21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღეა!
ზომა
A

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი / 2016 09:37

სტალინის დაბადების დღეზე (ისევე, როგორც მის დაბადების წელსა და ვინაობაზე) უამრავი მასალა დაბეჭდილა და ლეგენდაც ბევრია შეთხზული. არადა, სტალინის დედამ, ეკატერინე გელაძემ, და თვითონ სტალინმაც დაადასტურეს, რომ მისი დაბადების დღე 1879 წლის 21 დეკემბერია.


არავითარ ზნეობრივ ნორმებში არ ეტევა, მიცვალებულს შეუცვალო დაბადების წელი, თვე და რიცხვი, მით უმეტეს, რომ მსოფლიომ სტალინის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე იზეიმა მისი დაბადების დღე. ამიტომ ისე, როგორც ეს მსოფლიომ იცის და, როგორც საფლავის ქვაზე წერია, უნდა ვიწამოთ, რომ სტალინი (იოსებ ჯუღაშვილი) დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს, წელიწადის უმოკლეს დღეს, რომელმაც უდიდესი და უგრძესი ისტორია დაუტოვა კაცობრიობას.

სტალინის დაბადებას კი შეუდარებელი სტროფები უძღვნა საქართველოს სახალხო პოეტმა გიორგი ლეონიძემ.

იბადებოდა ქვეყნის სიცოცხლე,

თითქოს იმ აკვანს ფესვით მიება,

იბადებოდა ქალდეველ მონის,

რომის პლებეის შურისძიება”.

სტალინის ბავშვობისა და ყრმობის საფუძვლიანი გაცნობით არ დაგაკავებთ, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ მის დაბადების დღეზე შემოგთავაზებთ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც, ალბათ, თქვენც იცით, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედაა.

1939 წლამდე პერიოდულ გამოცემებსა თუ ლიტერატურაში თითქმის არ გვხვდება სტალინის დაბადების დღის აღმნიშვნელი დოკუმენტი ან მხატვრული მასალა, თუ არ ჩავთვლით მაქსიმ გორკის მიერ სტალინისთვის დაბადების 50 წლისთავზე გაგზავნილ მეტად მოკრძალებულ მისალოც დეპეშას.

სტალინის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მასალა კი ბევრია როგორც პრესაში, ისე პოლიტიკურ და მხატვრულ ლიტერატურაში. 1939 წელს სტალინის დაბადების 60 წლისთავის აღსანიშნავად “პრავდამ” დაბეჭდა ვრცელი მასალა, რომელიც “მთავლიტმა” ცალკე წიგნად გამოსცა 300-ათასიანი ტირაჟით. ამ მასალაში პირველად დაიბეჭდა სტალინის სურათები.

წიგნში შესულია მსოფლიოს პროლეტარული მოძრაობის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენლის მოგონებები და სტალინთან შეხვედრების ამსახველი მასალები. სწორედ ამ წიგნშია გამოქვეყნებული სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1939 წლის 20 დეკემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სტალინს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ბრძანებულებას ხელს აწერენ თავმჯდომარე მიხეილ კალინინი და ალექსანდრე გორკინი.

სტალინის 60 წლისთავზე საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება სტალინური პრემიებისა და სტიპენდიების დანიშვნის თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია: “დაწესდეს სტალინის სახელობის 16 პრემია ასი ათასი მანეთის ოდენობით მეცნიერებისა და კულტურის დარგში თვალსაჩინო ნაშრომებისთვის:

1. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში _ 1

2. ტექნიკურ მეცნიერებაში _ 1

3. ქიმიურ მეცნიერებაში _ 1

4. ბიოლოგიურ მეცნიერებაში _1

5. სოფლის მეურნეობის მეცნიერებაში _1

6. მედიცინის მეცნიერებაში _ 1

7. ფილოსოფიურ მეცნიერებაში _1

8. ეკონომიკურ მეცნიერებაში _1

9. ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებაში _ 1

10. იურიდიულ მეცნიერებაში _ 1

11. მუსიკაში _ 1

12. მხატვრობაში _ 1

13. ქანდაკებაში _ 1

14. არქიტექტურაში _1

15. თეატრალურ ხელოვნებაში _ 1

16. კინემატოგრაფიაში _ 1

დაწესდეს სტალინური პრემია ყოველწლიურად საუკეთესო გამოგონებებისთვის:

10 პირველი ხარისხის პრემია ასი ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს; ოცი მეორე ხარისხის პრემია 50 ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს; 30 მესამე ხარისხის პრემია 25 ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს.

დაწესდეს სტალინული პრემია სამხედრო საქმეში:

3 პირველი ხარისხის პრემია ასი ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს;

5 მეორე ხარისხის პრემია 50 ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს;

10 მესამე ხარისხის პრემია 25 ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს;

დაწესდეს სტალინის სახელობის პრემიები უმაღლეს სასწავლებლებში:

ძერჟინსკის სახელობის აკადემიისთვის ასი სტალინური პრემია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად;

ლენინის სახელობის პოლიტიკური აკადემიისთვის ასი სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად;

ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო საფრენოსნო აკადემიას ასი სტალინის სახელობის სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს;

სტალინის სახელობის ავტო-მოტორიზებულ აკადემიას სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით, თითოეულს ყოველთვიურად;

ვოროშილოვის სახელობის სამხედრო საზღვაო აკადემიას ასი სტალინური სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად;

ბაუმანის სახელობის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტს სტიპენდია ასი ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად;

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტიპენდია ხუთასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად.

დადგენილებაში ჩამოთვლილია ლენინგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტი, სახელმწიფო კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია, მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი, დანარჩენ უმაღლეს სასწავლებლებს გამოეყო სტალინის სახელობის 40 სტიპენდია თითოეულს ათასი მანეთის ოდენობით ყოველთვიურად. მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ 1500 სტალინური სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად.

იმ პირებს, რომლებიც სწავლობდნენ ასპირანტურაში და ემზადებოდნენ დისერტაციის დასაცავად, გამოეყოთ სტალინის სახელობის 100 სტიპენდია ათასი მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად. მათ კი, ვინც ემზადებოდა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, გამოეყოთ სტალინის სახელობის 50 სტიპენდია 1500 მანეთის ოდენობით თითოეულს ყოველთვიურად.

საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს 1940 წლის 1 თებერვლის დადგენილებით, განისაზღვრა სტალინური პრემია ასი ათასი მანეთის ოდენობით ყოველწლიურად:

1. პოეზიაში _ 1

2. პროზაში _ 1

3. დრამატურგიაში _1

4. ლიტერატურულ კრიტიკაში _1

აღსანიშნავია, რომ სტალინური სტიპენდიები და პრემიები მხოლოდ და მხოლოდ მისი ჰონორარებით ფინანსდებოდა და, აქედან გამომდინარე, სტალინი უდიდეს ქველმოქმედებას ეწეოდა.

სამამულო ომის შემდეგ, 1946 წელს, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის _ ნიკოლაი ვავილოვის ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილი თვითონ აკადემიკოსმა აიღო და შემოესმა ნაცნობი ხმა:

_ ამხანაგო ვავილოვ, როდის შეძლებთ, ჩემთან გამოიაროთ, სალაპარაკო მაქვს.

_ როდესაც მიბრძანებთ, ამხანაგო სტალინ!

_ თუ ეს თქვენთვის შესაძლებელი იქნება, ხვალ გამოიარეთ.

როცა მეორე დღეს ვავილოვი სტალინის მისაღებში შევიდა, პოსკრებიშევმა სტალინის კაბინეტის კარისკენ მიუთითა: “გელოდებათ!”

მოკითხვის შემდეგ სტალინი პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

_ ჩვენმა მეცნიერებამ დიდ სამამულო ომში ძალზე ნაყოფიერად იშრომა და თავდადება გამოიჩინა. რას ითხოვთ, ამხანაგო ვავილოვ, რომ მეცნიერებს ღირსშესანიშნავი რამ გაგიკეთოთ?

_ ამხანაგო სტალინ, დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ მეცნიერებზე. თქვენი სახელობის პრემიებმა დიდი მონდომება ჩაუნერგა მეცნიერებს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მეცნიერებს არ აქვთ მუშაობისა და დასვენების ნორმალური პირობები. თუ მეცნიერებისთვის გამოინახება თანხები და ადგილი მოსკოვთან ახლოს პატარა სააგარაკო სახლების ასაშენებლად, რომლებშიც დასვენებასთან ერთად ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობასაც შეძლებენ, კარგი იქნება.

 სტალინს ვავილოვთან საუბარი აღარ გაუგრძელებია. ის ფეხზე წამოდგა, რაც ნიშნავდა, რომ საუბარი დასრულებული იყო, და მეცნიერს კეთილი სურვილებით დაემშვიდობა.

გზად მიმავალი ვავილოვი ფიქრობდა, ვაითუ, თხოვნა ძალზე გადაჭარბებული მოეჩვენა სტალინს და ამის გამო შეხვედრა ასე მალე დამთავრდაო.

 სამი დღის შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ეზოში თეოდოლიტებითა და ნიველირებით დატვირთული რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა გაჩერდა. აკადემიის პრეზიდენტს სამუშაო კაბინეტში მოკრძალებით გამოეცხადნენ სპეციალისტები:

_ სტალინის დავალებით, ნაბრძანები გვაქვს, მოსკოვის გარეუბანში, სადაც ისურვებთ, უმოკლეს ვადაში ავაშენოთ აკადემქალაქი. დაგვავალეს, თქვენთვის მოგვემართა, რათა გაგვაყოლოთ თანამშრომლები ადგილის შესარჩევად.

_ მადლობა სტალინს! ადგილის შესარჩევად თვითონ გეახლებით, როდესაც საჭირო იქნება.

_ თუ თქვენი სურვილი იქნება და დროც გაქვთ, ჩვენ უკვე ყველა მასალითა და იარაღით მზად ვართ და დღესვე დავიწყოთ ტერიტორიის შერჩევა და ტოპოგრაფიული გადაღებები.

გახარებული ვავილოვი ჩქარი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეს და ჯგუფის ხელმძღვანელის მანქანით მდინარე მოსკოვის დინების მიმართულებით გაემართნენ. იქ, სადაც მდინარე მოსკოვი მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისკენ, ტყის მასივით დაფარული ნახევარკუნძული რჩებოდა, რომელიც მეცნიერს სილამაზით ხიბლავდა, და ხშირადაც წასულა იქ ოჯახით დასასვენებლად.

_ თუ შესაძლებელი იქნება, უმორჩილესი თხოვნა გვექნება, აქ გაშენდეს მეცნიერთა ერთი პატარა სოფელი, _ მოკრძალებით მიმართა ვავილოვმა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.

ჯგუფის წევრებმა მხარდაჭერა აღუთქვეს მეცნიერს, რომ ისინი დაასაბუთებდნენ ამ ადგილას აკადემქალაქის გაშენების მიზანშეწონილობას. ვავილოვი მოსკოვში დაბრუნდა, სამუშაო ჯგუფმა კი სასწრაფოდ დაიწყო ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული გადაღება. მასალები მესამე დღეს სტალინის სამუშაო მაგიდაზე იდო სათანადო ახსნა-განმარტებით.

სტალინმა სასწრაფოდ შეკრიბა პოლიტბიუროს წევრები და გააცნო აკადემქალაქის აშენების მნიშვნელობა, რასაც პოლიტბიუროს ყველა წევრი კმაყოფილებით შეხვდა. სტალინმა კი გამოსცა განკარგულება აკადემქალაქის დაპროექტების შესახებ.

გაივლის 6 თვე და ვავილოვი აკადემიის წევრთა მთელი შემადგენლობით ახალმოსახლეობას იზეიმებს მისთვის ესოდენ საყვარელი მოსკოვის ახლოს მდებარე ზღაპრულ სამყაროში. სტალინისთვის მეცნიერებზე ზრუნვა სტრატეგიული მიმართულება იყო. სტალინური ეპოქა ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისა და ფანტასტიკური შედეგების ეპოქაა.

1936 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას სათავეში ჩაუდგა უდიდესი ბოტანიკოსი ვლადიმერ კომაროვი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (1945 წლის 5 დეკემბერი) ღირსეულად უძღვებოდა სახელმწიფოსთვის აგრერიგად საჭირო ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას.

1941 წელს სსრკ-ის ტერიტორიაზე ფაშისტების შემოჭრის, ხოლო შემდეგ მოსკოვის მისადგომებთან გამართული ცხარე ბრძოლების გამო, აუცილებელი შეიქნა რიგი სამეცნიერო დაწესებულებებისა და სამრეწველო ობიექტების ევაკუირება მოსკოვიდან. პირველი რიგის საევაკუაციო დაწესებულებად სწორედ მეცნიერებათა აკადემია იქნა მიჩნეული. ის სასწრაფოდ გადაიტანეს ქალაქ სვერდლოვსკში.

სტალინს კომაროვთან რამდენიმე საკვანძო საკითხზე ჰქონდა მოლაპარაკება და, მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, კვლევები აქტიურად უნდა წარმართულიყო 1942 წელსაც. 1942 წლის დასაწყისში სვერდლოვსკიდან მეცნიერებათა აკადემიის გეგმა-ანგარიში მიიღო სტალინმა. მან გულდასმით წაიკითხა მეცნიერებათა აკადემიის მომავალი სამუშაო გეგმა, რომელშიც კომაროვთან შეთანხმებული საკითხები საერთოდ არ იყო ნახსენები.

სტალინი სასწრაფოდ დაუკავშირდა სვერდლოვსკში მყოფ აკადემიის პრეზიდენტს და გამოჰკითხა, როგორ მოეწყვნენ მეცნერები და ხელს ხომ არაფერი უშლიდათ მუშაობაში. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სტალინმა მეცნიერებათა აკადემიის სამუშაო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება და კომაროვს უსაყვედურა, რომ აკადემიაში დასამუშავებელი საკითხები, რომლებიც მასთან ერთად შეათანხმა, არც ანგარიშში და არც გეგმაში ასახული არ იყო.

კომაროვმა განუმარტა სტალინს, რომ ყველა საკითხზე სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთი საკითხი გასაიდუმლოებულია და საერთო ანგარიშში არ ხვდება. თანაც შენიშნა, საქმის კურსში არ ვარ, რომელ გეგმაზეა საუბარიო.

სტალინმა ნაწყენი ტონით უთხრა პრეზიდენტს, რომ მის სახელზე მოსულია მეცნიერებათა აკადემიის 1942 წლის 1 ნახევრის სამუშაო გეგმა, რომელსაც ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი შმიდტი აწერს ხელს და ნუთუ ამის შესახებ არაფერი იცითო. კომაროვმა განუცხადა სტალინს, რომ წარდგენილი გეგმის შესახებ არაფერი სმენია და დასძინა:

_ ამხანაგო სტალინ, თუ ცოტაოდენ დროს მომცემთ, საფუძვლიანად შევისწავლი საკითხს და უმოკლეს დროში მოგახსენებთ.

_ კარგი, _ ერთი სიტყვით უპასუხა სტალინმა

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა კომაროვმა შეკრიბა აკადემიის პრეზიდიუმის ყველა წევრი და იკითხა, ვინ იცის იმ გეგმის შესახებ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ სვერდლოვსკიდან კრემლში გაიგზავნაო. გაირკვა, რომ აკადემიკოსების უმრავლესობა საქმის კურსში არ იყო.

კომაროვი კრემლს დაუკავშირდა და სტალინს ზუსტი ანგარიში ჩააბარა.

_ გასაგებია, _ მოუჭრა სტალინმა.

მეორე დღეს სვერდლოვსკში მყოფმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა კომაროვმა მიიღო დეპეშა, რომლის ტექსტსაც გაგაცნობთ:

“სვერდლოვსკი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ კომაროვს. ასლი _ ყაზანი, აკადემიის ვიცეპრეზიდენტ შმიდტს!

საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთვის ცნობილი შეიქნა, რომ ვიცეპრეზიდენტ შმიდტის მიერ გამოგზავნილ 1942 წლის პირველი ნახევრის სამუშაო გეგმას სამეცნიერო საკვლევის შესახებ არ იცნობდა აკადემიის პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ჩათვალა ზედმეტად. შესაძლებელია, ამ დოკუმენტს არ იცნობდა სხვა ბევრი აკადემიკოსიც, ისინიც ზედმეტად იქნენ ჩათვლილი. ამ შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტ შმიდტის მხრიდან ჩადენილ იქნა ქმედება, რომლითაც უგულებელყოფილი იქნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, და ამით მას სურს, ხელმძღვანელობიდან გადააყენოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სახალხო კომისართა საბჭო მოუთმენლად მიიჩნევს ასეთ საქციელს და თვლის, რომ შმიდტის მოქმედება აკადემიის მუშაობის დეზორგანიზაციაა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, სახალხო კომისართა საჭომ გადაწყვიტა, გათავისუფლდეს შმიტი აკადემიის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობიდან და გაირიცხოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობიდან. გამომდინარე თქვენი ცნობებიდან, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ძალზე მძიმე პირობებიდან, რომლებიც საომარი მდგომარეობით არის გამოწვეული, სამეცნიერო სამუშაოებს არ შეანელებთ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი გააკეთებს ყველაფერს დასახული გეგმების გასახორციელებლად”.

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ი. სტალინი.

1942 წელი, 24 მარტი”(სტალინის პირადი არქივი, ფონდი 1, საქმე 4742).

ამ დეპეშიდანაც ჩანს, როგორი ყურადღება ექცეოდა მეცნიერების განვითარებას და რა დროს უთმობდა ომში ჩართული მთავარსარდალი აკადემიაში მიმდინარე ყოფით საკითხებს. ეს მაშინ, როდესაც მტერი მოსკოვამდე იყო მოსული და დიდ თეატრს ბომბავდა.

დღეს კი ვერ ვხვდები, ხელს რა უშლის საქართველოს მთავრობას, რომელსაც არც ომი აწუხებს, არც მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა და არც ავიაციისა და სატანკო მრეწველობის განვითარება, რომ ერთხელაც არ დაინტერესდა მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობით.

ამას წინათ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე მოხსენებით გამოდიოდა ჩემი მეგობარი, დამაინტერესა და ვთხოვე, დავეშვი სხდომათა დარბაზში. მომხსენებელი ისე საინტერესოდ საუბრობდა ადამიანის ანატომიაზე, რომ უფრო საინტერესო ლექციაზე არასოდეს ვყოფილვარ. უცებ პროფესორმა, რომელიც მონიტორთან იდგა, საუბარი შეწყვიტა. სხდომის დარბაზში ქალბატონი განათლების მინისტრი შემოვიდა. გვამცნეს, ერთ-ერთი დამსახურებული აკადემიკოსი ორდენით უნდა დააჯილდოოსო. და გაიმართა კიდეც დაჯილდოების ცერემონია. ჯილდოს გადაცემისთანავე ქალბატონი მინისტრი წამოდგა და აკადემია დატოვა ისე, რომ არც უკითხავს, რატომ იდგა პროფესორი მონიტორთან ან რატომ იყო აუდიტორია ხალხით სავსე. აი, მაშინ კი ვთქვი ჩემგან მრავალჯერ თქმული სიტყვები: იღუპება საქართველო!..

სტალინის სამუშაო გრაფიკი ზედმიწევნით ზუსტად იყო განსაზღვრული და ეს გრაფიკი იშვიათად ირღვეოდა, მაგრამ, როდესაც ნოსტალგია მოაწვებოდა, ვეღარ უძლებდა ხანში შესული კაცი მიწის ყივილს და საქართველოდან თავის სემინარისტ მეგობრებს მიიწვევდა ხოლმე კრემლში და რამდენიმე დღით მათთან ერთად ისვენებდა. გარდა იმისა, რომ თვითონ მოინატრებდა მეგობრებს, იყო შემთხვევები, როდესაც მეგობრები იქეთ აწუხებდნენ ქვეყნის ბელადს.

ყველასთვის ცნობილია, რომ სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძე რაჭის სოფელ ბაჯიდან გახლდათ და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეკატერინეს ჰყავდა და, სახელად საშიკო, რომელიც ცოლად გაჰყვა მიშა მონასელიძეს. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ მისი საფლავის მომვლელი და რიტუალის შემსრულებელი, სწორედ მისი და, საშიკო, იყო. დები ამჟამად კუკიის სასაფლაოზე განისვენებს. მათთან ერთად არის დასაფლავებული სტალინის ქვისლი, საშიკოს მეუღლე _ მიშა მონასელიძეც.

1935 წელს ცოლ-ქმარი _ მიშა და საშიკო მოსკოვს ეწვივნენ. საშიკო _ სიძის, ხოლო მიშა _ ქვისლის (სტალინის) მოსანახულებლად. არ არის ცნობილი, სად დაბინავდნენ ან რამდენ ხანს ელოდებოდნენ ისინი ბელადთან შეხვედრას, მაგრამ ახლახან, სტალინის პირად არქივზე მუშაობისას, წავაწყდი ერთ საინტერესო ბარათს, რომელსაც აქამდე დღის სინათლე არ უხილავს.

ბარათის მიხედვით, სტალინს ცოლ-ქმართან ვერ მოუხერხებია შეხვედრა, მაგრამ გამოუნახავს დრო და ცოლისდას შეხვედრია 1935 წლის 19 თებერვალს. როგორც ირკვევა, მიშა მონასელიძესაც შეუტყვია, რომ სტალინი ორივეს ვერ მიიღებდა და გადაწყვიტა მეუღლისთვის წერილი გაეტანებინა სტალინისთვის გადასაცემად. წერილის შინაარსიდან, რომელიც სტალინმა მიშა მონასელიძეს მისწერა, ბევრ რამეს ფარდა აეხადა. უმჯობესია, თვითონ გაეცნოთ, ძვირფასო მკითხველო, სტალინის ხელით დაწერილ ამ წერილს ქვისლის მიმართ, რომელიც სხვა რამესთან ერთად ქვისლთან გაატანა ცოლისდას სტალინმა.

წერილი პირველად ქვეყნდება:

მიშას გაუმარჯოს!

შენი წერილი მივიღე, “სტიპენდიისშესახებ. მოველაპარაკები, ვისთანაც საჭიროა და შეგატყობინებ შედეგს. საშიკოს 5 ათასი მანეთი გამოვატანე და ჯერჯერობით გეყოფათ ორივეს ეს ფული. მეტი ფული არ მაქვს, თორემ მეტს გამოვატანდი. ეს ჩემი ჰონორარია _ ЗА СТАТЪИ И РЕЧЪ. მეტის მოგროვება ვერ მოხერხდა. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ: ამ ფულის ამბავი და ჩემი დახმარება ჩვენ შორის დარჩეს (შენ, მე, საშიკო) და მოყვრებმა არავინ იცოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სხვა ნაცნობებმა და ნათესავებმა გაიგეს, დამესევიან და საქმეს გამიფუჭებენ.

ასე, ჩემო მიშა!

იცოცხლე ათასი წელი.

წადი! მოკითხვა მეგობრებს.

შენი სოსო. 19/02/35 .

გრიგოლ ონიანი

P.S. დედა-ჩემი თუ ნახო, სალამი გადაეცი”.

(სტალინის პირადი არქივი, . 1, საქმე 5055).

(გაგრძელება იქნება)

გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: გიორგი
აი ასეთი გენიოსი გვყავდა და ეხლა მას უვიცი და წიგნწაუკიტხავი, გამრავლების ტაბულოს არმცოდნე, \\\"პროფილის\\\" წამყვანი, უტვინო ასათიანი აკრიტიკებს. აი ეს არის პარადოქსი.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა