ბრძოლა თემურლენგის ტახტისთვის
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 10:42

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს არა მხოლოდ საბჭოთა წარსული აკავშირებს _ რეგიონიდან ენერგომატარებლების ექსპორტის შესაძლო ზრდა სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფანს დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. გავლენისთვის ცენტრალურ აზიაში არა მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი და აშშ იბრძვიან, მნიშვნელოვან როლს რეგიონის ცხოვრებაში ორი ადგილობრივი მოთამაშის _ უზბეკეთისა და ყაზახეთის _ ამბიციების მოზღვავება ასრულებს.


დემოგრაფია და ეროვნული იდეა

ყაზახეთისა და უზბეკეთის ელიტა ერთმანეთს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში კუნაევისა და რაშიდოვის მმართველობის წლებში ეჯიბრებოდა. კონკურენცია პოსტსაბჭოთა პერიოდშიც გაგრძელდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში ისე დაბალანსდა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს რეგიონიდან მოწინააღმდეგეების გაძევებას. ამის გამო ადგილობრივ მმართველებს ამბიციების დასაკმაყოფილებილად გაცილებით მეტი სივრცე გაუჩნდათ.

ალბათ, აჯობებს, რეგიონის ორი ლიდერი სახელმწიფოს მდგომარეობის შეფასება დემოგრაფიით დავიწყოთ. 1974 წელს უზბეკეთსა და ყაზახეთში ერთი და იმავე რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობდა _ 13,5 მილიონი ადამიანი. დღეს ვითარება შეცვლილია _ უზბეკეთში თითქმის 32 მილიონი, ხოლო ყაზახეთში 17 მილიონი ცხოვრობს. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალრიცხოვანი უზბეკური დიასპორა ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და ავღანეთში ცხოვრობს და ოფიციალური ტაშკენტი მას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. ბევრი უზბეკი ახალგაზრდა სამუშაოდ რუსეთსა და ყაზახეთში მიდის, თუმცა საფრთხე, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობას საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა უქმნის, ისე, როგორც ეს “არაბული გაზაფხულის” ქვეყნებში მოხდა, უზბეკეთისთვის კვლავინდებურად დიდია. რაც შეეხება ყაზახეთს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ხელისუფლებამ მოახერხა, მოსახლეობის შემცირების ტენდენცია დაეძლია და აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნების პროგრამას (აკეთებს ყოველივე იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს), უზბეკეთის უპირატესობა ამ მიმართულებით აშკარაა და დროთა განვალობაში, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზაციის ზრდის პარალელურად შობადობის ჯამური კოეფიციენტი უზბეკეთში თანდათან მცირდება.

ვინაიდან ყაზახეთში მოსახლეობის 20,6% რუსია, ხოლო 12,9% სხვა ეროვნებას მიეკუთვნება, ხელისუფლება ცდილობს, იპოვოს ისეთი იდეოლოგია და ლოზუნგები, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას გაამყარებს. ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახურთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსი რუსულსაც მიანიჭა. გასული სასწავლო წლის დასაწყისში განათლებას ყაზახურ ენაზე სტუდენტთა 62,7% იღებდა, რუსულზე _ 34,3%, ხოლო ინგლისურზე _ 3%. ყაზახეთის ოფიციალურ პირებს წინა პლანზე ევრაზიული ინტეგრაციის იდეები გამოაქვთ, მას არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ დატვირთვას ანიჭებენ და ცდილობენ, დაამშვიდონ ნაციონალისტები, რომლებიც რადიკალურ “ყაზახიზაციას” მოითხოვენ.

უზბეკეთში ვითარება განსხვავებულია; იქ ისლამისტური საფრთხის გასანეიტრალებლად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ნაციონალიზმს იყენებენ, ხოლო უზბეკური პოლიტიკური მითოლოგიის მთავარ ფიგურას თემურლენგი წარმოადგენს. თუ ძეგლების რაოდენობით და ქუჩების სახელწოდებებით ვიმსჯელებთ, მან ის ადგილი დაიმკვიდრა, რომელიც ადრე ლენინს ეკავა. ამის გამო ტაშკენტსა თუ სამარყანდში ჩასული ქართველები და თემურლენგის მიერ აოხრებული სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ _ მუდმივი აპელირება მრისხანე დამპყრობლის და ძველი დიდების მიმართ უზბეკეთის ხელისუფლების რიტორიკას გარკვეულწილად აგრესიულს ხდის და მეზობელ ერებს აფრთხობს. ამას ვერ შველის ყაზახი ლიდერების ზოგადი საუბრები მეგობრობაზე, ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ა.შ. ეს, “რბილი ძალის” გამოყენების ასპექტში, ყაზახეთს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

ფული, დიპლომატია და იარაღი

ყაზახეთი მსოფლიოს 48-ე ეკონომიკაა, უზბეკეთი კი _ 73-ე. უზბეკეთის ნომინალური მთლიანი შიგა პროდუქტი (2015 წლის მონაცემებით) 75,2 მილიარდი დოლარია, ხოლო ყაზახეთის _ 217,9 მილიარდი. ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული უზბეკეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთის ნომინალური მთლიანი შიგა პროდუქტი. საქართველოსთან შედარებით, რომელმაც 15 მილიარდსაც კი ვერ მიაღწია, ყაზახეთი ნამდვილი ეკონომიკური გიგანტია.

უზბეკეთი მსოფლიოს ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელშიც შენარჩუნებულია ეკონომიკის პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება, ის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირებული, ფაქტობრივად, არ არის. უზბეკური ბანკები იზოლირებულია საერთაშორისო საბანკო სისტემისგან. რაც შეეხება ყაზახეთს, ის, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონის უპირობი ლიდერია, მისი უპირატესობა, ერთი შეხედვით, აშკარაა, მაგრამ აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უზბეკეთს ორი ფაქტორის გამო შეუძლია 2035 წლისთვის ყაზახეთს გაუსწროს.

ორივე ქვეყნის ეკონომიკა ენერგომატარებლების ექსპორტზე დგას და ახალი საბადოების ათვისების თვალსაზრისით უზბეკეთს გარკვეული ფორა აქვს. ამასთანავე, უზბეკეთში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჩინური ინვესტიცია შედის და ამან მისი ეკონომიკისთვის შეიძლება ერთგვარი სტარტერის როლი შეასრულოს. ჩინელები ყაზახეთშიც აქტიურობენ, თუმცა იქ მათი გავლენა, ასე თუ ისე, დაბალანსებულია სხვა ინვესტორების მიერ – ნაზარბაევის ხელისუფლება ბალანსის დაცვას დიდ ყურადღებას უთმობს. უზბეკეთში ჩინელების ექსპანსიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებამ, რომელიც 2005 წელს, ანდიჟანში ოპოზიციასთან სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ დაიწყო.

საზოგადოდ, უზბეკეთის საგარეო პოლიტიკას ერთგვარი “ციებ-ცხელება”, ორიენტაციის რადიკალური ცვლა ახასიათებს. იყო პერიოდი, როდესაც ქარიმოვი რეგიონში ვაშინგტონის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, შემდეგ _ მთავარ მტრად და პეკინის მოკავშირედ, კრემლის სატელიტად ან პირიქით _ მოწინააღმდეგედ და ა.შ. ის თითქმის არასოდეს ცდილობდა, შეენიღბა, შეერბილებინა ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში, როგორც ამას, მაგალითად, ილჰამ ალიევი აკეთებს. როგორ მოიქცევა ქარიმოვის მემკვიდრე, ახალი პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი, ჯერჯერობით გაუგებარია. ამ ფონზე ყაზახეთის საგარეო პოლიტიკა გაცილებით ცივილურად გამოიყურება.

სამაგიეროდ, უზბეკეთს უფრო ძლიერი, ექსპერტთა შეფასებით, რეგიონში ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ჰყავს, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მინუსიც _ ყაზახეთისგან განსხვავებით, უზბეკეთს პრაქტიკულად არ აქვს სამხედრო მრეწველობა; შეიარაღების უდიდესი ნაწილი ძველია, გადაიარაღების პროცესი კი ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია. ტაშკენტი ცდილობს, შესყიდვების დივერსიფიკაციას, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სა და ჩინეთთან, მაგრამ იარაღის ძირითად მომწოდებლად რუსეთი რჩება. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრს წევრს, შეუძლია რუსული და ბელარუსული შეიარაღება შეღავათიან ფასში შეიძინოს, საბჭოთა იარაღი კი საწყობებში გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე უზბეკეთს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთი ძლიერი არმიის შექმნას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, რადგან ნაზარბაევი არასოდეს განიხილავდა მას გავლენის პროვოცირების ინსტრუმენტად და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს იმიჯის განმტიკიცებაზე ზრუნავდა. ამ მიდგომის გადახედვისკენ მას სწორედ უზბეკეთის სამხედრო ძლიერების ზრდამ უბიძგა. ბოლო წლებში ყაზახური არმია თანდათან “ეწევა” უზბეკურს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით 2020-22 წლებისთვის ბევრ კომპონენტში შეიძლება გაუსწროს კიდეც. დღეს “გლობალ ფაიერპაუერის” სამხედრო ძლიერების რეიტინგში უზბეკეთი 48-ე ადგილზეა, ყაზახეთი კი _ 53-ზე, (2014-ში 48-ე და მე-80 ადგილებს იკავებდნენ, 2015-ში კი _ 54-ესა და 66-ეს).

წარსულის აჩრდილები და მომავლის იმედი

ყაზახეთი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მმართველი არ შეცვლილა და ეს დაძაბულ მოლოდინს ქმნის, თუმცა გამორიცხული არ არის, ყოველივემ ისევე უმტკივნეულოდ ჩაიაროს, როგორც უზბეკეთში ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ. ამის ალბათობა გაცილებით მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ ნაზარბაევი საკითხის მოგვარებას ბოლო მომენტამდე არ გადადებს და მემკვიდრეს ქვეყნის მართვის პროცესში უახლოეს მომავალში ჩართავს ან რაღაც ფორმით თანამმართველად დანიშნავს.

ის, რომ მირზიოევი უზბეკეთში უპრობლემოდ გაპრეზიდენტდა, არ ნიშნავს, რომ მის ხელისუფლებას საფრთხე მალევე არ შეექმნება. უზბეკური რეჟიმი, რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებითაც კი, ზედმეტად მკაცრია XXI საუკუნის რეალიებისთვის, ხოლო ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობა, დიდი ხანია, მომწიფდა. ცხადია, ცვლილებების პროცესში გაიზრდება დესტაბილიზაციის, კლანების დაპირისპირების, რადიკალური ისლამისტური იდეების გავრცელების საფრთხე. ამასთანავე, უზბეკეთს სჭირდება ახალი ინტონაციის მოძებნა საგარეო პოლიტიკაში, ის, რაც ყაზახეთმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოახერხა; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც მისი ეკონომიკა ათჯერ გაიზარდოს, რეგიონულ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდება, რადგან ხისტი რიტორიკა, შენიღბული მუქარები და ზეწოლა მეზობლებზე, რომელსაც ხშირად მიმართავდა ქარიმოვი, ამისთვის აშკარად არასაკმარისია.

საქართველოს ინტერესებშია, ორივე ქვეყანასთან_ ყაზახეთთანაც და უზბეკეთთანაც _ სტაბილური, შეძლებისდაგვარად, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და შეეცადოს, მათთვის მნიშვნელოვან სავაჭრო თუ სატრანზიტო პროექტებში დამაკავშირებელი რგოლის როლი შეასრულოს. სასურველია, ჩვენი პარტნიორები ცენტრალურ აზიაში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეუწყობს ხელს რეგიონში “ფერადი რევოლუციების” ექსპორტს, როგორც ამის სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა (და არა მხოლოდ ყირგიზეთში). ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერები ამ საფრთხეს გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ლუკა ნემსაძე

მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#381)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა