Home რუბრიკები პოლიტიკა აბორტგაკეთებული ცხოველები, პრეზერვატივიანი ბუღები, მჯდომარე მდგომარეობაში დამარხული მიცვალებულები…

აბორტგაკეთებული ცხოველები, პრეზერვატივიანი ბუღები, მჯდომარე მდგომარეობაში დამარხული მიცვალებულები…

ადგილობრივი თვითმმართველობები და ევროსაბჭოს რეკომენდაციები

2228
კუბო

ცენტრალურ ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეგიონებში საოცარი ამბები ხდება. პირველი, რაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ახლადმოსულმა გამგებლებმა და მერებმა გააკეთეს, ხელფასების მომატებაა. აბსოლუტურად ყველა (ვიმეორებთ, ყველა!) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა თუ მერს ხელფასი სულ ცოტა გაუორმაგდა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ისინი ყოველთვიურად 3 500 ლარს იღებენ. თავი კი ასე იმართლეს: ბევრს ვმუშაობთ და გვეკუთვნის, რაც მთავარია, კანონის ფარგლებს არ ვცდებითო. ევროპაში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დადიან და შემდეგ ისეთი სახეებით ბრუნდებიან მუნიციპალიტეტებში, თითქოს მსოფლიო დონის საიდუმლო ჩამოიტანეს და მისი გამხელის ეშინიათ. მერე ევროსაბჭოს რეკომენდაციებით იღებენ გადაწყვეტილებებს და დოკუმენტაციასაც დებენ _ აგერ, იმათ გვირჩიეს და უარი როგორ გვეთქვაო?!

ჰოდა, ცოტა ხნის წინათ სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით ზუგდიდის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დამარხვას ითვალისწინებს. ამაზე ბევრი ითქვა და ჩვენ მხოლოდ ერთს დავამატებთ: როცა ხმაური ატყდა _ აქაოდა, რა მჯდომარე მდგომარეობაო, საკრებულოს თავმჯდომარემ რიგით მოკვდავთ განგვიმარტა, რომ თურმე უპატრონო ადამიანები ზამთარში იყინებიან და როგორ ფორმაშიც იყინებიან, იმ მდგომარეობაში უწევთ მათი დამარხვა და, კანონი რომ არ დაარღვიონ, ამიტომ მიიღეს ეს წესი.

ჯერ ერთი, რაღაც არ მახსოვს კანონი, რომელშიც წერია, რომ ადამიანი მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა დაიმარხოს და მეორეც _ ზუგდიდის საკრებულომ იმაზე რომ იფიქროს, უპატრონო ადამიანებს თავშესაფარი აუშენოს, რათა ქუჩაში უპატრონოდ არ გაიყინონ, უმჯობესი იქნება და სისულელეებზეც ნაკლები დროის დაკარგვა მოუწევთ.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ევროსაბჭოს რეკომენდაციით, ღორის სპერმა რომ იყიდეს და მოსახლეობაში შპრიცებით დადიოდნენ: ღორის ჯიში უნდა გამოვასწოროთო. საბოლოოდ, სპერმა დამპალი აღმოჩნდა და პროექტიც ჩავარდა. ისე, ფულიან სახელმწიფო მოხელეებზე, ღორსა და დამპალ სპერმაზე ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან” ეს დიალოგი რომ არ გავიხსენო, არ შეიძლება, რადგან დღევანდელობას სიმბოლურად ასახავს, ლიმონა რომ შოშიას ცხოვრებისეულ არსს უხსნის…

შენს საქმეში გასულ გვარამაძეს ერთი მილიონი მანეთი ფული მიწაში უპოვეს, ხის ძირში დამარხული. რატომ? იმიტომ, რომ დამპალი თესლის ნაყოფია! შენც ეგრე ხარ, ალბათ! შენც გაქ, ალბათ, დამარხული სადმე ფული. მერე მოკვდები, შენი შვილები ვერასოდეს ვერ იპოვნიან, მოვლენ და შიგ საფლავში ჩაგაფურთხებენ!

_ რატომ, კაცო, რატომ?

_ იმიტომ, რომ შენც დამპალი თესლის ნაყოფი ხარ! ფულს მიწაში რა უნდა?! ან ნათესავი არ გყავდა გაჭირვებული, ან მათხოვარი არ შეგხვედრია ქუჩაში? ფულს მიწაში როგორ მარხავთ, თქვენი პარაზიტი დედა ვატირე! მერე მოდიხარ და მე მედრები! შენ რა იცი თავისუფლების ფასი! შენ გარეთ რა გინდა? აქ უნდა მოკვდე, ფანჯარასთან, მესერში გაკვეხებული ღორივით!”

სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით, წყალტუბოს საკრებულომ ცხოველებთან მოპყრობის დადადგენილება მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის 25 მაისით არის დათარიღებული. ცხოველებთან ზოოფილური აქტები, ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქების მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა და “მენტალური ტანჯვა” _ ეს ცხოველებთან მოპყრობის არასრული ჩამონათვალია, რომელიც საკრებულომ დადგენილებით განსაზღვრა. იმავე დადგენილების მიხედვით, იკრძალება პატრონის მიერ ცხოველის მიტოვება, ასევე მისი რეკლამაში, კინოგადაღებასა და ფოტოგრაფიაში გამოყენება.

როგორია?! სავარაუდოდ, ევროსაბჭოსა და წყალტუბოს საკრებულოს არავინ აუხსნა ის, რომ, მაგალითად, ბატებს წელიწადში ერთხელ ბუმბულს აგლეჯენ და ბალიშებს კერავენ; არავინ აუხსნა, რომ ცხენს ჩლიქებზე ნალების დასაკრავად ჩლიქის ქვედა მხარეს დანით აჭრიან, ასწორებენ, ნალი რომ სწორად დააჭედონ.

ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება მაინც ფოთის, ხაშურისა და იმავე წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ შინაურ ცხოველებს გამრავლება, ანუ შეჯვარება ეკრძალებათ. წესითა და რიგით, მუნიციპალიტეტის პირველ პირს სოფლის მეურნეობაში მინიმალური განათლება მაინც უნდა ჰქონდეს და უნდა იცოდეს, რომ, მაგალითად, ძროხა გამრავლებას 2 წლიდან იწყებს, წელიწადში ერთ ნაშიერს იძლევა და ხშირად 10-ზე მეტ ხბოს აჩენს. ამ დადგენილების მიხედვით კი, ძროხას მხოლოდ 4 ხბოს გაჩენის შესაძლებლობა ექნება. მერე, რაოდენ ჯიშიანიც უნდა იყოს, უნდა დაიკლას, იმიტომ, რომ 2 წლისა დამაკდება, 6 წლისა კი უნდა დაკლა. სხვაგვარად კანონი ირღვევა.

ეს ძროხებზე, თორემ მაწანწალა ძაღლები და კატები ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაარღვევენ კანონს. წარმოიდგინეთ, 6 წლის ძუკნა ძაღლს მთელი მუნიციპალიტეტის ხვადები რომ აედევნებიან და თავისივე დადგენილების შესასრულებლად მერიის თანამრომელი მინიმუმ ძაღლის პრეზერვატივით და მაქსიმუმ დამჭერი ბადით რომ ირბენს საკუთარ ქალაქში კანონის უზენაესობის დასაცავად.

სიმართლე გითხრათ, თავიდან გვეგონა, რომ მუნიციპალიტეტების პირველი პირები მართლა საკუთარი ინიციატივით იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად ეს მართლაც ევროსაბჭოს რეკომენდაციებია. იქ მართლაც დგას პრობლემად ზოოფილია, ჯანმრთელი ცხოველების პრობლემა და ის, რომ ცხოველებს ადამიანებზე არანაკლები ყურადღება ეთმობა ევროპაში, ეგეც ფაქტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გერმანიაში ზოოპარკის შესანახად სახელმწიფო წელიწადში 260 მილიონ ევროს ხარჯავს და ამდენი საქართველოში სოციალურ პროგრამებში არ იხარჯება. ჰოდა, ევროპელები გვთავაზობენ, ევროპულ რელსებზე გადავიდეთ, ოღონდ ადამიანებზე კი არა, ცხოველებზე ვიზრუნოთ და მათიუფლებებიდავიცვათ.

მაწანწალა ძაღლების რაოდენობა საქართველოში თავშესაფრის არმქონე, ბოდიში და, მაწანწალა ადამიანების რაოდენობაზე მეტი არაა და ცხოველების მოვლა უფრო იაფი ჯდება, მაინც ცხოველია. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფალნიც ცხოველებზე აკეთებენ აქცენტს, თორემ ადამიანებზე რომ იზრუნონ, შემდეგ გაზრდილ ხელფასებს ვეღარ აიღებენ, ბიუჯეტი აღარ ეყოფათ, ის ბიუჯეტი, რომლის 70 პროცენტი სწორედ მათ ხელფასებზე მიდის.

და რას მივიღებთ ბოლოს? _ იმას, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ვანახვებთ აბორტგაკეთებულ ცხოველებს, პრეზერვატივიან ბუღებს, მჯდომარე მდგომარეობაში დამარხულ მიცვალებულებს და მერე დავიძმობილებთ რომელიმე ევროპულ ქალაქს, რათა იმ ქალაქის დღეობაზე, მუნიციპალიტეტების პირველი პირები საგანგებოდ წავიდნენ, საპატიო სტუმრების ლოჟაში მოკალათდნენ და… იქიდან ჩამოსულები ისევ სერიოზული სახეებით მიიღებენ ახალ კანონებს, რომელთა შესრულება მშიერ მოსახლეობას მოუწევს. ვინც არ შეასრულებს, მას სოლიდურ ჯარიმას დააკისრებენ _ პურის ფულს ამოუღებენ ჯიბიდან და ბიუჯეტში შეიტანენ, რათა შემდეგ ისევ ხელფასები მოიმატონ და ისედაც გასქელებული ჯიბე კიდევ უფრო გაისქელონ. ბოლოს კი “მესერში გაკვეხებული ღორივით” აღმოხდებათ სული, შვილები კი “შიგ საფლავში ჩააფურთხებენ”, რატომ უფრო მეტი არ დაუტოვა ნაწვალებმა მამამ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. გოგი წულაიამ საკრებულოებს მახათები გაუგზავნა, აქაოდა, დანიშნულებისამებრ გამოიყენეთო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here