Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი შესრულებული დაპირება დაასახელეთ… მხოლოდ ერთი!

ერთი შესრულებული დაპირება დაასახელეთ… მხოლოდ ერთი!

906
მამუკა ბახტაძე

ხელისუფლება დღემდე ამაყობს პროექტით, რომელიც წინასაარჩევნოდ მოიფიქრა და რომლის მიხედვითაც, 2000 ლარს ქვემოთ აღებული ვალები გაუნულეს იმ ადამიანებს, რომლებსაც გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და .. შავ სიაში იყვნენ ჩაწერილი. ვებგვერდზე, რომელზეც შეგიძლიათ საკუთარი თავიც გადაამოწმოთ, წერია, რომ აღნიშნული ვალების განულების სისტემით 609 542-მა ადამიანმა ისარგებლა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამდენ ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, 2000 და უფრო ნაკლები ლარის ვალი დაეფარა წლის განმავლობაში.

თუ ჩვენს ყოფას გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. გაგიკვირდებათ და, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული ადამიანების საერთო რაოდენობა 1.7 მილიონს აჭარბებდა, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 60% ყოფილა, მაგრამ, ამ ლოგიკას რომ გავყვეთძალიან ბევრი გამოვდივართ. ამ ანგარიშით, ოთხ მილიონსაც გავცდებით (მოსწავლეები, პენსიონერები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები) და რეალურად 4 მილიონი რომ არ ვართ, მგონი ყველა ხვდება. კარგი, ვთქვათ და დავიჯერეთ, რომ ბევრი ვართ, იმაზე მეტი, ვიდრე კომუნიზმის პერიოდში, და ორ მილიონზე მეტი კიდევ საზღვარგარეთ რომ არის, ეგეც ვთქვათ. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრია 609 ათასი ადამიანი, ანუ ისინი, ვინც ვალი ვერ გადაიხადა.

ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლებამ საბანკო სექტორში წესრიგის დამყარება გადაწყვიტა და ახლა სესხი რომ აიღოთ, დასაქმების ცნობა გჭირდებათ. დასაქმებული კი ოფიციალურად 60%-ია (ჩვენი აზრით, ნაკლები), ანუ მოსახლეობის 40%- ხელისუფლებამ უთხრა, რომ მათ, უმუშევრობის გარდა, რაიმე იდეის განხორციელების პერსპექტივაც არ აქვთ, რადგან იდეას ფული სჭირდება (თუნდაც მცირე კაპიტალი) და ამ კაპიტალს ისინი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვერ მოიძევენ. შედეგად, ამით მევახშეობა წახალისდა და ამ ადამიანებმა ფულის არალეგალურ გამსესხებლებთან გადაინაცვლეს, იქ, სადაც პროცენტიც მეტია და პირობებიც უფრო კაბალური. ისე, სიმართლე გითხრათ, ქართულ საბანკო სექტორზე უფრო კაბალური პირობების წარმოდგენა ძნელია…

ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ თურმე წინ მივიწევთ, რომ თურმე საბანკო სექტორი ვითარდება, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ის, რომ საბანკო სექტორი ვითარდება, გასაგებია, რადგან ხალხიდან ამოღებული ფულით ყოველი წლის ბოლოს ბანკები ასეულ მილიონობით მოგებას ნახულობენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2018 წელს ბანკებმა, საერთო ჯამში, 915 მილიონის მოგება ნახეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 45 მილიონით მეტია. იმავე ბანკებმა, გადასახადის სახით, ბიუჯეტში 123 მილიონი გადაიხადეს, ანუ სუფთა მოგებამ თითქმის 800 მილიონი შეადგინა. ყველაფერი უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, იმასაც გეტყვით, რომ 2018 წელს, ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 4.2 მილიარდი ლარი შეადგინა და აქედან 79% მთლიანად საპროცენტო შემოსავლებზე მოდის.

დარწმუნებული ვარ, ლარში სესხის აღების სავალდებულო ზღვრის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯნაბიჯ აუცილებლად დაიწევს”, _ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

უკვე ნამდვილად გვგონია, რომ ხელისუფლება სხვა საქართველოში ცხოვრობს და ჩვენ ყოველ დილით სხვა ქვეყანაში ვიღვიძებთ. ბატონო მამუკა, რა 200-ათასლარიანი სესხი? დაწერეთ ეს რიცხვი ფურცელზე, შემდეგ გამოაკელით ორი ნული და რაც დაგრჩებათ, ეგ არის ის თანხა, რომლის გადახდის შესაძლებლობა 609 ათას ადამიანს არ ჰქონდა. აი, სამ ნულს თუ გამოაკლებთ, რაც დაგრჩებათ, ეგ არის დღევანდელი პენსია საქართველოში. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენი რეალობა კი სხვაგვარია _ თქვენი წლიური შემოსავალი, სულ ცოტა, ხუთნიშნა რიცხვშია ასახული და გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ 200-ათასლარიან სესხზე იფიქროთ, თორემ რიგით მოქალაქეს ამ თანხას ერთად არც დაანახვებენ. ვერ ვხვდებით, რატომ გვამცნო ეს ამბავი საზეიმოდ პრემიერმა. მას მარტივად შეეძლო, ეს სიახლე მთავრობის სხდომაზე ეთქვა, შემდეგ კი, პარლამენტში მისვლისას, დეპუტატებისთვის გამოეცხადებინა. სხვა მაინც ვერავინ შეძლებს ამხელა თანხის გამოტანას (არ მისცემენ) და გასტუმრებას (შესაძლებლობა არ ექნება).

ისე, შესაძლოა, მთავრობის წევრებს, ძველებს, ახლებს, არ ახსოვთ, მაგრამ ამომრჩეველს კარგად ახსოვს ამჟამინდელი მმართველი გუნდის ლიდერთა მიერ გაცემული ერთერთი დაპირება _ 2-3%-მდე დაწეული კრედიტები და .. უფასო ფული, ანუ კრედიტი, რომელიც ისეთი დაბალი პროცენტით იქნებოდა, რომ პრაქტიკულად უფასოდ ჩაითვლებოდა. ეს 2012 წელს იყო და სწორედ 2012 წლის შემდეგ რამდენჯერმე გაიზარდა საბანკოსაპროცენტო განაკვეთი და რაც მთავარია, მივედით იქამდე, რომ ბანკებს ოფიციალურად აეკრძალათ კრედიტის გაცემა, თუ მოქალაქე არ წარადგენს საბუთს, რომ დასაქმებულია. სწორედ ამიტომ, ბატონებო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოგცათ ხმა, სწორედ ამიტომ მოგცათ 2016 წელს მეორე შანსი, მაგრამ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში, ხელისუფლებამ არ ინება და რიგითი ადამიანებისთვის არაფერი არ გააკეთა.

სხვათა შორის, როცა პრემიერმა აღნიშნული განცხადება გაავრცელა, დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა და საქართველოს წარმატებაზე საუბრობდა. პარალელურად, სწორედ დავოსში ცდილობენ ქვეყნების ლიდერები ინვესტიციების მოზიდვას და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონი მამუკა არაერთ ინვესტორს შესთავაზებდა საქართველოს, როგორც კარგ საინვესტიციო გარემოს, როგორც იაფი მუშახელის ქვეყანას. ჰო, იაფი მუშა-ხელის ქვეყანას, რადგან საქართველოში ადამიანები ნემსის ყუნწში ძვრებიან, შინ პურის ფული რომ მიიტანონ და ჩამოსულ ინვესტორებს, პრაქტიკულად, მონურ ხელფასზე ემსახურებიან. ამ დროს კი, ძალიან, ძალიან მარტივად შეიძლება, შესაბამისი პირობებისა და ხელშეწყობის შემთხვევაში, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, გავხდეთ საკუთარი ქვეყნის ინვესტორები, რადგან მარტივი ლოგიკაა, საკუთარ ქვეყანას იმაზე უკეთ მოვუვლით, ვიდრე ნებისმიერი უცხოელი.

სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველ გუნდს ისე გაუჭირდა, რომ ხმოვანი სატელეფონო შეტყობინებები დაგზავნა. ამ შეტყობინებით პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მხარში ამოდგომას სთხოვდა. სანაცვლოდ კი სიტუაციის რადიკალურ გამოსწორებას აანონსებდა და ყველა ელოდა, რომ არჩევნების შემდეგ სერიოზული ცვლილებები დაიწყებოდა. მერე ახალი წელი მოვიდა, აგერ ერთი თვეც მიილია და რა მივიღეთ? _ გაძვირებული პროდუქტები და თამბაქო, გაურკვეველი აწმყო, უფრო ბუნდოვანი მომავალი და აგერ, ნაახალწლევს პირველი სერიოზული განცხადება: “…ლარში სესხის აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება…”

შესაძლოა, ვინმეს სხვანაირად ჰგონია, მაგრამ ამგვარი განცხადებები მოსახლეობაზე ნეგატიურად მოქმედებს. უნდობლობა უფრო იზრდება და აგრესიაში გადადის, რადგან მოქალაქეს, რომელსაც ბანკი 200-ლარიან სესხსაც კი არ აძლევს ხელფასის არქონის გამო, პრემიერმინისტრი უმტკიცებს, რომ 200-ათასლარიანი სესხის ზღვრის დაწესება ძალიან კარგია. და ჩნდება განცდა, რომ დაგვცინიან. გარდა იმისა, რომ გშია, ფული არ გაქვს, პერსპექტივას ვერ ხედავ… ხვდები, რომ დაგცინიან და ახლა არ თქვათ, ეს ყველაფერი დაცინვა არ არისო. არც ის არის დაცინვა, დაპირებებიდან არც ერთი მნიშვნელოვანი დაპირება რომ არ შესრულებულა და, რაც მთავარია, აგერ უკვე მეშვიდე წელი დაიწყო, არც სამართლიანობა აღდგა და კოაბიტაცია ისევ გრძელდება. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ისევ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან, ისევ მათ ებრძვიან, ვისაც 2012-მდე ებრძოდნენ, ოღონდ ახლა ამას, ნაციონალების ნაცვლად, “ოცნების” სახელით აკეთებენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ისეთს, რომ ამომრჩევლებმა თავი, სულ ცოტა, შეურაცხყოფილად არ იგრძნონ. ვერც იმას გეტყვით, კიდევ რა განცხადებებს გააკეთებენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა ზღვარზეა მისული, როგორც სიღარიბის, ისე მოთმინების ზღვარზე და ენაზე ხომ არავინ გექაჩებათ, საერთოდ, ჩუმად იყავით, რადგან რასაც ამბობთ, თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ არის, ბატონებო. თუ ასე არ არის, მაშინ ერთი შესრულებული დაპირება დაასახელეთ… მხოლოდ ერთი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here