მატყუარა “ევროკომუნიკატორი”
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 10:24

დასავლური პროპაგანდა დიდ თანხებს ხარჯავს ქართველ მკითხველზე ზეგავლენის მოსაპოვებლად ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ე.წ. ევროკომუნიკატორი (იგივე “მითების დეტექტორი”), რომელიც ქართულ მასმედიაში “რუსული პროპაგანდის” კვალს ეძებს და მას “სიმართლეს” უპირისპირებს. “ევროკომუნიკატორი” და მსგავსი ინტერნეტრესურსები ჩასაფრებულნი არიან, რომ ამხილონ ყველა და ყველაფერი, ვისთვისაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ცალმხრივი დასავლური საგარეო კურსი. მათ სამიზნეში ხშირად არის ამოღებული “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული მასალები.


დასავლელი პროპაგანდისტების მეთოდი პრიმიტიულია: არჩევენ რომელიმე მასალას, საიდანაც კონტექსტიდან ამოგლეჯენ ფრაზას, წინადადებას, რომელშიც, მათი აზრით, რაიმე ფაქტობრივი ხარვეზი ან უზუსტობაა და ამას რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ სიცრუედ, დეზინფორმაციად ასაღებენ. საპირისპიროდ მოაქვთ გარკვეული სტატისტიკური თუ სხვა ინფორმაცია, რომელიც თითქოს სინამდვილეს ასახავს, და ამით ცდილობენ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული ფაქტისა თუ მოსაზრების გაბათილებას.

ბოლო ასეთი შემთხვევაა ჩემ მიერ 7 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია “რუსული პროპაგანდის აბსურდულობის შესახებ”, რომელსაც “ევროკომუნიკატორი” გამოეხმაურა, როგორც დეზინფორმაციას.

შეერთებული შტატების “საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა” (USAID) და სოროსის ფონდ “ღია საზოგადოების” მიერ დაფინანსებულ “ევროკომუნიკატორს”, რომელსაც “მედიის განვითარების ფონდი” (MDF) მართავს, განსაკუთრებით არ მოეწონა ჩემს სტატიაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრება: “თუკი “რაშა თუდეის” (RT) სულ მეტი ამერიკელი და ევროპელი მაყურებელი ენდობა, ხოლო “სი-ენ-ენის” მიმართ ნდობა იკლებს, ქართულ რეალობაში უფრო მეტი ადამიანი ენდობა რუსეთის ტელევიზიებს და ნაკლებად _ “რუსთავი 2”-ს. ეს, მითიური რუსული პროპაგანდის ან საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, საკუთრივ მიკერძოებული მასმედიის ბრალია”.

“ევროკომუნიკატორი” ცდილობს, სხვადასხვა სტატისტიკის მოხმობით დაარწმუნოს მკითხველი, რომ ამერიკასა და ევროპაში RT-ის თითქმის არავინ უყურებს, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11% უყურებს რუსულ ტელეარხებს, ისიც _ მხოლოდ გასართობ პროგრამებს. ამავე მონაცემების მიხედვით, “ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ლიდერი “რუსთავი 2”-ია, რომელსაც “იმედი” და “მაესტრო” მოსდევს”.

აი სულ ეს არის, რის საფუძველზეც “ევროკომუნიკატორი” დეზინფორმაციის ბრალდებას გვიყენებს. სინამდვილეში მე კი არ ვავრცელებ დეზინფორმაციას, არამედ “ევროკომუნიკატორი” ეწევა დემაგოგიას და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, მე ვწერდი RT-ის მიმართ მსოფლიოში ნდობის ზრდაზე, მაშინ, როდესაც ეს ნდობა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში საკუთარი ტრადიციული მასმედიის მიმართ საგრძნობლად იკლებს. ნდობა და “ნახვების” რაოდენობა ერთი და იგივე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ “ნაცმოძრაობას” უნდა გაემარჯვა, რადგან ყველაზე რეიტინგული (მაგრამ არა სანდო) ტელევიზია ნაცების მხურვალე მხარდამჭერი “რუსთავი 2”-ია. ესეც არ იყოს, “ევროკომუნიკატორი” სტატისტიკას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს და, რაც ხელს არ აძლევს, საგულდაგულოდ მალავს.

ამ მატყუარა “ევროკომუნიკატორს” ისევ დასავლეთში ჩატარებული კვლევების შედეგებით ვუპასუხებთ, “რუსული პროპაგანდა” რომ ვერ დაგვაბრალონ:

1. დასავლური მასმედიისადმი ნდობის კლება დასავლეთის მოსახლეობაში

მასმედიისადმი ნდობასთან დაკავშირებული, ფაქტობრივად, ყველა სოციოლოგიური კვლევა (ასეთი კვლევა კი უამრავი ტარდება ევროპასა და ამერიკაში) აჩვენებს ტენდენციას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხალხის ნდობა მასმედიის მიმართ საგრძნობლად იკლებს, იქნება ეს შეერთებული შტატები, გერმანია, შვეიცარია თუ საბერძნეთი... მაგალითად, გერმანიაში ავტორიტეტული ორგანიზაციის (Das Institut TNS Emnid) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ამგვარი სურათი გამოიკვეთა:

“ხალხის დიდი ნაწილი გერმანიაში საინფორმაციო საშუალებებს მიიჩნევს, როგორც მართულს, ცალმხრივსა და პრობლემების მოგვარების უუნაროს. ათიდან ექვსი გამოკითხული დარწმუნებულია, რომ მასმედიაზე ხდება გავლენა, _ რა და როგორ უნდა იქნას გაშუქებული. გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი (34 პროცენტი) მიიჩნევს, რომ გერმანული მასმედია დამოუკიდებელია. … გარდა ამისა, გამოკითხულ გერმანელთა ნახევარმაც (49%) არ დაუჭირა მხარი მოსაზრებას, რომ მასმედია ფაქტებს ისე გადმოსცემს, როგორც ეს რეალობაშია. სამაგიეროდ, გამოკითხულთა მთელი 60 პროცენტი ამბობს, რომ მასმედია არ აშუქებს თავისთვის არასასურველ მოსაზრებებს” (Die Zeit, 02.05.2016).

გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორების _ კიმ ოტოსა და ანდრეას კიოლერის კვლევაც ანალოგიურ შედეგებამდე მივიდა. საინტერესო კიდევ ის არის, რომ მასმედიას უნდობლობას, უწინარესად, ახალგაზრდა თაობა უცხადებს. 2015 წლის მონაცემებით, 25-34 წლის გერმანელების უმეტესობა არ ენდობა მასმედიას. 2014 წელს ამ ასაკობრივი ჯგუფის მაჩვენებელი 47 პროცენტი იყო, მაგრამ 2015 წელს “უნდობლობის მაჩვენებელმა” თითქმის 63 პროცენტამდე აიწია, თუმცა 15-24 წლოვანთა ჯგუფშიც 2015 წელს შვიდ-ნახევარი პროცენტით მეტი გერმანელი გამოხატავს უნდობლობას მასმედიის მიმართ, ვიდრე 2014 წელს გამოხატავდა. ეს ეხება როგორც პრესას, ისე რადიოსა და ტელევიზიას. გარდა ამისა, პრესისადმი უნდობლობის ზრდა, გერმანელი პროფესორების დასაბუთებული შეფასებით, პირდაპირ კავშირშია პარტიებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის ზრდასთან.

საყოველთაოდ ცნობილმა “გელაპის ინსტიტუტმა” (Gallup) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ ერთ მესამედზე ნაკლებს სჯერა, რომ მასმედია “სრულფასოვნად, ზუსტად და დაბალანსებულად” აშუქებს მოვლენებს. გასულ წელთან შედარებით ამ ოპტიმისტთა მაჩვენებელმა 8 პროცენტით იკლო. ამერიკაშიც (ისევე, როგორც გერმანიაში) ახალგაზრდობის უნდობლობა უფრო დიდია მასმედიის მიმართ.

“გელაპი” მასმედიისადმი ნდობის შესახებ გამოკვლევებს 1976 წლიდან აწარმოებს. საინტერესოა, რომ 1976 წელს ამერიკელთა 72% (ახლანდელი 32%-ის საწინააღმდეგოდ) ენდობოდა მასმედიიდან მიღებულ ინფორმაციებს.

ვფიქრობ, ეს სტატისტიკა სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემ მიერ წინა სტატიებში არაერთხელ ნახსენებ “მეინსტრიმულ” მასმედიას თვით დასავლეთში აქვს ნდობა დაკარგული.

2. ალტერნატიული მასმედიის, კერძოდ, “რაშა თუდეის” (RT) გავლენის ზრდა დასავლეთის მედიაბაზარზე

მიმაჩნია, რომ ღთ წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე წარმატებული რუსული საინფორმაციო პროექტის იშვიათ ნიმუშს. ყოველთვის ვამტკიცებდი და ახლაც ვამტკიცებ, რომ საქართველოში რუსეთს არ აქვს საინფორმაციო პოლიტიკა და მით უმეტეს _ პროპაგანდა. არსებობს ინტერნეტსააგენტო “სპუტნიკი-საქართველო”, რომელსაც რუსულენოვანი მკითხველი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ქართველი. ამას გარდა რუსეთს საქართველოში არანაირი საინფორმაციო საშუალება არ გააჩნია. რაც შეეხება რუსულ სატელევიზიო არხებს, ხალხი მათ მართლაც ძირითადად გართობის მიზნით უყურებს, თუმცა ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ქართული მასმედიიდან ბევრს ვერაფერს გაიგებს და აუცილებლად რუსულ არხებს მიანიჭებს უპირატესობას (რაზე უნდა ვიკამათოთ, როდესაც იმავე “რუსთავი 2”-ის საიტზე 9 ნოემბერს დილით განთავსებული ინფორმაცია გვამცნობდა, რომ აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებზე ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა). იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რუსულ არხებზე საქართველო განხილვის თემა რომ იყოს, ნებისმიერ ქართულ არხს აჯობებს ასეთი გადაცემა თავისი რეიტინგით. მაგრამ ჩვენი გრანტიჭამია პროპაგანდისტების ჯიბრზე რუსულ მასმედიაში საქართველოს თითქმის საერთოდ არ ახსენებენ. ასეთი პროპაგანდის შესახებ ვინმეს სმენია? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ისევ RT-ის მივუბრუნდეთ.

“ევროკომუნიკატორი”, უნებურად, დამამშვიდებლის როლში გამოდის _ რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებს, მათ შორის, RT-ის, არ ჰყავს დიდი აუდიტორიაო. მაშ, რატომღა გაქვთ ატეხილი გნიასი რუსულ “პროპაგანდაზე”, თუკი ასეთი უმნიშვნელო აუდიტორია ჰყავს რუსულ საინფორმაციო საშუალებებს?! მაგრამ კეთილი, ასე იყოს. გავყვეთ ფაქტებს. “ევროკომუნიკატორი” არ ენდობა ფრანგულ კვლევით ორგანიზაცია Ipsos Connect MENAP-ს, რომლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინგლისურენოვან რუსულ საერთაშორისო ტელევიზიას კვირაში დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი უყურებს და უსმენს. კომპანიას კვლევა ან მისი მეთოდოლოგია არ გამოუქვეყნებიაო _ ამბობენ “ევროკომუნიკატორები”. მაგრამ ინტერნეტში რუსულ ენაზე ვნახე ფრანგული კომპანიის პრეზიდენტის _ ელი აუნის მოკლე ინტერვიუ, ის ამბობს: “გამოკითხვა ჩაატარეს Ipsos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობების თანამშრომლებმა ხუთ კონტინენტზე სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. გამოკვლევა ჩატარდა სატელეფონო და ონლაინინტერვიუების სახით, ყოველი ქვეყნის მოსახლეობის 15 წელზე უფროსი პირების რეპრეზენტაციული შერჩევით”. სავსებით მისაღები მეთოდოლოგიაა, ხოლო “ევროკომუნიკატორი” კიდევ ერთხელ გამოდის მატყუარას როლში.

ფრანგული კომპანიის გამოკვლევა ასევე ცხადყოფს, რომ RT რეიტინგით უსწრებს ბევრ საერთაშორისო საინფორმაციო ტელეარხს და ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. მაგალითად, გერმანული “დოიჩე ველე”, რომელიც ასეულ მილიონობით ევროთი ფინანსდება, 50 მილიონამდე მაყურებელს მოიცავს, ფრანგული “ფრანს 24” _ 45 მილიონამდე. ყველაზე რეიტინგულია ინგლისური BBC World  News-ი, რომელსაც, თავისივე მონაცემებით, მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში 76 მილიონი ადამიანი უყურებს. “ინტერნეტნახვების” მაჩვენებლებით (ეს კი მომავლის ტრენდია) RT-ს ჩამორჩება “ალ ჯაზირა”, “ევრონიუსი” და იგივე “დოიჩე ველე”.

გარდა ფრანგული კომპანიისა, RT-ის რეიტინგს მაღალ შეფასებას აძლევს ამერიკული Nielsen Media Research -ი, სწორედ ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც “ევროკომუნიკატორი” ეყრდნობა თავის დემაგოგიაში და მანიპულირებს ციფრებით. მაშ ასე, “ნილსენის” 2014 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში რუსული საინფორმაციო არხის მაყურებლის რაოდენობა ერთი კვირაში თითქმის 2 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს ადამიანები მეტწილად არიან მეგაპოლისებში მცხოვრები ამერიკელები, ბიზნესის მფლობელები, მეწარმეები, მენეჯერები და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაკები, ძირითადად, 35-49 წლის მამაკაცები.

RT-ის ჟურნალისტთა კოლექტივი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. რუსული მაუწყებლისთვის მუშაობს ყველა ეროვნების ჟურნალისტი, მათ შორის, ძალზე სახელგანთქმულნი, როგორიც არის, მაგალითად, ამერიკელი ლარი კინგი. სხვათა შორის, ლარი კინგმა სექტემბერში დონალდ ტრამპს ჩამოართვა სატელეფონო ინტერვიუ, რომელიც სწორედ RT-ზე გავიდა. მიკერძოებულმა “მეინსტრიმულმა” მედიამ ამერიკაში ვაი-ვიში ატეხა ამ ფაქტის გამო, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ტრამპმა გაიმარჯვა და ჩვენი მოსაზრება, რომ ამერიკაში ხალხი ძველებურად აღარ ენდობა საკუთარ მასმედიას, სრულიად საფუძვლიანია.

ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ფაქტები, როგორ ებრძვიან მზარდი პოპულარობის მქონე ტელევიზიასა და ინტერნეტმაუწყებელ RT-ის. დავამატებთ კიდევ ორიოდე ფაქტს: 2015 წლის შემოდგომაზე აშშ-ის სენატის საგარეო კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც “პუტინის უკრაინული ინტერვენცია” და “ევროპისთვის საშიში რუსული პროპაგანდა” განიხილეს. “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა მაქსიმილიან ჩჟუპერსკიმ თვითკრიტიკულად განაცხადა: “ჩვენ ვიყენებთ “ტვიტერს” მოსაწყენი პრესრელიზების გასავრცელებლად. ჩვენ “იუთუბზე” ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც ხალხს ძილს ჰგვრის”. ამერიკელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ღთ-ის ნახვების რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებს. “ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი კომუნიკაცია, თორემ ბრძოლას წავაგებთ”. ჰიტერ კონლიმ, სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცეპრეზიდენტმა, კი თქვა, რომ რუსული არხი ამერიკულ საზოგადოებასთან გაცილებით ქმედითად მუშაობს, ვიდრე თვით შეერთებული შტატები. “ჩვენ წინ გვაქვს გრძელი გზა, რათა ისეთი ყოვლისმომცველი და გავლენიანი გავხდეთ, როგორც დღევანდელი რუსეთია”.

როგორია? ამას დავუმატოთ ახლახან “ვაშინგტონ პოსტში” მაიკლ მაკფოლის, ამ კიდევ ერთი “მამალი ატლანტისტის”, შიშები რუსეთის ლიდერობით “არალიბერალური ინტერნაციონალის” შექმნის თაობაზე, რომლის საინფორმაციო ფლაგმანადაც სწორედ “რაშა თუდეი” განიხილება, და გასაგები იქნება, რომ დასავლური ისტებლიშმენტი რეალურად არის შეშფოთებული მართალ ინფორმაციებზე მოთხოვნის გამო. ახლა მიმდინარეობს გულისამრევი კამპანია, როგორ წუხს “ცივილიზებული სამყარო” დაბომბილი ალეპოს გამო, მაშინ, როდესაც ალეპო კაციჭამია ტერორისტებისგან გათავისუფლდა (და უსისხლოდ ვერ გათავისუფლდებოდა, როდესაც ასიათასობით ადამიანი მძევლად ჰყავდათ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ გამოზრდილ ტერორისტებს) _ აი ასეთი ყალბი პათოსი და ინფორმაცია აღარ სურს ნორმალურ ადამიანს, რომელიც დასავლეთშიც ისეთივე ადამიანია, როგორც რუსეთში ან საქართველოში.

დასასრულ, მატყუარა “ევროკომუნიკატორებმა” უნდა გაითვალისწინონ პრინციპი “სიმართლე საუკეთესო პროპაგანდაა”. ეს ლოზუნგი ამშვენებს “რაშა თუდეის” ამერიკულ ფილიალს. ეს ლოზუნგი ჩვენი ორგანიზაციის _ ევრაზიის ინსტიტუტის პრინციპიცაა, რომლის არარსებული დაფინანსების წყაროები ასე აწუხებთ დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ ვაიკომუნიკატორებს.

გულბაათ რცხილაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა