რამდენ ხანს ძლებს ადამიანი საკვების გარეშე? როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანს რამე ქრონიკული დაავადება აქვს, შიმშილობისას გამწვავდება და მდგომარეობა მალე დამძიმდება. თუ ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ 5 დღის ან 1 კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს პროცესი, რომელიც, როგორც წესი, შიმშილობას მოჰყვება ხოლმე. დიდი-დიდი ერთი კვირის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა მოიშლება და იწყება ინტოქსიკაცია. ადამიანი იწყებს დაუძლურებას. შესაძლოა, განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, პრობლემა შეექმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნაღვლის ბუშტს… სისხლში მცირდება შაქრის დონე. ათი დღის შემდეგ ადამიანს უჭირს გადაადგილება, საუბარი…
ნამდვილად არ გვსურს, ისე გაიგოთ, რომ ვიღაცებს ლუკმასა და დღეებს ვუთვლიდეთ, მაგრამ ეს კინო ნანახი გვაქვს – მიხეილ სააკაშვილზე რომ გვეუბნებოდნენ, კვდებაო, საკვებს ვერ იღებს და, რასაც იღებს, უკან აბრუნებსო, ეს იყო კარგად დაგეგმილი შიმშილობის პროცესი, რომლის დროსაც მიშას უნდა ჰქონოდა ავადმყოფის სახე, დაეკლო წონა, უნდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ცუდად არის, რომ კვდება, რათა სამკურნალოდ წაეყვანათ რომელიმე „მოძმე ქვეყანაში“, სადაც ორ დღეში ფეხზე დააყენებდნენ, გაუშვებდნენ და გათავისუფლებული სააკაშვილი კვლავ შეეცდებოდა ხელისუფლების შეცვლას. ჰო, არც იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უმძიმეს დიაგნოზებს უსვამდნენ, არც სხვებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მიშას კლავს, ბოდიში არ მოუხდიათ და ეს ამბავი ისე მიაფუჩეჩეს და დაივიწყეს, თითქოს არც მომხდარა…
20 დღეზე მეტი გავიდა, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი შიმშილობს; ქალი, რომელიც გისოსებს მიღმა იმიტომ მოხვდა, რომ პოლიციელს სილა გააწნა და ეს გააკეთა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული დარღვევის გამო დააჯარიმეს და გამოუშვეს. ამ ამბიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ამაღლობელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა – პოლიციელს დაესხა თავს… ახლა კი, მიშასი არ იყოს, პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ანუ, დასავლეთისა და ოპოზიციისთვის პოლიტპატიმარი გახდა ადამიანი, რომელმაც ტელეკამერების წინ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

ჰოდა, დაიწყო შიმშილობა ქალბატონმა მზიამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმები, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ახლაც ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ევროპა და აქაური ოპოზიცია ზუსტად იმ წრეზე მიდიან, რომელზეც ადრე მოძრაობდნენ – ისინი დაკავებულთან ექიმთა ჯგუფის შეშვებას ითხოვენ, რათა დასკვნა მათ დადონ და, რაც მთავარია, ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც თავის დროზე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ სააკაშვილი კვდება და მას, დღეები კი არა, საათები დარჩაო. ისე, მიშა მაშინ არც წვერს იპარსავდა, არც ბანაობდა, უფრო საცოდავი რომ გამოჩენილიყო, ანუ ზუსტად ასრულებდა იმ მითითებებს, რომლებსაც გარედან იღებდა. საინტერესოა, რა მითითებებს აძლევენ ამაღლობელს. ის, რომ 20 დღე მოშიმშილე ადამიანს ვიზუალურადაც კი არაფერი ეტობა, ბევრ კითხვას აჩენს. მეტიც, ერთ-ერთმა ყოფილმა ტელეწამყვანმა ისიც თქვა, მზია ამაღლობელის სახელსა და გვარში თითო ასო „ე“-თი რომ ჩავანაცვლოთ, „მზეა ამაღლებული“ გამოვა და ეს ნიშანია ზემოდანო; ისიც კი არავინ უთხრა, ამის თქმა იმის ნიშანია, იდიოტიზმის პიკი გაქვსო. პირიქით, ტაში დაუკრეს და შეაგულიანეს.
არ ვამბობთ, რომ იმ ექიმებს, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილს სინჯავდნენ და დასკვნებს დებდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინიც სხვის დაკვეთას ასრულებდნენ, ანუ ტყუილს ამბობდნენ. და ახლა ვინ არის იმის გარანტორი, რომ ისევ არ იცრუებენ და ისევ არ იტყვიან იმას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება? თანაც, სურთ თუ არა, მათ აუცილებლად ექნებათ დაუსჯელობის სინდრომი, რადგან იმ თვეების განმავლობაში, როცა მიშას დიაგნოზზე მთელ მსოფლიოს ატყუებდნენ, არავინ დაუსჯიათ, პირიქით – გმირებადაც კი გამოაცხადეს, იმ გმირებად, რომლებიც თურმე „რეჟიმს“ ამხელდნენ, სინამდვილეში კი ცრუობდნენ. იყო თუ არა ეს მათი მხრიდან უტიფრობა? იყო თუ არა ეს მათი მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი? ისინი ხომ ამბობდნენ, რომ სახლმწიფო კლავდა ყოფილ პრეზიდენტს და ამით საერთაშორისო ასპარეზზე აშავებდნენ ქვეყანას? ჰოდა, ახლაც იგივე რომ თქვან… ან რატომ არ უნდა თქვან?!
საერთოდ, დღეს რაც საქართველოს ირგვლივ ხდება, ცალკე განხილვის თემაა. თითქოს ვერ ვხვდებით, რას აპირებს ევროპის ლიბერალური ფრთა, და თითქოს ეს ყველაფერი მარტივია. აგერ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ იქვე დაამატეს, აქ მუშაობას მხოლოდ იმიტომ განებებთ, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნოთ, ანუ ხელისუფლება გადააბაროთო. ამ განცხადების შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა პარტიის ლიდერებთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. თითქოს აქ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ არა, ბატონებო, გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი და განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ უფლება არ ქვს, მუშაობაზე უარი თქვასო. ანუ რა გამოდის? ისინი „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან, მხოლოდ იმ პირობით გამუშავებთ, თუ ხელისუფლების გადაბარების პროცესს დაიწყებთო; ქართული მხარე უარს რომ ეუბნება, უხსნიან, ამის უფლება არ გაქვთ, ყველა ვარიანტში უნდა იმუშაოთო. იცით, ეს რას ჰგავს? კაცს რომ ეუბნები, შენი სასიკვდილო განაჩენის დაწერაში მომეხმარე და იცოდე, უარის თქმის უფლება არ გაქვსო.

„თვითორგანიზებით“ მიმდინარე აქციებზეც ვთქვათ. ფემინისტმა ბაბუცა პატარაიამ სინანულით განაცხადა, 282 ჯარიმა გადავიხადეთ, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი „აგვახია“ „ოცნებამო“. იცით, რა გვაინტერესებს? ამ „თვითორგანიზებით“ მისულ რიგით ადამიანებს საიდან აქვთ თითქმის ნახევარი მილიონი. ახლა არ თქვათ, ბაბუცამ ეს თანხა ჯიბიდან გაისროლაო… რა თქმა უნდა, დასავლეთმა მისცა და მისცა იმისთვის, რომ კანონი დემონსტრანტებმა უფრო გულიანად დაარღვიონ. მერე რა, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს, დასავლეთის დაკრულზე ცეკვა-თამაშს ისეა მიჩვეული არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია, გადაჩვევა გაუჭირდება. ამ ჯარიმის თანხების გარდა, ყოველდღიურად ათასობით ჭიქა ჩაი, ყავა, კანფეტი და ნამცხვარი რომ რიგდება უფასოდ, ეგეც, ალბათ, უანგაროდ მისული ხალხის ფონდიდან აღებული ფულია. რეალურად, რუსთაველის ყოველ დღე გადაკეტვა უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ჯარიმები კი არა, სტუდენტთა არცთუ მცირე ნაწილს სწავლის ფული გადაუხადეს, ოღონდ მოახერხონ და ყოველ საღამოს დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტონ, რათა დასავლეთმა დაინახოს, რომ პროტესტი არ წყდება, თორემ, თუ ევროპელი ბიძიები (მამიდა-ბიცოლებიც) მიხვდებიან, რომ ხალხი აღარ გამოდის, ფულიც აღარ იქნება და მერე ხომ აზრს დაკარგავს ისედაც აზრდაკარგული პროტესტი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამის გამო ქუჩაში გამოსული ადამიანები მალე რადიკალურ დაპირისპირებაზე წავლენ. საუბარი არ არის მცირე აგრესიაზე პოლიციელების მისამართით, ისინი უფრო მასშტაბურს მოიფიქრებენ, უფრო დიდსა და სკანდალურს – ვიღაც რომ გაილახოს, სისხლიც დაიღვაროს. ჰო, მათ ახლა სისხლი სწურიათ, რადგან ატყობენ, რომ უსისხლოდ არაფერი გამოდის.
არც ისე დიდი ხნის წინათ დავწერეთ, ოპოზიცია და რადიკალები ფიქრობენ, რომ ამ ვითარებაში მათთვის მსხვერპლი ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა. საუკეთესო ვარიანტში, ეს მსხვერპლი სუსტი სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს და, თუ თან მედიის თანამშრომელი, ხომ საერთოდ… ჰოდა, ქალბატონ მზიას, შესაძლოა, ჰგონია (იმედია, ასე არის), რომ იდეისთვის იბრძვის, რომ მას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ… აბა, წამით დაფიქრდით, რამდენ ოპოზიციონერსა და არასამთავრობოს წარმომადგენელს აძლევს ხელს ის, რომ ამაღლობელი ცუდად გახდეს, ძალიან ცუდად… შიმშილობას, რა დოზითაც არ უნდა იყოს, თავისი უკუჩვენება ყოველთვის აქვს და, თუ ასაკსაც გავითვალისწინებთ… ამიტომ ვამბობთ, ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და არავინ იცის, როდემდე მოახერხებს იმ შუალედის დაცვას, როცა გადარჩენის შანსი კიდევ არის. არადა, ამ შანსის წართმევას ყოველდღიურად ცდილობენ; ხოლო ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს, სახე და სახელმწიფო შეინარჩუნოს.
ლევან გაბაშვილი