Home რუბრიკები საზოგადოება გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

1154
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ვიქეცით უკვე კანაფის რესპუბლიკად თუ კულტივაციის დაწყება გვიკლია სრულ ბედნიერებამდე?!

რამდენიმე დღის წინათ თბილისის #115 სკოლაში საპატრულო ეკიპაჟსა და სასწრაფო დახმარების მანქანას მას შემდეგ გამოუძახეს, როცა გაკვეთილის მიმდინარეობისას(!) რამდენიმე მოსწავლემ მარიხუანა მოწია, ერთერთი კი ცუდად შეიქნა. ამ ამბიდან ორ დღეში, ამჯერად უკვე #120 საჯარო სკოლაში გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რადგან მოსწავლეები ჯგუფურად ეწეოდნენ მარიხუანას და მათ შორის ყველაზე უფროსი 15 წლის იყო, ყველაზე პატარა _ მხოლოდ 12-ის.

ეს არის ორი ფაქტი, რომლებიც ბოლო ათი დღის განმავლობაში გახმაურდა, თორემ გაუხმაურებელი ეგებ ასჯერ მეტიცაა. #120 სკოლის მასწავლებლებმა მომხდარის თაობაზე თქვეს: სისულელეა, ასეთი რამ არ ყოფილა, ნუ იგონებთ და საზოგადოებას ნუ ძაბავთო(?!). ეს მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მომხდარი და ისიც აღნიშნა, რომ საქმე ოფიციალურად აღძრულიაო. ის, რომ სკოლაში ასეთი რამ ხდება და პედკოლექტივი არაფერს აკეთებს, ცალკე დანაშაულია, მაგრამ, მომხდარს რომ მალავს, ეს უფრო დიდი დანაშაულია. თუ ვინმეს პასუხი უნდა მოეთხოვოს, სწორედ სკოლის პედაგოგებსმომხდარის დამალვის გამო, თორემ ათას ბავშვს ყოველწამს რომ ვერ გააკონტროლებენ, ცხადია.

ყველაფრის გვირგვინი კი 20 ოქტომბერს, “დედა ენის” ბაღში გამართული ე.წ. კანაფის ფესტივალი გახდა. პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ განაცხადა აღნიშნულ აქციაზე და ისიც თქვა, ამ ფესტივალზე კანაფს უფასოდ დავარიგებო. სამართალდამცავები კი მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლნენ: ამას არ დავუშვებთო.

მაგრამ აქცია მაინც ჩატარდა. ჯაფარიძემ კამერების წინ “შეკეთებული მარიხუანაც” დაარიგა და ისიც თქვა: ყველა ასე მოიქეცით, რადგან ეს კანონით არ ისჯებაო. ყველაზე საგანგაშო კი ის იყო, რომ ჯაფარიძის მხარდასაჭერად ათასამდე ახალგაზრდა შეიკრიბა და, როცა “გირჩის” ლიდერი პოლიციამ დააკავა, მის დასაცავად ლამის ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

რას ნიშნავს ეს? _ ვიქეცით უკვე კანაფის რესპუბლიკად თუ ჯერ კულტივაციის დაწყება გვიკლია სრულ ბედნიერებამდე?! ან სად არის სამართალდამცავთა მიერ დაპირებული კანონი, რომლის მიხედვით მარიხუანის მოხმარება აიკრძალება?! პრინციპში, რაღა აიკრძალება, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარიხუანის მოხმარება შეიზღუდება, თუმცა აკრძალვაზე საუბარი არ არის. შეზღუდვას რაც შეეხება, თურმე მსურველები მის მოხმარებას მხოლოდ დახურულ შენობაში შეძლებენ და არა გარეთ. სამაგიეროდ, მოწეულზე გარეთ გამოსვლა და კაიფი არ იქნება აკრძალული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ შეიკრიბება რამდენიმე ახალგაზრდა ბინაში, მოწევს მარიხუანას, გამოვა გარეთ და ივლის დაბოლილი ქუჩაში, არავინ ერჩის, არავინ დასჯის. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თურმე მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის ტარება იკრძალება და სპეციალური ამომცნობი მოწყობილობები შემოაქვს შსს-ს.

თუმცა ეს სხვა თემაა და ისევ მთავარს დავუბრუნდეთ. ხელისუფლებამ ისე მიუშვა ეს პრობლემა, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი ჰქონდეს რამე გადასჭრელ-გადასაწყვეტი. პარლამენტში შეტანილ კანონპროექტებს თითქოს კონვეიერით უშვებენ, ისე ამტკიცებენ ხოლმე. შარშან ერთ დღეს, ერთ სესიაზე, 66 კანონპროექტი განიხილეს, კენჭი უყარეს და დაამტკიცეს კიდეც და რა გახდა მარიხუანის მოხმარებაზე წესების გამკაცრება?! თუმცა რას ვითხოვთ პარლამენტისგან, როცა ერმა და ბერმა კანაფის კულტივაციის თემის შეჩერება მოითხოვეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ამაყად გვამცნო: ვისმინეთ ჩვენი ამომრჩევლის ხმა, კანონპროექტი შევაჩერეთ, მაგრამ არ გაგვიწვევია, რადგან მოსახლეობას აუცილებლად ავუხსნით ამ კანონის სიკეთესო. ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, იმას დაემსგავსება, კონსტიტუციის პროექტი რომ განიხილეს საჯარო უწყებებში დასაქმებული აუდიტორიის წინაშე, ხმა ვერავინ რომ ვერ ამოიღო, არავინ გააპროტესტა და საბოლოოდ მიიღეს ისეთი კონსტიტუცია, როგორიც თვითონ სურდათ. ზუსტად ასეა გადაწყვეტილი _ კანაფის კულტივაციის თემასაც დასაქმებული აუდიტორიის წინაშე განიხილავენ, პროტესტის გამომთქმელს წინასწარ დაემუქრებიან სამსახურიდან გაშვებით და მერე იტყვიან: აგერ, ბატონებო, ათასობით კაცს შევხვდით, ყველამ თავი დაგვიქნია და უნდა დავამტკიცოთო. და ასე გადაიქცევა ვაზის ქვეყანა კანაფის მწარმოებელ ქვეყნად და იმის მოსმენა, რომ სამართალდამცავები აქტიურად გააკონტროლებენ, წარმოებული მარიხუანა მხოლოდ ექსპორტზე რომ გავიდეს, სასაცილოა. რომელ კონტროლზეა საუბარი, როცა ბავშვები სკოლებში ეწევიან კანაფს, როცა იმართება ფესტივალი, რომელზეც ათასობით მოქალაქე მიდის, როცა, პრაქტიკულად, ყველა დიდი ქალაქის მაღაზიებში იყიდება მარიხუანის მოსაწევი სხვადასხვა მოწყობილობა, ნაირნაირი “ტარიანები” და ამას ვერ აკონტროლებენ?! ვინ არის გარანტორი, რომ ეს მიდგომა შეიცვლება და შსს უფრო მკაცრი გახდება?! ფაქტი ხომ ის არის, რომ უკვე ყოველდღიურად ვიტყობთ, კანაფს არასრულწლოვნები მოიხმარენო?! სოციალურ ქსელში გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო და ფოტო, რომლებზეც 12-13 წლის ბავშვები ეწევიან მარიხუანას და ეს ხდება ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში, “პლანისსუნად ყარს სადარბაზოები და მშობლები უძლურნი არიან, რადგან არც ერთი არ არის დაზღვეული, რომ ეზოში სათამაშოდ ჩასულ ბავშვს ვინმე კანაფის კვამლით გავსებულ ბოთლს არ მიაწვდის და ისიც გემოს არ გაუსინჯავს.

გვქონდა უკვე შემთხვევა, როცა ნარკოტიკებს თაობა ემსხვერპლა. იმ თაობის წარმომადგენლები, ისინი, ვინც გადარჩნენ, ყვებიან, რომ საქართველოში ნარკოტიკების სახით სიკვდილი დადიოდა და უმოწყალოდ ცელავდა ახალგაზრდებს. მათმა უმრავლესობამ კი ნარკოტიკის მიღება მარიხუანით დაიწყო, შემდეგ უფრო ძლიერი შეგრძნებები მოუნდათ და ძლიერ ნარკოტიკზე “შეჯდნენ”. იქნებ ასეც არის ჩაფიქრებული, რომ ახალგაზრდები ჯერ კანაფზე, შემდეგ უფრო ძლიერ ნარკოტიკზე გადაიყვანონ და… წინა ხელისუფლების მაგალითი ავიღოთ, როცა ქალაქში ერთი აბი სუბოტექსი 700 ლარი ღირდა, საფრანგეთში კი იგივე აბი ერთ ევროდ იშოვებოდა. ანუ, ათას ევროდ ნაყიდ ნარკოტიკში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი კეთდებოდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხა იშოვეს ჩვენი ახალგაზრდების სიკვდილის ხარჯზე?! თანაც, იმხანად სერიოზული ეჭვი არსებობდა, რომ ნარკოტიკების გასაღებას ხელისუფლების მაღალჩინოსნები უწყობდნენ ხელს. ეს ეჭვი ახლაც არსებობს. ახლაც ამბობენ, რომ ყველაფრის უკან სწორედ ხელისუფლების უმაღლესი პირები დგანან და ძალიან ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, რადგან ხელისუფლების ზედა ეშელონები გვიმტკიცებენ, რომ კანაფის წარმოება კარგია და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის პრაქტიკულად ერთადერთი გზა.

20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალი მორიგი ბიძგია ახალგაზრდებისთვის, აკრძალული ხილი (მშობლებისგან აკრძალული, თორემ ისე დაშვებულია) კვლავ რომ დააგემოვნონ და, თუ შემთხვევით დააკავებენ, ზუსტად იციან, რომ გამოუშვებენ, რადგან კანაფის ფესტივალის ორგანიზატორები სამართალდამცავებმა მხოლოდ რამდენიმე საათით გააჩერეს განყოფილებაში. ეს მოზარდებისთვის ერთგვარი რომანტიკაა. პოლიციის მიერ მათი დაკავება, მერე _ გამოშვება… მათ ასაკში საინტერესოდ ჩანს და ის უფრო საინტერესოა, პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ეუბნება: მოწიეთ, სხვებსაც მოაწევინეთ, მე ამას ყოველდღიურად ვაკეთებ, რადგან კანონი მიცავსო. სწორედ ამ კანდიდატს რამდენიმე ათასი ადამიანი აუცილებლად მისცემს არჩევნებზე ხმას, რაც მას უფრო გაათავხედება და ხმამაღლა იტყვის, რომ ზურგს უმაგრებს მისი პარტიის 2-3 კაცი კი არა, რამდენიმეათასიანი არმია. აკი გამოჩნდა კიდეც, როცა თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები თავიანთი ბელადის დასახსნელად პოლიციასაც კი შეებნენ და არც მუშტი-კრივზე დაუხევიათ უკან.

ფაქტია: ხელისუფლება დროულად უნდა მოეგოს გონს, მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ამ გზით ეკონომიკის გაძლიერებაზე ზრუნვა იქამდე მიგვიყვანს, რომ ამ “ძლიერი ეკონომიკის” მომხმარებელ-დამფასებელი აღარ დაგვრჩება. ხომ უნდა მიხვდეს მთავრობა, რომ ბოლო ერთ თვეში 50-ზე მეტი უცხოელი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში ნარკოტიკი გასაყიდად შემოჰქონდათ. უცხოელებმა ქართველების სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრება გადაწყვიტეს, ისიც გააცნობიერეს, რომ ამის გამო საქართველოში არავინ დასჯით. შესაბამისად, დაიძრატაშკენტიდან ქარავანიდა ჩვენი თაობისთვის ამ ქარავანს სიკვდილი მოაქვს. სჯობს, პარლამენტში დროებით შეჩერებულ კანონპროექტსაც სახელი შეუცვალოს ხელისუფლებამ და, კანაფის კულტივაციის ნაცვლად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დაარქვას.

ბესო ბარბაქაძე

P.S. “ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა _ ეს არის მტრობა ჩვენი ერისა”, _ ქადაგებისას ბრძანა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here