Home რუბრიკები პოლიტიკა “განცდა იმისა, რომ ქვეყანასა და ხალხს პატრონი არ ჰყავს, დღეს არ გაჩენილა,...

“განცდა იმისა, რომ ქვეყანასა და ხალხს პატრონი არ ჰყავს, დღეს არ გაჩენილა, ეს განცდა ქართველებს სულ გვაქვს, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა”

722
გია ხუხაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებაეროვნულობაზეაცხადებს პრეტენზიას, ქართველ საზოგადოებას უპატრონობის განცდა დაეუფლა. სოციალურ ქსელებში ხშირად წაიკითხავთ ასეთ რამეს: “რატომ მაქვს განცდა, რომ ქვეყანა უპატრონოდ არის დარჩენილი?” და იქვეა პასუხიც: “უპატრონოა და იმიტომ!”  ქართველი საზოგადოებისუპატრონობისგანცდასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი დაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრებიან.

ჩვენი ხელისუფლების მმართველობა ჩრდილოკორეულ მოდელს ჰგავს, მათი ჩაკეტილობა მხოლოდ ამას მაგონებს

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

_ საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, მართლაც სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ. ვნახეთ კორუფციის ჭაობში ჩაფლული ხელისუფლება, ვნახეთ დიქტატურა, სასტიკი და დაუნდობელი… დღევანდელ ხელისუფლებაში კი ყველა მანკიერებამ ერთად მოიყარა თავი, თუმცა შესრულების ხარისხი სუსტია, “სიმაღლეებს” ვერ მიაღწიეს ვერც კორუფციაში, ვერც დიქტატურის მიმართულებით, მაგრამ მანკიერებები ნამდვილად შეითვისეს. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ყველა ცუდი თვისება აქვს, რაც გვინახავს, მაგრამ შედარებით დაბალ რეგისტრში.

_ ხალხს დაუცველობის განცდა აქვს; მიაჩნია, რომ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და უპატრონოდ დავრჩით. მაგალითად, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ჰკითხეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ, მან ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებას დააბრალა ყველაფერი

_ ქვეყნის პირველ პირს როდესაც ვახსენებთ, აუცილებელია, გვარიც ვთქვათ, რადგან ისიც კი არ ვიცით, რომელია პირველი პირი. ამ შემთხვევაში, ალბათ, ბახტაძეს გულისხმობთ…

სხვისკენ თითის გაშვერა გაკოტრებული ხელისუფლების საქციელია. ეკონომიკის ბოლო პერიოდის რყევებში გარკვეული წვლილი ნაციონალებმაც შეიტანეს, მაგრამ ეს 5-პროცენტიანი წილია, დანარჩენი ხელისუფლების კისერზეა. ნაციონალებს რაც უნდა მოეწყოთ, მას ლარის კურსის ნახტომისებური ვარდნა შეიძლება გამოეწვია, მაგრამ ახლა ჩვენ კურსის სტაბილურ დაცემას ვხედავთ, რომელიც 20 ივნისამდე დაიწყო.

დიდი ხმაურია ატეხილი ანაკლიის პორტის გარშემო. თუ ჩვენ გადავხედავთ პროცესების მიმდინარეობას და დავაკვირდებით, როდის იწყება ეს არეულობა, დავინახავთ, რომ ეს იწყება მაშინ, როდესაც ამ პროექტის საინვესტიციო პაკეტი უნდა შეიკრას.

ამერიკელებს სურთ ანაკლიის პორტის აშენება და დაფინანსება, ოღონდ გრძელვადიან პოლიტიკურ გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ არ აშენდებაო, _ ამბობენ. ასეთ ვითარებაში ერთი აზრი მომდის თავში: ჩვენი ხელისუფლება ამერიკას შანტაჟის ენით ხომ არ ესაუბრება?

_ შეუძლია კი საქართველოს, რომ ამერიკას შანტაჟის ენით ესაუბროს?

_ მესამე სამყაროს ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია თუ არა, შანტაჟის ენით ესაუბროს ამერიკას, ეს სხვა თემაა და სიგიჟეა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეა, რადგან ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, მათ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სიგიჟეზე წავლენ. ისინი ამ ყველაფერს აფექტის მდგომარეობაში აკეთებენ.

საზოგადოებას მართლაც აქვს განცდა, რომ ქვეყანა უპატრონოდ დარჩა, რადგან აფექტში მყოფი ხელისუფლება ბუნკერშია ჩაკეტილი, გათიშული აქვს ინტერნეტი, ტელეფონი, გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან, თანაც ლაპარაკობენ არა რაიმე ჭკვიანურს, არამედ იმას, რა მაგრები არიან, როგორ უყვარს ისინი ხალხს. ჩვენი ხელისუფლების მმართველობა ჩრდილოკორეულ მოდელს ჰგავს, მათი ჩაკეტილობა მხოლოდ ამას მაგონებს. ჩრდილოეთ კორეელები ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მალე თანამგზავრს გაუშვებენ მარსზე. ზუსტად ასე არიან ესენიც, თავს იმხნევებენ.

ჩვენი ხელისუფლება კედელთან არის მიყენებული, კედელთან მიყენებული კაცი კი საშიში ხდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ძალიან უნდა შევუტიოთ, პირიქით _ გასაძრომი დერეფანი უნდა დავუტოვოთ, თუმცა აუცილებლად უნდა გავაგებინოთ, რომ მათი საქმე წასულია. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ისინი ხელისუფლებაში დარჩნენ?!

“ოცნება” წავა, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლებიდან წასვლა ტრაგედია არ არის და ცხოვრება გრძელდება. თუკი მმართველი ძალა დარჩება იმ აზრზე, რომ ხელისუფლება, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ, მაშინ უფრო საშიში გახდებიან; მათ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ გაფუჭება ნამდვილად ეხერხებათ. ამის კლასიკური მაგალითი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც მხოლოდ აფუჭებს ყველაფერს. ახლა ცოტა მშვიდად ვარ, ატმის საკრეფად დადის და არა გვიშავს…

გულბაათ რცხილაძე

ამერიკისთვის საქართველო უკანა პლანზე გადავიდა

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ განცდა იმისა, რომ ქვეყანასა და ხალხს პატრონი არ ჰყავს, დღეს არ გაჩენილა. ეს განცდა ქართველებს სულ გვაქვს, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

1992 წლის პარლამენტში იყო ასეთი დეპუტატი გვარად სუმბათაშვილი. ის ერთხელ გამოვიდა სიტყვით და შევარდნაძეს უსაყვედურა: ბატონო ედუარდ, თქვენ მთავარი ვერ შეძელით, პატრონი ვერ მოუძებნეთ ქვეყანასო. ის “პატრონს” ქვეყნის გარეთ გულისხმობდა… ასე, მხოლოდ ეს დეპუტატი არ ფიქრობდა, ასეთი განწყობა იყო საზოგადოებაში და დღესაც ასეა, ჩვენ ვეძებთ პატრონს ქვეყნის გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ გავიძახით: “ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს”.

ქართველები სუსტი საზოგადოება ვართ, შველას გარეთ ვეძებთ, ამიტომაც გარბის ქვეყნიდან ყველა. არავინ ფიქრობს თვითორგანიზებასა და ქვეყნის მიხედვაზე. თუკი უცხოელი ჩამოდის ქართული მიწის დასამუშავებლად, ამას ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? სასურველია, სწორედ ამის გამო მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, ქართველებმა დავამუშავოთ მიწები, შევქმნათ ფერმერული საზოგადოებები, მაგრამ ამის სურვილი ერთეულებს აქვთ. მახინჯი სისტემაა შექმნილი და გასაკვირი არ არის, რომ უპატრონობის განცდა გვაქვს.

ამ განცდას იწვევს ისიც, რომ ქვეყნის ოთხივე მხარეს პრობლემები გვაქვს _ არავინ ჩვენი მეგობარი არ არის, ამას ვაცნობიერებთ.

_ ამერიკამ ელჩიც კი არ დაგვინიშნა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობის დიდ ნაწილს არც სურს, მაინც ამბობენ, ამერიკამაცდაგვიკიდაო”…

_ კი, ეს ასეა, რადგან ამერიკის საგარეო პოლიტიკა იცვლება ბევრ საკითხში. არსებობს მუდმივობა და ცვალებადობა, საქართველო ცვალებადობაში მოყვა. ამერიკას არა მხოლოდ რუსეთთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, რომლის დეესკალაციასაც ტრამპი ცდილობს, ამერიკას დაეძაბა ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, რომელიც მისი ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა და მნიშვნელოვანი წევრია ნატოსი. თურქეთს აქვს უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. იგი აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რაც არის ევროპისა და აზიის საზღვარი, ასევე შავი ზღვის ერთადერთი შესასვლელი და გასასვლელი. ამერიკა თურქეთს თავიდანვე ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ერდოღანის დამოუკიდებელმა პოლიტიკამ, ეკონომიკის აღმავლობამ, თურქეთის ამბიციების ზრდამ გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. 2016 წლის ბუნტმა თურქეთში ბევრი რამ შეცვალა. ბუნტი ამერიკას უკავშირდება _ გიულენი, რომელიც თურქეთში ტერორისტად არის შერაცხილი, ამერიკაშია და ამერიკელები თურქეთისთვის მის გადაცემაზე უარს ამბობენ. ამან ამერიკისადმი უნდობლობა გააჩინა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა თურქეთმა რუსეთისგან შეიძინა.

ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს, რუსეთსა და თურქეთს შორის, ამიტომ ამერიკისთვის საქართველო აღარ არის ადვილად მისადგომი და შავი ზღვა ამერიკისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამერიკას რუმინეთისა და ბულგარეთის აკვატორია აქვს მისახედი, პრობლემებია უკრაინასთან ურთიერთობაში. საქართველო ამერიკისთვის მაინც რჩება მნიშვნელოვან ქვეყნად, მაგრამ ჩვენ მათთვის უფრო მეტად საზრუნავი ობიექტი ვართ, ვიდრე ხელსაყრელი იარაღი, ამიტომ საქართველო უკანა პლანზე გადავიდა. ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან, როდესაც ამერიკა აქტიურობს და აქ პრეზიდენტები ჩამოდიან (ვგულისხმობ ბუშის სტუმრობას), ამას ჩვენთვის უბედურება მოაქვს _ ამერიკის პრეზიდენტის სტუმრობიდან სამ წელიწადში სრულმასშტაბიან ომში ჩავებით. იმედია, ამერიკის ინტერესის კლება საქართველოს შანსია, დავაბალანსოთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან, მაგრამ ეს უნიათო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებს, რადგან რადიკალური ცვლილებებია საჭირო.

არჩევნების გზით უნდა გადავირჩიოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასარჩევი არავინაა. ვფიქრობ, მეც ხომ არ ჩავერთო საარჩევნო მარათონში, რაც უკვე ცუდია. როდესაც ადამიანს, რომელსაც არასდროს უფიქრია პოლიტიკურ აქტივობაზე, ასეთი აზრი უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად არის.

_ ეს ხელისუფლება რომ წავა, როგორ მოიხსენიებს მას ხალხი?

_ ამ ხელისუფლებას სახელი არ აქვს, ესენი ისეთი უსახურები არიან, რომ სახელიც არ შერჩებათ. მათი არც წასვლა გადაწყვეტს რამეს ქვეყნისთვის და არც დარჩენა. ამხელა პოლიტიკურ სპექტრში ერთი კაცი არ გამოდგა ჭკვიანი, რომ ეთქვა: რას სჩადით? რას აკეთებთ? 20 ივნისიდან მოყოლებული ქვეყანა პარალიზებულია. თურმე ჩვენ ანტისაოკუპაციო მიტინგები უნდა ვატაროთ. ეს ხომ სიგიჟეა?!

მახსენდება 1990-იანი წლები, როდესაც ხან რუსეთს ვუტარებდით მიტინგებს და ხან გავიძახოდით: “ძირს ბუშიო”. დავბრუნდით მიტინგომანიებში, კარვებში, შეიქმნება ბანდები, თანაც უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე იყო. გამოსავალი არსად ჩანს…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here