Home რუბრიკები საზოგადოება ერთხელ, როცა გარდავიცვალე…

ერთხელ, როცა გარდავიცვალე…

2707

საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დამსახურებული რეპორტიორის _ ვახტანგ კობაიძის წიგნის სათაურმაერთხელ, როცა გარდავიცვალეუმალ გამახსენა ჩვენი თანამემამულის _ ნოდარ ჯინჯიხაშვილის (ნოდარ ჯინის) შესანიშნავი წიგნიჩემი თვითმკვლელობის ისტორია”, რომელიც აშშში ავტორის ცხოვრების ორიგინალურად გადმოცემის ნიმუშია, თვალსაჩინო და ჭკუის სასწავლებელი. ორიგინალური და თვალსაჩინოა ჩვენი კოლეგის წიგნიც. “ადამიანი განვლილი გზით ფასდებაო, ნათქვამია, _ წერს იგი, _ მე ჩემსგულისტკივილით შესწავლილგზებსა და მგზავრებზე გიამბობთ. თუ რამ საჭიროსა და საინტერესოს აღმოაჩენთ, ჩავთვლი, რომ ღირებულა ამ წიგნის დღის სინათლეზე გამოსვლა”. მე ჩემი აღმოვაჩინე _ მარტვილობა ამ კაცისა და პროფესიონალის.

“ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა პირველი ჟურნალისტური გამოძიებები მზადდებოდა.

1982 წლის ერთ მშვენიერ დღეს ნუგზარ ფოფხაძემ (ის მაშინ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა) დამიბარა და მკითხა: საქმისთვის მოკვდებიო? ამ კითხვაზე ცოტა შევყოვნდი, ოთახში ფოფხაძის გარდა ცნობილი რეჟისორი და ჟურნალისტი, არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ინიციატორი, აწ გარდაცვლილი გურამ ჟვანია იჯდა.

მივხვდი, ახალი გამოძიება მზადდებოდა. მეც დავთანხმდი: მოვკვდები, თუ საქმეს სჭირდება-მეთქი”.

ასე იწყება ვახტანგ კობაიძის ჩანახატი “ერთხელ, როცა გარდავიცვალე” თავისი ჟურნალისტური ცხოვრების ერთი ეპიზოდის შესახებ.

“კოკოშას” (ეს თიკუნი ჰქონდა შერქმეული ვახტანგს), რა თქმა უნდა, გარდაცვალებას არავინ სთხოვდა, მაგრამ იმ საქმის შესრულებას, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ავალებდა, აუცილებლად სჭირდებოდა “გარდაცვლილი” კაცის მონაწილეობა(!).

არ გაგიკვირდეთ, ახლავე აგიხსნით: 80-იან წლებში (და უფრო ადრეც) ჟურნალისტიკაში უმაღლეს პილოტაჟად ითვლებოდა კრიტიკული მასალის მომზადება რუბრიკისთვის “ჟურნალისტი იცვლის პროფესიას”, რაც ძალიან ჰგავდა აგენტის ჩანერგვას მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში იქ არსებული ვითარების შესწავლის მიზნით.

ეს, უპირატესად, დანაგვიანებულ დარგებში, “ფულის შოვნის ობიექტებში” ხდებოდა ციხის შიგნიდან გატეხვის პრინციპით. ჟურნალისტები იქ იწყებდნენ მუშაობას, როგორც შესაბამისი დარგის “სპეციალისტები”, და ამ გზით ამხელდნენ მომხვეჭელობის, ნეპოტიზმის, სახელმწიფო ქონების დატაცება-განიავების, მოქალაქეებისთვის ფულის წაგლეჯისა და სხვა ნეგატიურ ფაქტებს.

ამ შემთხვევაში, რომელსაც ვახტანგ კობაიძე იხსენებს, საქმე ეხებოდა თბილისის სასაფლაოებზე ჭირისუფლების გაყვლეფის სისტემას, რომელიც “სევდის ბაღში” იყო ფესვგადგმული.

ვახტანგმა შეიცვალა პროფესია და, როგორც ჭირისუფალმა, თავისი გარდაცვალების ცნობაც თვითონვე იყიდა, პანაშვიდიც გადაიხადა და სასაფლაოზე მწკრივად ჩამდგარი, დამწუხრებული კოლეგებიც წაგვიყვანა.

“დავასაფლავეთ” რუსეთის უკიდეგანო სტეპებში უპატრონოდ გარდაცვლილი ქართველი ჟურნალისტი. ტელევიზიის ერთმა თანამშრომელმა, პოეტმა ლექსიც კი უძღვნა. იმ უბედურს მართალი ეგონა.

უნდა გენახათ, როგორი მგლოვიარე ყარაჩოხელის სახით იდგა “აწ გარდაცვლილი” ვახტანგი თავის ახალგაჭრილ და გვირგვინებით დამშვენებულ საფლავთან, როგორ გულწრფელ მადლობას გვეუბნებოდა “სამძიმარზე” მისულებს.

და ადგილიდან არ დაძრულა, სანამ ჩვენთან ერთად ერთი მუჭა მშობლიური მიწა არ მიაყარა ცარიელ კუბოს.

საქმე გაიხსნა _ მტრისას! ვახტანგ კობაიძე იყო საბჭოთა კავშირში პირველი და ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც ასე ორიგინალურად შეიცვალა პროფესია. ეს “ნოუ ჰაუ” მისი სახელობისაა, იდეა _ ნუგზარ ფოფხაძის.

მსგავსი ექსპერიმენტები მაშინ სისტემატურად ტარდებოდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში.

რატომ მივაქციე მკითხველის ყურადღება ამ ეპიზოდს? იმიტომ, რომ გითხრათ: “კოკოშას” პასუხი “მოვკვდები, თუ საქმეს დასჭირდება”, მხოლოდ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ გულისხმობდა.

იგი ყოველთვის მზად იყო, თავი გაეწირა საზოგადო საქმისთვის, რადგან არნახულად ერთგულებდა ჩვენს პროფესიას. და მართალი კაცი იყო თავისთავად.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში მისი მოღვაწეობა რაღაცნაირად ჰგავდა პილიგრიმობას, დერვიშის დაუდგრომლობას და მუდმივ ხეტიალს სიუჟეტების ძებნაში.

დერვიშისას, რომელსაც არავითარი კერძო საკუთრება არ გააჩნია, ოდენ რწმენისა.

მომლოცველისას, რომელიც თავისი ცხოვრების მიზანს სიწმინდეთა თაყვანისცემაში ხედავს.

მარტვილობას!

ეს ჩანს წინამდებარე წიგნში თავმოყრილ წერილებში.

წიგნისა, რომლის ჯერ კიდევ ნედლი გვერდებისთვის თვალის გადავლების პატივი დამდო ავტორმა; მთხოვა, გამეხსენებინა ჩვენი ერთად მუშაობის წლები, როცა იწერებოდა და რადიო და ტელეეთერში გადაიცემოდა მისი მრავალფეროვანი და მრავალმხრივ საინტერესო ინტერვიუები, სიუჟეტები, რომლებსაც ინტერესით ველოდით “კოკოშას” კოლეგები, ელოდა ხალხი _ მილიონობით რადიომსმენელი და ტელემაყურებელი.

ამ წიგნით ვახტანგ კობაიძემ ის დრო დაგვიბრუნა.

დრო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და თითოეული ჩვენგანის თავგადასავალი.

არმაზ სანებლიძე

წიგნი გამოიცა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA- ფინანსური ხელშეწყობით, დაიბეჭდა შპსბეჭდვის სამყაროში”.

რედაქტორია თეიმურაზ ქორიძე, მხატვარი _ მალხაზ კუხალაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here