Home რუბრიკები ისტორია “ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის...

“ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად… თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს?”

1013
ფოთის პორტი

ნახევარკაპიკიანი გადასახადი, ოცნება და ცხოვრებაბროშურის სახით 1908 წელს რუსულად გამოქვეყნდა ფოთში, როდესაც ნიკო ნიკოლაძე ქალაქისთავი გახდა. ამ ნარკვევიდან მკითხველი თვალნათლივ დაინახავს იმ დიდ შორსმჭვრეტელობას, რომლითაც გამოირჩეოდა ეს არაორდინალური მოაზროვნე და პრაქტიკოსი მოღვაწე. თანაც მის მიერ გამოთქმული ბევრისაყვედურიპროგრესის მოწინააღმდეგეთა მიმართ დღესაც გასათვალისწინებელია და გამგონისთვის გასაგებად ნათქვამი, ამიტომ ნიკო ნიკოლაძის თვალსაზრისს ამჟამადაც დიდი შეგონების მუხტი აქვს.

ფოთისა და ფოთელების სამომავლო კეთილდღეობისთვის ნიკო ნიკოლაძე უპრეცენდენტო საქმის მოთავე შეიქნა, როცა ფოთის პორტიდან გასატან ყოველ ერთ ფუთ (16 კგ) ტვირთზე ნახევარი კაპიკი გამოსაღები დააწესა და მას საფუთო ასაკრეფი უწოდა. ნახევარკაპიკიანმა საფუთო ასაკრებმა შესაძლებელი გახადა ფოთის პორტის რეკონსტრუქცია, იხსნა ფოთის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა. საფუთო ამოსაღების წყალობით კეთილმოეწყო ქალაქის გზები, მდინარე რიონზე გაიდო ხიდები, აშენდა ელევატორი, განათდა ფოთის ქუჩები, რაც მთავარია, გადაკეთდა და ევროპულად რეკონსტრუირდა ფოთის პორტი, რომელიც გამორჩეული შეიქნა შავ ზღვაზე თავისი ტვირთბრუნვით.

. ნიკოლაძე ამ ბროშურაში წერდა: “ვისაც თავისი ქვეყნის სიკეთე და პროგრესი სურს, მან გადასახადს ბრძოლა კი არ უნდა გამოუცხადოს, არამედ მის გაძლიერებასა და განმტკიცებაზე უნდა იფიქროს, რასაკვირველია, ეს გადასახადები, ხალხის წარმომადგენელთა კონტროლის წყალობით, უნდა მოხმარდეს საკუთარი ქვეყნის საჭიროებას, ტექნიკურ შეიარაღებას და ხალხის განათლებას”. ეს სიტყვები მეოცე საუკუნის დასაწყისში იწერებოდა. ნიკო ნიკოლაძემ ორჯერ სპეციალურად იმოგზაურა ევროპაში საპორტო ნავსადგურების მოწყობის შესწავლის მიზნით, რათა ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქციით თავისი ქვეყნისთვის მტკიცე ევროპული საზღვაო კარიბჭე შეექმნა.

მაგრამ ესმოდათ მაშინ მის ქვეყანაში პროგრესის წარმატების გზები და მეთოდები?

 რომ არ ესმოდათ, ამიტომ დაწერა ნიკო ნიკოლაძემ 1908 წელს სულისშემძვრელი ნარკვევიოცნება და ცხოვრება”, რომელიც მეცნიერების მიღწევების, ცოდნის პრიმატის, ტექნიკის განუსაზღვრელი შესაძლებლობების განმარტებაა მათთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა პროგრესული წესებით საზოგადოების ცხოვრების მართვას, ახალი ტექნიკის შემოღებას, უახლეს საწარმოო საშუალებათა დანერგვას. ასეთები იმდროინდელ საქართველოში ცოტანი როდი იყვნენ, ამიტომ ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავს: “გული მტკივა, რომ ამ აქსიომების მტკიცება მჭირდება არა ბავშვებისთვის, არამედ ბელადებისთვის. ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად, მისი საჭიროების გამომხატველად, მისი ენერგიის წარმმართველად თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს? თუ მას ელის დაღუპვა ისე, რომ ვერ ეღირსოს ნათელს, და იმ მეთაურთა მსხვერპლი შეიქნეს, ვინც ვერც კი ხვდება თავის გონებრივ სიბნელეს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს”.

 ნიკო ნიკოლაძემ ფოთის პორტის რეკონსტრუქციის ნებართვისთვის რვაჯერ იმოგზაურა პეტრეს ქალაქში, არ შეუშინდა წინააღმდეგობას, არ დაიშურა ცოდნა და ენერგია, გამოავლინა დიდი მონდომება, ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, დარწმუნების უბადლო უნარი, შეუდრეკლობა და ნახევარკაპიკიანი გადასახადი რამდენიმე წლით ერთკაპიკიანად აქცია, რათა პორტის რეკონსტრუქციისათვის საჭირო კაპიტალი დაეგროვებინა და იდეისთვის ფრთები შეესხა.

ნახევარკაპიკიანი გადასახადი

დარწმუნებული ვარ, საქმე, რომელსაც მე ვექომაგები, ადგილობრივ ინტერესებზე მაღლა დგას და აქვს უფრო მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ვაქვეყნებ განმარტებებით პატარა ბროშურას ნახევრაკაპიკიანი გადასახადის შესახებ იმ საქონელზე, რომელიც ფოთის პორტში შემოდის. ეს აზრი დაიბეჭდა 1908 წლის “ბათუმის გაზეთში”, ახლა იგი შევავსე გამოუქვეყნებელი სტატიით _ “ოცნება და ცხოვრება”. ახალ სტატიაში ვეხები უკვე არა მხოლოდ გადასახადის მოწინააღმდეგეებს, არამედ იმ ნიადაგს, რომელზედაც აღმოცენდნენ და რომელსაც ეყრდნობიან კიდეც, რითაც გამოწვეულია ჩვენი ცრუინტელიგენციის შეცდომები, რომლის წყალობითაც ქვეყნის უმთავრესი საქმე და უმნიშვნელოვანესი ინტერესი უყურადღებოდ რჩება, რადგან გაუცნობიერებელ მოღვაწეთა გავლენას განიცდიან. თავს სრულიად არ ვინუგეშებ იმით, რომ ჩემი ხმაური დაანგრევს “ლამაზ გამონაგონთა მიმზიდველობას”, ცხოვრების ნამდვილ მოთხოვნებს მოსწყვეტს საზოგადოების ყურადღებას, ვწერ და ვაქვეყნებ ამ სტრიქონებს არა უკვე გამობრძმედილ მეუფეთათვის, არამედ მათთვის, ვინც ახლა გამოფხიზლდა, ან საღი ცოდნა გამოაფხიზლებს. დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და იმაშიც, რომ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნას ეკუთვნის, სწორედ მცოდნეთა განსასჯელად გამომაქვს ჩვენი ეს დავა.

ოცნება და ცხოვრება

მკითხველის განწყობაზე თუ იმ ბეჭდვითი სიტყვის შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც მას ეძვირფასება, მაშინ ამ ბროშურაში წარმოდგენილმა საკითხებმა არ უნდა მიიქციოს ვინმეს ყურადღება. ვისა აქვს იმის თავი, იფიქროს რაღაც კაპიკებზე, დაგროვებაზე, ფრახტებსა და ტარიფებზე ჭუჭყიანი მარგანეცის გამო ისეთ მნიშვნელოვან დროს, როცა აზროვნება მაღლა-მაღლა თავისუფლებისაკენ, ცხოვრების ახალი ფორმებისაკენ, ოჯახის და საზოგადოების გარდაქმნისაკენ მიჰქრის? საზოგადოება დაკავებულია უშიშარი სათარ-ხანის გმირობით, რომელმაც თავრიზში ველურად დაამარცხა რეაქციის ჰიდრა, ხოლო თქვენ მას დატვირთვა-გადატვირთვის ანგარიშებს სთავაზობთ პორტის მიდამოებში. განა ახლანდელ მკითხველს ან პუბლიცისტს მამონასადმი ასეთი სამსახურისათვის სცხელა?
ფოთის პორტი

რასაკვირველია, ურთიერთბრძოლის კორიანტელში დრო არ არის, იფიქრო ასეთ წვრილმანებზე, მაგრამ ჭკვიან ბელადებს გახურებული ომის დროსაც არ ავიწყდებათ, რომ საზრდოს გარეშე არ არსებობს ჯარი, ხოლო ყველა ის ინტერესი, რისთვისაც წარმოებს ბრძოლა და იღვრება სისხლი, სწორედ ამ კაპიკებისა და წვრილმანებისაგან შედგება, თანაც ახლა ჩვენში ნამდვილი ბრძოლა არც მიმდინარებს, ჩვენი ახლანდელი ინტერესი სათარ-ხანისა და ახალგაზრდა თურქებისადმი გამოცდილი თვალისათვის სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი აზრის უდღეური სიღატაკე და გაწირვა. არ აღსრულდა მგზნებარე იმედები, სრული მარცხით დამთავრდა ჩვენი პოლიტიკურ ასპარეზზე “უიარაღო შეიარაღება”, როგორც ყოველთვის მძიმე წარუმატებლობის შემდეგ ხდება ხოლმე. სუსტი გონების ადამიანებმა, რომ დაეთრგუნათ საკუთარი სირცხვილი, ქეიფსა და სიმთვრალეს მიჰყვეს ხელი, რადგან თუ აქაურ ბოროტებისა და სიბნელის საუფლოზე ოცნებებმა არ გაამართლა, ეგებ სადღაც, ნათელი გარემო სამარეში ან საზღვარგარეთ მოვიპოვოთო, სადაც ბატონობენ იდეალები, სადაც ფასდება კეთილშობილური აზრები, მიუხედავად იმისა, თუ რა დადგა ამ უბადრუკისგან. ჯერ კიდევ ფოიერბახმა მიგვითითა, რომ ადამიანში ჩანერგილია თვითმოტყუების გრძნობა, რომელიც მას უნებურად აღმოაჩნდება და გადაარჩენს უსახური ცხოვრების მძიმე სინამდვილისაგან. ეს თვისება მას მისტიციზმის ათასწლეული ბატონობის, სიღატაკის და ძალადობისაგან აქვს ჩანერგილი: ხალხს უთითებდნენ ნეტარების სრულ და მარადიულად მიუღწეველ იდეალს, რათა დაევიწყა “არსობის პურის” ძალა, სამომავლოდ ამ ცხოვრებაში მორჩილებისა და ტანჯვის სანაცვლოდ უსასრულო ბედნიერებას ჰპირდებოდნენ.

ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ასეთ ტყუილს ადამიანისადმი სიბრალული, მისი ტკივილის შეუძლებელი შველა ბადებს…

ჩვენ რომ საკუთარი საქმის სიმართლის დაუოკებელი რწმენა გვქონდეს, სამშობლოსადმი თავგანწირული სიყვარულის იმედი ცოცხლობდეს, ჩვენც დღეს აღარ ვივაგლახებდით, არ მიმოვფანტავდით აზრებს, არ გამოვაწყობდით სათარ-ხანს ვაშინგტონის კოსტუმში, არამედ დავიწყებდით ჩვენი მარცხის მიზეზებისა და ჩვენი ბედის გაუმჯობესების გზების ძიებას.

მაშინ ჩვენ დავინახავდით, თუ რაოდენ გარდაუვალი იყო ჩვენი უმწიფარი, მეცნიერებისაგან დიდი ხნის წინათ უარყოფილი გაუმართლებელი გეგმებისა და პროგრამების უცილობელი ჩავარდნა. სად გაგონილა, ან როდის ყოფილა, რომ საღად მოაზროვნე ხალხს მიზნად დაესახოს ერთი ნახტომით, თანაც პირველით, ყოველგვარი შემზადების გარეშე, გადამხტარიყო ხელშეუხებელი ფეოდალური წყობიდან ისეთში, რომელიც დედამიწის ზურგზე ჯერ არსად დაწესებულა თუნდაც ცდის სახით მაინც? მართალია, ორმოცდაათიანი წლების გერმანულმა მეტაფიზიკამ და სამოცდაათიანი წლების რუსებმა ბევრი მელანი დახარჯეს პროგრესის გზაზე მიმავალი ხალხების მიერ ასეთი ნახტომების შესაძლებლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ამ სასწაულის თვალნათელი მაგალითი არავის მოუყვანია. იყო დრო, როცა მეტაფიზიკური მიდგომისათვის დასაშვები იყო, გეფიქრათ, თითქოს ხალხისა და კაცობრიობის ცხოვრება შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა გულახდილობას, შთაგონებას, ჰიპნოზს, მიბაძვას და ა.შ. ოკულტიზმი კიდევ უფრო შორს მიდიოდა: იგი მონდომებით ამტკიცებდა, რომ ხელოვნურად შეიძლებოდა ქარიშხალების, მიწისძვრების, გადატრიალებათა მოხდენა. ზუსტმა მეცნიერებებმა, დიდი ხანია, განთავისუფლებული აზრის ეს ცთომილება არქივს ჩააბარეს. ხალხის ცხოვრება წინ მიიწევს შეუდარებლად უფრო მძიმე პროცესით, უცილობელი მოთხოვნით იმ საშუალებებზე, რომელთა მოპოვებაც მიწის წიაღიდან თუ მზის სხივებიდან ხდება, რაც ადამიანებს აძლევს უფლებას მათი გონების და წარმოების განვითარებისათვის. შთაგონება, დამრიგებლობა, გმირობა ფესვებს იდგამენ ან დუმდებიან იმისდამიხედვით, შეესაბამებიან თუ არა ისინი ქვეყნის შესაძლებლობის და განვითარების დონეს. ხალხის პროგრესი, მისი თავისუფლების, ოჯახის და სახელმწიფოს ფორმის ხარისხი საფეხურია აღმოცენებული მოვალეობისა და ცონდის ხარისხისა. როგორც ოდესღაც ვწერდი, ამქვეყნად პოლიტიკური განვითარება რეალური ინტერესების პარალელურად მიემართება, რომელთაც, ბუნებრივია, ახასიათებთ თავიანთი ადამიანური ღირსების დაცვა ძალმომრეობისა და თვითნებობის შემოტევებისაგან. ასე რომ არ იყოს, პოლიტიკური თავისუფლება გაღატაკებულ ხალხებში _ უგანდის უღრანებში, ან ხივის უდაბნოს ხალხებშიც გამეფდებოდა და არა შეერთებულ შტატებსა და ინგლისში. ვისთვისაც მართლა სანუკვარია თავისუფლება და ძვირფასია პროგრესი, იგი არ ართულებს ხალხის ყოველდღიურობას და არ უსახავს მას შეუძლებელს, რომლის მისაღწევადაც ჯერ არ გამოფხიზლებულა ძალები, პოლიტიკურ სფეროშიც ისევეა, როგორც კერძოში, _ მიდებ-მოდება ნიშნავს, შეამზადო საკუთარი გაკოტრება.

ეს მეტად რთული მიზნები _ ამქვეყნიური ძირითადი წესების დავიწყება _ ისტორიის არასწორი გაგების პროდუქტია. შორიდან ზერელედაც რომ შეხედო ცხოვრებას, მოგეჩვენება, რომ იგი ნახტომებით მიემართება ძალადობიდან ძალადობამდე და გადატრიალებიდან გადატრიალებამდე. ომები, აფეთქებები, რევოლუციები _ აი, რას ხედავს შეუიარაღებელი თვალი. ხოლო საუკუნეები რომ სჭირდებოდა დაუფასებელ შრომას და სისტემატური ბრძოლა რომ უნდოდა იმ ძალთა დაგროვებას, რაც ამ შედეგს გამოიწვევდა, ეს შორიდან შეუიარაღებელი თვალით როდი ჩანდა. ასე ბავშვს შეუძლია მოეჩვენოს, რომ კვერცხს გატეხავს თუ არა, იქიდან მაშინვე გამოხტება სიცოცხლით სავსე წიწილა, მან არ იცის, რომ ამ მოვლენისათვის საჭიროა კვერცხი იყოს საღი, განაყოფიერებული და მკაცრად დადგენილი დღეების მანძილზე ფიზიკურ კანონს ემორჩილებოდეს. მას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სითბო, ჰაერი და ა.შ. განვითარების ყველა ამ აუცილებელი კანონის დაცვის შემდეგ არავითარი ძალდატანება აღარ დასჭირდება ნაჭუჭის გატეხვას და წიწილის გამოჩეკვას. მაგრამ საკმარისია, ბუნებრივ ვადამდე თუნდაც ერთი დღით ადრე გაიბზაროს კვერცხი, მისგან გამოიჩეკება ან მკვდარი, ან უდღეური ჩასანახი, სწორედ ასეთია ევოლუციისა და რევოლუციის ურთიერთდამოკიდებულებაც. ომები, რევოლუციები, შემოსევები მხოლოდ იმ ხალხებს ემარჯვებათ, რომლებიც ბრძოლის დაწყებამდე დიდი რაოდენობით იმარაგებენ საბრძოლო იარაღს. ხოლო ეს საშუალებები მიიღება მეომარი ქვეყნის გონებრივი და ეკონომიკური ძალების დაძაბული განვითარებით და ყაირათიანი ხარჯვით. ვინც ამის გარეშე აღმართავს ხმალს, მისგანვე დაიღუპება.

მეცნიერების პროგრესმა, თავიდან ბოლომდე რომ შეაიარაღა განათლებული ხალხები და არსებობისათვის შეუბრალებელი ბრძოლა გაუიოლა მათ, მონობისთვის გასწირა ჩამორჩენილი საზოგადოება და ჩამორჩენილი ქვეყნები. ან უნდა დავეწიოთ მოპირისპირეს, ან უნდა მათი მსხვერპლი გავხდეთ. მეტაფიზიკის უკანასკნელ მოჰიკანებს მოეჩვენებათ, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დამანგრეველი ძალის შემდგომ, კლასობრივი წყობის მკვდრეთით აღდგომა შეიძლება. ეს შეიძლებოდა მხოლოდ დიდ გარდაქმნებამდე, ოცდაათი წლის წინათ რომ განხორციელდა მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც გამოიგონეს ძლიერი ტექნიკა, რამაც არნახულად გააიაფა ტრანსპორტით გადაზიდვის ხარჯები, პირველმა გემმა, რომელმაც ოკეანის გაღმიდან ევროპაში ნახევარმილიონიანი ფუთის მოცულობის პროდუქტები ჩამოიტანა და ბაზრებში გასაყიდად გაიტანა, რაც გაცილებით იაფი იყო, ვიდრე ადგილობრივი ნაწარმი, ამან გამოააშკარავა კასტური კარჩაკეტილობისა და ადგილობრივი შეთქმულების ზეწოლის შედეგები. ფასები, ხელფასები, მოგება, _ როგორც ჰაერის ტემპერატურა ან ოკეანეთა სიღრმეები თურმე სრულებით არ ყოფილა დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ პირობებზე. სერიოზულად რომ იმოქმედო მათზე, აუცილებლად უნდა განახორციელო ალექსანდრე დიდის ოცნება მსოფლიო ბატონობისა, ან მის მთლიანობაზე, რაც ჯერ კიდევ ამერიკისა და პოლინეზიის აღმოჩენამდე იყო. ტექნიკის პროგრესმა ურყევად გააცხადა ეს შეჭმარიტება ყველასთვის, ვისაც თვალი და ყური აქვს. ეს აიძულებს დამოუკიდებლობის მაძიებელ ქვეყნებს, გაზარდონ ტექნიკური დანადგარები და წარმოების ხარისხი მეტოქე ქვეყნების დონემდე. ყველა ქვეყანამ უნდა ისწავლოს საქმიანობა ისევე კარგად და იაფად, როგორც კონკურენტუნარიანმა განვითარებულმა ქვეყნებმა, რომ მათ მეხარკეებად არ გადაიქცნენ.

ქვეყნის მრეწველობის განვითარება ემსახურება მის პოლიტიკურ ძლიერებას, რაც წარმოუდგენელია პროდუქტის, შრომისა და ცოდნის დაგროვების გარეშე. პოლიტიკური გადატრიალებები თითქმის იგივეა, რაც ქვეყნის შიგა ღრმა სამრეწველო ცვლილებები, ის ხომ ეკონომიკის განვითარებას მოჰყვება. სხვანაირად რომ ვთქვათ, საუკუნის პოლიტიკური ზრდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია. ქვეყნის პროგრესისა და მისი გავლენის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ ეს ეკონომიკა საბოლოოდ იძლეოდეს დადებით და არა უარყოფით შედეგებს. ის ქვეყნები, რომელთა მრეწველობაც წამგებიანი ხდება, არა მხოლოდ ეკონომიკურად ზარალდება, არამედ პოლიტიკური დაცემისა და მონობისაკენ მიექანება, მრეწველობა რომ წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, იგი ბედის ანაბარა არ უნდა მივატოვოთ. ამჟამინდელი მრეწველობა, დაწყებული ხორბლის თესვიდან, ჰაერიდან გვარჯალის მიღებამდე, უკვე ვეღარ იარსებებს ზუსტი მეცნიერებისა და საუკეთესო მანქანაიარაღების გარეშე. ყველა საკითხი, რაც წარმოებამრეწველობის ბედს ეხება, უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი დაკვირვების, ფიქრისა და შემოქმედების შედეგი, და არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა, არამედ ყველასი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის სამშობლოს ბედი და მისი სიკეთე. ეს არის სახელმწიფოს მაჯისცემის, სიცოცხლისუნარიანობის, მისი განვითარების, ურთიერთობის და ღირსების დასტური. ჩვენ კი ეს იოლ საქმედ მიგვაჩნია, რომელიც ღირსი არ არის იმ შეგნებული ადამიანების ყურადღებისა, ავტონომიასა და სოციალურ ცვლილებებს რომ გამოდევნებიან.

…როდესაც მე ჟურნალისტურ ასპარეზზე გამოვედი, ოპტიმისტად ვითვლებოდი იმის მტკიცების გამო, რომ მჯეროდა, ჩვენი შვილები და შვილთაშვილები უთუოდ მიაღწევდნენ პოლიტიკურ თავისუფლებას, ხალხის მმართველობას, თუ ინტელიგენციის სამი-ოთხი თაობა გულდასმით იმუშავებდა ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის. სინამდვილეში კი ჩვენ თვითონ მივაღწიეთ ამ ბედნიერებას. გეოლოგია დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დედამიწაზე უმთავრესი გარდაქმნები მოხდა არა კატაკლიზმების გზით, არამედ შეუმჩნეველი (ძლივს შესამჩნევი) ატმოსფერული და ჰიდრავლიკური ზემოქმედების შედეგად.

რაც შეეხება ავტონომიას, ამ შემთხვევაშიც ჩვენს საუკუნეს ბევრი რამის სწავლება შეუძლია, თუკი თვალი უჭრით. ჩემს დროს გაგვაჩნდა ბევრი არც თუ უბრალო ავტონომია, რომ აღარაფერი ვთქვათ სვანეთისა და სამეგრელოს თითქმის სრულუფლებიან ავტონომიაზე. გავიხსენოთ ჩვენი სამიწადმოქმედო ბანკების ავტონომია: ეს ძლიერი იარაღი იყო მიწის საკუთრების უმტკივნეულოდ გადასვლისათვის მომაკვდავი თავადაზნაურობიდან მიწადმოქმედთა ხელში. არავის უფიქრია, ჩვენს შიგა მეურნეობაში სხვისი ფულებით შემოჭრილიყო. როგორ მოვექეცით ამ ავტონომიას? შევძელით კი გვესარგებლა ამ სიკეთით? რად ვაქციეთ იგი ჩვენ? ყველა ქვეყანაში სოციალური განახლების იარაღიდან (უძრავი ქონების თანდათანობითი დემოკრატიზაციის ნაცვლად) ჩვენ იგი წვრილმანი ვნებების სათამაშოდ, ხეიბართა თავშესაფარ სახლად, დათხოვნილ მოხელეთა თბილ ადგილად ვაქციეთ, რითაც, ცხადია, გავძარცვეთ თვით ბანკები და ვაიძულეთ მთავრობა, კონტროლი დაეწესებინა მათზე, ანუ მივაღწიეთ ჩვენი ავტონომიის შეზღუდვას. იგივე ბედი ერგო ყველა ჩვენს ავტონომიას, ან ნახევრად ავტონომიას (ურთიერთკრედიტები, ქალაქის მმართველობა, დეპუტატთა თავყრილობები და ა.შ.), მათ საქმიანობაში არანაირ მთავრობას არასოდეს არ უფიქრია ჩარევა, ვიდრე ჩვენ საზოგადოებრივი საქმის გაძღოლის უცოდინარობის გამო, მილიონების დაუოკებელი მოპოვების სურვილის გამო, კაპიკების ტალახში ამოთხვრით ის დავივიწყეთ, რომ მილიონები სწორედ კაპიკებისაგან შედგება, რითაც საქმე მივიყვანეთ იქამდე, რომ ყველა სფეროზე ზედამხედველობა დაგვიწესეს, თვით კერძო საქმეზეც კი. უნდა აღინიშნოს, რომ გონიერი ადამიანები თავისუფლებასა და ავტონომიას აღწევენ ჯერ საშინაო საქმეების ყაირათიანი გაძღოლით, წარმოების აღორძინებით, საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებით და ბოლოს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით, რისთვისაც ისინი აერთიანებენ ძალებს უმაღლესი სახელმწიფო ამოცანების გადასაწყვეტად.

საიდან მომდინარეობს ჩვენი წარუმატებლობა?

იძულებული ვარ, გავიმეორო 36 წლის წინათ დაწერილი განმარტება, როცა ამაოდ ვცდილობდი, ჩვენი საადგილმამული ბანკებისათვის რაიმე სიცოცხლისუნარიანი დატვირთვა მიმეცა: “ფეხსაცმლის, ან შარვლის შეკერვას ჩვენ არაფრით არ ვანდობთ იმათ, ვისაც ეს ხელობა არ შეუსწავლია, ხოლო ბანკების მმართველობა, მზად ვართ, გადავცეთ იმ პირებს, რომლებმაც იციან მხოლოდ “ბანკის მოხსნა”, _ არ ვითვალისწინებთ, საბანკო საქმე რამდენად განსხვავდება ჭრა-კერვისაგან!” მას შემდეგ დიდ წარმატებას მივაღწიეთ: ახლა სოციალური და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტას ველოდებით იმ პირებისაგან, ვინც შორს არის განათლებულობისაგან. ღმერთმა ქნას, ჩვენმა ბატკნებმა მგლები დაიჭირონ!

ახლა ამ ზოგადი მსჯელობიდან ჩვენს უშუალო საქმეს დავუბრუნდეთ. ვამბობთ, ცხოვრება გართულდა, მეცნიერების პროგრესმა აიძულა თანამედროვე წარმოება, შეუჩერებლივ წინ წასულიყო, ამასთან, არცოდნის მიუხედავად, მისთვის ეხელმძღვანელა, რადგანაც ცოდნის დაუფლების პერიოდში განუწყვეტელი შეფერხება მრეწველობისა უკვე შეუძლებელია. ვერც ვაჭრები და ვერც მეწარმეები ვერსად ვერ წაუძღვებიან წარმატებულად საქმეს, თუ სხვისი მიღწევების და კონკურენტობის ხარისხს არ გაითვალისწინებენ. რატომ ერთიანდებიან ისინი ყველგან, ერთად კისრულობენ გადასახადებს, ირჩევენ სავაჭრო პალატებს და საბირჟო კომიტეტებს, რათა საერთო ძალებით და მცოდნე ადამიანების ხელმძრვანელობით მეტი ისწავლონ, მეტად დაიცვან თავი, მეტ წარმატებას მიაღწიონ. ახლა მარტო კაცი ბრძოლაში ვერც მეომარია, ვერც ვაჭარი, ვერც მეწარმე-ხელოსანი და მხვნელ-მთესველიც კი არ არის. ასეა საქმე ამ ცისქვეშეთში.

პოლემიკა, რომელსაც ეს ბროშურა მიეძღვნა, აშკარად ადასტურებს, რომ ჩვენი საქმე სულ სხვაგვარია. ბევრს არც კი ესმის, რომ დავა ნახევარკაპიკიან ასაკრებზე ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. თვით პოლემიკის წარმოშობა და მიმდინარეობა იმის დასტურია, რომ ჩვენი მხარის მრეწველობის სერიოზული დარგები იმ ადამიანების ხელში მოექცა, ვინც სრულებით არ იცნობს მათზე დაკისრებული საქმის ელემენტარულ ვითარებას. ვინც ტყუილად გაილაშქრა ქალაქის მიერ დაწესებული გადასახადის წინააღმდეგ, ის თვით დარწმუნდა, რომ არა თუ მთავრობამ, მრეწველთა და ვაჭართა გაერთიანებულმა წარმომადგენლობამ აღიარა ამ გადასახადის აუცილებლობა. მოწინააღმდეგეებმა დამსახურებული მარცხი დააბრალეს პიროვნებათა უგერგილობას, ჭორებს, სხვის წამხდარ საქმეებში ჩარევას, ეს უღონოთა ჩვეულებრივი თვისებაა, _ სული მოითქვან გინებითა და ცილისწამებით. ეთიკის გარეშე ლაპარაკი არა საკუთარ თავზე, არამედ მთელს მხარეზე, მთელს ქვეყანაზე არ შეიძლება! ნუთუ ვეღარ გავიგეთ ეს? ამით საქმეს ვერ უშველი, იგი იღუპება უცოდინართა და უგერგილოთა ხელში. ის დრო, როცა რომელიმე ქვეყნის საზოგადო საქმეების მართვა შეეძლოთ მნათეებს, მამასახლისებს, ცერემონმეისტერებს, ისტორიას ჩაბარდა. ამასთან, საუკუნოდ წავიდა ის დროც, როცა შეიძლებოდა მხოლოდ ხმლითა და ხანჯლით ომი. ვისთვისღა არ არის ცნობილი, რომ ჩვენს ირგვლივ სამყარო გარდაიქმნა არა ბრძოლების შედეგად, არამედ ზუსტ მეცნიერებათა აღმოჩენებით. ამ აღმოჩენების გამოყენებაც ახალი ცხოვრებისთვის მომზადებულ ადამიანებს შეუძლიათ განათლებული ხალხის წინამძღოლებთან ერთად.

განა ჩვენმა თანამედროვე ინტერესებმა როგორც რუსეთის, ისე უცხოეთის პარლამენტის დებატებმა თვალნათლივ არ დაგვანახა, რომ კამათში უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ხალხის ინტერესებს აქვს? ეს საკითხები ნასულდგმულებია ზუსტი მეცნიერების მონაპოვართა გამოყენებით და არა თეოლოგიური, ან მეტაფიზიკური წარმოშობის მისტიკური რწმენით, რომელსაც აუცილებლად მივყევართ აბსურდამდე.

დასასრული შემდეგ ნომერში

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

P.S. რამდენიმე წლის წინათ ნი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა ინიციატივით, რომ ფოთის პორტის შემოსავლების ნახევარი ადგილზე დარჩენილიყო და მოხმარებოდა ფოთისა და სამეგრელოს კეთილდღეობას, მაგრამ მისი არ ისმინეს. ის დღესაც იმავე აზრზეა.

2 COMMENTS

  1. ეს უნდა წააკითხო ამ უბედურებს, მარტო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე რომ ფიქრობენ, იქნებ შეიგნონ, რომ ქვეყანას ასეთი მმართველები სჭირდება, ქალაქის მერობა რომ ფუფუნება არაა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა და მძიმე ტვირთი. კარგია, რომ ასეთ თემებს აშუქებთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here