მთავარი საზოგადოება დაუმარცხებელი როკი

დაუმარცხებელი როკი

191
გააზიარეთ
როკი მარჩიანო

შესანიშნავმა ამერიკელმა მოკრივემ როკი მარჩიანომ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული 1952 წელს მოიპოვა, ოთხი წლის შემდეგ კი რინგი ისე დატოვა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა. პროფესიულ რინგზე მარჩიანომ 49 ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა, მათგან 43-ში _ ნოკაუტით.

კრივის მოყვარულები მარჩიანოს ადარებდნენ ბულდოგს, რომელიც ჩააფრინდება მსხვერპლს და არ უშვებს, სანამ არ დაგლეჯს. მარჩიანო მართლაც გააფთრებით იბრძოდა, ახლო ბრძოლაში კი მოწინააღმდეგეს მოკლე მძლავრი დარტყმებით უმასპინძლდებოდა. როკის სიმაღლე 180 სმ იყო და 86 კგ-ს იწონიდა. მისი თითქმის ყველა მეტოქე კი მაღალი და მძიმე იყო, ამიტომ როკის გრძელ და საშუალო დისტანციებზე გამარჯვების ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა მის სულისკვეთებასა და ნებისყოფას.

მარჩიანოს თითქმის ყველა ორთაბრძოლა მძიმედ მიმდინარეობდა _ ის იტანდა მეტოქის მძლავრ, მტკივნეულ დარტყმებს და უფრო მძლავრი დარტყმით პასუხობდა. მაგალითად, უკვე მობერებულ ჯო ლუისთან გამარჯვების შემდეგ მარჩიანო ორი კვირის განმავლობაში ვერ გადიოდა ქუჩაში, ისე ჰქონდა სახე დამახინჯებული დარტყმებისგან.

როკი მარჩიანო
როკი მარჩიანო

როკი მარჩიანო (ნამდვილი სახელი _ როკო ფრენსის მარკეჯიანო) 1923 წლის 1 სექტემბერს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბროკტონში, იტალიელი ემიგრანტის ოჯახში. მამა ინვალიდი იყო და დიდი ოჯახის გამოკვების თავი არ ჰქონდა, ამიტომ როკის პატარაობიდანვე მოუწია არსებობისთვის ბრძოლა _ რეცხავდა ჭურჭელს ბარებში და ასუფთავებდა ქუჩებს. ჭაბუკობის წლებში მუშაობდა მიწის მთხრელად და მილების ჩამწყობად. როკი ბავშვობიდან მისდევდა სპორტს, თუმცა, თავდაპირველად დაკავებული იყო არა კრივით, არამედ ბეისბოლით. ოცნებობდა წარმატებაზე ამერიკელების ამ საყვარელ თამაშში, მაგრამ ხელი მოიტეხა და ბეისბოლს თავი დაანება, თანაც 1943 წელს 20 წლის როკი ჯარში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მარჩიანო მსახურობდა ერთ-ერთ გემზე, რომელიც ინგლისის სანაპიროს იცავდა. ნაპირზე ჩასვლისას ახალგაზრდა მეზღვაური ხშირად სტუმრობდა ინგლისურ პაბებს (ლუდხანებს). ერთერთ პაბში ისე გაუსწორდა ხულიგანს, რომ დაწესებულების მეპატრონემ მარჩიანო დაითანხმა ჩხუბში მონაწილეობაზე, რომელსაც ის შაბათობით აწყობდა კლიენტებისთვის, ორთაბრძოლის მონაწილეებს კი გარკვეულ თანხას უხდიდა.

როდესაც ომი დასრულდა და მარჩიანო ამერიკაში დაბრუნდა, სურდა, სწორედ კრივში მიეღწია წარმატებისთვის. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, სხვათა შორის, ბევრი რამ ვარჯიშის მეთოდიკაში თვითონ გამოიგონა. მაგალითად, პირველმა დაიწყო თავისი განთქმული მოკლე დარტყმების დახვეწა აუზში. წყლის წინაღობის დაძლევა რთულია, მაგრამ ის ყოველდღიურად 2 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა ასე. იდეალური სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად მარჩიანო პურიტანელივით ცხოვრობდა _ უარი თქვა ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოზე და ზედმიწევნით იცავდა რეჟიმს.

როკი მარჩიანო
როკი მარჩიანო

როკი მარჩინოს აღმასვლა დაიწყო გამოცდილი მენეჯერის _ ელ ვეილის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეძლო ბროკტონელი ბიჭის რეკლამირება და დიდი ფინანსური მოგების მიღება თითოეული მატჩიდან.

მარჩიანომ პროფესიულ რინგზე პირველი ორთაბრძოლა 1947 წლის 17 მარტს გამართა და, მიუხედავად იმისა, რომ გაიმარჯვა, ბრძოლის მანერით მაყურებლები ვერ მოხიბლა. მას მხოლოდ მომდევნო წელს მიაპყრეს ყურადღება, დიდება კი მოუტანა ჯო ლუისთან 1951 წლის 26 ოქტომბერს გამართულმა მატჩმა. მსაჯებმა მერვე რაუნდში შეწყვიტეს ორთაბრძოლა და გამარჯვება როკის მიაკუთვნეს, ამის შემდეგ მარჩიანო ზედიზედ ამარცხებდა მეტოქეებს და უახლოვდებოდა გადამწყვეტ ორთაბრძოლას მძიმე წონაში იმჟამინდელ აბსოლუტურ ჩემპიონ ჯერსი ჯო უოლკოტთან. ეს შეხვედრა გაიმართა 1952 წლის 23 სექტემბერს ფილადელფიაში 40 ათასი მაყურებლის თვალწინ. უოლკოტი 9 წლით უფროსი იყო მარჩინოზე, მაგრამ ბრძოლა მძიმე აღმოჩნდა. ერთერთი რეპორტიორი წერდა:

`ფსონებს მარჩიანოზე დებდნენ შეფარდებით 9:5-ზე. 38 წლის უოლკოტმა იცოდა, რომ პრეტენდენტის ენერგიულ შეტევებს 15 რაუნდის განმავლობაში ვერ გაუძლებდა, ამიტომ პირველივე რაუნდში შეეცადა, ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაესრულებინა. უოლკოტმა ისე დაარტყა მარჩიანოს, რომ ის დაეცა, თუმცა რეფერის თვლაზე `ოთხი” უკვე ფეხზე იყო. მაყურებლები, რომლებსაც ფსონი მარჩიანოს მოგებაზე ჰქონდა, შოკში იყვნენ, ბევრი ფიქრებში უკვე გამოეთხოვა თანხას. მეორე და მესამე რაუნდებში საინტერესო არაფერი მომხდარა იმის გარდა, რომ მარჩიანოს თვალი ჩაულურჯდა უოლკოტის დარტყმის შემდეგ. ცოტა ხნის შემდეგ ჯერსი ჯომ კვლავ ჩააგდო რთულ მდგომარეობაში როკი, მაგრამ მან ისევ შეძლო ფეხზე დადგომა. მეცხრე რაუნდი ყველაზე მძიმე და შეუპოვარი აღმოჩნდა. უოლკოტმა იდაყვი ჩაარტყა კეფაში მარჩიანოს და ძველი იარა გაუხსნა. ეს რაუნდი მცირე უპირატესობით მაინც მარჩიანომ მოიგო და, როდესაც რინგის კუთხეში მიდიოდა, პირველად გაიღიმა. მეთერთმეტე რაუნდში უოლკოტმა ძალღონე მოიკრიბა და მარჩიანოს შეუტია. ტრიბუნების ბოლო რიგებიდანაც ჩანდა, რომ როკის ცხვირი გაუტყდა, თვალი კი მწიფე ქლიავს დაემსგავსა, მაგრამ ტკივილს არად აგდებდა.

მეთორმეტე რაუნდის შემდეგ ჩარლი გოლდონმა, როკის მწვრთნელმა, ჭრილობიდან სისხლის მოწმენდისას უთხრა თავის შეგირდს: `ახლა, აუცილებლად უნდა დააგდო ჯო, სხვა შემთხვევაში დამარცხდები”. როკიმ თავი დაუქნია.

მეცამეტე რაუნდში მარჩიანომ რინგის კუთხეში მოიმწყვდია ჩემპიონი, მაგრამ მარცხენა ხელით დარტყმა წარუმატებული იყო, უოლკოტი შეეცადა, რინგის შუაში გასულიყო, მაგრამ როკის საშინელმა მარჯვენა ჰუკმა მსოფლიოს ჩემპიონი მუხლებზე დასცა. 2-3 წამის განმავლობაში უოლკოტი არ განძრეულა შემდეგ კი ხელებგაშლილი გაიშხლართა რინგზე. რეფერიმ მარჩიანო მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონად გამოაცხადა.

რინგზე შეუბრალებელი მარჩიანო ცხოვრებაში რბილი და ტაქტიანი ადამიანი იყო. ინტერვიუში არასოდეს უთქვამს ცუდი მოწინააღმდეგეზე. როცა ნოკაუტში გაგზავნა ერთ-ერთი მეტოქე კარმინო ვინგი და ის 2 დღე-ღამის განმავლობაში გონს ვერ მოდიოდა, გამარჯვებული მარჩიანო ამ ხნის განმავლობაში საავადმყოფოში იყო და თვალი არ მოუხუჭავს, გამოჯანმრთელებულ ვინგის კი მარჩიანომ მატჩში აღებული ჰონორარი გადასცა. როკი მარჩიანო 1956 წლამდე იყო მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ამ ხნის განმავლობაში ტიტული 5-ჯერ დაიცვა. კრივიდან ის ცოლის თხოვნის შემდეგ წავიდა, რადგან, როგორც ჭეშმარიტ იტალიელს, მიაჩნდა, რომ ოჯახზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია. 1956 წლის 27 აპრილს მარჩიანომ განაცხადა, რომ ტოვებდა პროფესიონალურ რინგს. მან 49 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

კრივისთვის თავის დანებების შემდეგ როკი მარჩიანომ მეწარმეობა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. კრივში მოპოვებულ მილიონებს ბიზნესიდან შემოსული ფულიც დაემატა. 1957 წელს კი გადაიღეს ფილმში `კაპიტანი დევიდ გრიფი”. რამდენიმე წლის განმავლობაში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა ოჯახთან, მაგრამ 1969 წლის 31 აგვისტოს, როცა აიოვას შტატის თავზე მიფრინავდა, როკის კუთვნილმა პატარა თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და ქალაქ ნიუტონთან ჩამოვარდა.

მეორე დღეს როკი მარჩიანოს 46 წელი უნდა შესრულებოდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here