Home სხვადასხვა დაიჯესტი დემოკრატია ევროკავშირულად: იტალიელებს ევროზონა ყელში ამოუვიდათ, ევროკავშირს კი იტალიელების აზრი ფეხებზე ჰკიდია

დემოკრატია ევროკავშირულად: იტალიელებს ევროზონა ყელში ამოუვიდათ, ევროკავშირს კი იტალიელების აზრი ფეხებზე ჰკიდია

1467
იტალია

მასალაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, კარგად ჩანს, როგორ დაახრჩო ევროკავშირმა თავისი ლიბერალური ეკონომიკური მიდგომებით საბერძნეთი, რომელსაც ფინანსური დახმარების სანაცვლოდ აიძულებს, გაყიდოს ნაციონალური სიმდიდრეები _ მიწა, პორტები და ანტიკური ძეგლებიც კი.

ახლა ცდილობს, ანალოგიურად მოექცეს იტალიასაც, რომლის ახალი მთავრობაც გააფთრებით იცავს ეროვნულ ინტერესებს. ამ ფონზე გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი, მისი მონური მორჩილება ევროკავშირის მიმართ, რომელსაც ქართველი ერის ნაციონალური ინტერესები ფეხებზე ჰკიდია. ევროკავშირის ჭკუაზე სიარული რომ დამღუპველია ქვეყნისთვის, კარგად ჩანს საბერძნეთისა და იტალიის მაგალითზე.

იტალიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი ეკონომიკური პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებულია მოთხოვნა ევროკავშირისადმი, რომ იტალიას ჩამოაწეროს ეროვნული ვალი 250 მლრდ ევროს ოდენობით და გაათავისუფლოს ქვეყანა სხვადასხვა შეზღუდვისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიელები დაიმუქრნენ, რომ დატოვებენ ევროს ზონას და დაუბრუნდებიან საკუთარ ვალუტას _ ლირას. ლიდერები პარტიებისა _ “მოძრაობა 5 ვარსკვლავიდაჩრდილოეთის ლიგა”, რომლებმაც 4 მარტს ჩატარებულ არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს, კოალიციური მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეკონომიკური უძრაობიდან გამოსვლას უზრუნველყოფს არა ლიბერალური რეცეპტები, არამედინვესტიციები და ექსპანსიონისტური სტრატეგია”.

რა სურს იტალიას?

2017 წელს იტალიის ეკონომიკამ მოიმატა მხოლოდ 1,5%-ით, ევროზონისთვის კი ეს მაჩვენებელი 2,5%-ია.

ვითარების გამოსასწორებლად გამარჯვებული პარტიების ლიდერებმა ჩაიფიქრეს ფისკალური ღონისძიებები, რომლებიც არსებითად განსხვავდება ევროპის ცეტრალური ბანკის პრიციპებისგან.

* კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 15%-მდე საშემოსავლო გადასახადის შემცირება მკვეთრად გაზრდის მათ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მაგრამ ყოველწლიურად 80 მლრდ ევროთი შეამცირებს შემოსავლებს ბიუჯეტში;

* საპენსიო რეფორმაზე უარის თქმა შეასუსტებს სოციალურ დაძაბულობას, მაგრამ ეს გამოიწვევს კიდევ 15 მლრდ-ის დაკარგვას;

* გაყიდვაზე დაწესებული გადასახადის მომატებაზე უარი _ ეს არის კიდევ მინუს 12,5 მლრდ ევრო. ჯამში 100 მლრდ-ზე მეტი გამოდის, თანაც, იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 131,8%-ია, _ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია ევროპაში საბერძნეთის შემდეგ. ევროკავშირის წესებით კი, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

იტალიელებს ესმით, რომ ერთი წესის დარღვევით დაარღვევენ მეორესაც _ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ მხრივ ვითარება ჯერ კიდევ არ არის მწვავე: იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით (Istat), 2017 წელს იტალიის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,3% იყო, მაგრამ ზემოხსენებული გეგმების რეალიზაციის შემთხვევაში ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 3%-იან ზღვარს.

სწორედ ამიტომ იტალიის წამყვანი პარტიების ლიდერებმა ორი მოთხოვნა წაუყენეს ევროკავშირს: პირველი _ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიის ვალიდან 250 მლრ ევრო ჩამოწეროს; მეორე _ გაუქმდეს ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც, იტალიელთა აზრით, დიდი ხანია, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. “ბოლო ათი წლის განმავლობაში საფრანგეთი გადადის დეფიციტის ზღვარს მიღმა. საფრანგეთისა და ესპანეთის ვალი მშპ-ს 60%-ზე მეტია”, _ მიუთითებს “ჩრდილოეთის ლიგის” წარმომადგენელი ეკონომიკის საკითხებში კლაუდიო ბორგი.

იტალიელები აფრთხილებენ ევროკავშირს: თუ ბრიუსელი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ქვეყანა გავა ევროზონიდან და დაუბრუნდება ნაციონალურ ვალუტას. კოალიციური მთავრობის სამუშაო ვარიანტში კონკრეტული ტექნიკური პროცედურებიც კი არის მითითებული ევროსგან თავის დასაღწევად და სავალუტო სუვერენიტეტის აღსადგენად.

რას იტყვის ევროკავშირი?

იტალიელების მოულოდნელმა დემარშმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ბრიუსელი. ცხადია, რომ ევროკავშირი ამ პირობებზე დათანხმებას ვერ შეძლებს.

ევროკავშირი მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ საბიუჯეტო პრობლემები ხარჯების შემცირებით, ლიბერალური საბაზრო რეფორმებითა და სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციით უნდა მოგვარდეს.

მაგალითად, საბერძნეთი, ევროკავშირიდან ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, იძულებული იყო, მოემატებინა გადასახადები, შეემცირებინა სოციალური პროგრამები და გაეყიდა ნაციონალური აქტივები. შედეგად, ათენთან ახლოს მდებარე პირეოსის საზღვაო პორტი (უდიდესი სამგზავრო პორტი ევროპაში, მესამე _ მსოფლიოში _ ლ. მ.) ახლა ჩინელების საკუთრებაა, ბერძნული სატელეკომუნიკაციო კომპანია გერმანელთა ხელში გადავიდა.

საბერძნეთში გასაყიდად გამოტანილია პორტები, კუნძულები, ელექტრო და ბუნებრივი აირის კომპანიები, მიწის დიდი ფართობები, მათ შორის, ათენის ძველი აეროპორტის რაიონი, ჰელენიკონი _ პლაჟებით, პარკებით, ტყეებითა და ანტიკური ძეგლებით.

ევროკავშირი კმაყოფილია შედეგებით. აპრილის ბოლოს ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში _ პიერ მოსკოვისიმ განაცხადა, რომ საბერძნეთს საგარეო დახმარება შეუწყდება 2018 წლის აგვისტოში. მისი აზრით, ეს მოწმობს, რომ საბერძნეთში კრიზისული პერიოდი დასრულდა.

ბერძნებს გაუხარდებათ, როცა შეიტყობენ, რომ ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან, შეუძლია ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა”, _ ამბობს მოსკოვისი, მაგრამ ბერძნები არ ჩქარობენ სიხარულის გამოხატვას.

ეს ოკუპაციაა. მათ დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა, _ აღშფოთებას ვერ მალავს არქიტექტორი, პროფესორი ელენი პორტალიუ, _ უცხოელი ინვესტორები აფთრებივით არიან: მათ იციან, რომ ჩვენ იძულებული ვართ, გავყიდოთ ნაციონალური სიმდიდრეები, კრედიტორებს კი მხოლოდ ფულის სასწრაფოდ მიღება სურთ, ამიტომ ფასები, უბრალოდ, სასაცილოა. და ჩვენ ყველა ფრონტზე ვმარცხდებით. უცხოელი ინვესტორები ჰელენიკონში მხოლოდ 900 მლნ ევროს იხდიან, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამ მიწას 3 მლრდ ევროზე ნაკლებად არ აფასებენ”.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ იტალიელები უარს ამბობენ, საბერძნეთის გზას დაადგნენ.

ნახვრეტი ბიუჯეტში

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი დათანხმდება იტალიის მოთხოვნების შესრულებას, ეს მაინც არ გამოუვა ფინანსური პრობლემების გამო. “ბრექსიტმა” ევროკავშირს, მნიშვნელობის მიხედვით, მესამე დონორი წაართვა _ დიდ ბრიტანეთს გაერთიანებული ევროპის ბიუჯეტში 12,76 მლრდ ევრო შეჰქონდა და მხოლოდ 7,05 მლრდ-ის ოდენობის დოტაციას იღებდა. გამოდის, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში თითქმის 6-მილიარდიანი ნახვრეტი ჩნდება. ბრიუსელის მცდელობას, ეს ნახვრეტი ამოავსოს სხვა წევრებისთვის შენატანების მომატებით, სასტიკი წინააღმდეგობა ხვდება.

მაგალითად, გაერთიანებული ევროპის 2021-2027 წლების ბიუჯეტზე მსჯელობისას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა განაცხადა: “წინადადება შენატანების მომატებაზე მიუღებელია ჩვენი მთავრობისთვის”. მას მხარში ამოუდგა დანიის პრემიერმინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი, რომელმაც განაცხადა, რომ “დაპატარავებულმა ევროკავშირმა ბიუჯეტიც უნდა დააპატარავოს”. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა შვედეთის ფინანსთა მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმაც, რომელმაც ევროკავშირის ახალ ბიუჯეტს “არაგონივრული” უწოდა. და, თუ ასეთ კამათს იწვევს 6 მილიარდი ევრო, ადვილი წარმოსადგენია, რა აურზაური ატყდება 250 მლრდ-ზე.

დასასრულ, თუ ევროკავშირი დათანხმდება იტალიის მოთხოვნების შესრულებას, ამით შექმნის პრეცედენტს, რომლითაც ისარგებლებენ საბიუჯეტო პრობლემების მქონე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, საფრანგეთი და ესპანეთი. ასე რომ, ევროკავშირი იტალიის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

თავის მხრივ, იტალიელებსაც არ შეუძლიათ უკანდახევა _ ამჟამინდელ მთავრობას არ აქვს მდგომარეობის გამოსწორების შანსი, თუ საბიუჯეტო პოლიტიკა არ შეიცვლება. დიდი ბრიტანეთის მაგალითი კი აჩვენებს, რომ გაერთიანებულ ევროპასთან განშორებით გამოწვეული ზარალი ასატანი იქნება, თუმცა ამის შედეგად მრავალი პრობლემა მოგვარდება, მათ შორის, მიგრაციის. ასე რომ, ევროზონიდან იტალიის გამოსვლა სრულიად რეალურია.

ამა წლის თებერვალში Economist Intelligence Unit-მა, ჟურნალ The Economist-ის შვილობილმა გამოცემამ, ევროზონის დაშლა მსოფლიოს ეკონომიკის მთავარი რისკების ათეულში შეიტანა.

საშუალოვადიანი პერსპექტივიდან არ გამქრალა ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის რისკი, ეკონომიკურმა პრობლემებმა კი, შესაძლოა, იტალიასაც უარი ათქმევინოს ევროზე. ევროზონიდან იმ ქვეყნების გასვლა, რომლებიც კრიზისს განიცდიან, გამოიწვევს მათი ვალუტების ძლიერ დევალვაციასა და უუნარობას, ევროში გადაიხადონ ვალები. ბანკები ძალიან დაზარალდებიან ამ ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების გამო. ამ ყველაფერს კი შეუძლია მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგოს”, _ წერენ Economist Intelligence Unitის ექსპერტები.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

P.S.იტალიაში ახალი მთავრობის შემადგენლობა ვერ დაამტკიცეს. იურისტმა ჯუზეპე კონტემ უარი განაცხადა, სათავეში ჩასდგომოდა იტალიის კოალიციურ მთავრობას. ეს მოხდა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან კონფლიქტის გამო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პაოლო სავონის კანდიდატურას ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოსტზე. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს გააკეთა სავონის განცხადების გამო ევროზონიდან იტალიის გამოსვლის შესახებ და დასძინა, რომ ეს დანიშვნა ცუდად აისახება იტალიის მოსახლეობის კეთილდღეობაზე და შეაშინებს ინვესტორებს. მატარელას მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელად სურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მაღალჩინოსანი კარლო კოტარელი, რომელიც, ალბათ, გულმოდგინედ შეასრულებს ევროკავშირის მითითებებს. ასეა _ ოღონდ ევროკავშირის მაღალჩინოსნები არ გაანაწყენონ და პრეზიდენტი ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც იტალიაა, ცდილობს, საზიანო ნაბიჯები გადადგას და ქვეყანას ეკონომიკური კრიზისისკენ უბიძგოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here