Home რუბრიკები პოლიტიკა ბუნტი “შვიდეულში”

ბუნტი “შვიდეულში”

1343
მერკელი-ტრამპი

ტრამპმა კანადის პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა, ნატოს გენმდივანი კი ალიანსის წევრებს შორისსერიოზულ უთანხმოებაზეალაპარაკდა

8-9 ივნისს კვებეკის პროვინციის (კანადა) რეგიონ შარლევუას კურორტ ლა მალბეში გაიმართადიდი შვიდეულის” 44- სამიტი, რომელზეც გამოჩნდა, რომმსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ელიტურ კლუბს”, როგორც მას ადრე მოიხსენიებდნენ ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პერიოდი არ უდგას.

ტრამპის მიერ თეთრი სახლის ზღურბლზე გადაბიჯებიდან 500 დღის შემდეგ აშკარაა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს განზრახული აქვს, უარი თქვას გლობალიზმის ბევრ პრინციპზე.

ჟურნალისტებმა ტრამპის მოქმედებას სამიტზე უკვე უწოდეს “სავაჭრო ომი”. თავდაპირველად, ბევრი ევროპული ქვეყანა, კანადა და იაპონია იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის ლიდერს დაარწმუნებდნენ, არ დაეწესებინა იმპორტზე საბაჟო გადასახადები ამერიკის ბაზრის დაცვის მიზნით. მეტიც, აშშ-ის ჩრდილოელი მეზობელი ყველანაირად ცდილობდა, გაეჭიანურებინა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების (NAFTA) განახლების შესახებ და იმედოვნებდა, რომ ტრამპი ბოლო მომენტში უკან დაიხევდა.

შედეგი _ NAFTA, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ განკარგულება გასცა, აშშ-ის წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერონ G7-ის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეს. ტრამპმა სიცრუე უწოდა ტრიუდოს განცხადებას, რომ G7-ის ყველა წევრმა შეათანხმა შემაჯამებელი კომუნიკე. მან კანადა ასევე დაადანაშაულა “მასშტაბური საბაჟო გადასახადების დაწესებაში ამერიკელი ფერმერების, მუშებისა და კომპანიების მიმართ”.

აშშის პრეზიდენტის განცხადებით, ტრიუდოსთან ურთიერთობა იყოხანმოკლე და რბილი”, მაგრამ, როგორც კი თეთრი სახლის მეთაურმა დატოვა სამიტი, კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ აშშის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადები შეურაცხმყოფელია და რომარ დაუშვებს, ვიღაც ისე მოეპყრას, როგორც სულელს”.

G7-ის შემაჯამებელ კომუნიკეში ნათქვამია, რომ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებაზე თანხმობა დაადასტურეს G7-ის ქვეყნების ლიდერებმა, აშშ-ის გარდა. კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა განცხადეს, რომ განზრახული აქვთ, “იმუშაონ ყველა რელევანტურ პარტნიორთან” და იბრძოლონ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. ტრამპმა სამიტზე კიდევ ერთი სიურპრიზი მოამზადა და განაცხადა, რომ “შვიდეულს” უნდა დაუბრუნდეს რუსეთი და, შესაბამისად, აღდგეს “დიდი რვიანი”. არადა, სწორედ აშშ უბიძგებდა ევროპელ პარტნიორებს, მოსკოვის მიმართ ხისტი პოლიტიკა გაეტარებინათ, სანქციები შემოეღოთ და ა.შ. ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა _ ტრამპიდიდი რვიანისაღდგენას მოითხოვს, ხოლო საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ამას ეწინააღმდეგებიან.

“G7-ის ქვეყნებს შორის უთანხმოება გრძელდება, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, _ კანადის ქალაქ კვებეკში გამართულმა სამიტმა ვერ შეძლო ყველა უთანხმოების მოგვარება, თუმცა G7-ის წევრებს შესაძლებლობა მისცა, არსებული დაძაბულობის პირობებში შეენარჩუნებინა ერთობა ყველა იმ საკითხში, რომლებშიც ეს შესაძლებელი იყო”.

მაკრონმა აღნიშნა, რომ კანადაში G7-ის შეხვედრის შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე ელოდებოდნენ.

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ იქნებაყულაბა”, რომელსაც ყველა ძარცვავს”.

ტრამპის განცხადებით, ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების შემდეგ აშშ-ის პარტნიორების საპასუხო ზომები “სასაცილო და მიუღებელია”.

“ეს შეწყდება ან ჩვენ შევწყვეტთ მათთან ვაჭრობას. ჩვენ ვართ, როგორც ღორი-ყულაბა, რომელსაც ძარცვავენ, მაგრამ ეს დასრულდება”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ მსოფლიოს ლიდერები თავს იკავებდნენ ტრამპის საჯარო კრიტიკისგან. უთანხმოებაზე საუბრისას, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ ურთიერთგაგებას ვაშინგტონთან და ხაზს უსვამდნენ აშშ-ის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე მსოფლიო წესრიგში, მაგრამ კანადის სამიტის წინ რიტორიკა გამკაცრდა. თავდაპირველად, პოლიტიკური ექსპერტები თეთრ სახლს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ფორუმებზე იზოლაციით აშინებდნენ, შემდეგ მიხვდნენ, რომ ტრამპი მაინცდამაინც შეშფოთებული არ არის ასეთი იზოლაციით.

და “შვიდეულის” ლიდერების მოთმინების ფიალა აივსო. 7 ივნისს ოტავაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთმანეთს ასწრებდნენ, ეთქვათ, რომ მზად არიან, “ყველაფერი გააკეთონ ტრამპის გარეშე”.

მაკრონმა განაცხადა: ამბობთ, რომ აშშის პრეზიდენტისთვის ყველაფერი სულერთია? შეიძლება, მაგრამ ლიდერებიდან მუდმივი არავინ არის. G7-ის დანარჩენი 6 წევრი ერთობლივად შექმნის იმაზე დიდ ბაზარს, ვიდრე ამერიკულია. შეიძლება აშშის პრეზიდენტს მართლაც არ ადარდებს იზოლაციაში დარჩენა. რა გაეწყობა, არც ჩვენ ვუფრთხით ექვსეულად დარჩენას, იმიტომ, რომ ეს ექვსეული განასახიერებს ჩვენს ფასეულობებს, საბაზრო ეკონომიკას და, რაც მთავარია, ის არის საერთაშორისო დონეზე მთავარი ძალა”.

კარგი ნათქვამია, გამბედაობით აღსავსე, მაგრამ არის კი ერთიანი ევროპა (კანადასა და იაპონიასთან ერთად) მზად, თავისი გამბედაობით განზე გაწიოს აშშ? შეძლებენ კი “დარჩენილი ექვსის” ლიდერები ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებას ამერიკის გარეშე?

საერთოდ, დარჩა კი G7-ში 6 თანამოაზრე ქვეყანა? მას შემდეგ, რაც იტალიაში ევროსკეპტიკოსებისგან ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ევროპის ერთიანობას წყალი შეუდგა. პრობლემა ისიც არ არის, რომ იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე თანამიმდევრულად მიისწრაფვის ანტირუსული სანქციების გაუქმებისკენ.

ბერლინისთვის, პარიზისა და ბრიუსელისთვის გაცილებით სახიფათოა იტალიის ახალი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მისწრაფება, თუ ევროკავშირიდან დაუყოვნებლივ არ გავლენ, იმაზე მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვონ სოციალურ-ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, ვიდრე ეს გლობალისტური მოდელით არის გათვალისწინებული.

ტრამპის მიმართ მკვეთრი განცხადებები, შესაძლოა, იმიტომაც გაისმა, რომ “შვიდეულში” განხეთქილების კიდევ ერთი საფრთხე გაჩნდა _ ამჟამად იტალიის მხრიდან.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამხედრო ალიანსის წევრთა შორის “სერიოზულ უთანხმოებაზე” ალაპარაკდა.

“ჩვენ ვხედავთ უთანხმოებას ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში, ირანთან ბირთვულ გარიგებაში. ეს კი სერიოზული უთანხმოებაა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის”, _ განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ადრეც მოუწოდებდა ევროკავშირს, აშშ-ის იმედი არ ჰქონოდა და შეექმნათ ნატოს მსგავსი სტრუქტურა ამერიკის გარეშე. ნატოს შექმნის წინ, 1948-1949 წლებში, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა აშშ-ის გარეშე ევროპის უსაფრთხოების კოლექტიური სისტემის არსებობის. მით უმეტეს, არ არსებობს საფუძველი, რომ საერთო ევროპულმა არმიამ დღეს შეძლოს ამერიკული სამხედრო ქოლგის შეცვლა, ყოველ შემთხვევაში, ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის რადიკალურად გარდაქმნის გარეშე.

მაკრონსა და მერკელს კი არაფრის გარდაქმნაგადაკეთება არ სურთ; პირიქით _ მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს, რომლებსაც ითხოვენ ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების სულ უფრო მზარდი ამომრჩევლები.

როგორც ხედავთ, დიდი შვიდეულის ქვეყნებში სერიოზული განხეთქლილებაა და G7-ის წევრები ისე იქცევიან, როგორც ივანე კრილოვის ცნობილი იგავის პერსონაჟები _ გედი, კიბო და ქარიყლაპია, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან დატვირთულ ფორანს და ცდილობენ, იქით გააგორონ, საითაც ხელს აძლევს თითოეულ მათგანს და, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით _ ტვირთი კვლავ ძველ ადგილზე რჩება, რადგან “მეგობრებს” შორის თანხმობა არ არის. სწორედ ასეა ამჟამად G7-შიც. მისი წევრი ყველა ქვეყანა, უწინარესად, აშშ, თავისკენ ექაჩება სასიცოცხლო რესურსებს, რომლებიც უკვე არავის აღარ ჰყოფნის.

ამ ფონზე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები, რომლებიც, უკვე ათეული წლებია, არ იცვლება და, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში ნებისმიერ ფასად (თუნდაც ტერიტორიების დათმობის) შესვლისკენ მოწოდებაა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფასად. არადა, დასავლეთს თავისი გასჭირვებია და, თუ საქართველოს საფრთხე დაემუქრება, ისე დაგვიცავს, როგორც, მაგალითად, ერთა ლიგამ დაგვიცვა გასული საუკუნის 20-იან წლებში ან ნატომ და ევროკავშირმა _ 2008 წლის აგვისტოში.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ისეთი პირი უჩანს,სანამ ნატოში ჩვენი მიღების საკითხი სერიოზულად დადგება ,თვით ნატოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. და დავრჩებით დეიდა ნატოსავით გულგატეხილნი და მიტოვებულნი,სხვისი შვილების ამარა-“ჩვენს მიწა-წყალს შემოსეული ათასი რჯულის მკალი”
    მყავს მხედველობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here