Home რუბრიკები საზოგადოება დაფნის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

დაფნის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

8486
დაფნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

კეთილშობილი დაფნა მრავლდება, როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად. თესლით გამრავლების დადებითი მხარეა: ნერგების მეტი რაოდენობით მიღების შესაძლებლობა; გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი; სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების ნაკლები საფრთხე. უარყოფითი მხარეა: ნარგავების სიჭრელე და გვიანი მსხმოიარობა.

სანერგის მოწყობა

ერთი კგ დასათესად გამზადებული კანგაცლილი თესლი 800-1000 ცალ მარცვალს შეიცავს. დაფნის თესლი ადრე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ მას სანერგეებში შემოდგომაზე თესავენ, თესვის საუკეთესო დროა ნოემბერი, გაზაფხულზე _ 25 თებერვალი -16 მარტი. ერთ ჰექტარზე ითესება 500 კგ თესლი. დაფნის გასაშენებლად უკეთესია ორწლიანი სტანდარტული ნერგი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, რომლის სიმაღლე 20 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე ადრე გაზაფხულზე უნდა დაითესოს დაფნის სტრატიფიცირებული თესლი. ტენიანი სუბტროპიკული ზონის თბილი და რბილი ზამთრის პირობებში დაფნის თესლი შემოდგომაზე უნდა დაითესოს _ სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე. დაფნის თესლს უნდა ჰქონდეს ტენი არანაკლები 32%-სა, 95-98% სიწმინდე და არანაკლები 75%-სა აღმოცენების უნარი. ერთი ჰა სანერგისათვის საჭიროა 500 კგ თესლი. მცირე ზომის სანერგეებში დაფნა უნდა დაითესოს 30 სმ-ით დაცილებულ ღარებში. შემოდგომაზე ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ უნდა იყოს, საგაზაფხული თესვისას კი _ 5-6 სმ; თესლი უნდა დაითესოს ერთმანეთისაგან 5-6 სმ-ის დაცილებით. დაფნის თესლი, ტენით უზრუნველყოფისას პლუს 8 გრადუსზე იწყებს გაღივებას, 10-12 გრადუსზე კი – აღმოცენებას. მასობრივად აღმოცენება იწყება პლუს 16-20 გრადუსზე. აღმონაცენი მზის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად უნდა დაიჩრდილოს ერთფენა დოლბანდით ან სხვა მასალით.

სანერგისთვის უმჯობესია, შეირჩეს ვაკე ან ოდნავ დაქანებული, ქარებისაგან დაცული, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, ტრანსპორტის მიმოსასვლელად მოხერხებული ფართობი. სანერგისათვის საუკეთესო ნიადაგია ალუვიურ დანალექებზე წარმოქმნილი ქვეთიხნარი ან ქვექვიშნარი, შედარებით მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი ნიადაგები.

მეტი რაოდენობით სტანდარტული ნერგის მისაღებად საჭიროა დაფნის სანერგეში მოვლის ღონისძიებათა კომპლექსის დროულად გატარება. მწკრივებსა და მწკრივთაშორისებში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნიადაგი 4-6-ჯერ უნდა გაფხვიერდეს. თუ ნიადაგი კარგად არის განოყიერებული, მაშინ თესლნერგებს დამატებითი გამოკვება არ დასჭირდება. საკვები ელემენტების სიმცირისა და ტენის ნაკლებობისას მცენარე უნდა გამოიკვებოს და მოირწყას. ზრდაში ჩამორჩენილი ნერგის გამოსაკვებად გამოყენებული უნდა იქნეს ამონიუმის გვარჯილის 0,2-0,3%-იანი ხსნარი. სანერგე მეურნეობებში კარგ შედეგს იძლევა თესლნერგების წუნწუხით გამოკვება, რასაც 2-3-ჯერ იმეორებენ.

დაფნის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ტენიანი სუბტროპიკული ჰავის პირობებში კარგი მოვლის შემთხვევაში ერთი სავეგეტაციო წლის განმავლობაში შესაძლებელია 60-75%-მდე დაფნის სტანდარტული ნერგის მიღება. მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში ერთ სავეგეტაციო პერიოდში სტანდარტული ნერგების მიღება ძნელია.

პლანტაციის გაშენება

ერთ ჰექტარ სანერგეში სტანდარტული ნერგის გამოსვალი 100-150 ათასი ცალი ნერგია. ამოღებისას საჭიროა ნერგი ბელტიანად იქნეს ამოღებული და, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ფესვები. დაფნის ნერგის გახარება დამოკიდებულია ამოთხრილი ნერგების დროულად გადატანასა და დარგვაზე. ნერგები ღრუბლიან ამინდში უნდა იქნეს ამოღებული. დაფნის შემწოვი ფესვები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით ადვილად იღუპება, ამიტომ მათი გაშიშვლება მიზანშეუწონელია. ამოთხრისას, თუ ბელტი დაიშალა, რაც მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ნაზი ქსოვილების გამოშრობისაგან დასაცავად, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოვლებული ნაკელ-თიხისაგან შემზადებულ წუნწუხში. ნერგები ამოთხრისთანავე სტანდარტის მიხედვით უნდა დახარისხდეს და გაიგზავნოს პლანტაციის გასაშენებლად. საფოთლე პლანტაციის გასაშენებლად არასტანდარტული ნერგის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ერთწლიანი სტანდარტული ნერგით დაფნის პლანტაციების გაშენება ეკონომიკურად მიზანშეწონილი და აგრონომიულად გამართლებულია. ორწლიანი ნერგების გამოყვანისას ან კიდევ არასტანდარტული ნერგების გასაძლიერებლად სანერგეში დაბრუნების დროს მეორე წელს მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებები პირველი წლის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ ნერგების ზრდის გასაძლიერებლად 1 ჰა-ზე შეტანილი უნდა იქნეს 750 კგ აზოტმჟავა ამონიუმი. დაფნის ნერგი გამოჰყავთ აგრეთვე შეხავსებულ კოშტებში, ან პოლიეთილენის პარკებში.

პოლიეთილენის პარკებში ნერგების გამოსაყვანად საჭიროა, ნეშომპალა კარბონატული და წითელმიწა ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის, გადამწვარი ნაკელისა და ტორფის კომპოსტისგან წინასწარ მომზადდეს საკვები ნაზავი. კეთილშობილი დაფნის პლანტაცია შეიძლება გაშენდეს ზღვის დონიდან 500-600 მ სიმაღლემდე, გასაშენებლად გამოსადეგია სწორი ადგილები.

პლანტაციის თესლით გაშენებისას საჭიროა 50 სმ სიგანის და 30 სმ სიღრმის სათესი ზოლის გაფხვიერება. ზოლის ცენტრის ყოველ 50 სმ მანძილზე უნდა ჩაისვას ჩხირები, რომლითაც აღინიშნება ბუდნის ადგილი.

გაშენების ოპტიმალური ვადაა ოქტომბერ-ნოემბერი. ამ ვადებში დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია გაზაფხულის რგვასთან შედარებით. დაფნის პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: ინდივიდუალურით (ბუჩქური) და შპალერულით. ინდივიდუალური წესით გაშენებისას ნაკვეთი ისე იგეგმება, რომ რიგების დაშორება _ 1,5 მეტრი და რიგებში მცენარეთა შორის მანძილი ერთი მეტრი უნდა იყოს; შპალერული გაშენებისას მანძილი შპალერებს შორის_ 1,6-1,8 მეტრი, ხოლო რიგებში მცენარეთა შორის 50 სმ უნდა იყოს.

დაფნის პლანტაციებში, განსაკუთრებით პირველ სამ-ოთხ წელს, მწკრივთაშორისები შეიძლება გამოყენებული იქნეს სოიოს, ლობიოსა და სხვა დაბალმოზარდი ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად, რითაც შემცირდება დაფნის პლანტაციის მოვლაზე გაწეული ხარჯები. თუკი მწკრივთაშორისები სხვა კულტურებით არ არის დაკავებული, იგი პერიოდულად უნდა გაფხვიერდეს და გაიწმინდოს სარეველებისაგან. შეიძლება ჰერბიციდების გამოყენებაც, დაფნის გაშენების პირველ წლებში დაფნის კულტურისათვის შემუშავებული აგროტექნოლოგიის თანახმად, პლანტაციის მოვლის მიზნით, ტარდება ნიადაგის კულტივაცია, განოყიერება, მორწყვა. კულტივაცია ტარდება წელიწადში 3-4-ჯერ. მშრალ რაიონებში _ 5-8 მორწყვა, ხოლო ტენიან რაიონებში 2-3-ჯერ (გვალვის შემთხვევაში).

სრულმოსავლიან, ძლიერ პლანტაციებში, სადაც მწკრივები შეკრულია, ნიადაგის საზამთრო გადაბარვა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ 10-12 სმ სიღრმეზე. Gგადაბარვის ვადა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდეა.

დაფნის კულტურის ზრდა-განვითარებას და მის პროდუქტიულობას ზღუდავს სხვადასხვა მავნებელი და დაავადება. მათგან დაზიანებული ფოთოლი დაბალი ხარისხისაა. ძლიერი დაზიანებისას მცენარეები ზოგჯერ იღუპება კიდეც; აუცილებელია პერიოდულად ფიტოსანიტარული მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პლანტაციის განოყიერება

დაფნის პლანტაციაში სასუქების შეტანა დიფერენცირებულად ხდება _ პლანტაციის ასაკის, მოსავლიანობის, ნიადაგის ტიპისა და ნაყოფიერების გათვალისწინებით. საუკეთესო შედეგს იძლევა პლანტაციაში ორგანული სასუქების გამოყენება. ნიადაგის საზამთრო გადაბარვის დროს 4 წელიწადში ერთხელ შეაქვთ 50 ტონა ნაკელი. მინერალური სასუქებიდან გამოიყენება აზოტიანი სასუქი. აზოტიანი სასუქებიდან მჟავე ნიადაგებზე უპირატესობა ეძლევა ამონიუმის გვარჯილას, ნეიტრალურ და კარბონატულ ნიადაგებზე _ ამონიუმის სულფატს. ახალგაზრდა (4 წლამდე) პლანტაციაში შეაქვთ 50კგ/ჰა აზოტი სრულმოსავლიან პლანტაციაში _ 2-3 ტონა მოსავლის პირობებში _ 150კგ/ჰა; 4-5 ტონა მოსავლის პირობებში – 200კგ, ხოლო 5 ტონაზე მეტ მოსავლიან პლანტაციაში– 250 კგ/ჰა აზოტი;

ფოსფორის სიმცირის შემთხვევაში დაფნის მცენარე დაკნინებულია. ფერხდება რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნა და ეთერზეთების დაგროვება. წითელმიწა და ეწერ ნიადაგებზე უმჯობესია ფოსფორიტის ფქვილის შეტანა 150 კგ ჰექტარზე ნეშომპალა-კარბონატულ და ალუვიურ ნიადაგზე _ 100კგ ჰექტარზე.

კალიუმით შიმშილისას დაფნის ფოთლებზე შეიმჩნევა “კიდეების სიდამწვრე”, მცირდება ფოთლის ხარისხი. კალიუმიანი სასუქებიდან დაფნის პლანტაციებში გამოიყენება 50-60%-იანი ქლორკალიუმი, ან 30-40%-იანი კალიუმის მარილი 200 კგ ჰა-ზე ორ წელიწადში ერთხელ.

მაგნიუმით შიმშილი იწვევს ქვედა ფოთლების ძარღვთაშორისების ქლოროზს, რითაც საგრძნობლად მცირდება მიღებული ფოთლის ხარისხი,

დაფნის პლანტაციაში მიზანშეწონილია მწვანე სასუქების გამოყენება. კარგ შედეგს იძლევა შემოდგომა-ზამთრის სიდერატების თესვა.

დაფნის პლანტაციის ექსპლოატაცია

დაფნის ახალგაზრდა ნარგავებში პირველი მოსავლის აღება იწყება 3 წლიდან. ამ მომენტში ბუჩქი იჭრება 10-15 სმ სიმაღლეზე. დაფნის ნარგავების მორიგი გადაჭრა ხდება წინა გასხვლაზე 10 სმ-ის ზევით ე.ი., ფესვის ყელიდან 20-25 სმ სიმაღლეზე. მოსავლის აღება 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე ტარდება. აჭრილი ღერო-ფოთლები კონებად უნდა შეიკრას და კარგი ვენტილაციის ფარდულებში მოთავსდეს. მზეზე ფოთლების გაშრობა დაუშვებელია. ნორმალურ პირობებში 8-10-წლიანი პლანტაცია სრულმოსავლიანია. სტანდარტული ნედლეული შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: ფოთოლს უნდა ჰქონდეს 12%-მდე ტენიანობა, მწვანე ფერი და გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს; არ უნდა შეიცავდეს 0,5%-ზე მეტ სხვადასხვა მინარევს. დასაშვებია 10%-მდე 2 მმ-იანი დიამეტრის ყლორტები; მოყვითალო მწვანე ფოთლები და 4%-მდე 4 მმ-იანი ახალგაზრდა ყლორტები. ფოთლების მოცილების შემდეგ დარჩენილი დაფნის ერთ-ორწლიანი ტოტი 0,3-დან 0,4%-მდე ეთეროვან ზეთს შეიცავს. ის ეთერზეთის მისაღებად შესაბამის ქარხნებს უნდა ჩააბარონ.

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში დაფნის წარმოების დონე საკმაოდ მაღალი იყო. რესპუბლიკის მოთხოვნა სრულად კმაყოფილდებოდა და მეტი წილი წარმოებული პროდუქციისა საექსპორტოდ მზადდებოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დაფნის კულტურის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცევა, რის გამოც საზღვარგარეთის რიგი ქვეყნების მოთხოვნა საქართველოში წარმოებულ დაფნაზე ვერ კმაყოფილდება, განსაკუთრებით _ დაფნის ეთეროვან ზეთზე. ეს განპირობებულია დაფნის მწვანე მასის (ძირითადად ფოთლები) უაღრესად დაბალი შესასყიდი ფასით _ 1კგ 30-50 თეთრი. აუცილებელია შესასყიდი ფასების მომატება. დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ხაზით იგეგმება, სრულიად შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში არსებული დაფნის სამრეწველო პლანტაციების დაბალპროდუქტიული მცენარეები. ამ ღონიძიებების გატარება მნიშვნელოვნად აამაღლებს დაფნის კულტურის წარმოების რენტაბელობის დონეს, შეამცირებს დაფნის მცენარისაგან მიღებული ეთეროვანი ზეთის თვითღირებულებას, რითაც, საბოლოო ჯამში, გაიზრდება საქართველოდან დაფნის ეთეროვანი ზეთის ექსპორტი.

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here