Home ახალი ამბები საქართველო “დღესდღეობით რუსეთთან დიალოგის არქონა ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,...

“დღესდღეობით რუსეთთან დიალოგის არქონა ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ გინდა აფხაზეთის, სამაჩაბლოს დაბრუნება!”

1194
ვალერი კვარაცხელია

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი მედიასთან აცხადებს, რომ ალიანსს არ სურს რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება, არამედ არსებული პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობს. მისი თქმით, საქართველო უკვე წლებია, ალიანსის საიმედო პარტნიორია და მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: „მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, დამოუკიდებელ საქართველოში. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დარგში საქართველოს წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნაწილში არასტაბილურობაა, რომელშიც მონაწილეობს რუსეთის ფედერაცია. ჩვენ ვეძებთ გარკვეულ მიგდომებს რუსეთთან ურთიერთობისა, რათა რეალური შინაარსის მქონე დიალოგი გავმართოთ ამ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ალიანსს არ სურს რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, არამედ სურს, შემოაბრუნოს ეს ქვეყანა მშვიდობისაკენ”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

კონკრეტულად როგორ და რა გზით ცდილობს ალიანსი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რა ნაბიჯები იდგმება ამისთვის და რა შეიძლება საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ოფიციალური მოსკოვისგან მოყვეს, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ექსპერტ ვალერი კვარაცხელიას დაუკავშირდა.

ვალერი კვარაცხელია: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთთან კონფრონტაციისკენ და ურთიერთობის გამწვავებისკენ. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის, მაგრამ ერთია განცხადებები და რუსეთის აზრიც ხომ უნდა მოვისმინოთ. კრემლის პოზიცია ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოა და პირადად პრეზიდენტ პუტინსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ახლა რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს ნატოს ხელმძღვანელობამ და რამდენიც უნდა იძახონ, არ გვინდა მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავებაო, ეს მათი განცხადებებია, მოსკოვში კიდევ თვლიან, რომ ალიანსის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
რაც შეეხება საქართველოს, ის ფაქტი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ფორუმს მართავს თბილისში და კეთდება განცხადებები მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით, ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, – ნატო განაგრძობს თავის პროვოკაციულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და რაც მთავარია, ეს პოლიტიკა საქართველოს აყენებს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენი ხელისუფლება ან ვერ გრძნობს ამ საფრთხეს, ან მისთვის სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი პოლიტიკური ხელშეუხებლობა დგას, თუმცა ჯამში ეს არაფერს ცვლის. საქართველო ამ შემთხვევაში არის ბრმა იარაღი, რომელსაც რაღაც მომენტში გამოიყენებენ და მერე რა მოუვა ამ ქვეყანას, რა სირთულეები შეექმნება, არავინ ფიქრობს…
– თქვენი აზრით, იმ განცხადებებმა, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, რომ მალე მაპს მივიღებთ და ა.შ. შეიძლება თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისე დაძაბოს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეთ?
– ჩვენ გვაქვს უახლოესი წარსულის ძალიან მწარე მაგალითი და ამას ანალიზი ჭირდება. რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში? როდესაც საქმე ღია კონფლიქტამდე მივიდა და სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვეს რუსეთს, რუსეთი შემოვიდა საქართველოში და გაანადგურა მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ახლა მოდი, ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს, რა შეუშლით მათ ხელს, რომ იგივე გააკეთონ 2017-ში ან ვთქვათ, 2028 წელს, როცა ეს საჭირო გახდება. ვინ ან რა შეაკავებს ამ უზარმაზარ ძალას?! ჩვენ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან მთლიანად ნატო გადაგვეფარება. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერ დაგვიცავენ; ვერ აგვაცილებენ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს, რადგან რუსეთი, კიდევ ვიმეორებ, ძალიან დიდი ძალაა და ის ყოველთვის გაატარებს თავის პოლიტიკას, ყოველთვის გაიტანს და დაიცავს ბოლომდე თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
– როგორ ფიქრობთ, ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად რუსეთთან პირდაპირი დიალოგი რამდენად შესაძლებელია?
– თანამშრომლობას გააჩნია. ჩვენ არავინ გვეუბნება, რომ ჩაკეტილი სახელმწიფო ვიყოთ, მაგრამ აქ საუბარია პროვოკაციულ პოლიტიკაზე, რომელიც ფაქტობრივად გამოწვევაა რუსეთისთვის. ეს ერთი და მეორეც, როგორ შეიძლება, სახელმწიფოს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვა გზა, გარდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა, არ გააჩნია, არ უნდოდეს კრემლთან დიალოგი?! ეს უბრალოდ გაუგებარია, იმიტომ რომ დღესდღეობით რუსეთთან დიალოგის არქონა ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ გინდა აბხაზეთის, სამაჩაბლოს დაბრუნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფალი კი არ იღებს, არამედ იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი კარნახობენ აქ თავიანთ მარიონეტებს, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან დიალოგი არ დაიწყონ. აი, ამას ეწირება დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და სანამ ეს მაამებლური, მოღალატეობრივი პოლიტიკა არ დასრულდება, საქართველო არაფრისგან იქნება დაცული. ყველაფერია მოსალოდნელი და ყველანაირი საფრთხე შეიძლება გვემუქრებოდეს ამ პირობებში. მათ შორის აქ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეზეს შეიძლება იყოს საუბარი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ძალიან კარგია, რომ აქ პირველ კომენტარს მე ვდებ და მისმინეთ დასავლეთიდან “მბერავებო”: ვინც ამ ჭეშმარიტების მოღაღადე ადამიანზე რაიმე ცუდს იტყვით, ამით საკუთარ თავს ააშკარავებთ ქვეყნის ღალატში და ამიტომ, ასეთებს თავის დროზე აუცილებლად მკაცრად მოგეკითხებათ!

  2. ზუსტად ეგრეა, ბატონო ვალერი. დღეს საქართველოში არ არის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომელსაც სურვილი აქვს რუსეთთან საუბრის, ისინი მყარ ამერიკულ გრანტებსა და დაფინანსებაზე ზიან და სრულიად დამოკიდებულნი არიან მათზე. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას, მათთან საუბრისა და უთიერთობის აზრი დაკარგული აქვს. რუსეთმა დაივიწყა საქართველო და ახლა შედეგებს იმკის. დღეს გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო ურთიერთობის აღსადგენათ. ამ ხელისუფლებისა და მთავრობის ხელში – ეს შეუძლებელია. აი ასე, ბა
    ტონო ვალერი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here