მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: მოლოდინი, თითქოს რაღაც გამონათებები დაიწყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ნამდვილად გადაჭარბებულია. ეს...

გულბაათ რცხილაძე: მოლოდინი, თითქოს რაღაც გამონათებები დაიწყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ნამდვილად გადაჭარბებულია. ეს იყო ისევ და ისევ დასავლეთის კარნახით განპირობებული

606
გააზიარეთ
გულბაათ რცხილაძე

26 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების უეცარ შეხვედრას, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-სესიის ფარგლებში გაიმართა და რომლის შესახებაც საგარეო უწყებამ ცნობა რატომღაც პოსტფაქტუმ გაავრცელა, ქართულ პოლიტიკურ სპეტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ბევრი ითქვა და დაიწერა იმის თაობაზე, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, რაც მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რომ მან მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს დიალოგის პროცესი და მეტი შესაძლებლობები შექმნას მოლაპარაკებების თვალსაზრისით… თუმცა შეფასებების ამ კორიანტელში, იმავე პოლიტიკურ სპექტრში და არა მხოლოდ ოპოზიციურში, მათ შორის ხელისუფლებაშიც, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლელ “პარტნიორებთან” მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ყოველგვარ პირდაპირ დიალოგზე ფიქრი ჩრდილოელ მეზობელთან შეუძლებელია. მეტიც, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული პარლამენტის თავმჯდომარით _ ყველამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებები არანაირი ორმხრივი დიალოგის ფორმატით არ უნდა ჩაანაცვლოს.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების პოზიციას, შეხვედრის შემდეგ მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიასთან განაცხადა, რომ კრემლი მზადაა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის, თუ საქართველო არ იქნება ბოლო პერიოდში დასავლეთში მიმდინარე მკვეთრი რუსოფობიური პოლიტიკის ნაწილი: “ჩვენ საქართველოსთან ჩხუბისთვის ხელოვნურ საბაბს არასდროს ვეძებდით და, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით მოეკიდოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების განვითარებას და არ გაითვალისწინებს რუსოფობების აზრს… მე, პირადად, ავიამიმოსვლას განვაახლებდი…” შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვა, როცა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისისგან შესაბამისი სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდებოდა. თუმცა მარგველაშვილის პასუხი მაშინ ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა _ მარგველაშვილმა დასავლელ “პარტნიორებთან” კონსულტაციების გარეშე მოლაპარაკებები შეუძლებლად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა გამოირიცხა…

რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს დღევანდელ ვითარებაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და რა პროცესები შეიძლება ამის კვალდაკვალ განვითარდეს? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას, რომელიც საკმაოდ უცნაურად გაიმართა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ იგი წინგადადგმული ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ზოგი პირიქით _ საფრთხეებზე საუბრობს… თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს ეს შეხვედრა? რა პერსპექტივები შეიძლება ამ ყველაფერმა შექმნას?

_ არანაირ პერსპექტივას ეს შეხვედრა არ ქმნის და არ ქმნის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ თვითონ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გადაუსვა ყველაფერს, როცა შეხვედრის შემდეგ მედიასთან დადგა და აბსურდული განცხადებების კეთება დაიწყო, რაც, ჩემი აზრით, ვერანაირ კონტექსტსა თუ ლოგიკაში ვერ ჯდებოდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად აჰყვა ჟურნალისტებს და აბსოლუტურად გაუაზრებელი, გაუცნობიერებელი რიტორიკით დაიწყო პოპულისტურად ლაპარაკი. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეს დეოკუპაცია, ხომ უნდა იცოდე? ჟურნალისტს რომ არ აქვს წარმოდგენა, გასაგებია, მაგრამ კაცს, დიპლომატი რომ გქვია და ამდენი წელია, სამინისტროში მუშაობ, ელემენტარული რამ მაინც ხომ უნდა გესმოდეს, რომ არ შეიძლება, ასეთი დონის შეხვედრის შემდეგ რაღაც ჭორაობის რეჟიმში აკეთო განცხადებები. კიდევ ვიმეორებ: ზალკალიანმა, რომელიც, როგორც ჩანს, კარგ დიპლომატად ჩათვალა ვიღაცამ თავის დროზე “ოცნებაში”, თავისი პოპულიზმითა და იაფფასიანი პოლიტიკური ჭორაობით ხაზი გადაუსვა ყველაფერს. მან, ფაქტობრივად, გააბათილა ყველაფერი კარგი, რაც ამ შეხვედრას შეიძლებოდა ჰქონოდა და, ბუნებრივია, ლავროვის მხრიდანაც ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვა. მოგეხსენებათ, ლავროვმა ჟურნალისტებთან ერთგვარი ირონიით განაცხადა, რომ ბატონმა ზალკალიანმა მედიასთან უფრო დიდხანს ილაპარაკა ამ შეხვედრაზე, ვიდრე თვითონ შეხვედრის ხალგრძლივობა იყოო. აი, ეს არის არაჯანსაღი, პოპულისტური განცხადების შედეგი. ასე რომ, მოლოდინი, თითქოს რაღაც გამონათებები დაიწყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ნამდვილად გადაჭარბებულია. რაც შეეხება შეხვედრაზე რეალურად განხილულ თემებს, სავარაუდოდ, იქ უფრო ტექნიკური საკითხები განიხილებოდა, ანუ, მაგალითად, კარასინის პენსიაზე გასვლის შემდეგ რა იქნება და როგორ იმუშავებს ფორმატი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, კარასინი უკვე აღარ არის თავის თანამდებობაზე და არსებული მოლაპარაკებების ფორმატში აბაშიძე მარტო დარჩა.

_ წლების განმავლობაში რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კეთდებოდა მინიშნებები და ღია განცხადებებიც, რომ ისინი მზად არიან საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის, თუმცა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უცვლელი იყო, _ დიალოგი მხოლოდ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შედგებაო. დღეს რა შეიცვალა, რატომ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა?

_ უწინარესად, შეიცვალა ის, რომ ძალიან განსხვავდება დღევანდელი ვითარება მსოფლიო გეოპლიტიკურ ასპარეზზე 2014 წელს არსებული ვითარებისგან, როდესაც აბსოლუტურად სხვა მიდგომები და პრინციპები განსაზღვრავდა დღის წესრიგს. დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე აღარ ჰყავთ წამქეზებლები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში და მითითებებსაც, ბუნებრივია, სხვანაირს იღებენ. იქიდან მითითება მოდის, რომ ვითარების გამწვავება უშუალოდ პუტინთან საჭირო არ არის და ცოტა უნდა შერბილდეს დამოკიდებულება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აქ თუნდაც ფორმალურად უნდა შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, თითქოს მხარეებს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად ხელსაყრელი მდგომარეობა იქმნება. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად, როგორც ჩანს, დაუჯერა არა ვითარების გამწვავებაზე ორიენტირებულ გლობალისტების მძლავრ დაჯგუფებას, რომელიც ტრამპის მოსვლამდე სრულ პოლიტიკურ მონოპოლიას ფლობდა ამერიკაში და დიდწილად დღესაც ინარჩუნებს გავლენებს, არამედ უფრო დაუჯერა ტრამპის ადმინისტრაციის სულისკვეთებას. თუმცა ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა არ იყო საქართველოს ინტერესებისთვის. ეს იყო ისევ და ისევ დასავლეთის კარნახით განპირობებული, რაც გვერდიდან, შესაძლოა, ტოვებდეს სწორედ საქართველოს ინტერესების შესაბამისი ნაბიჯის შთაბეჭდილებას. საერთოდ, ის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დასავლეთის პოლიტიკა საფუძვლიანად გადაიხედა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, და ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესებს, აქ გლობალური ეკონომიკის ფაქტორებზეცაა საუბარი, ცხადია, ნიშნავს, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკური კონიუქტურა არსებითად იცვლება. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც თუნდაც 5-10 წლის წინათ იყო და ამაზე მეტყველებს განცხადება ემანუელ მაკრონისა, რომელმაც თქვა, რომ დასავლეთმა უნდა შექმნას უსაფრთხოების ახალი სისტემა.

_ საქართველოს ადგილი და როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ ახალ მსოფლიო გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში?

_ სანამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, მინდა, მოკლედ შევეხო იმ ისტერიკას, რომელსაც ლიბერალური ისტებლიშმენტი ატეხავს ხოლმე რუსულ-ქართული ურთიერთობების ვითომ გაუმჯობესების ყველა მცდელობაზე, ისტერიკა და დუჟისნთხევა მაშინ აეტეხათ, როცა დასავლეთში ჩამოწერილი ყოფილი დიპლომატები, როგორებიც არიან, მაგალითად, კრამერი და ბრაიზა, თბილისში კონფერენციას მართავდნენ და არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს გახლეჩაზე მსჯელობდნენ. ახლა ჩემთვის სულ არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ კონფერენციაზე ვიცესპიკერი არ შეუშვეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაზე ლაპარაკობდნენ. კიდევ ვიმეორებ: ისინი ლაპარაკობდნენ საქართველოს გახლეჩასა და გაყოფაზე, ასე რომ, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ რაინდობაზე, სწორედ ამ კონფერენციის გამართვის გამო უნდა აეტეხა წივილ-კივილი.

რაც შეეხება შეკითხვას, ერთადერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ პოლიტიკური სპექტრის პირობებში, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად, ცხადია, მისივე ფავორიტი ოპოზიციაც იგულისხმება, ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს სწორად შეაფასებენ. ისე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე როცა ვსაუბრობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ შეცდომებს რუსეთის ხელმძღვანელობაც უშვებს. მე, მაგალითად, არ მესმის, რას ნიშნავს ის, რომ ჯერ თქვეს, ავიამიმოსვლას აღვადგენთო, მერე თქვეს, არაო… კი, სერიოზული დიპლომატია ლავროვი და შეიძლება ბევრ რამეს სწორად და ზუსტად აფასებს, მაგრამ გარკვეულ იმიჯზეც ხომ მოქმედებს, როცა ასეთი თამაში მიდის…

_ ეს ყველაფერი გასაგებია. თქვენი აზრით, რა შედეგებამდე მიგვიყვანს უახლოეს მომავალში ხელისუფლების პოლიტიკა? რა პერსპექტივა აქვს დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს?

_ მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველო სრულ ჭაობშია. პერსპექტივას რაც შეეხება, რა გითხრათ, ალბათ, როგორც ვიყავით 7-10 წლის წინათ, ისევ ისე ვიქნებით. ცხოვრება გაგრძელდება, იქნება შიმშილი, სიღატაკე, ნარკოტიკებით გამოთაყვანებული ახალგაზრდობა და მათხოვრებით გავსებული ქალაქები. სხვა ახლა, უფრო შორეულ პერსპექტივაზე თუ მეკითხებით, 20-30 წლის შემდეგ, ალბათ, რამე შეიცვლება, მაგრამ მაშინ, ალბათ, უკვე ქართველები იქნებიან უმცირესობაში და ნახევარ საუკუნეში დამთავრდება ეს პროცესი. ძველი ეგვიპტელები, ეტრუსკები და პელაზგები გაქრნენ და, ქართველები თუ გაქრებიან რა, თქვენ გგონიათ, იგრძნობს ვინმე?! არც არავინ იგრძნობს და არც არავინ იდარდებს. აი, ეს არის ჩვენი პერსპექტივა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here