მთავარი ეკონომიკა ბოლო შვიდ წელიწადში მოსახლეობიდან ბანკების საკუთრებაში გადასულმა ქონებამ მილიარდს გადააჭარბა

ბოლო შვიდ წელიწადში მოსახლეობიდან ბანკების საკუთრებაში გადასულმა ქონებამ მილიარდს გადააჭარბა

1002
გააზიარეთ

საბანკო სექტორის მოგება _ 915 მილიონი, აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა _ 15 მილიარდი (!). გამოდის, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ამ ორი სეგმენტისთვის არსებობს

მეეჭვება, საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელთანაც ბანკის ოპერატორს არ დაურეკავს და წკრიალა ხმით არ უცნობებია, რომ ბანკი მას სესხს სთავაზობსეფექტური” 12, 13 ან 17%-იანი განაკვეთით. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ესეფექტურისესხი სინამდვილეში წლიური 50%-ია და, როცა დამრეკავს უხსნი, რომ ტელეფონში სხვა რამ გითხრა, გულუბრყვილო სახით გეუბნება: ეს საკომისიო, ეს დაზღვევა, ეს ამის, იმის და აღარ სრულდება. შედეგად, ვინც რისკავს და სესხს იღებს (და რისკავს უმრავლესობა, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს), შემდეგ გადახდას ვეღარ ახერხებს და ბანკს მიაქვს უძრავმოძრავი ქონება, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია.

ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 210.6 მლნ ლარი შეადგინა, ანუ ბანკებმა მოსახლეობისგან 210 მილიონი, უბრალოდ, წაიღეს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს რეალური რიცხვი არ არის _ სესხის გაცემისას შეფასება გაცილებით დაბალ ფასად ხდება, რათა ბანკმა არ გარისკოს და შემდეგ აუქციონზე ქონების გაყიდვა გაუიოლდეს. შესადარებლად გეტყვით, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება გასულ წელთან შედარებით 48.2 მილიონი ლარით გაიზარდა.

ასეთ დროს როგორ არ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნების წინ გაცემული ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პირადად ივანიშვილმა თქვა: ბანკებს ვაიძულებთ, სესხები 2-3%-ში გასცენ და პირადად მე ვუზრუნველვყოფ, სესხების დიდი ნაწილი საერთოდ უფასო იყოს, უფასო ფული გექნებათ, რასაც აიღებთ, იმას გადაიხდითო. უფასო ფული კი არა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საბანკო სექტორმა ფრთები გაშალა და მოსახლეობიდან ბანკების საკუთრებაში გადასულმა ქონებამ ბოლო შვიდ წელიწადში მილიარდს გადააჭარბა. მარტივი ლოგიკით, ბოლო შვიდ წელიწადში, მხოლოდ ბანკების დამსახურებით, საქართველოს მოსახლეობა მილიარდით გაღარიბდა და ბანკებმა მილიარდით მეტი იშოვეს.

ძალიან განვითარებულ და ზე სახელმწიფოებად წოდებულ ევროპულ ქვეყნებზე რომ არ გვითხრათ, იქამდე ბევრი გვიკლიაო, პორტუგალიის მაგალითზე მოგახსენებთ. სესხის მაქსიმალური საპროცენტო ოდენობა პორტუგალიაში 3%-ია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით არ შეგიძლია და შემოსავალში მხოლოდ ხელფასს უჩვენებ. საკმარისია, უძრავი ქონება დააგირავო და 3%-იანი სესხი ნახევრდება, ანუ სესხს 1.5%-ში იღებ და იქ არსებული ხელფასის გათვალისწინებით, მარტივად იხდით. შედეგად, პორტუგალიური ბანკების მოგება დიდია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საქართველოში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი _ პორტუგალიას საქართველოზე ათჯერ მძლავრი ეკონომიკა აქვს, საქართველოსთან შედარებით მოსახლეობა საშუალოდ ათჯერ მეტ შემოსავალს იღებს და… ქართული ბანკები, პორტუგალიურთან შედარებით, წელს ათჯერ მეტი მოგებით ამთავრებენ, ანუ პორტუგალია გვჯობნის ყველაფერში, მაგრამ ბანკების მიერ მოსახლეობის ყვლეფაში ჩვენ ვუსწრებთ. ამ მაჩვენებლით ვუსწრებთ არა მხოლოდ პორტუგალიას, არამედ ყველა (ჰო, ყველა!) ევროპულ ქვეყანას და გამოსავალიც არ ჩანს. გამოსავალი კი იმიტომ არ ჩანს, რომ ხელისუფლებამ გასაგებადაგვიხსნა”: ბანკები კერძოა, ჩვენ ვერ ჩავერევით, ბიზნესს წნეხში ვერ მოვაქცევთო და

გასული წელი ბანკებმა 915-მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც, 2017 წელთან შედარებით, 45 მილიონი ლარით მეტია. მოლოდინი არსებობს იმისა, რომ წლევანდელი მაჩვენებელი მილიარდს გადააჭარბებს და როგორ გგონიათ, ამ კოლოსალური მოგებიდან, ბიუჯეტში ბანკები რამდენს იხდიან? გასულ წელს, 915-მილიონიანი მოგების შემდეგ, ბანკებმა ბიუჯეტში, საერთო ჯამში 123 მილიონი გადაიხადეს. ისე არ იფიქროთ, რომ ეს თანხა ამ 915 მილიონს დააკლდა, არა, ბატონებო, ეს სუფთა მოგებაა, ის თანხა რომ გადაიხადეს, იმის შემდეგ დარჩენილი. ისიც ვთქვათ, რომ 2018 წელს ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 4.2 მილიარდი ლარი შეადგინა დახვდებით მაინც, როგორ მარჟაზე მუშაობენ? ამ თანხის 79% საპროცენტო შემოსავლებზე მოდის, ანუ თითქმის 3-მილიარდიანი შემოსავალი ბანკებმა ჩვენ მიერ გადახდილი პროცენტებით მიიღეს.

გავიგეთ, რომ ხელისუფლებამ მოგვატყუა და წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა; ისიც გავიგეთ, რომ ბანკებზე ვერ თუ არ ზემოქმედებენ და ვერ აიძულებენ, სესხები 2 და 3-პროცენტიანი განაკვეთებით გასცენ. ის მაინც ხომ შეუძლია სახელმწიფოს, რომ დაადგინოს მაქსიმალური ზღვარი, მაგალითად, 10% (რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება)? ამ განაკვეთის ზემოთ ბანკებს უფლება არ ექნებათ, გასცენ სესხი. ეს არ არის ზეწოლა, ეს იქნება კანონი, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება ყველასთვის და, თუ ბანკირები იტყვიან, რომ ხელისუფლება საბანკო სექტორის განვითარებას ხელს უშლისო, იქნება ტყუილი, რადგან ვერავინ დაგვაჯერებს, რომ, 915-მილიონიანი მოგების ნაცვლად, ბანკებმა ნახევარმილიარდიანი მოგება რომ მიითვალონ წლის ბოლოს, უკმაყოფილო დარჩებიან. ნამდვილად ვერ ვურჩევთ ხელისუფლებას იმას, რომ ბანკებს გადასახადი გაუზარდონ, რადგან, 915 მილიონი მოგების შემდეგ, ბიუჯეტში გადახდილი 123 მილიონი სასაცილო თანხად ჩანს; ვერ ვურჩევთ იმიტომ, რომ, როგორც კი ეს მოხდება, ბანკები კვლავ მოუმატებენ საპროცენტო განაკვეთს და დამატებით გადასახადს ისევ ჩვენგან ამოიღებენ ან, 210 მილიონის ღირებულების უძრავი ქონების ნაცვლად, მათ სარგებლობაში გაცილებით მეტი გადავა.

მას შემდეგ, რაც ბანკებმა მოსახლეობის ქონების დასაკუთრება დაიწყეს, იქით მივდივართ, რომ გავა წლები და ბანკები ვეღარაფერს წაგვართმევენ, რადგან ისედაც ყველაფერი მათ საკუთრებაში გადავა. რა ქონება უნდა ჰქონდეს ერთ მუჭა მოსახლეობას, მით უმეტეს ასეთი სიდუხჭირის პირობებში, რომ ის კიდევ დიდხანს გაჰყვეს? ადამიანები კარგავენ საცხოვრებელს, მიწას, მანქანებს, კომერციულ ადგილებს და რჩებიან ბედის ანაბარა. ბანკების მავნებლურ პოლიტიკას იმით მაინც მიხვდეს სახელმწიფო, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისა და სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. არსად ხდება, ბატონებო, ასე, არსად, რადგან როგორც კი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მატება შეინიშნება, სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რადგან იქ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ზუსტად იციან, რომ ძლიერი მოსახლეობა ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს და ძლიერი სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე მეტი გავლენითაც სარგებლობს და მეტიც ეთქმის. ჩვენთან კი სხვა ვითარებაა, რადგან სერიოზული (და არც თუ უსაფუძვლო) ეჭვი არსებობს, რომ როგორც კი “საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი” იმდენს იშოვის, რომ სარჩოს საძებნელად სხვა რამეზეც დაიწყოს ფიქრი, მაშინვე უკეთეს ხელისუფლებას მოისურვებს, კანონების შეცვლას მოისურვებს, უფრო მეტ კეთილდღეობას მოისურვებს, ასე კი… მაძღარი მონა ვერ ააშენებდაო სვეტიცხოველს, ხომ წაგიკითხავს?… ჩვენი უბედურება ის არის, რომ არც სვეტიცხოვლის ამშენებლებად ვუნდივართ…

უხეშად რომ დავთვალოთ, საბანკო სექტორის მოგება 915 მილიონი, აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა 15 მილიარდი (!) და გამოდის, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ამ ორი სეგმენტისთვის არსებობს. არსებობა ჰქვია იმას და არა ცხოვრება, რაც დღეს ერს სჭირს. ეს ყველაზე მძაფრად სწორედ ისეთ დღესასწაულზე ჩანს, როგორიც ახალი წელია და სწორედ ახალ წელს გაისმის ყველაზე მეტი გმინვა. ახალ წელს ყველა ბავშვი ელოდება თოვლის პაპის საჩუქარს, იმ საჩუქარს, რომელსაც უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ მიიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში საკვების გარეშე დარჩება; არც ისე იშვიათად კი _ საკვებისა და საჩუქრის გარეშეც.

ბესო ბარბაქაძე

P.S. დღევანდელ რეალობას ყველაზე მეტად მიესადაგება ფრაზა ფილმიდანთოჯინები იცინიან”: “რატომ იყო რვოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო”. სათამაშოების გარეშე დარჩენილი თაობა, ანუ გონებაჩლუნგი თაობა ყველაზე მეტად ხელს აძლევს ხელისუფალს, რადგან განათლებული ერის მართვა ძნელია, გაუნათლებელს კი ხანსარკო, სარკოსაყვირებ რუსთაველზე და ხანაც ტაშს დააკვრევინებ თავისუფლების მოედანზე იმ სტატუსისთვის, რომელიც კი არ მოიპოვე, არამედ, უბრალოდ, რიგმა მოგიწია და გერგო. ისე, გაგიგონიათ, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ასე პომპეზურად რომ ეზეიმოთ და მილიონები დაეხარჯოთ? არა. და იცით, რატომ? იქ ფულს სხვა დანიშნულებას უძებნიან და ხალხს ახარჯავენ, იმ ხალხს, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას. ჩვენი მომავალი კი ახალ წელს 33 ლარზე გაივლის

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here