Home რუბრიკები საზოგადოება “დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ...

“დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესა”

876
“დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესა”

ინტერნეტსივრციდან თუ ტელერადიომაუწყებლობისა და პრესის საშუალებით საზოგადოება სისტემატიურად იღებს უამრავ ინფორმაციას დღევანდელი ევროპის მდგომარეობაზე. სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი გაზეთის ყოველ ნომერშიც იბეჭდება. ილია ჭავჭავაძის წერილები, რომლებზეც ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ, ილიას ეპოქის ევროპულ ქვეყნებს შეეხება, მათ ურთიერთდამოკიდებულებას.

ილია ერთგან წერს, თუ რაძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავმოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსაცდელი”. თუმცა იქვე დასძენს, პორტუგალიაც და ინგლისიც მოცემულ შემთხვევაში დამპყრობელია, ხოლო ის ქვეყანა, რომელსაც ისინი ერთმანეთს ედავებიან, “ორთაშუა მომწყვდეულან და უილაჯობით ვაის გაურბიან, იმის არ მცოდნენი, რომ ვუის შეეყრებიან. ერთისა და მეორისაგან იმ გზითვე იჩაგრებიან, რა გზითაც დღეს იჩაგრება პორტუგალია ინგლისისაგან. სამართალიო, იძახის პორტუგალია. ქვეყანაზე რომ სამართალი იყოს, ინგლისსაც პირში ჩალას გამოავლებდა და პორტუგალიასაც. საიდამ მოსულხართ, იქავ წადითო, თქვენ იქ ხელი არა გაქვთ, იქაური პატრონები იქაურივე მკვიდრნი არიან და თქვენ რაზე შესჩენიხართ ჭიასავით”. ქვეყანაზე სამართალი დღეს მაინც რომ იყოს, ქართველებსაც გვეტყოდნენ უცხოელიმეგობრები” _ ეს თქვენი ქვეყანაა და იცხოვრეთ, როგორც გინდათო; არშემოგვაჩერდებოდნენ ჭიასავითდა არ მოგვიწევდა სხვის დაკრულზე ცეკვა

მაგრამ სად არის ეს სამართალი? როგორც ილია ამბობს, “იგი თვალწინ ლამპარსავით უნთია ადამიანს მარტო იმ დრომდე, ვიდრე გახელებული ძალა არ მოვა და ერთის შებერვით არ ჩააქრობს ხოლმე”.

არის თუ არა დღეს ესგახელებული ძალაევროპა?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდვია, მკითხველო. ჩვენ კი ილიას წერილების მეშვეობით გაგაცნობთ, როგორი იყო ევროპა 130 წლის წინათ. ის ევროპა, რომელმაც შვა კაცობრიობის მტერი _ ფაშიზმი, რამდენად ჰგავს ამჟამინდელს თავისი ზრახვებითა და პრობლემებით და რა ძალას წარმოადგენს დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ ველზე, ძნელი მისახვედრი არ არის. დიახ, დღევანდელი ევროპაც ჰგავს იმ კაცს, რომელიც გარედან მტერს უყენებს თვალს და შიგნით _ მოყვარეს.

მილიტარობა ევროპაში

დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესა. მართლა-და მთელი ევროპა რომ მოიაროთ, ერთ სახელმწიფოს ვერა ჰნახავთ, რომ გული გულის ადგილასა ჰქონდეს. ყველას მუშტი მოღერებული უჭირავს მტრის თვალის დასაყენებლად, და ამავე დროს გულში რომ ჩაჰხედოთ, ბევრს იმისთანას ჰნახავთ, რომ მოყვარეს თვალი უდგება. გაუჭირდა ევროპის ხალხსა ცხოვრება. უკეთესი ნაწილი ერისა და მოზრდილი ლუკმა ერის ქონებისა იღუპება დღეყოველ და ამ ნაწილს ერისას და ერის დიდძალს ქონებას ჰყლაპავს იგი გაუმაძღარი ვეშაპი, რომელსაც შეთოფიარაღებულს მშვიდობიანობას ეძახიან. ამ გზით მშვიდობიანობის დაცვა ერთი დიდი უბედურებაა ევროპისა და ეს უბედურება მოუვლინა ამ ბრწყინვალედ განათლებულ ქვეყანას თ. ბისმარკმა და მისმა მეტისმეტად გაკადნიერებულმა და მოურიდებელმა პოლიტიკამ.

საითაც-კი მიიხედავთ, რაზმი რაზმზედ ეწყობა, ჯარებს, რაც ძალი და ღონე აქვთ, უმატებენ, თოფსა და ზარბაზანს და ტყვია-წამალს ამზადებენ და მაინც გვეფიცებიან, რომ მშვიდობიანობის მეტი გულში არა გვაქვს-რაო. ვერ წარმოიდგენთ, რა აუარებელი ფული ამოდის ევროპის მკვიდრთა ჯიბისაგან და რა აუარებელი იხარჯება ამ შეთოფიარაღებული მშვიდობიანობისათვის. ვერაფერი მშვიდობიანობაა, თუკი კაცი იძულებულია, ხელი ხმალზედ ევლოს დღემუდამ და ისე ჰპატრონობდეს თავის-თავსა. ტყუილად-კი არა სთქვა მონტესკიემ, რომ “სჯობია უბედურის ომის განსაცდელს მიეცეს კაცი, ვიდრე ფული გაიღოს მშვიდობიანობის დასაცავადო”. ამას გამგებელნი ევროპისა ისე ნათლად ვერა ჰხედვენ, როგორც თითონ მკვიდრნი თავის თავზე ჰგრძნობენ.

ევროპის მკვიდრთა მუხლი ეკეცებათ დღევანდელის დღის სიმძიმის ქვეშ, სული შეეხუთათ, არაქათი აღარა აქვთ. აი ის შიგნითი მხარე დღევანდელის ევროპისა, რომელიც მოყვარეს თვალს უყენებს.

შეიხედეთ ერთი გერმანიაში, რა ყოფა აქვთ პარლამენტში ერთის მხრიდამ ბისმარკსა და მის დამქაშებსა და მეორის მხრით გერმანიის ერის გულშემატკივართა. ტყუილად ეძებენ თ. ბისმარკი და მისი ავანჩავანები ამის მიზეზს იმაში, ვითომც პირადი შური და მტრობა აგეშებდეს მის მოპირდაპირეებს, როცა ეგრე მიესევიან ხოლმე თ. ბისმარკსა. აი, აიღეთ თუნდა საფრანგეთი. განა მოსალოდნელია, რომ ამისთანა ქვეყანაში ერთი ვიღაცა პამპულა გენერალი გამოტყვრეს და იძახოდეს: მე ვარ მხსნელი საფრანგეთისა ჭირთაგან და ვაი-ვაგლახისაგანაო. მოდით და მე განგისვენებთ თქვენო, და ერიც იჯერებდეს და სახსნელად კალთაზედ ხელსა სჭიდებდეს! განა დასაჯერებელია ყოველივე ეს, თუ ერი იმ ყოფაში არა ჰგრძნობდეს თავსა, როცა კაცს, სხვა გზა რომ არა აქვს, ხავსს ეჭიდება დარჩობისაგან თავის დასახწევად.

აბა მიჰხედეთ, რა საცოდავად ჰღაღადებს იტალიის ერი უქონლობისა და უილაჯობისაგან, _ გავწყალდით, ლუკმა პური აღარ შეგვრჩაო. ნუთუ იმისათვის მოვიპოვეთ თავისუფლება და ერთობა, რომ ამ ყოფაში ჩავცვივნილიყავითო! მოგვაშორეთ ეგ რაღაც ჭირი გერმანიაა, რომელმაც ეს უბედურება აგვკიდა ზურგზედ და სული ვეღარ მოგვიბრუნებიაო.

არც-კი ავსტრიაა უკეთესს დღეში. აქაც-კი ერი ჰდრტვინავს და ჰკვნესის დღევანდელის დღის გაჭირვებისაგან და გულამღვრეულად გასცქერის გერმანიას, რომელმაც ეს დღე მოუვლინა მთელს ევროპას ერთად და ავსტრიას საკუთრივ. ეს დასისა და დასის ერთმანეთთან ბრძოლა და ეს ამათი პარლამენტებსა და სხვა სარბიელზედ ერთმანეთის წეწვა და გლეჯა სულ ერთის სათავიდამ მოდის. ყველაფერი ეს რომ გაფხიკოთ, გასცხრილოთ, ძირს დარჩება ორი ერთმანეთის მოპირისპირე მოძღვრება, ორივ ერთნაირად უჯათი და ერთნაირად სამართლიანიკი არა. გამგებელნი სახელმწიფო ბედისანი იძახიან, რომ ერი პოლიტიკისათვის არის ქვეყანაზედ გაჩენილი და ამიტომაც თქვენ სუო; სახელმწიფოს გულშემატკივარნი ერის მოყვარენიკი პასუხად ეუბნებიან: უკაცრავად, პოლიტიკაა ერისათვის გაჩენილი და არა ერი პოლიტიკისათვისაო. სწორედ მოგახსენოთ, მთელი პოლიტიკური ისტორია ევროპისა ამ ორთა მოძღვრებათა ერთმანეთთან ბრძოლაა და სხვა არაფერი. ყოველივე სხვა მოძღვრება თითქმის აქ მიდის და აქედამ მოდის. დროთა მდინარეობაში ხან ერთი მოძღვრებაა ქვეშ და ხან მეორე, რადგანაც დღემუდამ ჭიდილში არიან, ხოლო დღეს-კი ევროპის ერი თ. ბისმარკის წყალობით იმ მოძღვრების ქვეშ არის, რომელიც ჰქადაგებს, ჯერ პოლიტიკა და მერე ერიო. აქ გაწირული ერია, და რაღა საკვირველია, რომ იგი ზოგან ჰტოკავს, ზოგან შფოთავს, და ხანაც იმისთანა პამპულას მოეჭიდება ხოლმე კალთაზედ, როგორც ბულანჟეა და სხვა ამისთანა ცრუპენტელა და ჩიტირეკია გენერალი.

ტფილისი, 16 იანვარი, 1889 წელი

ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი

ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო. მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ.

ევროპის ამგვარს ყოფამდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელის ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანამოძმეთა ნაშროჰმითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს. ეს ფული ყველა მკვიდრზე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად იხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს, და გერმანიისა 12 ½-ს. ეხლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27.000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს. როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩენია ევროპისას. სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდიან სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმწიფონი-კი თანდათან ვალებში სცვივიან.

რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვს სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუიორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადასწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგეობითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.

“დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესა”

ტფილისი, 25 თებერვალი, 1889 წელი

ევროპის დიდი და პატარა ონავრები

დასავლეთს ევროპას, დიდ ატლანტიკის ოკეანეს პირად, ისპანიის გვერდით, არის ერთი პატარა სახელმწიფო _ პორტუგალია. ეს დღეს პატარა და უღონო სახელმწიფო ერთს დროს დიდ ამბავში ყოფილა. მისი გაბედულნი და გულსრულნი მკვიდრნი ერთს დროს განთქმულნი იყვნენ ზღვებზე სავაჭროდ სიარულითა და დიდძალი სიმდიდრე და ქონება შეჰქონდათ თავის ქვეყანაში. ამ ბედნიერ ხანაში პორტუგალიამ ბევრი ადგილი დაიჭირა თავის გათამამებულ მკვიდრთა გულმოდგინებით და მხნეობითა და ბევრი ახალშენი (კოლონია) აიჩინა შორეულ ქვეყნებში, საცა-კი მიაწვდინა თავისი ხომალდი, თავისი გემი.

ერთი დრო არავის შერჩენიაო, ნათქვამია. ბევრმა ისტორიულმა მიზეზმა უკან დააყენა ეს ერთს დროს ცოტად თუ ბევრად გაღონიერებული ქვეყანა და ჩვენს დროს იქამდე დააქვევითა, რომ როცა ევროპის საქმეთა აშლილობა ასე თუ ისე ააწიოკებს ევროპას, პორტუგალიის ხსენებაც-კი არსად არის ხოლმე: არც მისი მოყვრობაა ვისთვისმე სახარბიელო და არც მისი მტრობა საფიქრებელი. ერთი მუჭა ქვეყანაა და ერთი მუჭა ხალხი, და რა სათვალავსა და ანგარიშში მოსატანია ევროპისათვის, საცა მარტო დიდს მუშტსა და გრძელს მკლავსა აქვს ხმა და პატივი. ამ პატარა ქვეყანას თავისი საკუთარი მეფე ჰყავს და თავისი საკუთარი კონსტიტუცია აქვს და იყო დღეს-აქამომდე თავის-თავად, ცოტად თუ ბევრად კმაყოფილი და ყოვლად უნაღვლელი გარედამ, თავის საკმაოდ შეღავათიან კონსტიტუციის მფარველობის ქვეშ. ჰპატრონობდა ავად თუ კარგად იმ ქვეყნებს, რომელიც ერთს დროს დაეჭირა და რომელთაგანაც ბევრი აღარა შეარჩინეს-რა დიდმა სვავებმა. ერთი ამისთანა ძველადვე დაჭერილი ადგილი ჰქონდა პორტუგალიას აფრიკაშიაც. ეჭირა ეს ქვეყანა, თუმცა ბევრს არას ჰრჩებოდა და უქმად ეგდო ასე, რომ თითქმის თავმინებებული იყო პორტუგალიისაგან. როცა-კი გერმანიამ და ინგლისმა ამ ბოლოს ხანებში თავიანთი ხარბი თვალი აფრიკას მიჰმართეს, დაიჭირეს ადგილები და დაიწყეს აქეთ-იქით გაწევა, პატარა პორტუგალიაც შეფუცხუნდა, _ იმ ჩემ მიერ უპატრონოდ დაგდებულ მამულს ხელი არავინ ჩაავლოსო და შეუდგა იმ მამულის შერჩენის თადარიგსა. თურმე ნუ იტყვით, იქაურ მკვიდრთა როგორღაც შესჩენიან ინგლისელები, მოუნადირნიათ იმათი გული ბევრგვარის ოსტატობით, დაჰპირებიან მფარველობას, და მფარველობის ნიშნად თავისი ბაირაღებიც დაურიგებიათ. ერთი მაიორი პორტუგალიის მხედრობისა რომ მისულა იქ ეხლახან პორტუგალიის სახელით, ინგლისელთაგან გულმოცემულ მკვიდრთა შორს დაუჭერიათ პორტუგალიის ბატონობა. საქმე საომრად გამხდარა. პორტუგალიის მაიორს დაუმარცხებია მკვიდრნი და ინგლისელთაგან ბოძებული ბაირაღები ორიოდე დაუყრევინებია. იწყინა ეს ამბავი ინგლისმა, როგორ თუ შენ გააუპატიურე ჩემი ბაირაღებიო: როგორ თუ გაჰბედე და ჩემ კალთის ქვეშ მყოფი ქვეყანა გამილახეო, შეუთვალა პორტუგალიას ინგლისმა. აბა ეს ღონიერი და ძლიერი ინგლისი ერთის მხრით და ეს უღონო პორტუგალია _ მეორეს მხრით!.. მოდი და ნუ მოიბუზები. რადა ჰნებულობ ეგრე ცხარედ ლაპარაკსაო, უპასუხა პორტუგალიამ კრძალვით: სამართალი ხომ აქ არის, ამოვარჩიოთ შუაკაცები და ვისაც აკუთვნებენ იმ ქვეყანას, აკუთვნონო. ნეტა ღონიერი და ძლიერი ინგლისი რად იკადრებდა სამართალს, როცა მოპირისპირედ უღონო პატარა პორტუგალია უდგა. საცა ერთის მხრით პირდაღებული ვეშაპია და მეორეს მხრით _ მობუზული კრავი, იქ, ეხლანდელს დროში, სამართალს დაეკითხებაღა ვინმე?.. განათლებულმა ინგლისმა ეს იუარა და შეუთვალა, ხელი აიღე, თორემ მიწასთან გაგასწორებო. “ძალა შესწევს ქადილსა” და საწყალმა პორტუგალიამ ხმა გაიკმინდა.

ერი პორტუგალიისა აიმღვრა, აირია, გულზე მოვიდა, რომ ინგლისმა თავისი ძლიერი მუშტი მოუღერა უღონოსა და სუსტს პორტუგალიასა და არ-დასათმობი დაათმობინა. პორტუგალიის ერმა ძალიან კარგად იცის, რომ ძალა აღმართსა ჰხნავს, რომ ინგლისთან გამკლავება ქვეყნის დაღუპვა და გათახსირება იქნება. ომი ვერ გაუბედა ხმალდახმალ, მაგრამ გულმოდგინე მამულიშვილობამ სხვარიგ ომისათვის გამოაღებინა ხელი პორტუგალიის ერსა. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ინგლისს პორტუგალიაში დიდი ვაჭრობა აქვს. აი, სწორედ აქ იყარეს ჯავრი ინგლისელებისა. თუ ხმალით ვერას დავაკლებთ, ჯიბეს ხომ ცოტად თუ ბევრად მოვაჭრითო, _ სთქვეს და აიღეს და ყოველივე აღებ-მიცემობა ამოჰკვეთეს ინგლისთან. დააკეტვინეს რაც მაღაზიები და სავაჭროები ჰქონდათ ინგლისელებს დიდს ქალაქებში, მარტო ოთხს თუ ხუთს სოვდაგარს ლონდონში შეკვეთილი ჰქონიათ ათის მილიონის საქონელი და დეპეშით შეუთვლიათ _ შეკვეთილზე ხელი აგვიღიაო. ამისთანავე დეპეშას ჰგზავნიან ლონდონში სხვა სოვდაგრებიცა. ვისაც-კი სადმე ინგლისელი ჰყოლია საქმეზე, დაუთხოვნია; ვისაც შვილები ჰყოლია ლონდონში გასაზრდელად მიბარებული, ყველას უკანვე წამოუყვანია. ერთის სიტყვით, რასაც და ვისაც-კი ინგლისისა რამ აცხია, ყველას შემოსწყრომიან, ყველას მოჰრიდებიან. გარდა ამისა, რომ კვლავაც უღონობის გამო არ დაიჩაგრონ ვისგანმე, მამულიშვილობით აფრთოვანებულს ერს მოუწადინებია სამერმისოდ მაინც ღონე მოიცენ და ამისათვის ნებაყოფლობით გაუწერიათ ერთმანეთში ფული, რომ მხედრობა გაიძლიერონ და მოაწყონ ყოველ შემთხვევისათვის. ერთს ძალიან მდიდარს მამულიშვილს შეუწირავს ამისათვის სრული შემოსავალი მთელის ერთის წლისა, და ამბობენ, რომ აუარებელი შესაწევარი მოდის დიდისა და პატარისაგანაო. ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავმოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსაცდელი. პორტუგალიამ სწორედ ამისთანა დიდგულოვნობა და დიდსულოვნობა გამოიჩინა და ამით მთელის ქვეყნის თანაგრძნობა და პატივი მოიპოვა. პატარაა ეს პორტუგალია, მაგრამ ამ მხრით-კი კარგი ყოფილა!.. თვით ის დავიდარაბა-კი, რომელმაც ეს ამბავი გამოიწვია პორტუგალიაში, მაგდენი არაფერია არც პორტუგალიის და არც ინგლისის სასახელოდ.

ერთი კაცმა ჰკითხოს ერთსაცა და მეორესაც, ნეტა ვის ტაბლაზე ჰჩხუბობენ? იმ ქვეყანას, რომელსაც ესენი ერთმანეთს ედავებიან, თავისი მკვიდრნი, თავისი შვილები ჰყავს, და ან ინგლისს რა ხელი აქვს, ან პორტუგალიას. იქაურებს თავისი ქვეყანა თავისთვის უნდათ, და რაო ჩემოო? რა თქმა უნდა, ერთმაცა და მეორემაც რომ თავი დაანებონ, იქაურნი ორსავ ხელით ღმერთს მადლობას შესწირვენ, კარგად თუ ავად ამ წუთისსოფელს თითონ გაუძღვებიან, არც ერთისაგან, არც მეორისაგან ძალად ცხონებას არ ინდომებენ, მაგრამ რას იზმენ საწყლები? ორთა-შუა მომწყვდეულან და უილაჯობით ვაის გაურბიან, იმის არ მცოდნენი, რომ ვუის შეეყრებიან. ერთისა და მეორისაგან იმ გზითვე იჩაგრებიან, რა გზითაც დღეს იჩაგრება პორტუგალია ინგლისისაგან. სამართალიო, იძახის პორტუგალია. ქვეყანაზე რომ სამართალი იყოს, ინგლისსაც პირში ჩალას გამოავლებდა და პორტუგალიასაც. საიდამ მოსულხართ, იქავ წადითო, თქვენ იქ ხელი არა გაქვთ, იქაური პატრონები იქაურივე მკვიდრნი არიან და თქვენ რაზე შესჩენიხართ ჭიასავით. მაგრამ სად არის ეს სამართალი? იგი თვალწინ ლამპარსავით უნთია ადამიანს მარტო იმ დრომდე, ვიდრე გახელებული ძალა არ მოვა და ერთის შებერვით არ ჩააქრობს ხოლმე.

ტფილისი, 20 იანვარი, 1890 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here