მთავარი პოლიტიკა გაიქეცი, მიშა, გაიქეცი!

გაიქეცი, მიშა, გაიქეცი!

1323
გააზიარეთ
გაიქეცი, მიშა, გაიქეცი!

უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ირწმუნება, რომ პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს მართავს. საინტერესოა, რა პოლიტიკური გათვლები დგას ამ და სხვა მსგავსი განცხადებების უკან და რა გავლენას მოახდენს ისინი ქართულ პოლიტიკაზე

“ყველა არხზე საუბრობენ, რომ, თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება”, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია “ზიკ”-ის ეთერში. ეს სწორედ ის “ზიკ”-ია, რომელმაც სააკაშვილი ტელეწამყვანად მიიწვია. მას ვიქტორ იანუკოვიჩის კლანთან დაახლოებული ბიზნესმენები და “რეგიონების პარტიის” ყოფილი ფუნქციონერები აკონტროლებენ. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ უმუშევრად დარჩენილი და პოროშენკოზე განაწყენებული სააკაშვილისთვის ტრიბუნის შეთავაზება მათ ინტერესებს შეესაბამება.

სააკაშვილი, საყვარელიძე და მათი თანამოაზრეები ამ ტელეკომპანიის ეთერში ცდილობენ, გაზარდონ უკრაინელების ინტერესი მათი პოლიტიკური მოძრაობის მიმართ, რომელსაც, ხმაურიანი სტარტის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ჰყოფნის გავლენა და რეიტინგი, უკრაინული პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდეს. ამ კამპანიის ფარგლებში ისინი წარმოაჩენენ სააკაშვილს ფიგურად, რომელიც პოროშენკოს შიშის ზარს სცემს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის ვერსიები სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, უკრაინიდან მის გაძევებაზე, საქართველოში ექსტრადიციაზე და ..

თავის დროზე პოროშენკომ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სააკაშვილის დადებითი იმიჯი უკრაინის ლიბერალურ წრეებში და მისი გავლენა საზღვარგარეთ, რომლის შესახებ ფიგურანტი გადაჭარბებულ წარმოდგენას ქმნიდა. პოროშენკოს ესმოდა, რომ უკრაინულ პოლიტიკაში დამკვიდრებისთანავე სააკაშვილი დაიწყებდა გავლენის სფეროს სწრაფ და აგრესიულ გაფართოებას და ეს შესაძლებელს გახდიდა მის გამოყენებას არასასურველი პოლიტიკოსების თუ ოლიგარქების წინააღმდეგ. მალევე გაირკვა, რომ სააკაშვილის გავლენა ვაშინგტონში მცირეა, ხოლო გუბერნატორის პოსტზე მისი “მარგი ქმედების კოეფიციენტი” საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. უკრაინის გენპროკურატურის მონაცემებით, სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდში, ოდესის ოლქი, კრიმინოგენული სიტუაციის თვალსაზრისით, ქვეყნის უპირობო ლიდერი გახდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ადმინისტრაციულ რეფორმას, სააკაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი ჩააფლავა. ამასთანავე, იყო რაღაც საეჭვო ოპერაციები საბაჟოზე და საგანგებოდ შექმნილ ფონდშიოდესის კეთილდღეობისთვის” (გამოძიება გრძელდება), ხოლო დაპირისპირებაშიოდესის პორტისპირა ქარხნისგარშემო, რომელიც ოლიგარქებისთვის მეტად სასურველი პრიზი იყო, სააკაშვილმა სისუსტე და არათანმიმდევრულობა გამოავლინა. წარუმატებლობის კომპენსირება მან ინტრიგების მეშვეობით სცადა; რაღაც მომენტში პოროშენკოს ეს მობეზრდა დამარადიული ლუზერიპოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა.

ცხადია, დავით საყვარელიძე ცდილობს, ყოველივე მომხდარი წარმოაჩინოს, როგორც პოლიტიკური პიგმეების ბრძოლა ტიტანის წინააღმდეგ. მაგალითად, მან “ზიკ”-ის მაყურებლებს მოუთხრო, თუ როგორ უნდოდა სააკაშვილს, დაეკავებინა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტი და ამან უკრაინულ ელიტაში მღელვარება გამოიწვია, პოროშენკო შეშინდა და სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა და ა.შ. ყოველივე ამის სერიოზულ განხილვაზე დროის დაკარგვა, ცხადია, არ ღირს, მაგრამ ექსტრადიცია, რომელზეც საყვარელიძე საუბრობს, შეიძლება მართლაც განიხილებოდეს გარკვეული ძალების მიერ, როგორც საქართველოს დესტაბილიზაციის საშუალება. და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მის ზურგს უკან სახიფათო კომბინაციებს ხლართავენ.

მიხეილ სააკაშვილი პათოლოგიური მშიშარა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს უახლესი ისტორია, დიდი ალბათობით, სხვა გზით წავიდოდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, სააკაშვილი საქართველოში რომ დარჩენილიყო და დაკითხვებზე ევლო, “ნაცმოძრაობაზე” კონტროლსაც შეინარჩუნებდა და ხელისუფლებას მალევე სერიოზულ ბრძოლას გაუმართავდა. ამ თეორიის მიხედვით, ახალი ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების შიშით სააკაშვილის დაატიმრებას ვერ გაბედავდა. ვაშინგტონი და ბრიუსელი იმ პერიოდში არა მხოლოდ მის დაკავებას, არამედ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც კი ეწინააღმდეგებოდა. თუ სააკაშვილი მოახერხებდა პროკურატურის წარმოჩენას პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად (სასამართლოს მაშინ, ძირითადად, ნაციონალები აკონტროლებდნენ), რაც სავსებით შესაძლებელი იყო ამ უწყების ზოგადი უსუსურობისა და შიდა საბოტაჟის გათვალისწინებით, მისი პოზიციები გაძლიერდებოდა და “ქართული ოცნების” დაღმასვლის დასაწყისს გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში შეხვდებოდა.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, სააკაშვილი მშიშარაა და დაპატიმრების თეორიულ შესაძლებლობაზე ფიქრმა ქვეყნიდან გაქცევა აიძულა.

უკრაინა არ გადასცემს თავის მოქალაქეებს უცხო ქვეყნებს და ეს სააკაშვილის ექსტრადიციას, ერთი შეხედვით, გამორიცხავს, მაგრამ გასული წლის ნოემბერში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა პროკურატურასა და შსს მიმართა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით, რადგან, მისი მტკიცებით, ის კანონდარღვევით მიანიჭეს. რაც შეეხება თავად ფიგურანტის მოსაზრებებს ყოველივე ამის თაობაზე, 2016 წლის 12 ნოემბერს უკრაინული “მეხუთე არხის” ეთერში მან თქვა: “პრეზიდენტ პოროშენკოზე უკეთესი აზრის ვარ, არა მგონია, ასეთი რამ გააკეთოს. წარმოიდგინეთ ჰიპოთეზური სიტუაცია, რომ პოროშენკომ აიღო და გადამცა. ერთ კვირაში თავისუფალი ვიქნები, რადგან საქართველოში 600 ათასი მხარდამჭერი მყავს, ხოლო საქართველო პატარა ქვეყანაა. და შემდეგ სამ დღეში ისევ კიევში ვიქნები. ვის სჭირდება ეს?”.

ცხადია, სააკაშვილს არ ეყოფა სითამამე იმისთვის, ციხეში, არათუ 7 დღით, 7 საათითაც რომ ჩაჯდეს, ხოლო, თუ მისი ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში მართლა დადგება, უკრაინიდან მომენტალურად გაუჩინარდება. მაგრამ ის, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელია კომბინაცია ციხეში ჩაჯდომით და შემდგომი გათავისუფლებით მომხრეების ან დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, არ ნიშნავს, რომ ეს იდეა არავის მოსწონს. როგორც სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა, ისე გარკვეულმა ძალებმა დასავლეთში შეიძლება სცადონ ამ პოლიტიკური გვამის გამოყენება იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია შეცვალონ. ჰიპოთეზური კომბინაცია სააკაშვილის ექსტრადირებით მათ შესაძლებლობას მისცემს, იმ პირობითი “600 ათასისკონსოლიდირება მოახდინონ.

დასავლეთში ამ წლების განმავლობაში გამოქვეყნდა არაერთი პუბლიკაცია, რომლებშიც გამოთქმული იყო წუხილი იმის გამო, რომ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლევა. ხელისუფლება ამ სიგნალებს მკაფიო პასუხს ვერ სცემდა, რადგან თავისი მხარდამჭერების გაღიზიანების ეშინოდა. მხოლოდ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამა წლის მაისში ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერში გააკეთა ერთი, იმდენად ბუნდოვანი კომენტარი, რომ მის გაშიფრვას, სავარაუდოდ, ავლიპ ზურაბაშვილიც კი ვერ შეძლებდა: “პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე კიდევ დევნილია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯები, რომლებზეც არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან ასევე ოპოზიციიდან, პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილური ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც ქვეყანას და ის სამართლებრივი კითხვები, რომელიც არსებობს სააკაშვილთან მიმართებაში უპასუხებს ადეკვატურად”.

ზოგმა ამ განცხადების ქვეტექსტში შეიძლება დაინახოს სააკაშვილისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, განსაკუთრებული სტატუსის მოძებნის მცდელობა, რომელმაც შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფამდე მიგვიყვანოს. მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ _ სააკაშვილი ჩამოსვლას ვერ გაბედავს, მაგრამ ზოგიერთი მისი პარტნიორი შეიძლება სრული სერიოზულობით განიხილავდეს მის ჩამოყვანას საქართველოში ექსტრადირების გზით (ამ გადაწყვეტილებისკენ პოროშენკოს, ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა მხრიდან უბიძგებენ) ან რაიმე სხვა პროცედურის გავლით.

ნაცმოძრაობისრესურსები იწურება და ის, მისგან გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანებებისა და სატელიტი ჯგუფების მსგავსად, კვდომის გზას ადგას. სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოში მისი ყოფილი მომხრეების გალვანიზებას მოახდენს დაუკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლისკენუბიძგებს, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მდგომარეობა გართულდა. აფგან მუხთარლისა დაბირჟა მაფიისსაქმეებმა ერთგვარი ინდიკატორის როლი შეასრულა და ნათლად აჩვენა, რამდენად გონებასუსტი, შეშინებული და არაადეკვატური მთავრობა გვყავს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა, თუ მას სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული კრიზისის დარეგულირება მოუწევდა, როდესაც ქუჩაში არა მხოლოდ მისი მომხრეები, არამედ მოწინააღმდეგეებიც გამოვიდოდნენ და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე სავსებით რეალური გახდებოდა. 2012-13 წლებში ან უკეთესი მთავრობის პირობებში, ხელისუფლება ამ გამოწვევას, სავარაუდოდ, (არა იოლად, მაგრამ მაინც) გაუმკლავდებოდა, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია.

კვდომის პროცესი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აკარგვინებს ძველი რეჟიმის დასავლელ პარტნიორებს იმ ინვესტიციას (ფართო გაგებით), რომელიც ახალი ქართული პოლიტიკური ელიტის შექმნაში ჩადეს. ოპერაციასააკაშვილი გალიაშისარისკოა, მაგრამ შეიძლება ძველ რეჟიმთან დაკავშირებული ძალების პოზიციების მკვეთრი გაუმჯობესებითა და ხელისუფლებაში დაბრუნებითაც კი დასრულდეს. ამ კონტექსტში, “ნაცმოძრაობისბელადი მისი მოკავშირეებისა და თანაგუნდელების მიერ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სახარჯი მასალა, რომლის აზრი არავის აინტერესებს. იდეაში, მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, რომ პოროშენკომ და ივანიშვილმა სააკაშვილის ექსტრადირებაში გაცილებით მეტი პლუსი დაინახონ, ვიდრე მინუსი.

ერთ კარგ ფილში რომ იტყოდნენ… გაიქეცი, მიშა, გაიქეცი! შესაძლოა, ის ადამიანები, რომელთაც თანაგუნდელებად და საიმედო პარტნიორებად თვლი, ყველაფერს აკეთებენ, რათა თბილისში დაგაბრუნონ და ციხეში გამოგამწყვდიონ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here