მთავარი საზოგადოება ანრი ვერ შესწვდა ძეხვსაო…

ანრი ვერ შესწვდა ძეხვსაო…

2239
გააზიარეთ
ანრი ჯოხაძე-თაკო გაჩეჩილაძე

ქართველებს კვერცხებიანი მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი გვჭირდება. ყურადღება მიაქციეთ: სიტყვა კვერცხებიანი განგებ არ ჩავსვი ბრჭყალებში, რადგან, გარდა იმისა, რაც თქვენ იგულისხმეთ, პატივცემულო მკითხველო, ასეთი მსმენელი, მაყურებელი და მკითხველი ჩვენ პირდაპირი გაგებითაც გვჭირდება.

კვერცხებიან მაყურებელში (სულ ერთი და იგივე რომ არ ვწეროთ, აწი, სადაც მაყურებელს დავწერთ, ავტომატურად მსმენელი და მკითხველიც იგულისხმეთ) ბევრმა შეიძლება წარმოიდგინოს მკაცრი, დაუნდობელი, მომთხოვნი მაყურებელი და მართალიც იქნება. ოღონდ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ამასთანავე, აუცილებლად გვჭირდება მაყურებელი ხელში ქათმის კვერცხებით, რომელიც არც ისე ნიჭიერ გამომსვლელს ამ კვერცხებს დაუშენს და სცენაზე მეორედ გამოსვლის სურვილს დააკარგვინებს.

ეს ასე ხდებოდა ადრეც _ 1990-იანებში კი არაერთი მსგავსი შემთხვევა საკუთარი თვალითაც მინახავს. უნდა ვაღიარო, ერთხელ, ერთ-ერთი “საკავეენო” გამოსვლისას, თავადაც გავხდი ასეთი კვერცხებიანი მაყურებლის მსხვერპლი და ღირსიც ვიყავი.

მაშინ კი მეწყინა, მაგრამ, სამაგიეროდ, მას შემდეგ, სანამ სცენაზე ფეხს შევდგამდი, კარგად ვემზადებოდი, ვცდილობდი, სასაცილო სცენარები მქონოდა და მოდი, წავიტრაბახებ, ყველა დანარჩენი ჩემი გამოსვლა სცენაზე, თუნდაც გუნდთან ერთად და თუნდაც მონოლოგის სტილში, მხოლოდ აპლოდისმენტებითა და დადებითი შეძახილებით დამამახსოვრდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მაყურებელმა დაფასებაც იცის და “შეჯანჯღარებაც” შეუძლია.

თუმცა პრობლემა არის ის, რომ, რასაც ბოლო წლებში ვუყურებ, უფრო და უფრო მცირდება კი არა, შეიძლება ითქვას, საერთოდაც ქრებიან ყველა სფეროში ისეთი ადამიანები, რომლებსაც მაყურებლისგან, მსმენელისგან თუ მკითხველისგანშეჯანჯღარებისსურვილი აქვთ და მართალ, სწორ, აუცილებელალიყურსისე აღიქვამენ, როგორც საჭიროა.

საქმე მარტივადაა _ ასეთი “ალიყურის” გააზრების, გათავისებისა და გათვალისწინების უნარი ისევ რეალურად ნიჭიერ ადამიანებს, ღირებულ შემოქმედებს აქვთ, ხოლო უნიჭოთათვის მთავარია, “გაძვრნენ” და სულ არ აინტერესებთ, რეალურად რას ფიქრობს საზოგადოება მათზე.

სამწუხაროდ, ეს ასე ჩვენს ქვეყანაში უკვე ყველა სფეროში ხდება.

ახლახან მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის სამარცხვინო კრახი “ევროვიზიის” კონკურსზე ამის კიდევ ერთი დასტურია და, სამწუხაროდ, არა ერთადერთი.

თავის დროზე, უგემოვნო, დაუხვეწავი, არც ისე ნიჭიერი გამოსვლების გამო მისთვის ვინმეს კვერცხები რომ დაეშინა, ან იმუშავებდა და გაცილებით დაიხვეწებოდა, ან, საერთოდ, მიატოვებდა სცენას და სხვა საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, რაც, ალბათ, მისთვისაც უკეთესი იქნებოდა და მაყურებლისთვისაც.

ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს მხოლოდ და პირადად თაკო გაჩეჩილაძეს ვერჩოდე რამეს. თავიდანვე ვთქვი: დღევანდელ საქართველოში ეს ყველა სფეროში ასეა-მეთქი.

უბრალოდ, ის, რაც თამარას (ასეთი სახელით წარდგაევროვიზიისმაყურებლის წინაშე თაკო გაჩეჩილაძე) დასაცავად და, როგოც ამბობენ, “გასაპრავებლადტელეკომპანიაიმედმაიკადრა, მეტისმეტი იყო.

წესით, წაგებული, თან იმასაც გააჩნია, როგორ წაგებული _ საფინალო ტურშიც რომ ვერ მოხვდა და მაყურებელს მხოლოდ ლოცვით დაამახსოვრა თავი (სხვათა შორის, ლოცვაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ), ის და მისი გუნდი უნდა გაჩუმდნენ მაინც და გაიტრუნონ, სანამ ხალხს ეს კრახი მიავიწყდება.

ამის ნაცვლად, ახალგაკომპოზიტორებული ანრი ჯოხაძე ტელეეთერში გაჰყვიროდა, _ თაკო გაჩეჩილაძე მსოფლიო დონის მომღერალია და ამაში მთელი საქართველო მეთანხმებაო!

მკითხველს კარგად ახსოვს, თუ როგორ ვერ შესწვდა საქართველოს სახელით ევროვიზიაზე წარგზავნილი ანრი ჯოხაძე კონჩიტა ძეხვს (ევროვიზიის გამარჯვებულ კონჩიტა ვურსტზეა საუბარი, ვურსტი გერმანულად ძეხვს ნიშნავს), არ აღმოჩნდა ანრის ეგზოტიკური ვოკალი და სასცენო უნარები საკმარისი ევროვიზიის სცენის დასაპყრობად. ჰოდა, საინტერესოა, ამ ძეხვს (ვურსტს) ვერ შეწვდენილმა მაესტრომ სად, როდის და რაში დაინახამთელი საქართველოსთანხმობა იმაზე, რომ თაკო გაჩეჩილაძე მსოფლიო დონის მომღერალია, ვერ გეტყვით. აქ საყურადღებო ისაა, რომ კომპოზიცია, რომლითაც თამარა ხსენებულ კონკურსზე გამოვიდა და ჩაფლავდა, სწორედკომპოზიტორანრი ჯოხაძის შემოქმედება იყო. კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ წინის წინაევროვიზიაზეთვით ანრი ჯოხაძე ჩაფლავდა, როგორც მომღერალი

და ამდენი ჩაფლავების შემდეგ ადამიანი რომ გამოდის და ამაყად, რიხით გველაპარაკება, ერთდერთი რაც გაგვახსენდება, ყვარყვარე თუთაბერის სიტყვებია: “დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა! მე კიდევ ავცოცდები!”

ანუ სულ სხვაა პატიოსანი, ნამუსიანი ადამიანის შეცდომა და სულ სხვა _ უტიფარი ადამიანის განზრახ მოქმედება. ნამუსიანი ადამიანი შეიძლება შეცდეს, ჩაფლავდეს და ამის გამო სირცხვილის განცდა დაეუფლება, საზოგადოებაში გამოჩენას მოერიდება, გაჩუმდება… ხოლო უტიფარი ადგება და საკუთარი ჩაფლავების “გასაპრავებლად” ვიღაცას რაღაცას გადააბრალებს, სისულელეებს იტყვის, ერთი სიტყვით, არავისი შერცხვება.

სწორედ ასეთი, “ყვარყვარული” პერიოდია დღეს საქართველოში.

იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ქვეყნის არათუ შოუბიზნესისა და ხელოვნების სფეროში, არამედ მთავრობაშიც კი, უმეტესად ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი შეცდომა და საზოგადოების მხრიდან დაცინვა ან უარყოფითი დამოკიდებულება ძვირად უღირდათ, განიცდიდნენ სირცხვილის ჭამას; ან ბოდიშს იხდიდნენ, ან სხვა სფეროში ცდიდნენ ხოლმე ბედს.

ახლა კი საქართველოში დამკვიდრებულია ყველაზე უფრო დამღუპველი ტენდენცია _ თუკი ვინმეზე რამე უარყოფითი თქვი, გააკრიტიკე, გამოთქვი მოსაზრება, რომ ის არ არის სათანადოდ ნიჭიერი, მორჩა! იმ წამსვე გაწებებენ შურიანის, ბოღმიანის, ბოროტის, აგრესიულის იარლიყს.

საზოგადოების გარკვეული და, ალბათ, დიდი ნაწილი უკვე მართლა დააშინეს ამით ე.წ. ელიტურმა წრეებმა და იმიტომაც ვიმკით ასეთ “ბრწყინვალე” შედეგებს ყველა სფეროში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იყო.

“რა ბოროტი და შურიანი ერი ვართ ეს ქართველები, იმის ნაცვლად, რომ თაკოს გვერდით დავდგომოდით, მომენტი ვუშოვეთ და ვლანძღავთ”.

“აუ, ასეთი ბოღმიანი და ღვარძლიანი ხალხი რატომ ვართ? გამხნევების ნაცვლად გადავუარეთ საცოდავ თაკო გაჩეჩლაძეს”.

და კიდევ სხვა მსგავსი, ყოვლად რეგვნული ფრაზები ბლომად დაყარეს სოციალურ ქსელებშიელიტარებმადა მათ ფეხის ხმას აყოლილმაელიტარობის მსურველებმა”.

ანუ, გამოდის, ვინც უნდა შექმნას გარკვეული ჩაკეტილი წრეები რომელიმე კონკრეტულ სფეროში, მერე ჩაფლავდეს საერთაშორისო მასშტაბით და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიოს, ჩვენ მაინც უნდა ვაქოთ, ვადიდოთ, ვეალერსოთ, რადგან ოფიციალურად “ხელოვნების მუშაკები” ჰქვიათ; და არაფერი ვთქვათ უარყოფითი, თორემ შურიანები, ბოღმიანები, ჩასაფრებულები, ბოროტები და კიდევ ათასი უბედურებები ვიქნებით?

უნდა ვაბრალოთჩვენებისწარუმატებლობა ხან იმას, რომევროვიზია პოლიტიკური კონკურსია”, ხან იმას, რომმტრები გვყავს, ბატონო, მტრებიდა ხან კიდევ ათას ხელოვნურ მიზეზს?

მხოლოდ მომღერლებზე და კონკრეტულად თაკო გაჩეჩილაძეზე რომ არ გამომივიდეს საუბარი, გავიხსენებ ანალოგიურ საბაბს, რომლითაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამართლებდა ხოლმე თავის სამარცხვინო დამარცხებებს წლების განმავლობაში, _ ცუდი მოედანია, მინდორი უხარისხოა, გაზონი არ ვარგა და ნიადაგია უსწორმასწოროო.

არადა, მოწინააღმდეგეც ხომ იმ კონკრეტულ თამაშს სწორედ იმავე მოედანზე, იმავე მინდორზე, იმავე გაზონსა და ნიადაგზე თამაშობდა?!

ამაზე პასუხი ასეთი ჰქონდათ: ეგენი, სამაგიეროდ, მაგარ მოედნებზე ვარჯიშობენო!

ჰოდა, შე კაი დედ-მამის შვილო, ეგ ამბავი, წესით, პირიქით არ არის? კარგ მინდორზე ნავარჯიშებს უფრო არ უნდა გაუჭირდეს უსწორმასწორო ნიადაგზე თამაში, ვიდრე შენ, უსწორმასწორო ნიადაგზე მიჩვეულს?!

მაგრამ, აბა, ბიჭი იყავი და გაგებედა რაიმე უარყოფითის თქმა ჩვენს ფეხბურთელებზე! იმწამსვე მოგნათლავდნენ შურიანად, არშემდგარად, გაბოროტებულად და არაპატრიოტად.

საქმეც სწორედ ის არის, რომ ამ ადამიანებს ლოგიკა აქვთ უსწორმასწორო, თორემ აქ არც მინდორია შუაში და არცევროვიზიის პოლიტიკური კონტექსტი”.

კი, ბატონო, პოლიტიკური კონტექსტის გამო, შეიძლება პირველ ადგილზე არ გაგიყვანონ და არ გაგამარჯვებინონ, მაგრამ, როდესაც მეორე ტურშიც კი ვერ გადადიხარ და მაჩანჩალა ადგილზე რჩები, ამას ვერანაირიპოლიტიკური კონტექსტივერ ხსნის.

თუმცა ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, რომლის სპორტული ჟურნალისტები წერდნენ: “ეს არის ქართული ფეხბურთის ოქროს თაობა!” და ეს ფარაზა ფეხბურთელთა იმ თაობას შეეხებოდა, რომელსაც, არათუ რომელიმე უმაღლესი რანგის შეჯიბრებაში, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა, არამედ არც ერთი საშუალო დონის ამხანაგური ტურნირიც კი არ მოუგია არასდროს!

და რატომ არის ასეთი თაობაოქროსი”, იმ ფეხბურთელებთანჩახუტებულმასპორტულმა ჟურნალისტებმა იციან მხოლოდ!

საზოგადოდ, ვფიქრობ, ნებისმიერ სფეროში ვინმესკარგობადაცუდობამისი მიღწევებით უნდა ფასდებოდეს. თუმცა, ხელოვნებას სწორედ ეგჭირი ჭირს”, რომ მისი შეფასების ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს და ნებისმიერი საშუალო ნიჭის ხელოვანი რაღაც დროის განმავლობაში შეიძლებაგენიოსადაცკი გასაღდეს. სპორტის გუნდური სახეობებიც იძლევა არასწორი სელექციის შედეგად მიღებული გუნდისოქროს თაობადგასაღების საშუალებას. მით უფრო, თუკიყვარყვარიზმიზეობს და სირცხვილი ანულირებულია.

ერთადერთი, რაშიც გაცილებით მეტადაა შესაძლებელი იმის ობიექტურად დანახვა _ ვინ ძლიერია და ვინ სუსტი, ეს სპორტის ინდივიდუალური სახეობებია და ჭიდაობაში გვაქვს კიდეც ძალიან მაღალი შედეგები.

სხვა შემთხვევაში კი, კიდევ ვიმეორებ, ნამდვილად აღსადგენია 1990-იანების სახელოვანი ტრადიცია _ კვერცხებიანი მაყურებელი, რომელიც აიძულებს მავანს, ან ხარისხი გააუმჯობესოს, ან სულაც სხვა სფეროში მოსინჯოს ძალებიგამოთავისუფლებულ ადგილებზე კი მართლაც ნიჭიერებს მიეცეთ გზა, რადგან ნებისმიერი უნიჭოს ზეობა თავისთავად გულისხმობს ვერდანახული ნიჭიერის დაკარგვასა და დაჩაგვრას.

სხვანაირად, ანუ ჯანსაღი კრიტიკის, სწორი გადაფასების ან თუნდაც სამართლიანი დაცინვის გარეშე, არც ხელოვნებას, არც სპორტს, არც სხვა რომელიმე სფეროს ნამდვილად არაფერი ეშველება.

ხშირად გაიხსენეთ დიდი დავით გურამიშვილის სიტყვები _ “ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?” ან, იქნებ ფიქრობთ, რომ ყველაზე “გაბოროტებული” ქართველი სწორედ ეგ იყო?

ბაკურ სვანიძე

5 COMMENTS

  1. ბრწყინვალე სტატიაა! უნიჭობისა და უტიფრობის გამოხატულებაა „პოლიტიკოსების“ ქმედებაც. მაგრამ მათ საზოგადოების მხრივ კვერცხები კი არა, ფურთხიც არ შველით: იგი „ჟუჟუნა წვიმად“ ეჩვენებათ!

    • sruli simartlea, sruli cheshmaritebaa, gaixaret bakur, magram politikosebit dackebuli kvelas dakarguli akvs sircxvilis da cheshmariti carmatebis shegrdzneba, getanxmebit namdvilad sachiroa kvercxebiani makurebeli

  2. კვერცხებზე მკიდია “ევროვიზია” და “ცეკვავენ ვარსკვლავები”, “ნანუკები” და “მაიები”

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here