Home რუბრიკები საზოგადოება გუგა სამხარაძე: ნუთუ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი “ევროატლანტიკელი პარტნიორები” საზარბაზნე ხორცად...

გუგა სამხარაძე: ნუთუ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი “ევროატლანტიკელი პარტნიორები” საზარბაზნე ხორცად გვიყენებენ?

2288
გუგა სამხარაძე

რუბრიკაკარდაკარისფორმატსა და შეკითხვებს ვცვლით, რადგან ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას. მოგეხსენებათ, ამა წლის ივლისში ნატოს სამიტზე ხელისუფლება ელოდება, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მოიპოვებს ნატოს წევრის სტატუსს. სწორედ ამან გაგვიჩინა შეკითხვა _ უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას, მისი ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისტორიკოსი გუგა სამხარაძე გვესაუბრება.

_ რაზე ოცნებობდა ქართველი ხალხი და რა რეალობის წინაშე აღმოჩნდა?

_ ქართველი საზოგადოება თვლიდა, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ფორმალური იყო და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები: “საქართველო არის სუვერენული, საერთო-სახალხო რესპუბლიკა, რომელიც ნებაყოფლობით არის გაერთიანებული სსრკ-ის შემადგენლობაში”, _ მხოლოდ სიტყვები იყო. იმავე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა სსრკ-ის შემადგენლობა, რაც, რასაკვირველია, მხოლოდ ქაღალდზე იყო დაწერილი და სინამდვილეში დამოუკიდებლად არავინ გვაცხოვრებდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდით მაშინ.

ქართველის ოცნება დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყო. გვინდოდა, და სრულიად სამართლიანადაც, ჭეშმარიტი სუვერენიტეტი; არ ვიყავით კმაყოფილი ცხოვრებით და გვინდოდა უკეთესი, რაც სავსებით ლოგიკური იყო; მივიჩნევდით, რომ საბჭოთა სახელმწიფო სისტემა ჩაფლული იყო კორუფციაში და ვისწრაფვოდით ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისკენ. ამ გადასახედიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, თორემ იმხანად ადამიანებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ ცუდად ცხოვრობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში გაცილებით უკეთესად იგრძნობდნენ თავს. წესით, ასეც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებებს ცოტა მეტი ჭკუა რომ ეხმარათ და მეტი სიყვარულით ეზრუნათ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

წლები გავიდა, თანაც არცთუ ცოტა, და დღეს დამოუკიდებლობა გვაქვს მხოლოდ ქაღალდზე. სუვერენიტეტის მოთხოვნისა დამიღებისშემდეგ ხელში შეგვრჩა განადგურებული მეცნიერება და კულტურა, გაჩანაგებული ეკონომიკა, ხოლო კორუფციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, ნიკიტა ხრუშჩოვისდროინდელ კომუნისტებს სიზმარშიც რომ არ უნახავთ. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა.

ახლა დავუბრუნდეთ დამოუკიდებლობის ხარისხს. საშინელი შეურაცხყოფის განცდა მტანჯავდა და მტანჯავს, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკური ელიტა ფეხქვეშ ეგებოდა ვინმე მეთიუ ბრაიზას. გახსოვთ, მეთიუ ბრაიზას იმჟამინდელი ოფიციალური სტატუსი? _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თანაშემწე და ამ თანაშემწის მონებად ვიქეცით. ასე გრძელდება დღესაც, ვიღაც მეათეხარისხოვან უცხოელებს ვემონებით, ამერიკის ელჩის გარეშე კი ოჯახში ჩაისაც ვერ ვსვამთ. აი ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს შერჩა ხელში.

_ რა მოგვიტანა ევროატლანტიკური სივრცისკენ მოწამეობრივმა სწრაფვამ?

_ მოგვიტანა ის, რასაც ყველა ვხედავთ _ რუსეთთან კონფრონტაციის ესკალაცია, ზღვა სისხლი და ტერიტორიულად დაშლილ-გაუბედურებული საქართველო. ნუთუ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი “ევროატლანტიკელი პარტნიორები” საზარბაზნე ხორცად გვიყენებენ?! თუ ვხვდებით და მაზოხისტები ვართ? სხვათა შორის, ხომ ყველა აღიარებს, რომ ფინეთი აყვავებული სახელმწიფოა? არადა, ივიწყებენ, რომ ამ მდგომარეობამდე ფინეთი მიიყვანა პოლიტიკურმა კურსმა, რომელიც მოსკოვთან კომპრომისებს ეფუძნებოდა და ფინეთის ისტორიაში “პაასიკივი-კეკონენის კურსის” სახელით არის ცნობილი. 1939-1940 წწ., სსრკ-ფინეთის ომის დროს, ფინეთის პოლიტიკურ წრეებში რომ არ გამოჩენილიყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ კრემლთან კომპრომისი აუცილებელი იყო, ფინელი ხალხის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.

სტალინს უკვე გამზადებული ჰყავდა ე.წ. ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მოსკოვში მოღვაწე ეროვნებით ფინელი კომუნისტი ფუნქციონერის, ოტო კუუსინენის, მეთაურობით, რომელიც, კონფრონტაციის გაგრძელების შემთხვევაში, ჰელსინკიში გადაინაცვლებდა და ფინეთი, ფაქტობრივად (შესაძლოა _ იურიდიულადაც), სსრკ-ის ერთ-ერთ რესპუბლიკად გადაიქცეოდა. ფინელთა მხრიდან კომპრომისმა უკარნახა სტალინს, გადაესინჯა თავისი გეგმები ამ ქვეყნის მიმართ. ფინეთი დემოკრატიულ ქვეყნად დარჩა. მართალია, მოუწია, შელეოდა კარელიას და 30 წლით სსრკ-ისთვის იჯარით გადაეცა ხანკოს ნახევარკუნძული, კუუსინენიც მოსკოვში დარჩა და მისი ფერფლი კრემლის კედელშია, მაგრამ ეს იყო გონივრული კომპრომისი.

_ რა სურსქართულ ოცნებას”, რა მიზნებისკენ ისწრაფვიან მისი წარმომადგენლები ან საშინაო, ან საგარეო პოლიტიკაში?

_ ეგ ვერც მე გავიგე და, თუ ვინმე გამაგებინებს, მადლობას ვეტყვი. ექვსი წლის თავზე ვფიქრობ, ნეტავ, რა უნდოდათ? არც მაშინ, როდესაც გულუხვ დაპირებებს იძლეოდნენ და არც დღეს, როდესაც ამბობენ, რომ ყველა დაპირება შეასრულეს, არ მესმოდა “ქართული ოცნების”. არ ვიცი, რაზე ფიქრობენ და რას უნდა მიაღწიონ იმ უსახური პოლიტიკოსებით, რომლებიც გუნდში ან თავიდანვე ჰყავდათ, ან შემდეგ შემოიერთეს. ასე რომ, ეს შეკითხვა უმჯობესია, მათ დავუსვათ, იქნებ რაიმე აგვიხსნან, თუმცა მეეჭვება.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახლა რეფერენდუმი საკითხზე _ გვინდა თუ არა ნატო?

_ “ხელახლა” ზუსტად არ განსაზღვრავს ვითარებას, რადგან ვერ ვიხსენებ, როდის ჩატარდა მსგავსი რეფერენდუმი, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს, რადგან ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში რეფერენდუმი ან პლებისციტი ტარდება და, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაშინ ხალხს უნდა მოუსმინონ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, აპირებს თუ არა, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად და არა ვიღაცის საამებლად. ამის გარეშე რეფერენდუმის ჩატარებას რა აზრი აქვს? ვიღაცის საამებლად ჩატარებული პლებისციტიც გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ხალხის აზრი გაყალბდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here