ღმერთმა დაიფაროს საქართველო მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან
ზომა
A

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი / 2016 09:50

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნებმა ცხადყო, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის სამი ათეული წელი გავიდა და საქართველოს მოსახლეობას მოსწყინდა განვითარების გზაზე კუს ნაბიჯით ღოღვა. მსოფლიოს ახალი, ძნელად განსაჭვრეტი გარდაქმნების გზაჯვარედინზე ჩვენი ქვეყანა აღორძინებისთვის აუცილებელი ძირეული ცვლილებების მოლოდინშია.


მოქმედმა მთავრობამ და პარლამენტმა უფლებამოსილების მიწურულს მოსალოდნელი წარუმატებლობა აბსურდულ მიზეზებს რომ არ გადააბრალონ, პირველივე დღეებიდან უნდა განხორციელდეს ქვეყნის მმართველთა საქმიანობის კონტროლი. ექსპერიმენტების ჩატარების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში და ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მართვას, უნდა ჩამოსცილდეს მართვის სათავეებს ხალხისთვის მისაღები და საყოველთაოდ აპრობირებული მშვიდობიანი გზით. არასასურველი რყევების თავიდან ასაცილებლად უპრიანი იქნებოდა, დროულად დაგვეფუძნებინა მოძრაობა სახელწოდებითსაქართველოს ღირსეულ მამულიშვილთა სახალხო ერთიანობა”, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლებაზე, როგორც ეკონომიურად, ასევე ხარკის გადახდის ვალდებულებით. ამ მოძრაობის სახელწოდებაში სამ ძირითად სიტყვაზეა აქცენტი გაკეთებული: “ღირსება”, “მამულიშვილობა”, “სახალხოობა”. ეს ის სამი ნიშანსვეტია, რომლებზეც სახელმწიფო ეფუძნება უკეთესი მერმისის მშენებლობაში. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან შერჩეულმა ადამიანებმა აღნიშნული თვისებების მიხედვით უნდა შექმნან 80-100-კაციანი გუნდი (საქართველოს პარლამენტშიც დეპუტატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100-.), რომელმაც მსოფლიოს ხალხების გამოცდილებისა და საქართველოში არსებული მრავალდარგოვანი საჯარო ინსტიტუტების ჩართულობით უნდა იმოქმედოს ხელისუფლების მოღვაწეობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.

ამ სახალხო, დამოუკიდებელი ორგანიზაციის დევიზი დაფუძნებული უნდა იყოს იესო ქრისტეს მოძღვრების ბალავარზე _ “მოვედი თქვენთან იმიტომ, რომ გემსახუროთ და არა გიმსახუროთ”. ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში გაერთიანდებიან, სიმბოლური ხელფასებით უნდა ჩაებან საშვილიშვილო საქმეების კეთებაში. სამომავალოდ ეს გუნდი პარტიად გარდაიქმნება და შემდგომ არჩევნებში ქვეყნის საჭის მართვის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი გახდება. მმართველმა პარტიამ უნდა გაითავისოს ის, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა ხელისუფლება სხვას უნდა გადააბაროს და მისი უშუალო მოვალეობაა, დროულად იზრუნოს იმ ძალის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მისი საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იქნება. “ნაციონალური მოძრაობა”, როგორი ფერისცვალებაც უნდა განიცადოს მან, თავისი ღვარძლიანი და შხამიანი წარსულის გადამკიდე, ვერასოდეს იქცევა სახალხო ძალად, პირიქით _ მას თავის ქმედებებზე აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელი ძალა გადაიბარებს ქვეყნის მესაჭეობას. 2012 წელს საქართველოს მიეცა შანსი, სრულიად სხვა გზით წასულიყო და გარდამტეხი ცვლილებები შეეტანა მოძველებულ სისტემაში. ყველას ახსოვს დამარცხებული “ნაციონალური მოძრაობის” შელახული სახე. გვახსოვს ისიც, როგორ გარბოდნენ ქვეყნიდან მათი წარმომადგენლები იმის შიშით, რომ პასუხისმგებლობა მათ კარზეც მიაკაკუნებდა, მაგრამ, როცა ახალ პარლამენტსა და მთავრობას ქვეყანაში ძირეული გარდაქმნები უნდა ჩაეტარებინათ, ვიღაცის დაჟინებული მოთხოვნით, “ნაციონალურ მოძრაობასთანშეკრეს კოაბიტაცია, რომლითაც ხელი შეუწყვეს დაცემული პარტიის ფეხზე წამოყენებასა და მომაგრება-რეაბილიტაციას. არადა, “ქართულ ოცნებასრომ ეყოჩაღა და მიეღწია ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის, ორ ძალას შორის უსახური თამაში, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება, დამთავრებული იქნებოდა. რიგგარეშე არჩევნების შედეგად პარლამენტში სხვა პარტიების წარმომადგენლებიც მოხვდებოდნენ და ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე ავიდოდა. ამჟამინდელი არჩევნების მაჟორიტარების მეორე ტურში კი მხოლოდ ორი ძალის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რამაც ხალხს არჩევანის საშუალება არ დაუტოვა. სანაცვლოდ მივიღეთ ისეთი პარლამენტი, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ პარტიას აქვს. დღევანდელი პარლამენტი, რომელიც წინასწარ დაგეგმილ-ჩაფიქრებული ქმედებების შედეგს უფრო ასახავს, ვიდრე გათელილ რეალობას, ღირსეულ, კომპეტენტურ მამულიშვილთა ნაკლებობას განიცდის, რომელთათვისაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესების პატივგება იქნებოდა მთავარი და არა პირადი პრივილეგიები.

ბოლო არჩევნებმა ცხადყო საარჩევნო სისტემის სერიოზული ხარვეზები და არასრულყოფილება. რაც შეეხება არჩევნების ტექნიკურად ჩატარებას, აქ რევოლუციური ცვლილებებია საჭირო. მეცნიერების არნახული მიღწევებისა და რობოტების ეპოქაში სამარცხვინო და სასაცილოა, კაცობრიობა სარგებლობდეს ისეთი საარჩევნო სისტემით, რომელსაც გაყალბების აურაცხელი ხვრელი გააჩნია. არავინ გვიკრძალავს დღევანდელი საარჩევნო სისტემის ძირეულად შეცვლას ნოვატორული იდეებით. ეს თემა საყოველთაო Fფიქრის საგანია და ნების შემთხვევაში, რა გვიშლის ხელს, შევქმნათ ხმის მიცემის ისეთი კაბინა, რომელიც აღჭურვილი იქნება დახვეწილი საარჩევნო პროგრამით. კაბინა, სადაც ამომრჩეველი თავისუფალი აღმოჩნდება ღმერთის, მამულის, სინდისისა და ღირსების წინაშე ღილაკზე თითის დაჭერით სასურველი არჩევანის გასაკეთებლად. ასეთ შემთხვევაში სრულიად გამოირიცხება ბიულეტენების გაბათილება, საარჩევნო ყუთების გატაცება და უამრავი უმსგავსობა, რომლებიც არჩევნებს ნდობას უკარგავს. კომპიუტერული პროგრამების შექმნის სფეროში საქართველოს არაერთი მაღალკვალიფიციური კადრი ჰყავს და მათთვის ნებისმიერი პროგრამის შემუშავება არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს. ვინ იცის, ეს სიახლე შეიძლება სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. არჩევნების კომპიუტერიზაცია საშუალებას მოგვცემს, შედეგები იმავე დღესვე გამოვაცხადოთ. იგი ათობით ადამიანს გამოათავისუფლებს საეჭვო საქმიანობისგან, დაიზოგება დიდი დრო, თანხა.

მერვე მოწვევის პარლამენტის შემადგნლობაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ კანონების შემუშავებაში; იყვნენ პასიურები, არ სარგებლობდნენ საპარლამენტო ტრიბუნით, ხშირად აცდენდნენ სხდომებს და არაფრის კეთებაში იღებდნენ სოლიდურ ხელფასს, დანამატებს, სარგებლობდნენ სხვადასხვა პრივილეგიებით. დადგა დრო პარლამენტმა შეიმუშაოს ისეთი განაწესი, რომელიც დროულად გამოავლენს უსაქმურ პარლამენტარებს და პასუხისმგებელი ორგანოს წინაშე დააყენებს საკითხს მათი პარლამენტიდან გაწვევის თაობაზე.

პარლამენტარის ხელფასი, ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე, სოლიდურია. რამდენიმე წლის წინათ პრესაში გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ვამბობდი, რომ ურიგო არ იქნებოდა, პარლამენტარის ხელფასი მიბმული ყოფილიყო მოქალაქის საარსებო მინიმუმზე ასეთი პირობით: თუ საარსებო მინიმუმი არის, ვთქვათ, 200 ლარი, მაშინ პარლამენტარის ხელფასი პირობითად ათჯერ გაიზარდოს, .. მისი ხელფასი შეადგენდეს 2 000 ლარს. ამასთანავე, საარსებო მინიმუმი ოპტიმალურად იყოს გამოთვლილი და უტოლდებოდეს პენსიონერის პენსიას. საარსებო მინიმუმზე ან პენსიაზე პარლამენტარის ხელფასის მიბმა ქვეყნის მოსახლეობას დიდ სარგებლობას მოუტანს. პარლამენტარს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი, მან უნდა მიიღოს სიცოცხლისუნარიანი, საქმიანი კანონები; სწრაფი ტემპით ააღორძინოს ქვეყნის ეკონომიკა; გაზარდოს ხალხის კეთილდღეობა; შეეცადოს, პენსიის სიდიდემ მიაღწიოს ღირსეულ ნიშნულს და, შესაბამისად, მასაც მოემატება ხელფასი დამსახურებულად.

პარლამენტარობა, თუ ამ მოვალეობას ადამიანი გულწრფელად შეასრულებს, არ არის იოლი და სწორედ ამიტომ უნდა ჰქონდეს მას განსხვავებული გასამრჯელო, მაგრამ საკითხავია, რატომ უნდა იღებდეს იგი სხვებთან შედარებით (მაგალითად, ექიმებთან, პედაგოგებთან და . .) განსხვავებულ პენსიას? ასეთი რამ უფრო გამართლებულია ძალოვანი სტრუქტურების გარკვეული კატეგორიის ყოფილი თანამშრომლებისთვის.

დღეს ბევრი ადამიანი პარლამენტისკენ იმიტომ ისწრაფვის, რომ, ძირითადად, პირადი საქმეები მოიგვაროს: შეინარჩუნოს ბიზნესი, გამოიყენოს პარლამენტარის პრივილეგიები, მიიღოს მაღალი ხელფასი, დაუმსახურებელი პრემიები და დანამატები ხელფასზე, ხშირად წავიდეს მივლინებაში საზღვარგარეთ, თითქმის საკუთრად გაიხადოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი, დაინიშნოს განსხვავებული პენსია და ა. შ.

სანამ პარლამენტის წევრობისადმი ასეთი მიდგომა იქნება, ზედმეტია ქვეყნის დემოკრატიულობაზე საუბარი. პარლამენტის წევრობა ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ინტელექტუალურ-ზნეობრივი ენერგიის მაქსიმალური ხარჯვაა და ეს ყველას როდი შეუძლია. მსოფლიოს ქვეყნების თანავასკვლავედში საქართველოს თავისი გამორჩეული ადგილმდებარეობით, უნიკალური წარსულით, დედამიწაზე სიცოცხლის საწყისთან სიახლოვით, ღვთაებრივი დამწერლობით, ჯერ კიდევ შეუცნობელი იდუმალებებით უზარმაზარი მისია აკისრია და დღეს თითოეული ქართველის ღირსეულ საქციელზეა დამოკიდებული იბერიის გაბრწყინება. იბერიის გაბრწყინებისთვის ვინ უნდა იღვწოდეს ქვეყანაში, თუ არა ხელისუფლება და პარლამენტი?! მეცნიერები ასკვნიან, რომ ერთ სფეროში ადამიანის ათწლეულობით საქმიანობა უეფექტოა. ღირსეულ ადამიანს, რაც უნდა კომპეტენტურობა ახასიათებდეს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რამდენიმე ათეული წელიწადი დარჩეს პარლამენტარად. სრულიად საკმარისი იქნება, პარლამენტარად ადამიანი არჩეული იქნას ორი ვადით. ნუ მოვიტყუებთ თავს იმაზე ფიქრით, რომ ჩვენ უცვლელები ვართ და ახალ პროგრესულ ძალებს ასპარეზი არ უნდა დავუთმოთ. პარლამენტში ნაყოფიერი მუშაობისთვის აუცილებელია, თითოეულმა პარლამენტარმა ხალხისა და ქვეყნის წინაშე საჯაროდ აღიაროს და მოინანიოს ცოდვები და დადოს ფიცი ქვეყნის ერთგულებაზე.

როცა ხალხი რომელიმე პარტიას არჩევნებზე დიდ მხარდაჭერას უცხადებს, ცხადია, ამ პარტიის სიაში ყველა როდი იქნება ღირსეული, არადა, პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებში არაერთი ღირსეული ადამიანი რჩება უფუნქციოდ. სხვადასხვა პარტიის რჩეული წევრებისგან იდეალური პარლამენტის დაკომპლექტება შეიძლება, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როცა ადამიანებში ამდენი ღვარძლი და ქიშპობაა გამეფებული, ამაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებთ.

პერიოდულად, ვთქვათ, კვარტალში ერთხელ, პარლამენტის ტრიბუნა უნდა დაეთმოს აქტიურ ამომრჩეველს, რომელიც რეგლამენტირებულ დროში შეეცდება, პარლამენტამდე მიიტანოს ხალხის პულსის ცემა ქვეყნის განვითარებაზე. დემოკრატიულობის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ნამდვილი სახალხო ტელეარხის არსებობა და ჭეშმარიტად ოპოზიციური გაზეთი, რომელშიც რესპონდენტების აზრთა ჭიდილის შედეგად ბევრი საღი აზრი გამოიკვეთება. და, თუ მათი რეალიზაციაც მოხდება, სწორედ ეს იქნება ხელისუფლების პროგრესულობის უტყუარი მაჩვენებელი. მწვერვალამდე მძიმე ჯვრის ატანა ჩვენგან უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, თორემ სხეულის თვითნებურად დაღმასვლა ძალისხმევას არ საჭიროებს. დრო დადგა, გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა გამოვიჩინოთ. ჩვენს მიწა-წყალზე ბევრ გადამთიელს უჭირავს თვალი. კარსმომდგარ ფერისცვალებაში უცხოური, ავზრახვიანი ძილისპირულის მომაკვდინებელ ხიბლში თუ ჩავრჩით და დიდი სიფრთხილე არ გამოვიჩინეთ, სინათლის ოაზისის მაგივრად ქრობის წკვარამში აღმოვჩნდებით. მსოფლიოს ისტორიაში ხომ არაერთია ასეთი მაგალითი. კეთილი სურვილების ნუსხას აქ დავამთავრებ, იმ იმედით, რომ ვინმეს წაადგება საქმიანობაში.

განუზომელია სურვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მოღვაწეობის ოთხ წელიწადში, მთავრობასთან ერთად, ქვეყანა მართლაც საოცნებო საფეხურზე აიყვანოს.

ახლა “ქართული ოცნება” გეგმაზომიერი თუ მოულოდნელი გამარჯვების ეიფორიაშია, რაც გასაკვირი არ არის და ძნელი გამოსაცნობია, რა დოზით აქვს მას პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ხალხმა დააკისრა

ღმერთმა დაიფაროს საქართველო მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან...

ელგუჯა კეკელიძე,

მეცნიერი, პენსიონერი

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ელისო
კარგა ხანია, ასეთი ჭკვიანური არაფერი წამიკითხავს, მაგრამ რად გინდა, როდის იყო ჩვენში ჭკვიანურ აზრს გასაქანი ჰქონდა!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა