Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძე: ის დაპირებები, რომლებსაც ნატოს სამიტზე გვაძლევენ, არის იაფფასიანი სატყუარა

გულბაათ რცხილაძე: ის დაპირებები, რომლებსაც ნატოს სამიტზე გვაძლევენ, არის იაფფასიანი სატყუარა

1046
გულბაათ რცხილაძე

რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე რუსულქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოელი მეზობლის მიმართ უაღრესად პრაგმატულ და ადეკვატურ პოლიტიკას ახორციელებს.

მისი თქმით, ამ მიდგომების შედეგად ხელისუფლებამ ბოლო დროს საშინაო სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს მიაღწია და დღეს მას ასეთივე სტანდარტების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონშიც შეაქვს: “ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით საშინაო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ესაა ის როლი, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს”… იმავე შეხვედრაზე კობახიძემ ყურადღება ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ორიენტირებზეც გაამახვილა და დასძინა, რომ, მიუხედავად პრაგმატული პოლიტიკისა ჩრდილოელ მეზობელთან, არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასა და დაკარგულ ტერიტორიებს უკავშირდებარამდენად პრაგმატულია დღეს რეალურად საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ და რამდენად უზრუნველყოფს ეს ყველაფერი საშინაო სტაბილურობას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი _ გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ უაღრესად პრაგმატულია. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

_ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, ხალხი ილუზიებში აცხოვროს და დაარწმუნოს თავისი მმართველობის ეფექტიანობაში, ფაქტი ერთია: ჩვენი შიდაპოლიტიკური და, გნებავთ, ეკონომიკური რეალობა სტაბილურობისგან ძალიან შორსაა. პირიქით, ბოლო დროს ძალიან ჭარბობს ქაოსური ელემენტები და ამაზე არაერთი ფაქტი თუ მოვლენა მეტყველებს. მაგალითად, გაირკვა, რომ თურმე წინა მთავრობის წევრთა ნახევარზე მეტი კორუმპირებული იყო და ახლა პრემიერი თითქოს რაღაცის დალაგებას ცდილობს. რა გამოუვა ან როგორ, მომავლის საკითხია, მაგრამ ჯამში ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეეხება ამ ყმაწვილის განცხადებას, კობახიძეს ვგულისხმობ, სიმართლე გითხრათ, მას სერიოზულად არც განვიხილავ, მაგრამ, თუ ის პრაგმატულობაში გულისხმობდა რუსეთის მისამართით აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შერბილებას, რაც სააკაშვილის პერიოდში ჩვეულებრივი პოლიტიკური პრაქტიკა იყო, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ, თუ საქართველოს პრეზიდენტი ან სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ვლადიმერ პუტინს უდიერად შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაშინვე დარეგულირებისკენ წავა, ცხადია, არ უნდა გვქონდეს. ეს არ არის პოლიტიკა და არც სტრატეგია. ეს არის ელემენტარული ეთიკის ნორმები, რომლებიც დიპლომატიაში ყველამ უნდა დაიცვას. ისე, რუსეთიც არ არის დღეს ჩვენით განსაკუთრებულად დაინტერესებული და ამას მოწმობს ის განცხადებები, რომლებიც ნატოსთან საქართველოს დაახლოებას შეეხება. მოსკოვში ჩვეულებრივ სტანდარტულ შეფასებებს აკეთებენ, რომ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა მიუღებელია, არამეგობრულია და ა.შ., მაგრამ მათი მხრიდან განსაკუთრებულ შეშფოთებას ან განგაშის ნიშნებს იმის გამო, რომ კობახიძე ან მარგველაშვილი ალიანსს საქართველოს ერთადერთ ხსნად მიიჩნევს, ვერ ვხედავთ…

_ თქვენ თქვით, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისგან შორს ვართ. დავაკონკრეტოთ, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?

_ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში და გაურკვევლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ნაწილობრივაც ვერ გადაჭრა. მაგალითად, როცა საუბარია ეკონომიკურ სტაბილურობაზე და პრემიერი ამაყად ამბობს, ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ ვინმე ამბობს, რა ეშველება კატასტროფულად მაღალ მიგრაციას ან მასობრივ უმუშევრობას, სიღარიბეს, უმძიმეს სოციალურ ფონს, რომელიც თანდათან კიდევ უფრო უარესდება? მიგრაციის საკითხი მათ იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც ეშინიათ, ევროპამ მოზღვავებული არალეგალების გამო ყური არ აუწიოს; და, თუ ასეთი მეგობარია ეს ევროკავშირი საქართველოსი, დაუშვან გარკვეული კვოტა, რომ აქედან ჩასულმა მოქალაქეებმა იქ ლეგალურად მუშაობა შეძლონ. რამდენი ქართველი კია დღეს ევროპაში?! დავიჯერო, ასე შევაწუხებთ?! კრიმინალებსა და დამნაშავეებს, კი ბატონო, ებრძოლონ, მაგრამ ის გაჭირვებული ქართველები რატომ უნდა დაიჩაგრონ, რომლებსაც პატიოსნად მუშაობა უნდათ?! აი, ამაზე უნდა ზრუნავდეს დღეს მთავრობა და არა იმაზე _ არიქა, ევროპარლამენტი არ გაგვინაწყენდესო. ხოლო პოლიტიკური ზღაპრები ეკონომიკურ ზრდასა და აღმავლობაზე ხალხს ყელში ამოუვიდა. ისე გვიყვებიან ამ ზღაპრებს, თითქოს მთვარეზე ვცხოვრობდეთ და სინამდვილეში რა მდგომარეობაა, ვერ ვხედავთ ან საკუთარ თავზე ვერ ვგრძნობთ…

_ ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა ნატოს მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ რა ფასადაც უნდა დაგვიჯდეს, საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს ეს ფორმულირება?

_ მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გააზრებაზე უარის თქმას. ეს პრაქტიკულად იმის აღიარებაა, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და რეალურად ექვემდებარება რაღაც პოლიტიკურ კონიუქტურას, რომელიც არანაირად არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ფაქტია, რომ რამდენიმე წელიწადია, ის არ ცვლის თავის სტრატეგიას და პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით ძვრა არ არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში. აი, ეს არის ის სამწუხარო რეალობა და მოცემულობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პერსპექტივას, ასეც და ისეც, ნათელს ჰფენს _ მუდმივად ვიქნებით დაპირებებში, რომ ნატო დაგვიცავს, მაგრამ რეალურად ვერც ამ მხარდაჭერას ვეღირსებით და ვერც ალიანსის წევრობას. საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა დღეს იმაზე გაცილებით რბილია, ვიდრე მათ რეალურად ბერკეტები გააჩნიათ. არ ვიცი, ახლა არ იყენებენ თუ ვერ იყენებენ ისინი ამ ბერკეტებს, მაგრამ ფაქტია, რუსეთი დღეს უფრო სხვა პრობლემებით და საკითხებითაა დაკავებული.

_ ვთქვათ, მოხდა სასწაული და ალიანსმა საქართველოს მიღების საკითხი რეალურად დააყენა, რა ნაბიჯები შეიძლება კრემლმა გადადგას?

_ ამ შემთხვევაში, ალბათ, მოსალოდნელი არ არის რამე მყისიერი მოქმედება, ომს ვგულისხმობ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. უწინარესად, ჩვენ ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, იმიტომ, რომ ალიანსთან დაახლოების კვალდაკვალ ავტომატურად მოხდება ამ რეგიონების ინტეგრაცია რუსეთთან; და მეორე: დიდი ალბათობით, გაწყდება ის ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნაწილობრივ აღდგა. თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყველაზე მეტად სწორედ რუსეთში მოიხმარენ. ახლა ევროპა თუ ჩაანაცვლებს მას, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ალბათ, აქამდეც ჩაანაცვლებდნენ. სხვა რა გითხრათ, ომი და შეიარაღებული დაპირისპირება, არ მგონია, რუსეთის ინტერესში შედიოდეს, თუმცა რაიმე ავანტიურაზე წასვლა საქართველოს მხრიდან იმ განცხადებების ფონზე, რომლებსაც აპატურაი და მსგავსი ფიგურები ბოლო დროს აკეთებენ, ნამდვილად იქნება საბედისწერო შეცდომა. სხვათა შორის, დაცვას და ნატოს მხარდაჭერას რაც შეეხება, რუსული საფრთხის გამო ბოლო დროს ლიტვის პრეზიდენტი აღმოჩნდა “ისტერიკაში”; აცხადებს, რომ ლიტვას შესაძლო რუსული აგრესიისგან თავდასაცავად სჭირდება წყალქვეშა ხომალდები, რაკეტები “პეტრიოტი” და სატანკო ბრიგადები. სხვა შემთხვევაში, მას თავისი ქვეყანა დაცულად არ მიაჩნია და თვლის, რომ რუსეთმა ნებისმიერ დროს შეიძლება მასზე აგრესია განახორციელოს. ახლა ეს რამდენად რეალურია, სხვა საკითხია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ერთ რამეს: რამდენი წელია, ლიტვა ალიანსის წევრია და, მიუხედავად ამისა, თავს დაცულად ვერ გრძნობს. მე ვსვამ შეკითხვას: თუ კი ნატოში შესვლა ასეთი სანუკვარია და უსაფრთხოების გარანტიების მომცემი, რატომ აქვთ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ასეთი დაუცველობის განცდა და ისტერიული ტონი?! ესე იგი ამ ორგანიზაციის წევრობა უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიებს ვერ იძლევა. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ: თუ ლიტვა და მთლიანად ბალტიისპირა სახელმწიფოები დაუცველია, საქართველოს შემთხვევაში რა დაცვასა და უსაფრთხოებაზე შეიძლება საუბარი?! ჩვენი პოლიტიკური ელიტა საერთოდ აცდენილია რეალობას. წაიკითხონ, რას წერენ ჩვენზე ნატოს სტრატეგოსები…

_ რას წერენ?

_ რომ საქართველო გეოგრაფიულად მოწყვეტილია ევროპას და მასთან მისადგომები არ არსებობს, თურქეთის გარდა. ეს კი ნიშნავს, რომ ნატოდან აქ თუ ვინმე შეიძლება განლაგდეს, უპირველესად, ეს იქნება თურქეთის შეიარაღებული ძალები, თუმცა იმ პირობით და იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსებს არ დაუპირისპირდებიან.

დავუბრუნდეთ ისევ ბალტიისპირეთის მაგალითს. ის, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დაცვა ნატოსთვის პრობლემურია, ავტომატურად ნიშნავს ათ იმდენ თავისტკივილს საქართველოს შემთხვევაში, რომელიც კავკასიაში მდებარეობს. კავკასია კი, მოსწონს ვინმეს თუ არა, არ არის ევროპა. გამომდინარე აქედან, ის დაპირებები, რომლებსაც ნატოს სამიტებზე გვაძლევენ, რომ, დღეს თუ არა, ხვალ მიგვიღებენ და .., არის ჩვეულებრივი იაფფასიანი სატყუარა. რეალურად კი ნატოს საქართველო სჭირდება იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, პოლიტიკურად ვიყოთ დასავლეთის ორბიტაზე და, მეორე მხრივ, მუდმივად დაძაბულობა გვქონდეს რუსეთთან. საერთოდ ამერიკელები დღეს კავკასიაში განიხილავენ ორ დიდ კონფლიქტს. ეს არის სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი და მეორე ქართულ-რუსული. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შემთხვევაში სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ეს კონფლიქტი უნდა შერბილდეს, ხოლო ქართულ-რუსული კონფლიქტი პირიქით _ მუდმივად უნდა გამწვავდეს და შეძლებისამებრ უნდა გაღრმავდეს კიდეც. ამაზე თვით ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ კულუარებში.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, ის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობისა და უმეცრების ნაზავია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური აღზრდის მომენტიც. ამ პოლიტიკურ ელიტას არც ესმის, რა პროცესები მიდის და, რაზეც მე ვლაპარაკობ, მათთვის ჩინურია. მათ არ სურთ, საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს, ურჩევნიათ, რაღაც გარეძალის დაქვემდებარებაში არსებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები იყვნენ და ფაქტობრივად ასეცაა. ერთი შეხედვით, ეს არის ჩახლართული, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივი რეალობა. ჩვენ ვერ შევდექით, როგორც სუვერენული სახელმწიფო და, როგორც ჩანს, არც არის ეს ჩვენს ხასიათში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here