Home რუბრიკები საზოგადოება ერეკლე მეფე ღირსია, წმინდანად შეირაცხოს!

ერეკლე მეფე ღირსია, წმინდანად შეირაცხოს!

5173
ერეკლე მეფე

2016 წლის მარტში ორგანიზაციაფოლადისწევრებმა, ძირძველმა თელაველებმა, საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართეს. გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვიდან: “ქვეყნის გადასარჩენად მეფე ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შესაძლებელი იყო იმ დროისთვის. მეფე ერეკლე მეორის ღირსება და დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მან სწორად განჭვრიტა მართლმადიდებელი ქვეყნისა და ერის გადარჩენის სწორი გზა, მათ შორის, ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის დამყარებით.

შედეგად, საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა რამდენიმეჯერ და, უფლის ნებით, გადარჩა, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა. შთამომავლობამ ერეკლე მეფეს მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგა, არის მისი სახელობის გამზირი, ქუჩები და მოედნები. მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საზოგადოებაში ბუნებრივად წარმოიშვა აზრი, ერეკლე მეორის წმინდანად გამოცხადების შესახებ”. ორგანიზაციაფოლადისწევრებს განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

ერეკლე მეფე ქრისტეს კვართის გვერდით არის დაკრძალული მცხეთაში,

კოსმოსშიჩაკრულორომ გაუშვეს, იმჩაკრულოშიერეკლე მეფეა მოხსენიებული

ივანე ბუჩუკური:

_ ჩვენ ვითხოვთ, ერეკლე მეფის წმინდანად შერაცხვის საკითხი განიხილონ, რადგან ვთვლით, რომ პატარა კახს არავისზე ნაკლები დამსახურება არ აქვს ქვეყნის წინაშე. ცუდად არ გამიგოთ, ჩვენ ყველა წმინდანს უდიდეს პატივს მივაგებთ და მათ სახელებზე ვლოცულობთ…

_ ერეკლე მეორეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, როგორ აუხსნით მათ, რომ თქვენი მოთხოვნა აუცილებლად უნდა შესრულდეს?

_ ჩვენ დღეს მართლმადიდებელი ქართველები რომ ვართ, გვაქვს ენა და მამული, სწორედ ერეკლე მეფის დამსახურებაა. იშვიათია მეფე, რომელსაც ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს ხალხის, როგორც მეფე ერეკლეს. მას სიყვარულით “პატარა კახიც” კი უწოდეს. მეფე ერეკლემ სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ბრძოლაში გაატარა, თანაც, უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. მეფე ერეკლეს მოღვაწეობა ქართველმა ხალხმა ნათლად ასახა ფოლკლორში _ ქართველი კაცის ცნობიერებაში ის უძლეველია, მის სახელს იფიცებდნენ. იმ პერიოდში, როდესაც ეს დიდი სახელმწიფო მოღვაწე მეფობდა, ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა და ძალიან დიდი ნიჭი და გამჭრიახობა იყო საჭირო, განადგურებისგან რომ გადაერჩინა, დიდმა მეფემ ეს შეძლო. მეფე ერეკლემ ზუსტად განჭვრიტა, ვისთან დაახლოებით შევძლებდით გადარჩენას. იმ პერიოდში 45 ათასი ქართული ოჯახი ყოფილა დარჩენილი საქართველოში, მაგრამ ჭკვიანი მეფის გადაწყვეტილებით რუსეთის მფარველობის ქვეშ აღმოვჩნდით და ამან გადაგვარჩინა, ას წელიწადში უკვე 5 მილიონი გავხდით.

მადლიერი ქართველი კაცი დიდი მეფის ძეგლს ეფერება, ამაყობს მისით. სამწუხაროა, რომ ერეკლე მეფის ძეგლი დედაქალაქში არ დგას.

ძალიან ბევრი ადამიანი გვიდგას მხარში, მათი ხელმოწერილი მოთხოვნა შევიტანეთ საპატრიარქოში, რათა სინოდმა ერეკლე მეორის წმინდანად შერცხვის საკითხი განიხილოს.

ერეკლე მეფე ქრისტეს კვართის გვერდით არის დაკრძალული მცხეთაში, კოსმოსში “ჩაკრულო” რომ გაუშვეს, იმ “ჩაკრულოში” ერეკლე მეფეა მოხსენიებული…

ვინც ემტერება მეფეს, ყველამ ვიცით. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სამშობლო არ უყვართ, რომლებსაც წასრულის გახსენება არ სურთ და ზნეობა არაფრად უღირთ

გივი პაატაშვილი:

_ მეფე ერეკლეზე უამრავი რამის თქმა შემიძლია. ის იყო მეფე, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებდა და რომელმაც ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. დღეს კაცს ჯერ ნიშნავენ სახელმწიფო თანამდებობაზე და მერე აპატიმრებენ, ფული გაფლანგაო… ერეკლე მეფემ კი სპარსეთიდან ფული ჩამოიტანა და ხალხს მოახმარა, თვითონ კი სომხების ფულით დაიმარხა.

პატარა კახი არ უყვართ მათ, ვინც ამორალურობას უჭერს მხარს. ეს იმიტომ, რომ მისი ბრძანებით, მამათმავლებს არ ინდობდნენ, ზნეობა უპირველესი იყო მისთვის. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მეფე ერეკლემ უდიდესი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა. რომ არა მისი ჭკვიანური გადაწყვეტილება, რუსეთთან ერთად ყოფნა, ამ ქვეყანაში ქართულს ვერ გავიგონებდით და ქართველს ვერ ვიხილავდით. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატამდე 720 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში, ჩვენ ვიყავით მომაკვდავი ერი, გადაგვარების გზაზე მდგარი.

მადლიერმა ქართველმა ერმა ერეკლე მეფეს ღვაწლი დაუფასა, ქართულ შემოქმედებაში მას მოიხსენიებენ, როგორც მზეს, ნათელს, მნათობს, რკინის კარს… ახლახან ასპინძაში ძეგლი დაუდგეს, ასპინძის ომმა ხომ ბევრი რამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდმა მეფემ ხმალი ერთხელ რომ აიღო ხელში, სიკვდილამდე აღარ ჩაუგია ქარქაშში.

საპატრიარქოს ფუნქციებში არ ვიჭრებით, ასეთ მკრეხელობას არ ჩავიდენთ, მაგრამ ვთხოვთ, რომ ხალხისა და ერის გასახარი საქმე გააკეთონ _ ერეკლე მეფე წმინდანად შერაცხონ.

წარმოვაჩინოთ ერეკლე მეფე, გავაცნოთ ახალგაზრდებს მისი ღვაწლი. ვინც ემტერება მეფეს, ყველამ ვიცით. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სამშობლო არ უყვართ, რომლებსაც წასრულის გახსენება არ სურთ და ზნეობა არაფრად უღირთ.

ერეკლე მეფეს ებრძვიან არასამთავრობოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. გგონიათ, დავით აღმაშენებელი უყვართ? არა, რომ უყვარდეთ, ვერავინ გაბედავდა, ეთქვა, “დიდგორობა” არ აღნიშნოთო…

მსოფლიო აღიარებს, რომ ქართველი ერი უდიდესი კულტურის მქონეა, კულტურის აკვანი. უამრავ ქვეყანაში ქართული კულტურის უძველესი ნიმუშებია გამოფენილი, მაგრამ ჩვენ ჩვენსას არ ვაფასებთ. სკოლაში აღარ ვასწავლით ნამდვილ ისტორიას, რაც ისწავლება, სიმართლე არ არის…

თელავის პირველი სკოლა დაარსებიდან 250 წლისთავს აღნიშნავს, ამერიკამ კი დაარსების

240 წელი აღნიშნა, განა სირცხვილი არ არის, რომ ჩვენ მათ დაკრულზე ვცეკვავთ?”

ნოდარ გაგნიძე:

_ ზოგჯერ ერები ისტორიას თვითონ თხზავენ, პიროვნებებს, გმირებს გამოიგონებენ, რათა თაობები აღზარდონ, ჩვენ კი ეს არ გვჭირდება _ გმირები საკმარისად გვყავდა. 80 წლის კაცი ვარ, მჯერა, რომ ერეკლე მეორის ადგილი წმინდანების გვერდით არის. მეფე რომ გარდაიცვალა, მადლიერმა ქართველმა ხალხმა თელავიდან მცხეთამდე მისი ნეშტი ხელით ატარა. ნუთუ დღეს ქართველები ისე დავეცით, რომ ერეკლე მეფის ღვაწლის დაფასება აღარ გვინდა? თელავის პირველი სკოლა დაარსებიდან 250 წლისთავს აღნიშნავს, ამერიკამ კი დაარსების 240 წელი აღნიშნა, განა სირცხვილი არ არის, რომ ჩვენ მათ დაკრულზე ვცეკვავთ?!

ჩვენს სიმდიდრეს მოვლა უნდა. მრცხვენია კიდეც, ერეკლე მეფეზე ამდენი ლაპარაკი რომ გვიწევს. თუ მართლა არ იციან, ერეკლე მეფე ვინ იყო და რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის, დავღუპულვართ და ეგ არის…

ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით და საით მივექანებოდით, რომ არ გამოჩენილიყო ეს უდიდესი პიროვნება და მას ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ჰქონოდა

ვიტალი მარგალიტაშვილი:

_ ბრმა უნდა იყო, ერეკლე მეფის ღვაწლი ვერ დაინახო. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით და საით მივექანებოდით, რომ არ გამოჩენილიყო ეს უდიდესი პიროვნება და მას ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, ერთგული მეფე.

ქართველობას თურქული შეგვეყარა, უკვე მეეჭვება, ვართ თუ არა ქართველების შთამომავლები, ერეკლეს მემკვიდრეები. თუ ჩვენ ერეკლეს გზით არ ვიარეთ, არაფერი გამოგვივა, თუ მას არ მივბაძეთ და სულიერ გაჯანსაღებაზე არ ვიზრუნეთ, დავიღუპებით. ვთქვა თუ არა, არც კი ვიცი… ქართველი კაცი ცოლს საზღვარგარეთ რომ გაუშვებს სამუშაოდ, იმას ქართველი ჰქვია? საუკეთესო ახალგაზრდები სად გავუშვით? სად ვღუპავთ? ორ მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან არის წასული, შაჰ-აბასს არ უქნია ისეთი რამ, რაც ჩვენმა მთავრობებმა დაგვმართეს. წმინდა აღარფერი შეგვრჩა. ერეკლე მეფეს ამისთვის არ უბრძოლია. ვაღიაროთ ეს დიდებული მეფე წმინდანად, შევასწავლოთ მისი ღვაწლი ახალგაზრდებს, ვისწავლოთ მასავით აზროვნება და გადავრჩებით.

ერეკლე მეფეს შეცდომა არ დაუშვია, დემაგოგიას ნუ აჰყვებიან ახალგაზრდები, ტელეეკრანზე ვაიპატრიოტებს კი არ უნდა უყურონ, წიგნი უნდა წაიკითხონ, ისწავლონ, საკუთარი ქვეყნის ისტორიით დაინტერესდნენ და საღად იაზროვნონ.

საპატრიარქოს ვთხოვთ, განიხილოს ერეკლე მეფის წმინდანობის საკითხი, განიხილოს და პასუხის ღირსი გაგვხადოს…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. გაზეთისაქართველო და მსოფლიოამჯერად მხოლოდ საინფორმაციო მასალას გაწვდით, სექტემბერში კი ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებთ ერეკლე მეორის ღვაწლსა და სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგმულ მის ყოველ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებაზე, რათა საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ერეკლე მეფე ღირსია, წმინდანად შეირაცხოს.

1 COMMENT

  1. უძლიერესი მეფე საქართველოს ისტორიაში მართლაც არც თუ ჩამოუვარდება არმაშენებლის გვერძე დგას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here