Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპის რეალიზმი და ეგოიზმი

დონალდ ტრამპის რეალიზმი და ეგოიზმი

1322
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის ვიზიტმა ახლო აღმოსავლეთში და ნატოს სამიტმა ბრიუსელში, სადაც მთავარი მოქმედი პირი სწორედ აშშის პრეზიდენტი გახლდათ, ნათლად აჩვენა, რომ ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას რამდენიმე საგულისხმო თავისებურება ახასიათებს. მთლიანობაში კი, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც პრაგმატული და, ამასთანავე, უკიდურესად ეგოისტური.

მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის სახალისო დეტალებს; მაგალითად, ცეკვას ხმლებით საუდის არაბეთში და ანეკდოტურ რეპლიკას, რომლითაც ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს მიმართა: “ჩვენ ახლახან დავბრუნდით ახლო აღმოსავლეთიდან”. რივლინმა საჭიროდ არ ჩათვალა, აეხსნა სტუმრისთვის, რომ ისრაელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, თუმცა თავის პოლიტიკურ განცხადებებში ტრამპი სავსებით ადეკვატური იყო.

როგორც უმცროსმა ბუშმა, ისე ობამამ პრეზიდენტობის დასაწყისში მკაფიოდ გამოხატეს, რომ რეგიონულ პოლიტიკაში წამყვანი როლის შესრულებას აპირებდნენ, მაშინ, როდესაც საუბრობდნენ ტერორიზმის დამარცხებაზე, სადამ ჰუსეინის ჩამოგდებაზე, პალესტინური კონფლიქტის დარეგულირებაზე თუ “არაბული გაზაფხულის” მხარდაჭერაზე, რომელიც სისხლიან ქაოსში გადაიზარდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს არ უცდია აშშ-ის წარმოჩენა პროცესების ლოკომოტივად. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რეგიონის ბედნიერ მომავალზე, უპირველესად, ადგილობრივმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ.

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ტრამპი მწვავედ აკრიტიკებდა ობამას ირანთან “ბირთვული გარიგებისთვის”, რასაც სანქციების ნაწილის მოხსნა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში “დათბობის” დაწყება მოჰყვა. გაპრეზიდენტების შემდეგ კი ტრამპმა ირანი ტერორიზმის მთავარ სპონსორად გამოაცხადა. საუდის არაბეთსა და ისრაელში, რომლებიც ირანის მიმართ ტრადიციულად კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებენ, მისმა პოზიციამ მოწონება დაიმსახურა. შედარებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აშშ-ის მესამე ძველი რეგიონული მოკავშირე _ თურქეთი, რადგან ის წარმატებით თანამშრომლობს ირანსა და რუსეთთან სირიაში (განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში) და ამას ქურთებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის წინაპირობად მიიჩნევს. ტრამპის მკვეთრად ანტიირანული პოზიცია ერდოღანს რთული დილემის წინაშე აყენებს.

პერსპექტივაში, ახალი ადმინისტრაციის ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს რეგიონში ორი დაპირისპირებული ბლოკის ფორმირებას. ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამძაფრებს დაპირისპირებას შიიტებსა და სუნიტებს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის და ორივეს გარე მოთამაშეები დაუჭერენ მხარს. “არაბულ-ისლამურ-ამერიკულ სამიტზე” ერ-რიადში აშშ-ის, საუდის არაბეთისა და 55 არაბული და ისლამური ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლის მეორე პუნქტში ნათქვამია: “ლიდერებმა სათანადოდ დააფასეს ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები, ალიანსისა, რომლის შემადგენლობაში ყოფნით მრავალი სახელმწიფო შეძლებს, თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში რეგიონსა და მთელ მსოფლიოში”. ამ ალიანსის ოფიციალური დაფუძნება 2018 წელს იგეგმება. ექსპერტებმა უკვე უწოდეს მას “არაბული ნატო” _ აშკარაა, რომ ის აშშ-ისა და საუდის არაბეთის ეგიდით შეიქმნება და მისი მთავარი სამიზნე ირანი გახდება.

მნიშვნელოვანია დეკლარაციის მე-5 პუნქტიც, მასში ნათქვამია: “ლიდერები მიესალმებიან არაერთი ისლამური სახელმწიფოს მზაობას, მონაწილეობა მიიღონ ტერორიზმთან მებრძოლ ისლამურ სამხედრო კოალიციაში და შექმნან 34 000-კაციანი ანტიტერორისტული რეზერვი, როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება”. ეს კონტინგენტი, სავარაუდოდ, დაეხმარება აშშ-სა და საუდის არაბეთს, სირიასა და ერაყში მათთვის სასურველი პოლიტიკა გაატარონ და ის მომავალი “არაბული ნატოს” ძირითადი ინსტრუმენტი გახდება.

ამ სამხედრო ძალისხმევას შეიარაღებით უზრუნველყოფა დასჭირდება და ამ მისიას საკუთარ თავზე, როგორც ჩანს, აშშ აიღებს. ტრამპმა საუდის არაბეთთან შეიარაღების მიწოდებაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური შეთანხმება გააფორმა. ასეულობით მილიარდი დოლარის დაკვეთა, რომელსაც აშშის სამხედროსამრეწველო კომპლექსი მიიღებს, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობას, რაც ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მნიშვნელოვანი სიახლეა, აგრეთვე, ორი ქვეყნის მიერ ახალი ფონდის შექმნა, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყებს მასშტაბური პროქტების ინვესტირებას აშშ-ის ტერიტორიაზე. პირველ ეტაპზე ამ ფონდში აკუმულირებული იქნება 40 მილიარდი დოლარი, შემდგომ ინვესტიციების მოცულობამ 100 მილიარდს უნდა მიაღწიოს. ალბათ, ესეც ერთგვარ “შენიღბულ ხარკად” უნდა ჩავთვალოთ. მთლიანობაში ტრამპმა საუდის არაბეთიდან 400 მილიარდზე მეტი დოლარი “წამოიღო”.

საუდის არაბეთი ძალზე მდიდარია, მაგრამ მისი ბიუჯეტი გადატვირთულია მეგალომანიური ხარჯებითა და სოციალური პროგრამებით; დეფიციტი საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. თუმცა საუდელებს, როგორც ჩანს, უღირთ ტრამპისთვის “ხარკის” გადახდა და ათეულობით მილიარდი დოლარის შეიარაღების შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ახლო პერსპექტივაში საუდის არაბეთის არმია ამ შეიარაღების დიდ ნაწილს, უბრალოდ, ვერ აითვისებს. ამის სანაცვლოდ, საუდიტები მიიღებენ თეთრი სახლის მხარდაჭერას ირანთან დაპირისპირებისა და “არაბული ნატოს” შექმნის პროცესში, რომელიც გაზრდის მათ გავლენას რეგიონში. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბოლო თვეებში ვაშინგტონმა არსებითად შეწყვიტა საუდის არაბეთის (თუნდაც რბილი) კრიტიკა ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. თვით ტრამპმა კი თქვა, რომ “ნოტაციების კითხვის” ნაცვლად აშშ-ის პოლიტიკა რეგიონში “პრინციპულ რეალიზმს” დაეფუძნება. “აქ იმისთვის როდი ჩამოვედით, რომ ლექციები გიკითხოთ, მოგიყვეთ, როგორც იცხოვროთ, ვინ იყოთ და ვის სცეთ თაყვანი. ამის ნაცვლად გთავაზობთ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს”, _ განაცხადა ტრამპმა. ამ “საერთო ღირებულებებს” ამერიკელმა ლიბერალებმა საკმაოდ მკვახე კომენტარები მოაყოლეს, თუმცა ტრამპს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

საინტერესოა, რომ არჩევნებამდე დონალდ ტრამპიტერორიზმის მთავარ სპონსორსსწორედ საუდის არაბეთს უწოდებდა და ბრალს სდებდა კორუფციულ კავშირში, როგორც ბუშებთან, ისე კლინტონებთან, თუმცა, როგორც ჩანს, ყოველივე ეს წარსულში დარჩა.

კიდევ ერთი, ტრამპისთვის მნიშვნელოვანი სამიტი ბრიუსელში გაიმართა. ფორმალური თვალსაზრისით, ეს არ იყო სამიტი (რადგან ნატოს სამიტები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება), არამედ _ “ლიდერების რიგგარეშე შეხვედრა”. მისი ორგანიზატორები, პრინციპში, არ მალავდნენ, რომ ამ თავყრილობის მთავარი მიზანია, მისცეს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავლის მიმართ. წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპმა ამ თემაზე არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მართალია, მოგვიანებით ისიც კი თქვა, რომ ნატოს “მოძველებულ ალიანსად” აღარ თვლის, თუმცა ბევრი რამ ევროპელი პარტნიორებისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა. შეხვედრისთვის შესაბამისი საბაბიც მოიძებნა _ ბრიუსელში ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნა, რომლის მშენებლობა 1,1 მილიარდი ევრო დაჯდა.

სამიტზე დონალდ ტრამპი ძალიან უხეშად მოიქცა, როდესაც გვერდზე გაწია ჩერნოგორიის პრემიერი დუშკო მარკოვიჩი, რათა უკეთესი ადგილი დაეკავებინა. მიუხედავად იმისა, რომ მარკოვიჩმა, რომლის ქვეყანა ნატოს ოფიციალური წევრი გახდება, მოგვიანებით თქვა, რომ ეს სრულიად უწყინარი ეპიზოდი იყო, რომელსაც მედიასა და სოციალურ ქსელებში საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა _ უმრავლესობამ მიიჩნია, რომ დონალდ ტრამპს, უბრალოდ, სურდა, ნათლად ეჩვენებინა, ვინ არის მთავარი მოქმედი პირი ბელგიის დედაქალაქში გამართული თავყრილობისა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩასვლამდე ცდილობდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვითი ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მისი ზეწოლის შედეგად მიიღეს. ევროპელები კი მიუთითებდნენ იმაზე, რომ შესაბამის შეთანხმებას ჯერ კიდევ 2014-ში, ნატოს უელსის სამიტზე მიაღწიეს. ბრიუსელში გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეიმუშავებენ თავდაცვის სფეროს დაფინანსების ყოველწლიურ გეგმებს, რომლებშიც განმარტებული იქნება, თუ როგორ აპირებენ ისინი, გაზარდონ მშპ ხარჯები 2 პროცენტამდე. ამ სახსრების მინიმუმ 20% შეიარაღებისა და ტექნიკის ძირითად სახეობებზე უნდა დაიხარჯოს. ეს დოკუმენტი, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს ნატოს პროგრამებისა და მისიების დაფინანსების გეგმას. ამასთანავე, გადაწყდა, რომ ნატო (ალიანსი და არა ცალკეული წევრი სახელმწიფოები) შეუერთდება კოალიციას, რომელიც აშშმაისლამურ სახელმწიფოსთანსაბრძოლველად შექმნა და ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს. ალიანსის წევრები ავღანეთის მისიის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამხედროები ამ ქვეყანაში კიდევ კარგა ხანს დარჩებიან.

ასე რომ, დონალდ ტრამპმა მიაღწია დასახულ მიზნებს როგორც ერ-რიადში, ისე ბრიუსელში, სადაც პარტნიორებს ლამის შანტაჟისტის როლში მოევლინა. ამ მხრივ, “პრინციპული რეალიზმის” პოლიტიკამ კარგი შედეგი მოუტანა, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთში ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ბლოკის ფორმირება დიდი ომისა და რეგიონის ტოტალური დესტაბილიზაციის საფრთხეს უკავშირდება. აშშ-მა ამ არეულობისას შეიძლება გარკვეული სარგებელი ნახოს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის გეოპოლიტიკური ეგოიზმი სავარაუდო კონფლიქტის მთავარ მონაწილეებსა და მათ მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here