Home ახალი ამბები საქართველო ამერიკელი კონგრესმენების დაკრულზე მოცეკვავე საქართველო და ბოლო შანსი ივანიშვილისთვის

ამერიკელი კონგრესმენების დაკრულზე მოცეკვავე საქართველო და ბოლო შანსი ივანიშვილისთვის

4019
ამერიკელი კონგრესმენების დაკრულზე მოცეკვავე საქართველო და ბოლო შანსი ივანიშვილისთვის

უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, კორონავირუსის კრიზისზე უფრო მეტად, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას ამერიკელი კანონმდებლები და, ასევე, გადამდგარი დიპლომატები და სხვადასხვა ჯურის ლობისტები ახდენენ

ნაცები, რა თქმა უნდა, გახარებულნი არიან, რომ მეორეხარისხოვანი ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან, რადგან მათ ამ გზით იმედი უჩნდებათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. მერე, რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ეს ამერიკული სანქციებისა და ზეწოლის ქვეშ მოხდება, თუკი უფრო მეტად გაიზრდება საქართველოს დამოკიდებულობა ამერიკაზე და, შესაბამისად, საბოლოოდ უარს ვიტყვით დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებაზე; მთავარი “ნაცებისათვის” ძალაუფლება და ფულია. თუმცა იმავეს თქმა შეიძლება შეფიქრიანებულ “ქოცებზეც”, რომლებიც ამერიკის მბრძანებლობას საქართველოზე აღიარებენ და უბრალოდ, იხტიბარს არ იტეხენ, თითქოს ისე არ წვიმს, როგორც ქუხს…

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ნაწილში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ პროექტით გათვალისწუნებული დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო შეჩერდეს, ქართველი ე. წ. პოლიტიკოსების ემოციური შეფასებები მოჰყვა, ეს შეფასებები ზუსტად იმ განწყობას ასახავს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. გავეცნოთ რამდენიმე ასეთ მოსაზრებას, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა.

გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს გამარჯვებად აღიქვამს. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე. როდესაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა, [ის] ჯერ კიდევ [სხვადასხვა] კომიტეტებში უნდა განიხილონ და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს“.

კახა კუჭავა – ქართული ოცნება: „კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი, ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან ან მეორე – მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“.

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „დღეს კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ აწესებს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა, მათ შორის, დახმარების მიტანა ადამიანებამდე“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ვითარებაში, შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. [იგი] ჩვენს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას ეხმარებოდა, ოღონდ, როდესაც ხედავენ ქართველი ხალხის ნების გამო მათთვის საკვანძო ქვეყნის მთავრობა ჩიხში შედის და ფუნდამენტურად უპირისპირდება იმ პრინციპებს და პრაგმატულ ინტერესებს, რომლებიც აქვს ჩვენს მეგობარს, აი, მაშინ ხდება ასეთი რამ, რაც ვნახეთ – სენატში ინიცირებული პროექტი, რაც ვნახეთ ახლა – ქვედა პალატაში ინიცირებული პროექტი და თუ ისტორიის გახსენება გვინდა, შეგვიძლიარა იდენტური, მაგრამ მსგავსი [მაგალითი] 2003 წელს, შევარდნაძის დროს ვნახოთ“.

თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ფაქტობრივად, გამოვა, რომ საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქციებს. ეს თანხის დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ პრეცედენტია. ეს არის პრეცედენტი იმის, რომ ამერიკის პოლიტკურმა ორგანომ, იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს, არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. გაჩნდა სერიოზული კითხვები და დაიწყო საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება“.

ასეა თუ ისე, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა დეპუტატებმა, აშკარაა საქართველოს დამოუკიდებლობის არარსებობა. სავარაუდოდ, არჩევნებზე ხალხის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო – ყველაფერი წინასწარი სცენარის მიხედვით იქნება გაწერილი. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ საქართველომ თავი დაიძვრინოს ამ ვითარებიდან.

რა არის ეს შანსი? – ივანაშვილმა, რომელსაც, სანქციები, შესაძლოა, მართლაც დაუწესონ, გონს უნდა მოეგოს და უარი უნდა თქვას ამერიკის ინტერესების მომსახურებაზე. ივანაშვილს “გეოპოლიტიკოსობა” არ გამოუვიდა – რამდენიმე თვის წინ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული მისი გეგმა – ამერიკელებს ვეტყვი: მე თქვენს ინტერესებს ვახორციელებ რეგიონში და თუ მე არ დამიჭერთ მხარს, თქვენთვის იქნება ცუდი, არ შედგა. ფულით მთელი საკანონმდებლო შტოს მოსყიდვის საშუალება თვით მილიარდერსაც არ გააჩნია (თანაც, მხოლოდ მიამიტი დაიჯერებს იმას, რომ ვაშინგტონში მარტო კანონმდებლები არიან ამ განწყობით), ამიტომ, რჩება ერთი გზა და იგი, სავარაუდოდ, ბოლო შანსი იქნება ივანიშვილისათვის – საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადახედვა და იმის გაკეთება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც მართლა აბრალებენ მას – რუსეთის ხელმძღვანელობასთან გონივრული, ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის დაწყება!

ვასილ ბეგლარიშვილი

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here