Home რუბრიკები ისტორია დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე

დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე

1097
წმინდა ნინო

ქრისტიანობის შესანარჩუნებლად თავგანწირული ბრძოლა ქართველ ერს გამუდმებით უწევდა, რასაც, უპირველესად, ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში ყოფნა განაპირობებდა. მათთან ბრძოლას არაერთხელ დავუყენებივართ ყოფნაარყოფნის ზღვარზე, მაგრამ ღვთის შეწევნითა და უფლის მადლით განსაცდელი დაძლეულა. მამული, ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნებია. ეს სამი საუნჯე, რომელიც მამაპაპათაგან მემკვიდრეობით გვერგო, XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულთა მთელმა პლეადამ თავიანთ უმთავრეს საზრუნავად გამოაცხადეს.

ამ ბოლო დროსაც კვლავ მიდის შეტევა მართლმადიდებლობაზე, პატრიარქზე, პრეზერვატივსაც კი დაახატეს ჩვენი წმინდა მეფე. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების დასაცავად უნდა ამოქმედდეს კანონი, ანუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდებს.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას საკმაოდ სერიოზული არეულობის გამოწვევა რომ შეუძლია, ახლო წარსულში მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული აქტებითაც ნათელია. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს ქვეყანაშიც იგივე განმეორდეს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე. არ არის გამორიცხული, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის აღნიშვნის დღეს, დედაქალაქის ქუჩებში ვერცხლს დახარბებულმა სამშობლოს გამყიდველებმა მოაწყონ ლგბტ-თა აქცია, შეკრიბონ ადამიანები, შეაჩეჩონ ხელში ის ლოზუნგები, რომლებიც უნდათ, მომართონ ვინმეს წინააღმდეგ (სავარაუდოდ, პატრიარქის) და ასე შექმნან ბრბო, რომელიც ყველაფერზე იქნება წამსვლელი. სწორედ ამ “ლიბერალი” გამყიდველების დამსახურებაა, მართლმადიდებლობის ამოსაძირკვად აჭარაში წლების წინათ უამრავი თურქი რომ ჩამოასახლეს და რომ დღეს ბათუმს დილაობით მუეძინი უხმობს სალოცავად. არადა, საქართველოს ისტორიაში აჭარაა სწორედ ის კუთხე, რომლიდანაც ჯერ კიდევ I საუკუნიდან დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება წმინდა ანდრია მოციქულმა, აქედან მოეფინა ქრისტიანობა საქართველოს.

ქრისტიანობის გადარჩენისთვის დიდი ბრძოლა გასწია აჭარამ. “სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ დღემდე არ არის შესწავლილი”, _ წერს ისტორიკოსი ავთანდილ დიასამიძე წერილში “ქრისტიანობისთვის ბრძოლის ისტორიიდან აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში (XVI საუკუნის 70-იანი წლები-XIX საუკუნის 70-იანი წლები)”, რომელიც 2013 წელს ჟურნალ “ისტორიულ მემკვიდრეობაში” დაიბეჭდა, და რომელსაც მკითხველებს ქვემოთ ვთავაზობთ.

ქრისტიანობისთვის ბრძოლის ისტორიიდან აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში

ცნობილია, რომ XVI საუკუნის დასასრულსა და XVII დასაწყისში ოსმალეთმა სამხრეთი საქართველო, რომელშიც აჭარაც შედიოდა, მიიტაცა და დაიწყო ოსმალობის პერიოდი, რომელიც XVI საუკუნის 70-იანი წლებიდან XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდებოდა. დამპყრობელმა საქართველოს ამ მხარეში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა მართლმადიდებლობას, ქართულ ენას, კულტურას, ზნე-ჩვეულებებს. ძალით, ცეცხლითა და მახვილით დაიწყო მაჰმადიანური სარწმუნოების შემოტანა-დამკვიდრება. თავის მხრივ, სამხრეთ საქართველოს ამ ძირძველი მხარის მოსახლეობა ძალ-ღონეს, სიცოცხლეს არ იშურებდა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ მტრის მრავალრიცხოვნებამ, სისასტიკემ და დაუნდობლობამ, აგრეთვე ამ მიმართებით მის მიერ მიზანმიმართულად გატარებულმა სხვა ღონისძიებებმა თავისი გაიტანა. ქრისტიანობა ძლეულ იქნა _ მრავალი ქრისტიანული ტაძარი დაინგრა, განადგურდა ან მეჩეთად გადაკეთდა, მხოლოდ ზოგიერთი გადაურჩა მოძალადე მტერსა და დროის ქარტეხილს, რომლებშიც მალულად ადიდებდნენ უფალს. 1877 წლის 28 აპრილის გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიაში “ოსმალოს საქართველო” ილია ჭავჭავაძე წერდა:

დღესაც იციან იქაურმა ქართველებმა, რომ ზოგის დედა, მამა, პაპა ჯერ კიდევ მათ ხსოვნაში ქრისტიანები ყოფილან, ამბობენ, რომ იქ ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებს ქრისტიანობასო, რომ დღესაც ათსა თუ თორმეტის წლის ყმაწვილები საჩვენოში გადმოჰყავთო მოსანათლავად, ზოგი ჩვენებურათ ჯვარსაც იწერს ოსმალების იდუმალად თურმე”.

საინტერესო ცნობებს ვპოულობთ ილია ჭავჭავაძის, ასევე XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის მოგზაურ-მკლევარების: დავით ბაქრაძის, გიორგი ყაზბეგის, პეტრე უმიკაშვილის, თედო სახოკიას, ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომებში. აღნიშნულ საკითხს თავიანთ შრომებში მეტ-ნაკლებად ეხებიან, აგრეთვე, ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები და ფილოლოგები: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, ხარიტონ ახვლედიანი, ჯ. ნოღაიდელი, ვ. იაშვილი, შ. მეგრელიძე, შ. ფუტკარაძე, ნ. შენგელია და სხვები. მათ ნაშრომებში სათანადოდაა გაანალიზებული ოსმალთა ბატონობის დამყარება სამხრეთ საქართველოში და, მათ შორის, აჭარაში.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მოგზაურის, ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის _ ზ. ჭიჭინაძის ნაშრომი “ქართველების გამაჰმადიანება, ანუ გათათრება”, რომელიც 1915 წელს გამოიცა. მასში ცალკეულ პირთა მოგონებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით დეტალურადაა შესწავლილი ოსმალეთის მიერ მიტაცებულ მხარეებში და, მათ შორის, აჭარაში, მოსახლეობის მიერ ქრისტიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის და საბოლოოდ იძულების გზით მისთვის უცხო სარწმუნოების _ მაჰმადიანობის მიღების ფაქტები. ასევე საყურადღებოა ზ. ჭიჭინაძის სხვა ნაშრომებიც, მათ შორის “ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრება” (1916წ). “მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში”(1913წ.) და სხვ.

აჭარაში ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებასა და ოსმალთა ძალადობაზე საყურადღებო მასალებს გვაწვდის ისტორიკოსი ხარიტონ ახვლედიანი. ხოლო აჭარაში ოსმალთა ბატონობის დროს ქრისტიანობისთვის ბრძოლის ისტორია ასახული აქვს ისტორიკოსსა და ჟურნალისტს _ ი. ბექირიშვილს ნაშრომში “ქრისტიანობა აჭარაში” (1991წ.).

1946 წლის 8 იანვარს გაზეთ “კომუნისტში” დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ კალისტრატეს “წერილი რედაქციის მიმართ”, რომელიც აჭარაში ოსმალობის უარყოფით შედეგებს ეხება.

ზ. ჭიჭინაძის შემდგომ ამ თემის სპეციალური შესწავლა და მითუმეტეს, მონოგრაფიის გამოცემა არავის უცდია. ამ მხრივ ქართული ისტორიოგრაფია ვალშია ქვეყნისა და ქართველი საზოგადოების წინაშე.

აჭარა _ ქრისტიანობის აკვანი საქართველოსი

საქართველოს ისტორიაში აჭარას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ მხარიდან ჯერ კიდევ I საუკუნიდან დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება წმინდა ანდრია მოციქულმა, აქედან მოეფინა ქრისტიანობა საქართველოს. საამისოდ უტყუარ ცნობას გვაწვდის ლეონტი მროველი, რომელიც აღნიშნავს:

მოვიდაანდრია ქალაქ ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა იგი დაჰყო ჟამი მცირედიდა შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგება სახარებისა

შეწევნითა ღრმთისათა და წმინდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინა, ვიდრემდის ყოველივე მოაქცია და მოიყვანა სარწმუნოებად. და დაადგინა მღვდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღური სარწმუნოებისა. და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისასა”.

ამიტომაც სამართლიანად წერდა ი. ჭავჭავაძე: “პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში (რომელშიც აჭარაც შედიოდა. _ ა. დ.) მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ, როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპთმსახურება სუფევდა”.

IV საუკუნიდან (317 წ.) ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მას შემდეგ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ფართოდ დაიწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობა: აშენდა ეკლესია-მონასტრები, განვითარდა ქრისტიანული კულტურა. ეს მნიშვნელოვანი პროცესი ოსმალო დამპყრობლებმა შეაჩერეს, როცა აჭარაში გაბატონდნენ.

ოსმალთა ბატონობა აჭარაში

“ოსმალთა წესისა მათისაებრ იწყეს მძლავრებად ქუეყანათა”(ვახუშტი ბატონიშვილი).

1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს, ხოლო 8 წლის შემდეგ ტრაპიზონის საკეისრო შემუსრეს და უშუალოდ მოადგნენ საქართველოს სამხრეთ სამანებს. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: “დაიპყრა ხონთქარმან ტრაპიზონ-აზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედ-მცირედ კლარჯეთსა და ჭანეთსა”. 1561 წლიდან აჭარის ხეობა უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი ხდება, ახალციხის (ჩილდირის) ვილაეთს უერთებს და მასში ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები არსდება. 1582 წელს აჭარა ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყებულ მანუჩარ II ათაბაგს მიემხრო. 1587 წელს ოსმალებმა აჭარა ხელახლა დაიპყრეს. 1609 წელს გურიელმა აჭარიდან ოსმალები გარეკა და ის გურიის სამთავროს შეუერთა, მაგრამ შემდგომ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო და 1614 წელს გურიელი იძულებული გახდა, აჭარა ოსმალეთისთვის დაეთმო.

ეხება რა ოსმალთა ბატონობის დამკვიდრებას, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ “ოსმალთა გაბატონებამ მცირე აზიასა და კონსტანტინეპოლში მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მეტადრე ეს უკანასკნელი მონაპირე კუთხე, საშინელს განსაცდელში ჩააგდო, საუკუნეთა განმავლობაში ოსმალეთი დაუცხრომელი სიმედგრით საქართველოს ამ ძვირფასი და მშვენიერი ნაწილის ჩაყლაპვას ლამობდა. ყოველგვარი საშუალებით, პოლიტიკური თუ სარწმუნოებრივი დევნით და ეკონომიკური შევიწროებით იგი ცდილობდა, რომ ქრისტიანობა აქაურ ქართველთა შორის ამოეძირკვა და ქვეყანა გაემაჰმადიანებია”. ოსმალთა დროს ახალციხის საფაშო კლავინდებურად მთელი ჭოროხის მხარესაც მოიცავდა და 24 თემად, ანუ სანჯაყად იყოფოდა. აკადემიკოსები სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი წერდენ: “თურქები… მხეცურად არაადამიანურად სდევდნენ ქართველი ხალხის წმინდათა-წმინდას _ მის ენას, მის კანონებს და ტრადიციებს, მამა-პაპათა კულტურას და სარწმუნოებას, ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ თურქულ ენას და ისლამს”.

ოსმალეთმა შეუძლებელი გახადა მის მიერ მიტაცებული ქართული ოლქების შემდგომი განვითარება. დამახასიათებელია, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა აზროვნებამ დამპყრობელთა მიერ შემოღებულ წესებს, ყოვლად უცხოს და შეუფერებელს ქართული ცხოვრებისათვის, უწოდა ოსმალობა, რომელიც უსამართლობის სინონიმად გადაიქცა”, _ წერდა სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქი კალისტრატე 1946 წელს.

თურქებმა მის მიერ დაპყრობილ აჭარაში სასტიკი და გაუსაძლისი რეჟიმი დაამყარეს.

დასასრული შემდეგ ნომერში

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here