Home რუბრიკები საზოგადოება ერი გამოთაყვანების გზაზე დააყენეს

ერი გამოთაყვანების გზაზე დააყენეს

2522
ერი გამოთაყვანების გზაზე დააყენეს

მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ საქართველო ბოლავს. სადაც უნდა წახვიდეთ, სადაც უნდა შეხვიდეთ, მარიხუანის არსებობას ყველგან გრძნობთ სუნით, ახალგაზრდების გაუგებარი მოქმედებით, უაზროდ გაღიმებული სახეებით.

დაგვტოვა საკონსტიტუციო სასამართლომ გაღიმებული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ვერაფერს ვახერხებთ. უფრო სწორად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს აპროტესტებს, მაგრამ კანონმდებლები თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ვერ მიდიან, რადგან ამ ინსტიტუტის დაკნინება გამოვა, რაც ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს თურმე არ მოეწონებათ. ჰოდა, იმათი მოწონების ხარჯზე, მთელი ერი გამოვდივართ დაკნინებული, ერი, რომელიც გამოთაყვანების გზაზე დააყენეს და ამ გზას მყარი ნაბიჯებით მიუყვება.

როგორც რიგითმა მოკვდავმა, ამ ზაფხულს სოფელს მივაშურე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გახლდით ოჯახთან ერთად, შემდეგ _ წალკაში, შემდეგ _ იმერეთში და, მინდა გითხრათ, ერთგული თანამგზავრივით მარიხუანა წამითაც არ მომცილებია და თავს მახსენებდა. მე მარიხუანა არ მქონდა, მაგრამ ჰქონდა ყველას და მთავაზობდა უცნობი თუ ნაცნობი, მტერი თუ მოკეთე და არამხოლოდ მე, დასასვენებლად ჩასულ ნებისმიერ ადამიანს უწვდიდნენ საგულდაგულოდ გამზადებულ პლასტმასის ბოთლს, რომელშიც მარიხუანის ბოლი ასევე საგულდაგულოდ ჰქონდათ “დატყვევებული”. მარიხუანის სუნი დგას ტყეში, სადარბაზოებში, საკუთარი სახლების ეზოებში. მშობლები შეწუხებული სახით ემუდარებიან შვილებს, თავი დაანებონ მოსაწევს, მიეხმარონ საოჯახო საქმეებში, მაგრამ არა _ შვილი კაიფშია, ნირვანა აქვს და მშობელი ვერაფერს ახერხებს. ხელით შეეხება შვილს და არასამთავრობოები ტელეეკრანზე გამოაჭენებენ, როგორც მოძალადე მშობელს, საქვეყნოდ თავს მოსჭრიან, შვილი კი ისევ განაგრძობს კაიფს.

დღე არ გავა, ნარკოტიკით მოწამვლის ან გარდაცვალების შესახებ არ შევიტყოთ. ახალგაზრდები ჯგუფურად თუ ცალცალკე იწამლებიან, მერე საავადმყოფოში მიჰყავთ, მერე მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა მიდის და გარდაცვალების შემთხვევაში თანატოლის საფლავზე მისული ახალგაზრდებიისევ ეწევიან მარიხუანას _ უყვარდა საწყალსო.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სამართალდამცავი ორგანოებიც შეეგუენ ამ ამბავს _ აღარ აჩერებენ ბანცალით მიმავალ ახალგაზრდებს, აღარ დასდევენ ნარკომანებს, იმიტომ, რომ მერე ატყდება ერთი ამბავი და სამართალდამცველმა, შესაძლოა, სამსახურიც დაკარგოს. როგორც ჩანს, პოლიცია ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა. აბა, რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ჩიოდა, პატრულის თანამშრომლებიც ეწევიან, სხვას რა უნდა მოვთხოვოთო. ამ თემაზე საუბრობს ყველა და კარგი იქნება, გიორგი გახარია თავის უწყებაში სისხლის ჩაბარების აქციას თუ მოაწყობს მოულოდნელად. ამით შს მინისტრი ორ კურდღელს დაიჭერს _ გაიგებს, მისი თანამშრომლებიდან რამდენს ექნება სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება და, ვისაც არ ექნება, მათი სისხლი სხვების გადარჩენას მოხმარდება. აკი ყოველდღე ჩივის სისხლის ეროვნული ბანკი, დღეში ორასი კაცის გაღებული სისხლიც არ გვყოფნის, ისეთი მოთხოვნაა და უცხოეთში ვყიდულობთო, თუმცა ისინიც აღარ ყიდიან, სისხლის დეფიციტია მსოფლიოშიო. იმ შემთხვევაში, თუ გახარიას უწყებაში ათობით შემთხვევა არ გამოვლინდება, ოფიციალურად ბოდიშს მოვიხდით, მაგრამ ვაი, რომ ლეგალიზებული ნარკოტიკის მოტრფიალენი სამართალდამცავ უწყებაშიც ბევრია. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ერი და ბერი ხელს მათკენაც იშვერდეს და დანანებით ამბობდეს: პოლიციაც ამ გზას ადგასო.

როგორც ჩანს, სახელმწიფომ ხელი ჩაიქნია ნარკოტიკებზე და აღარ აინტერესებს, ამის გამო მომავალ თაობას რა დაემართება. ანაკლიის ფესტივალი ამის ნათელი დასტურია. მაშინ, როცა უსახსრობის საბაბით არ და ვერ ფინანსდება ფოლკლორული ღონისძიებები, ვერ ფინანსდება სოციალური პროგრამები, მაქსიმალურად შეიზღუდა უფასო სამედიცინო მომსახურება, სახელმწიფომ გამონახა სახსრები და დააფინანსა ფესტივალი, რომელზეც პირველივე კვირაში 99 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორ გგონიათ, ამბარიგებსდაესიზმრათ, რომ ანაკლიაში წამლის გაყიდვა შეიძლებოდა? არა, ბატონებო, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ეს ფესტივალი ნარკოტიკების ბუდეა და ამ ბუდეში საკუთარი კვერცხის დადება გადაწყვიტეს. ისიც ხომ ფაქტია, რომ სადაც ამდენი დააკავეს, სულ ცოტა, ორი ამდენი ვერ გამოავლინეს და მათ ხელი დაიცალეს, ჩვენს ახალგაზრდებს შენელებული მოქმედების ნაღმი მიჰყიდეს, ნაღმი, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. ამ სფეროში ჩახედულმა ერთმა ადამიანმა თქვა: როგორც ყველაფერი ნატურალური, ისე კარგი ნარკოტიკიც დეფიციტია მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ ახალ ქიმიურ მინარევებს იგონებენ, შემდეგ ამ სიახლეს ისეთ ქვეყნებში ტესტავენ, როგორიც საქართველოა, და ასეულობით ახალგაზრდის სიკვდილი არაფერია იმ მასშტაბებთან შედარებით, რომელიც მათ დაგეგმილი აქვთ. ახალი ნარკოტიკებით მილიარდები უნდა ოშოვონ კონკრეტულმა ადამიანებმა და, ფულს სუნი რომ არ აქვს, კარგად მოგეხსენებათ. სწორედ ამიტომ ქართველი ექიმები ვერ ადგენენ იმ ნარკოტიკის შემადგენლობას, რომელიც ქართველი ახალგაზრდების სისხლშია, მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ეს ნარკოტიკი უცხოა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც ამ ნარკოტიკზე მუშაობენ, დასკვნებში იხედებიან, დოზებს ამცირებენ ან უმატებენ და საბოლოოდ მიიღებენ იმას, რაც ადამიანებს მყისიერად აღარ მოკლავს და ცოცხლად დაალპობს, ბოლო თეთრს გადაახდევინებს და შემდეგ წამებით წაიყვანს იმქვეყნად.

საგანგაშო სტატისტიკაა, ისეთი საგანგაშო, რომ ციფრები საჭირო არ არის. ისედაც ყოველდღიურად გვესმის, რომ ახალგაზრდები ნარკოტიკებით იწამლებიან, კვდებიან და… ხელისუფლება, უბრალოდ, არაფერს აკეთებს. სამაგიეროდ, თბილისის მაღაზიებში უკვე გამოჩნდა მარიხუანის მოსაწევი სპეციალური ატრიბუტიკა, რომლის ფასი 40 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის. იქნებ არ დაგვიმალოთ და გვითხრათ: ვინდაითრიაეს ბიზნესი, ვის შემოაქვს მარიხუანის მოსაწევი ნივთები და შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, ამ ბიზნესის უკან რომელიმე მაღალჩინოსანი ან პარლამენტარი ხომ არ დგას? დაგვიმტკიცეთ, რომ არა, გვარი გვითხარით და სახელი შემომტანის, ბატონებო

მოამზადა ბესო ბარბაქაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here