Home რუბრიკები პოლიტიკა ბრმად უნდა აკეთო ის, რასაც ძია სემი გიბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავ....

ბრმად უნდა აკეთო ის, რასაც ძია სემი გიბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავ. არის თუ არა ეს თანამედროვე მონობა?

რუსეთმა დაამტკიცა, ვინ არის მეგობარი, და ამერიკამაც დაამტკიცა, როგორ სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის დაკრულზე არ ცეკვავენ

2259
ტრამპი და ერდოღანი

საქართველოს გაცხადებული საგარეო კურსი ისევ ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაა. ამას ამტკიცებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და საკმარისია, ამ კურსიდან ვინმემ მილიმეტრით მაინც გადაუხვიოს, მაშინვე კრიტიკის ობიექტი ხდება. არადა, ნატოსა და ევროკავშირის კარზე, წლებია, უიმედოდ ვაკაკუნებთ და, წლებია გვეუბნებიან, მიგიღებთ, ოღონდ ჯერ არაო.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში ამ ორგანიზაციის ყველა წევრი, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები გვპირდება, რომ როგორც თანასწორს, ისე მოგვექცევა და გარეშე მტრისგან დაგვიცავს. ვიღაც რომ მტრისგან გიცავს და მეგობრობის ხელს გიწვდის, ძალიან კარგია, მაგრამ… ეს დაპირებაა, საქმით კი…

ნატოს წევრია ჩვენი მეზობელი თურქეთი, ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკითა თუ განვითარებით, ძალიან გვისწრებს. შესაბამისად, თურქეთს, როგორც ნატოს წევრს, ამერიკამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა, წესითა და რიგით, თანადგომა უნდა გამოუცხადონ, მაგრამ ნურას უკაცრავად. თანადგომას ვინ ჩივის, აგერ, ამერიკა თურქეთს ერჩის და ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თურქეთის დასჯა სურს. სწორედ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გამო გაუფასურდა რეკორდულად თურქეთის ეროვნული ვალუტა, ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით ზარალი განიცადა და ხელისუფლება იძულებულია, ვალი ვალზე აიღოს.

“ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. თურქული ლირა ეცემა ჩვენი ძალიან ძლიერი დოლარის მიმართ. ამ მომენტისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც ისე ძალიან კარგია”, _ განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტს “შეპასუხება” ვერავინ გაუბედა, გარდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა, რომელმაც შტატები მოურიდებლად გააკრიტიკა.

“ტრამპის მხრიდან იმის ზეიმი, რომ თურქეთს, ნატოს მოკავშირეს, ეკონომიკური ზიანი მიაყენა, სამარცხვინოა. აშშ-მა უარი უნდა თქვას სანქციებსა და დაშინებაზე, თორემ მსოფლიო გაერთიანდება, რათა აიძულოს, ეს გააკეთოს”, _ დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, თუმცა მას არავინ უსმენს _ ამერიკა ისევ იმუქრება, თურქეთი ისევ შავ დღეშია.

თურქეთი თავის თავს მიხედავს, რადგან 80-მილიონიან ქვეყანას მსოფლიო ბოლომდე ვერ დაუპირისპირდება, რადგან ამან, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს, თუმცა საგულისხმოა, რომ გაჭირვების ჟამს მას ხელი რუსეთმა გაუწოდა. ჰო, იმ რუსეთმა, რომელზეც ამერიკა ამტკიცებდა, თურქეთის მტერია და მისი გაქრობა სურსო. რა გამოდის? განცხადება ერთია, ქმედება _ მეორე? ამ ქმედებით რუსეთმა დაამტკიცა, ვინ არის მეგობარი და ამერიკამაც დაამტკიცა, როგორ სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის დაკრულზე არ ცეკვავენ. შესაბამისად, მიახლოებით მაინც ხომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის დაკრულზე საქართველოს ხელისუფლება დავლურს არ ჩამოუვლის?! ხომ ხვდებით, რა ბერკეტების ამოქმედება შეუძლია ამერიკას? როცა 80-მილიონიანი თურქეთიც კი მილიარდობით დოლარით აზარალა, 3-მილიონიან საქართველოს რას უზამს?! და იმასაც ხომ ხვდებით, რომ მოკავშირეობაზე საუბარი უკვე, უბრალოდ, სისულელეა, რადგან იმაზე მყარი მოკავშირე, ვიდრე ნატოს წევრი თურქეთია, ამერიკისთვის ვერასდროს ვერ ვიქნებით.

რა გამოდის?! ყველაფერი, რასაც, ათეული წლებია, გვიმტკიცებენ, ფარსი ყოფილა. უბრალოდ, ფარსი და მეტი არაფერი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით, მთავარია, ამერიკა არ გავაბრაზოთ, თორემ საშვილიშვილოდ დაგვსჯის და არაერთხელ დაცემულ ქვეყანას, ისეთ მუჯლუგუნს უთავაზებს, ბოლომდე დაანგრევს, ისედაც არარსებულ ეკონომიკას გაანულებს და ვალებში დამხრჩვალ ქვეყანას სესხსაც აღარავინ მისცემს (ჩვენი საჭიროებისათვის, უკვე დიდი ხანია, აღარ გვაძლევენ _ რედ.) ხელისუფლებისა და ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს, სწორედ მათ, ვინც დითირამბებს უმღერის შტატებს, კითხვაც არ გასჩენიათ, რატომ ექცევა ტრამპი ერთგულ პარტნიორს ასე. ეს იმიტომ, რომ კითხვის დასმაც კი ისჯება, ბრმად უნდა აკეთო ის, რასაც ძია სემი გიბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დაკარგავ. არის თუ არა ეს თანამედროვე მონობა?! სად ჩანს აქ თანასწორი პარტნიორობის შესაძლებლობა და სად ჩანს სამომავლო პერსპექტივა?! უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკამ მესიჯი გაუგზავნა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომ ურჩობის შემთხვევაში უკან დახევასა და მათთვის თავზე ხელის გადასმას არ აპირებს და დასჯის ყველას, ვინც არ დაემონება.

პერსპექტივაში დავუშვათ, რომ ამერიკამ თურქეთს ომი გამოუცხადოს (ამის ნიშნები აშკარად იყო და საომარ მოქმედებებზე მინიშნება როგორც ერდოღანმა, ისე ტრამპმაც გააკეთეს), ხომ მოითხოვს ამერიკა ჩვენგან, როგორც სტრატეგიული პარტნიორისგან მხარდაჭერას? რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება? თურქეთს ნახევარი თბილისი და აჭარის უდიდესი ნაწილი ისედაც “დაპყრობილი” და ნაყიდი აქვს და, ხომ ხვდებით, რა მოხდება? რუსეთი თურქეთს არ მიატოვებს, ირანიც მის მხარეს დადგება დაამერიკამდე აქედან ვერავინ ვერაფერს მიაწვდენს, აქ შევასკდებით ერთმანეთს და მერე, როგორც ათი წლის წინათ, ფოთის პორტში შემოვა წყლითა და პამპერსებით დატვირთული გემი და ამერიკაც ხელებს შეიწმენდს: გეხმარებით, მეტი რა გინდათო.

ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ ნატოსკენ ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად მივილტვოდით, რომ ეს ყველაფერი ფარსია. გვერწმუნეთ, ქართველი ერი ამ აღიარებას გაპატიებთ, მაგრამ გვეეჭვება, ქვეყნის გაქრობისთვის გამეტება გაპატიონ. მონად ვჭირდებით ამერიკასა და ევროპას და აგერ, თურქეთი რომ არ დაემონა, საშვილიშვილო პრობლემები შეუქმნა. ჩვენ კი საშვილთაშვილო პრობლემები არ გვაკლია და ახალსაც ვიმატებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here