დაკონკრეტება სთხოვეს, რომელი სასწავლებლისგან აიღო, ვერ დაასახელა. შედეგად, ლოგიკას რომ მივყვეთ, არც ერთი ქვეყნის პრაქტიკა არ აგვიღია, არც ერთის გამოცდილება არ გაგვიზიარებია, უბრალოდ, რამდენიმე კაცი დაჯდა და გადაწყვიტა, ასე იყოსო. სხვაგვარად, აქამდე გაგებული გვექნებოდა, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში უგამოცდოდ იღებენ და მხოლოდ ფულია გადასახდელიო და დაიძვრებოდა საქართველოდან ფულიანი მამიკოების შვილების არმია, რათა ევროპული დიპლომით მოეწონებინათ თავი.

ცალკე საუბრის თემაა ის, რომ ბავშვებს ეს ყველაფერი ძალიან გაუხარდათ. უმრავლესობამ სიხარულის ყიჟინა დასცა, ერთ-ერთ სოფელში წიგნებიც კი დახიეს, _ აღარ გვჭირდება, ატესტატს ისე მოგვცემენ და მერე უკვე მშობლების მარიფათზეა, ვისწავლით თუ არაო. ვალდებულება მშობელს დაეკისრა და არა ბავშვს, ანუ მშობელმა უნდა მოიძიოს ფული, თორემ ის ბავშვი, რომელმაც წიგნი დახია, რეალურად თურმე მონდომებულია სწავლას. ბატონო მიხეილ, ამ მთავრობის წევრი ხართ თქვენც. ამ ხელისუფლებამ კი 600 ათას ადამიანს გაუნულა ის სესხი, რომელიც 2000 ლარს ქვემოთ იყო, ზუსტად იმდენი, რამდენიც მინიმალური გადასახადია ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. რა გამოდის?! 600 ათასმა ადამიანმა ვერ გადაიხადა სესხი, ანუ გადანაწილებული თანხა _ თვეში 180 ლარი, და თქვენ გინდათ, ერთიანად გადაიხადონ და თანაც ყოველ წელს?! უფასო ფაკულტეტებს მაინც რას ერჩით?! თქვენივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ის რესურსი, რომლითაც უფასო ფაკულტეტები ფინანსდებოდა, “გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებელზე, რომელიც ჩამოყალიბდება, რის მოხედვით მოხდეს უნივერსიტეტის სტიმულირება…” .., ჯერ არ ჩამოგიყალიბებიათ აზრი და ხედვა, სადაც ეს რესურსი უნდა გაუშვათ და მაინც აუქმებთ? და უნივერსიტეტის სტიმულირებაო, რომ ამბობთ, ეგებ სტუდენტების სტიმულირება სჯობდეს, რადგან უნივერსიტეტებს სწორედ სტუდენტთა გადასახადის სახით სერიოზული სტიმული აქვთ ისედაც.

ვერ გეტყვით, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპერიმეტი სახელწოდებითროგორ დავანგრიოთ განათლების სისტემა და მომავალიკვლავ აქტიურია და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ ფაზაშიც შედის. ბატიაშვილის ნააზრევი ჯერჯერობით ვერავინ ახსნა და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, არ გააუქმებს უფასო ფაკულტეტებს, არ გააუქმებს გამოცდებს და ჩვენი შვილების მომავალს კანონის ძალით დაიცავს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here