საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება

ფრიდონ თოდუა: რომელ განათლებაზე შეიძლება საუბარი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების გარეშე?!

09 11 2012 10:57:32 ნანახია:3634
ფრიდონ თოდუა: რომელ განათლებაზე შეიძლება საუბარი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების გარეშე?!

2009 წელს «საქართველო და მსოფლიოში» ყოველკვირეულად გამოდიოდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ზურაბ გაგნიძე და მისი პროფესიის გადმოსახედიდან ხატავდა ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის «ცნობადი» პირების ფსიქოპორტრეტებს. უნიკალური ექსპერიმენტი იყო. ამ გალერეაში «ქვეყნის მამები», მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მკვეთრად უარყოფითად იყვნენ წარმოდგენილნი, რაც აბსოლუტურად ემთხვეოდა ხალხში მათზე გავრცელებულ შეხედულებას. ერთი _ ერთზე!

ზურაბ გაგნიძე წერდა: «დღეს «ფეხშიშველი» და განუკითხავი ერი, დიოგენეს მსგავსად, სანთლით ეძებს ქართულ პოლიტიკაში ადამიანს, ამ სიტყვის სრული გაგებით»...


ეძებდა პროფესორი გაგნიძე და აღმოაჩინა ადამიანი, რომელმაც «მოახერხა პიროვნული სიმწიფის მიღწევა» და რომლის «ფსიქოსტრუქტურის ცენტრალური ხაზი მიზნისკენ მიმართული ეფექტიანი ორგანიზაცია იყო» («საქართველო და მსოფლიო», 2009 წლის 18-24 ნოემბერი, #38).


პუბრიკის სათაურია «ფრიდონ თოდუას ფსიქოსტრუქტურა დიდი ილიას მრწამსის ქარგაზეა აწყობილი».


საინტერესოდ წერდა ფრიდონ თოდუაზე ზურაბ გაგნიძე. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ ეს ორი ადამიანი _ ზურაბ გაგნიძე და ფრიდონ თოდუა _ ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, ერთმანეთს არ იცნობდნენ და მეცნიერის მიერ წარმოდგენილი ფსიქოპორტრეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სუფთა ექსპერიმენტის შედეგია.


შედეგი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა რეალობას, და ფსიქოპორტრეტების გალერეაში ერთადერთ დადებით გამონაკლისად წარმოჩნდა.


ამ პუბლიკაციიდან 3 წლის შემდეგ შევხვდი ბატონ ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამაარსებელიცაა, და რომელსაც, ოც წელიწადზე მეტია, ხელმძღვანელობს.


პირველი ნოემბერია. ზუსტად ერთი თვის წინ მის მრავალრიცხოვან რეგალიებს მოაკლდა ერთი _ საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.


მერე რა? არც არაფერი. «ის მუდამ ინარჩუნებს წონასწორობას, რადგან თვითშეფასების მაღალი უნარი აქვს... ამიტომ მისი თვალსაწიერი შორსაა ეგოიზმისგან. ამგვარ ფსიქოტიპს არასოდეს ემუქრება ნევროტული და ანომალური ტენდენციები, რომელთა სიმრავლემ პოლიტიკაში ხალხი გულაცრუებამდე მიიყვანა», _ ესეც კიდევ ერთი დასკვნაა გაგნიძის «დიაგნოზიდან».


_ 2008 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის არჩევნებში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, _ ამბობს ფრიდონ თოდუა, _ უარზე დავდექი: ეს სფერო ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. დამარწმუნეს, რომ ჩემი დეპუტატობა საკეთილდღეოდ წაადგებოდა მშობლიურ რაიონს, რომ, ამასთან, ეს იყო ჩემთვის გამოცხადებული ნდობა.


ნდობა მართლაც დიდი იყო, ნდობის ხარისხიც _ შესაფერისი და მივიღე ხმების ისეთი რაოდენობა, როგორიც ჩემამდე არჩევნებში მონაწილე არც ერთ დეპუტატს არ მიუღია, აქედან _ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე დამაწვა. ჩემი მოუცლელობიდან გამომდინარე, ამას ემატებოდა დროის დეფიციტი, რადგან პარალელურად ინსტიტუტისთვისაც უნდა მეხელმძღვანელა და საქართველოს ეროვნული აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტის მოვალეობაც შემესრულებინა.


მიუხედავად ამისა, შევძელი ბევრი რამის გაკეთება, რაც შესანიშნავად იციან ზუგდიდელებმა, ამიტომ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ.


ფრიდონ თოდუას ფსიქოპორტრეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია «ხალხის მსახურების მოთხოვნილება, _ შენიშნავს პროფესორი ზურაბ გაგნიძე, _ შეუძლებელია საქართველოში იცხოვრო და არ შეეჯახო საზოგადოების მწვავე და მტკივნეულ პრობლემებს».


შეეჯახა და, როგორც შეეძლო, დაძლია: რა და როგორ, ჰკითხეთ ასობით პაციენტის ჭირისუფალს. მადლიერი ზუგდიდელები წვრილად მოგიყვებიან მისი დახმარებით რამდენ გაჭირვებულ ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია...


მისი ძალისხმევით გამაგრდა სოფელ კორცხელის ულამაზესი ეკლესია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა ბოტანიკური ბაღი, ქალაქში შეყვანილი იქნა ბუნებრივი გაზი და . .


«დეპუტატობა ავადმყოფი ქვეყნის ჭირისუფლობაა», _ წერდა პროფესორი გაგნიძე.


_ ბოლოდროინდელ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რომ განაცხადეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩამოიცილეთ დეპუტატობის ტვირთი?


_ დეპუტატობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ საქმე აკეთო ადამიანმა და ხალხს დაეხმარო. არ ვარ დეპუტატი და მაინც ვასრულებ ჩემს მოვალეობას. მაინც მოდის ხალხი, ვეხმარები, ვშუამდგომლობ იქ, სადაც ხელი მიმიწვდება.


მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში რაღაცნაირად მოწყვეტილი ვიყავი ინსტიტუტსაც, მეცნიერებათა აკადემიასაც. ახლა დავუბრუნდი, რადგან მეცნიერება, ავადმყოფის მკურნალობა ჩემთვის მთავარი იყო ყოველთვის.


_ სიტყვამ მოიტანა და მეცნიერებათა აკადემიაზე შეგეკითხებით: აკადემიის წევრების ნახევარზე მეტი ადგილი ვაკანტურია, წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი, საიდანაც აკადემიის ნამდვილი წევრები უნდა აირჩიონ, გაუქმებულია.


ამ პრობლემების მოგვარების რა გზას ხედავთ?


_ აკადემიის პრეზიდენტთან, თამაზ გამყრელიძესთან, ერთად ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით ამ საკითხების მოგვარება. აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის გაუქმება შეცდომად მიმაჩნია.


საჭიროა განახლება. ახალგაზრდების აკადემიკოსებად არჩევა წევრკორობის გაუვლელად ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია.


_ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გზის ხელოვნურად გადაკეტვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერებათა აკადემია გაუქმდება... აკადემიის წევრების არყოლის გამო?


_ თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ვერაფერს გამოვრიცხავთ. მე მგონი, შევძლებთ ახალ პარლამენტში საკითხის გატანას, რომელიც მოაწესრიგებს როგორც ორგანიზაციულ, ისე ფინანსურ პრობლემებს. მითუფრო, რომ დამატებით ფინანსებს არ მოვითხოვთ.


მოგეხსენებათ, კანონმდებლობის მიხედვით, აკადემია დღეს მთავრობის მრჩეველია, ამიტომ მისი გაუქმება ნონსენსია, რადგან პრაქტიკამ დაგვარწმუნა, რომ მისი ამ იპოსტასში არსებობა სწორი და გამართლებულია. ბოლო პერიოდში აკადემიამ დაამუშავა ისეთი მნიშვნელოვანი კონცეფციები, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარებისა და ეკოლოგიის, მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის კონცეფციები და ა. შ., რომლებსაც მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს. მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების მხრიდან ეს ყოველივე ყურადღების მიღმა დარჩა.


როდესაც წინა ხელისუფლებაში მეცნიერების პრობლემებზე ვიწყებდით საუბარს, გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში პრიორიტეტულია განათლების საკითხების მოგვარება. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან და ა. შ. ერთად უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს მეცნიერება. ეს არის აქსიომა, რომელსაც, ჩემი აზრით, კამათი არ სჭირდება.


მეცნიერება ყველა დარგის საფუძველთა საფუძველია. განა ეს ელემენტარული არ არის?!


ამჟამად მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 36 აკადემიკოსია დარჩენილი, კანონით გათვალისწინებული 70 ადგილიდან თითქმის ნახევარი _ 34 ვაკანტურია.


ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტები დაუბრუნდეს აკადემიას, რათა მან შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციის _ მეცნიერების განვითარებასა და მეცნიერებათა უახლეს მიღწევათა პრაქტიკაში დანერგვის ხელმძღვანელი და მაორგანიზებელი ცენტრის ფუნქციის შესრულება.


მიმაჩნია, რომ იმთავითვე შეცდომა იყო მეცნიერებათა აკადემიიდან ინსტიტუტების გაყვანა, თუმცა აუცილებელი იყო ოპტიმიზაცია – რიგი ინსტიტუტების უნივერსიტეტების დაქვემდებარებაში გადაყვანა და ფუნდამენტური მეცნიერებების აკადემიის დაქვემდებარებაში დატოვება და მათი ცენტრებად ჩამოყალიბება.


არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მდიდარი თავისი ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალით, ჩვენ გვყავდა და გვყავს მსოფლიო დონის მეცნიერები, მაგრამ დღეს მათ ეს ფუნქცია დაკარგული აქვთ და მოკლებულნი არიან იმ ყურადღებას, რომელსაც უდავოდ იმსახურებენ.


საოცრად მწყდება გული, რომ მეცნიერებათა აკადემიამ დაკარგა თავისი ქარიზმა და ეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების განათლებისადმი დამოკიდებულებისთვის არის საზიანო. დღეს რუსთაველზე გამვლელთაგან ბევრმა არც კი იცის, რომელია მეცნიერებათა აკადემიის შენობა.


ისე მოდიან და მიდიან მინისტრები, სიტყვაც კი არ დასცდებათ მეცნიერების აღორძინებაზე თუ არა, ხელშეწყობაზე მაინც... რომელ განათლებაზე შეიძლება საუბარი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების გარეშე?!


ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის სრულიად გაუგებარია მეცნიერების მნიშვნელობა, ეს არა მხოლოდ დასანანი, სავალალოცაა ქვეყნის განვითარებისთვის.


თუ გვინდა ვიფიქროთ ქვეყანაში ისეთი პრიორიტეტული გამოყენებითი დარგების აღორძინება-განვითარებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, მაშინ უნდა ვიფიქროთ საფუძველთა საფუძველზე _ ფუნდამენტურ მეცნიერებებზეც...


ვერ წარმოიდგენთ, როგორ მწყდება გული, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ინტერესი სამეცნიერო მოღვაწეობისადმი, საზღვარგარეთ მიდიან სწავლის გასაგრძელებლად და, როგორც წესი, მათ შორის საუკეთესონი იქვე რჩებიან სამუშაოდ. ნუთუ ჩვენ ვერ უნდა შევქმნათ ქვეყანაში პირობები, რათა თავიდან ავიცილოთ ინტელექტის გადინება?


_ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარული ინსტიტუტების გაუქმებას რით ახსნით?


_ სრული შეუფასებლობით ჰუმანიტარული დარგების და, კერძოდ, ამ ინსტიტუტების მნიშვნელობის. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მათი დაცვა, მეცნიერებათა აკადემიაში გვქონდა განხილვა, პრინციპულად გამოვთქვი ჩემი პოზიცია, მაგრამ უშედეგოდ. დღემდე არ მესმის, რატომ გააუქმეს ფილოსოფიის ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულება იყო არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში, ან როგორ და რა მოსაზრებით ვთქვით უარი მსოფლიოში აღიარებულ უზნაძის სკოლაზე?!


მე მგონი, მათ აუცილებლად უნდა აღვუდგინოთ სტატუსი.


 და, საერთოდ, მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება ჩვენს ინტელიგენციას, ვინც ჩვენი ქვეყნის სახეს ქმნიდა და დღემდე მოიტანა ქართული კულტურა, ქართული ტექნიკური აზროვნება თუ ხელოვნება. მათი პოტენციალის ამოქმედება დღესაც შესაძლებელია და, მე რომ მკითხოთ, აუცილებელიც. მათ დამსახურებას პატივი უნდა ვცეთ, უნდა მოვეფეროთ და ხელი შევუწყოთ.


მე, ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში, როგორც მომავალი ექიმი,  ჩემმა დიდმა პედაგოგებმა მაზიარეს ერთ დიდებულ ჭეშმარიტებას: რომ ყოველი ადამიანის წარმატების საუკეთესო შეფასება მისი მოწაფეებია, ხოლო მისი ადამიანობის საზომი კი ის, თუ როგორ პატივს მიაგებს იგი თავის მასწავლებლებს. ჩემთვის მართლაც უზომო სიამაყის საგანია ჩემი მოწაფეები, რომლებიც დღეს წარმატებული ექიმები და უკვე თავად არანაკლებ წარმატებული პედაგოგები არიან.


 კიდევ ერთხელ მივუბრუნდები პროფესორ გაგნიძის გამოკვლევას, კერძოდ იმ ნაწილს, რომელშიც იგი წერს ბატონი ფრიდონის შესახებ: ზუგდიდელებმა იციან, ათასი რეგალიების მქონე, დაფასებული დეპუტატი კვლავ დარჩება მოუსყიდველ ქადაგად, ყალბი ილუზიებით არ მოგატყუებთ, შეულამაზებლად და პატიოსნად იტყვის, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ.


_ ბატონო ფრიდონ, რას გვეტყვით საპარლამენტო არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე?


_ საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნები ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო, როცა სარკოზიმ მომავალ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. მე ვოცნებობდი იმაზე, რომ საქართველოშიც მოვსწრებოდი დემოკრატიის ასეთ გამოვლენას.


გულახდილად გეტყვით, ისევე, როგორც ბევრ ჩვენგანს, მეც არ მეგონა, რომ ეს არჩევნები ასე მშვიდობიანად ჩაივლიდა. ამ საკითხზე ბევრჯერ მისაუბრია პატრიარქთან. მეიმედებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი აუცილებლად ჩაერეოდა და დაამშვიდებდა სიტუაციას. წინასაარჩევნო პერიოდში, დამერწმუნებით, მისი ქადაგებები სწორედ სიმშვიდისკენ მოწოდებებით იყო გამსჭვალული. პრეზიდენტმა მიულოცა ბატონ ბიძინას გამარჯვება, მისასალმებელია მისი ეს ნაბიჯი, რომელიც ნამდვილი დემოკრატიულობის ნორმაა.


კონფრონტაცია ვერაფერ კარგს ვერ მოიტანს საქართველოსთვის, უნდა იყოს კონსტრუქციული დიალოგი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა აზრთა ჭიდილისა და  ურთიერთპატივისცემის ვითარებაში.


ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ დემოკრატიისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება არაძალადობრივი გზით _ არჩევნების საშუალებით, ძნელია, არ აღიარო, რომ სამოქალაქო შეგნების ზრდასთან ერთად ეს, აწ უკვე ყოფილი, ხელისუფლების დამსახურებაცაა. ამდენად, სრულიად ზედმეტად მიმაჩნია აგრესიული და ახალი კონფრონტაციისკენ მიმართული განცხადებები. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ, როგორც ცივილიზებულმა საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ უდანაშაულობის პრეზუმპციის, როგორც სამართლის უზენაესი პრინციპის, დარღვევა.


_ თქვენი ვიცესპიკერობის დროს კლინიკაში უამრავი ადამიანი მოდიოდა სამკურნალოდ. დღეს, როცა თქვენ აღარ ხართ ამ მაღალ თანამდებობაზე, ახალი ვითარება პაციენტების რაოდენობაზე აისახა?


_ არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, არც მე მიგრძვნია, და ხალხი ისევ ისე მოდის, როგორც უწინ, და მეც უწინდელივით ვეხმარები. სახელმწიფოებრივ სტატუსზე მაღლა საქართველოში ყოველთვის ადამიანური ურთიერთობები იდგა.


_ მახსოვს, რომ თქვენ ეხმარებოდით დღეს ხელისუფლებაში მყოფ ოპოზიციონერებსმინდა გკითხოთ, დღეს თუ მოდიან?


_ ბევრ ადამიანს ვიცნობ დღევანდელ ხელისუფლებაში. მოდიოდნენ, ალბათ, კიდევ მოვლენ და დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩემი მხრიდან ახლებთან და ძველებთან ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება _ ექიმობა პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიროვნულ სიმპათია-ანტიპათიაზეც მაღლა იდგა ყოველთვის და არასოდეს დათმობს თავის ჰუმანურ პოზიციას.


_ როგორც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რას უსურვებთ ახალ ხელისუფლებას და განსაკუთრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს?


_ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე ვიცნობ, ძალიან ჭკვიანი და ენერგიული პიროვნებაა. მისი მთავარი პრიორიტეტია საქმე, ძალიან პრაგმატული ადამიანია. ვფიქრობ, მთავრობაში დარჩება ის, ვინც მის მომთხოვნელობას გაუძლებს. თუ ბატონი ბიძინა რამეზე იტყვის, რომ უნდა გაკეთდეს, აუცილებლად მიაღწევს მიზანს. მე მჯერა მისი და ვუსურვებ ჯანმრთელობას, უწინარეს ყოვლისა. ყველაფერ დანარჩენს კი თავისი მიზანდასახულობისა და ნებისყოფის წყალობით ის აუცილებლად წარმატებით დააგვირგვინებს.


მინდა მხოლოდ დავძინო, რომ, თუ თითოეული ჩვენგანი აღიარებს კანონის უზენაესობას, ისწავლის განსხვავებული აზრის პატივისცემას, გაჭირვებული მოყვასის გვერდით დგომას და თავის საქმეს სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდება, გარწმუნებთ, ეს იქნება ყველაზე კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ პატარა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ერი ვართ და ნამდვილად შეგვიძლია გვეკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიო საზოგადოებაში.


ესაუბრა


არმაზ სანებლიძე


 

გაზიარება
მსგავსი მასალები

დატოვე კომენტარი

ქართული კლავიატურა

თქვენი სახელი

უსაფრთხოების კოდი

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 8499
გუშინ 98544
სულ 4281803
ამჟამად საიტზეა: 100 მომხმარებელი
01 ოქტომბერი 2014

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge