მთავარი პოლიტიკა გადაარჩენენ თუ არა ახალი სახეები “ქართულ ოცნებას”?

გადაარჩენენ თუ არა ახალი სახეები “ქართულ ოცნებას”?

709
გააზიარეთ
ივანიშვილი-ღარიბაშვილი

ქართულ ოცნებაშიცვლილებები დაიწყო. ავანსცენაზე დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა. სტარტი აიღო ახალი კადრების მოზიდვის პროგრამამ, რომელსაც კახი კალაძე კურატორობს. დაეხმარება თუ არა ეს და სხვა სიახლეები მძიმე მდგომარეობაში მყოფ მმართველ პარტიას?

“მიდის მუშაობა, რომ გუნდს ახალი სახეები შემოემატოს. ეს არ ეხება მხოლოდ პარტიის ლიდერშიფს, საუბარია რაიონულ ორგანიზაციებზე, პარტიის გაძლიერებაზე ახალი სახეებით”, _ განუცხადა “რუსთავი 2”-ს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. “ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში, სოფელში, მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით”, _ თქვა “პალიტრანიუსის” ეთერში პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა (თავის დროზე ხელისუფლებისადმი ასეთი შეთავაზებით _ აქცენტი გაკეთებულიყო ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტის მქონე გამორჩეულ ადამიანებზეგამოვიდა ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, მაგრამ მაშინ მისი წინადადება ყურად არ იღეს. როგორც ცხოვრებამ გვაჩვენა _ ტყუილუბრალოდ. რედ.). ეს და სხვა მსგავსი კომენტარები ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი მობილიზაციის მთავარი მიზანი საპარლამენტო არჩევნების გადაგორებაა და “ქართულ ოცნებას” უპირველესად “ახალი სახეები”, ანუ ფასადის შელამაზება აინტერესებს. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2016 წლის არჩევნების წინარე პერიოდი, როდესაც პარტიამ საზოგადოებას ირაკლი კობახიძე (მდინარაძე, თალაკვაძე და . .) წარუდგინა, როგორც განახლებისა და პროგრესული კადრების დაწინაურების ილუსტრაცია. ყველამ ნახა, რა გამოვიდა აქედან _ “ახალ” და “ძველ გვარდიას” შორის დაიწყო ჯერ ფარული, შემდეგ კი ღია დაპირისპირება, რომელმაც მმართველი პარტია დაშლის პირას მიიყვანა.

“ქართული ოცნების” ისტორია არსებითად დისბალანსის ისტორიაა. როდესაც მის შიგნით ერთ-ერთი ჯგუფი არაპროპორციულად ძლიერდება, დანარჩენები მის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ცდილობენ, დაარწმუნონ ბიძინა ივანიშვილი და სრულიად საზოგადოება იმაში, რომ ეს გაძლიერება დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ ფაქტორმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ღარიბაშვილის, კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის გადაყენებაში და კალაძის ჯგუფის პოზიციების შეზღუდვაში, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ. როდესაც ესა თუ ის ჯგუფი ასპარეზს ტოვებს ან უკან იხევს, მისი გავლენის ზონაში იქმნება ერთგვარი ვაკუუმი, რომლის შევსებას სხვა გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ. ეს პროცესი ქაოსურ ხასიათს ატარებს და საბოლოოდ სისტემა უფრო დაუბალანსებელი ხდება, ვიდრე ცვლილებების განხორცილებამდე იყო. 2018 წელს, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაუბრუნდა, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ბალანსი “თავისით” არ აღდგება. “გვარდიების ომმა” პარლამენტში კარგად აჩვენა, რომ პროცესი თვითრეგულირებას არ ექვემდებარება და საკმაოდ მკაცრ ჩარევას საჭიროებს.

ამ პრობლემის სათავე მმართველი პარტიის გაურკვეველი, “შუალედური” ბუნებაა. ის არასაკმარისად დემოკრატიულია იმისთვის, რომ ბალანსის აღდგენა დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით მოახერხოს და, ამასთანავე, არასაკმარისად ავტორიტარულია იმისთვის, რომ მისი სტაბილურობა “ავტორიტარულ რაციონალურობაზე” დაფუძნებულმა წესებმა უზრუნველყონ. ის, რასაც ვხედავთ, ყველაზე მეტად ფეოდალურ აშლილობას ჰგავს და საზოგადოების აღქმაც შესაბამისად შეიცვალა. დღეს კომენტატორები ბევრს საუბრობენ იმაზე, რა მოხდება, როდესაც ღარიბაშვილის კადრები კალაძესა და კობახიძესთან დაკავშირებულ კადრებს დაეჯახებიან. ამ დროს პროცესი აღიწერება, როგორც ხისტი დაპირისპირება, თითქმის ომი და არა თანაპარტიელების ასე თუ ისე ჯანსაღი კონკურენცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სისტემაში ღარიბაშვილის ან რომელიმე სხვა ელემენტის დამატება მას დაასტაბილურებს _ უბრალოდ, შეიცვლება ძალთა ბალანსი.

ბოლო მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ერთადერთი გამაერთიანებელი ფაქტორი მმართველი პარტიისთვის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია და ეს მის ლიდერებს, ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში კონსოლიდაციისკენ უნდა უბიძგებდეს, მაგრამ ბოლო არჩევნების წინ უთანხმოებამ პრეზიდენტის კანდიდატურის გამო (რომელიც უფრო ღრმა დაპირისპირების გამოვლინება იყო), გამოიწვია ის, რომ ლიდერების ნაწილი პირველი ტურის წინ ლამის “ჩუმი საბოტაჟის” რეჟიმში გადავიდა. 2012-16 წლების პერიოდთან შედარებით სიტუაცია აშკარად შეიცვალა _ პროცესი კალაპოტს გასცდა. “გვარდიების” დაპირისპირებამ და კონკურენციამ საარჩევნო სიის გარშემო საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს.

ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი “ძველ გვარდიასთან” ურთიერთობის დარეგულირებაა _ აქ უნდა ვიგულისხმოთ არა იმდენად უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, რამდენადაც ამომრჩევლები, რომლებიც “2012 წლის პრინციპების” ერთგულებას ინარჩუნებენ, ხოლო კობახიძის გუნდს დასანახავად ვერ იტანენ. ძნელი წარმოსადგენი არაა, რას გრძნობენ ისინი დღეს, როდესაც ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარება სთხოვა (და მიიღო), ხოლო ორიოდე თვეში გააკეთა ის, რაც დაპირებებისგან და მოლოდინებისგან ძალიან შორს იყო (მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებული პროცესები, კობახიძის ჯგუფის იერიში “ძველი გვარდიის” პოზიციებზე და ა. შ.). რაღაც მომენტში ცხადია შეიქნა, რომ “ქართული ოცნება” საკუთარი ელექტორატის ბირთვს კარგავს.

ამ ამომრჩევლებს დიდად არც ღარიბაშვილი მოსწონთ, თუმცა იციან, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება ჰქონდა. სხვა საქმეა, რომ სწორედ მისი პრემიერობის პერიოდში დაიწყო “ოცნებაში” ნაციონალების მასობრივი “პორტირების” პროცესი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილის რიგი განცხადებები და ნაბიჯები აშკარად განსხვავდებოდა ირაკლი კობახიძის ისტორიებისგან ფაშისტებზე, რომლებიც ომის შემდეგ კეთილები გახდნენ. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი ვანო ზარდიაშვილსა და ლევან მურუსიძეს არ ეხუტებოდა.

სოციოლოგიური მონიტორინგი და საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ “ანტიმიშისტური” განწყობა საზოგადოების დიდ ნაწილში კვლავ აქტუალურია და ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ რესურსს წარმოადგენს, რაც მეორე ტურში გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ცხადია ისიც, რომ ელექტორატის უმრავლესობამ, დიდი ხანია, გაშიფრაქართული ოცნებისმთავარი პოლიტტექნოლოგიური სქემა, რომელიც წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილისგან საფრთხობელის შექმნას ითვალისწინებს და, ფაქტობრივად, სთავაზობს მოსახლეობას, “ქართული ოცნებამხოლოდ იმიტომ აირჩიოს, რომ ისნაცმოძრაობაზენაკლები ბოროტებაა. მთელი რიგი ინდიკატორები მიუთითებენ იმაზე, რომ ეს მიდგომა ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს. შესაბამისად, არსებობს ორი ფაქტორი _ ერთი მხრივ, კვლავ აქტუალურიანტიმიშიზმიდა, მეორე მხრივ, მისი გამოყენების დრომოჭმული ტაქტიკა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტაქტიკა თავდაცვითი ხასიათისაა _ “მგელი მოდის და მოვიგერიოთ” _ ის პრევენციულ ზომებს ნაკლებად ითვალისწინებს.

ამ ფაქტორების გამო “ქართული ოცნება” შეიძლება შეეცადოს, “მეორედ შევიდეს მდინარეში”, რომლიდანაც 2013-14 წლებში ამოვიდა (უფრო სწორად ამოხტა), რათა გააერთიანოს ძველი ამომრჩეველი ნაციონალების წინააღმდეგ მიმართული ახალი ტაქტიკის გარშემო. მარტივად რომ ვთქვათ, არ დაელოდოს მომენტს, როდესაც ნაციონალები და მათთან აფილირებული ჯგუფები მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებულ კამპანიას ააგორებენ (მან კულმინაციას, წესით, გაზაფხულის მეორე ნახევარში უნდა მიაღწიოს) და თავად გადადგას გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, ოდნავ შეცვლილი სახით მიიღოს “პატრიოტთა ალიანსის” მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ასეთი დადგენილების მიღებიდან ავტომატურად გამომდინარეობს მთელ რიგ საქმეებში მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და გამოძიების პროცესის გააქტიურება, აგრეთვე, გარკვეული შეზღუდვების დაწესება თანამდებობების დაკავებაზე იმ პირებისთვის, რომლებიც ძველ რეჟიმთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. ეს პოლიტიკა გარანტირებულად გაამწვავებს “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ურთიერთობას და, დიდი ალბათობით, ელექტორატს საპარლამენტო არჩევნების წინ იმავე დილემის წინ დააყენებს (უბრალოდ, ამ წერტილამდე განსხვავებული მარშრუტით მივა), რომლის წინაშეც 2016-ში იდგა, ეს კი “ოცნებისთვის” მომგებიანია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ პროცესი სწორედ ასე წარიმართება, ჯერჯერობით არც ისე მაღალია. მმართველ პარტიას უცხოელი პარტნიორების ნეგატიური რეაქციის ეშინია და, ამასთანავე, მსგავსი პოლიტიკის გატარებისთვის არასაკმარისად ენერგიულია. თუმცა სავსებით შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” “მონიშნოს” წინსვლა ამ მიმართულებით და მთავარ როლს ამაში, სავარაუდოდ, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი შეასრულებს.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას ცდილობს. მას სჭირდება თუნდაც ფარდობითი სტაბილიზაცია პარტიაში და ელექტორატის წინასაარჩევნო კონსოლიდაცია. პარადოქსულია, მაგრამ ერთი მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება პარტია მეორეს დააშოროს. მაგალითად, ზემოთ ნახსენებიანტინაცურიინიციატივები, სავარაუდოდ, არ მოეწონებაახალგაზრდა გვარდიას”, რადგან დღის წესრიგში დააბრუნებს პოლიტიკოსების შეფასების იმ კრიტერიუმებს, რომლებიცქართული ოცნებისელექტორატისთვის აქტუალური 2012-14 წლებში იყო. კობახიძის ჯგუფის წევრებისთვის, რომელთაც ძველ რეჟიმთან (და მის მემკვიდრეობასთან) მებრძოლებად არავინ არ აღიქვამს, ეს, ალბათ, არასასურველი იქნება და შეიძლება წინააღმდეგობა გაწიონ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რა ალტერნატიული ტაქტიკა შეიძლება შესთავაზოს ამ ჯგუფმა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ. ასეა თუ ისე, ფაქტია _ მმართველი პარტია ღრმა კრიზისშია და ბიძინა ივანიშვილს მის გადასარჩენად ექსტრაორდინალური ზომების მიღება მოუწევს.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. საინტერესოდ მსჯელობთ ბატონო დიმიტრი. ყოველთვის სათანადოდ აფასებთ ვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here