ტყვია ზურგში
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 10:17

როგორ გადანაწილდება გავლენის სფეროები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ


ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, ფოტოგამოფენის _ “რუსეთი მოგზაურის თვალით: კალინინგრადიდან კამჩატკამდე” _ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ელჩს _ ანდრია კარლოვს თავს დაესხა 22 წლის თურქი მამაკაცი და სიცოცხლეს გამოასალმა.

თავდამსხმელი, როგორც გაირკვა, იყო ანკარის პოლიციის ოფიცერი _ თანამედროვე ხელოვნების გალერეაში შესვლისას მკვლელმა მევლუთ მერტ ალთინთაშის სახელზე გამოწერილი პოლიციელის მოწმობა წარადგინა (შესაძლოა, ყალბი). ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალთინთაში შეიძლება დაკავშირებული იყო ტერორისტულ დაჯგუფება “ჯებჰათ ან-ნუსრასთან”.

მკვლელმა, რომელიც გაჰყვიროდა “ალაჰ აკბარ”, “ეს შურისძიებაა ალეპოსთვის”, “ჩვენ იქ ვიხოცებით, შენ კი აქ მოკვდები”, ანდრია კარლოვს ზურგში ესროლა, იატაკზე დაცემულ ელჩს კი კიდევ რამდენიმე ტყვია დაახალა (სულ _ 11), რის შემდეგაც თურქი ტერორისტი სამართალდამცავებმა მოკლეს, მანამდე კი მან 3 ადამიანის _ 2 თურქისა და 1 ალბანელის _ დაჭრა მოასწრო. რუსი დიპლომატი ჰოსპიტალ “გიუვენში” გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების რუსეთის ინსტიტუტის პრეზიდენტ ევგენი სატანოვსკის აზრით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან, დიდი ალბათობით, დგას საუდის არაბეთი, კონკრეტულად, საუდის არაბეთის მეფე სალმანის შვილი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი, თვით თავდასხმა კი შურისძიებაა ალეპოში სირიის სამთავრობო ჯარების წარმატებული ოპერაციის გამო. მკვლელობის ჩადენა ყატარის სპეცსამსახურებსაც შეეძლოთ და თურქ ნაციონალისტებსაც, მაგრამ ყატარელები მოკავშირე თურქეთის წინააღმდეგ ამას არ გააკეთებდნენ, თურქი ნაციონალისტები კი ერდოღანის მრისხანების შიშით ვერ გაბედავდნენ.

როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთის ელჩის მკვლელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებით

ელჩი თავისი ქვეყნის წარმომადგენელია და მისი პერსონა ხელშეუხებელია. ელჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყანას, რომელშიც ის მუშაობს. ამ საკითხებს არეგულირებს “კონვენცია იმ პირების მიმართ დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან საერთაშორისო დაცვით, მათ შორის დიპლომატიური აგენტების”. თანახმად ამ კონვენციისა, რომელიც გაერომ 1973 წლის 14 დეკემბერს მიიღო, დიპლომატზე ნებისმიერი თავდასხმა დანაშაულია.

გამოხმაურება

რუსეთის ელჩის მკვლელობას მყისვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები.

“ელჩის მკვლელობა _ ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობის ჩასაშლელად”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ “ანდრია კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი, ინტელიგენტი და კეთილი ადამიანი”.

“ეს არის პროვოკაცია, მიმართული ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის წინააღმდეგ. მე ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ვითარებას. გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა რუსეთთან სირიაში. ველოდებით რუსეთის ოფიციალური პირების ჩამოსვლას, რომლებიც კარლოვის მკვლელობის გამოძიებაში ჩაერთვებიან”, _ თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

რუსეთის ელჩზე თავდასხმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, აგრეთვე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მიგერინიმ.

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი რუსეთის ელჩის მკვლელობა ასე შეაფასა:

“მკვლელობა ჩაიდინა ისლამისტმა ტერორისტმა. ეს ცივილიზებული წესრიგის ყველა წესის დარღვევაა. დღეს განხორციელდა ტერორისტული შეტევები თურქეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში _ საქმე სულ უფრო ცუდად მიდის. ცივილიზებულმა მსოფლიომ აზროვნება უნდა შეიცვალოს”...

აღსანიშნავია, რომ თურქეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში განხორციელებული ტერაქტების ფონზე ბარაკ ობამა ჰავაის კუნძულებზე გოლფის თამაშით ერთობოდა.

რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ელჩის მკვლელობამ

* ბევრმა ექსპერტმა მიაპყრო ყურადღება ფაქტს, რომ რუსეთის ელჩზე თავდასხმა მოხდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის წინ და ეს იყო მცდელობა, პრობლემები შეექმნათ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაში. მაგრამ ისინი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიფიქრა, ცდილობდნენ, ჩაეშალათ უფრო დიდი _ რუსეთის, თურქეთისა და ირანისგეოპოლიტიკური სამკუთხედისშექმნა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში გამოიწვევს გავლენის სფეროების გადანაწილებას.

* თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა კიდევ უფრო შეზღუდავს შესაძლებლობებს თურქეთისა, რომელსაც სურს, ხატოვნად რომ ვთქვათ, სირიის ტორტიდან, რაც შეიძლება, დიდი ნაჭერი მიიტაცოს _ მოქმედებაში ისედაც შეზღუდული ერდოღანის მიერ წამოწყებული ოპერაცია “ევფრატის ფარი” რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ჯარების ალეპოში შესვლის შემდეგ შეფერხდა, ამიტომ ის რუსეთის შიშით ვეღარ შეძლებს სირიის პრეზიდენტის პოსტიდან ბაშარ ასადის ჩამოგდებაზე ოცნებას.

* დონალდ ტრამპის განცხადებების გათვალისწინებით, ამერიკა სამხედრო ძალებით არ ჩაერევა სირიის კონფლიქტში და, აქედან გამომდინარე, აშშ-ის სატელიტები _ საუდის არაბეთი და ყატარი _ ვეღარ შეძლებენ სირიაში წყლის ამღვრევასა და ტერორისტების დახმარებას.

ნიშანდობლივია, რომ 27 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების _ სერგეი ლავროვის, მევლუთ ჩავუშოღლუსა და მოჰამად ჯავად ზარიფის _ შეხვედრა სირიის საკითხებზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს სამი ქვეყანა, უწინარესად, რუსეთი, დამოუკიდებლად, დასავლეთის ქვეყნების (აშშ-ის) ჩაურევლად აპირებს სირიაში ვითარების მოგვარებას.

ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გამოთქვა სურვილი, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდეს სირიის კონფლიქტში ჩართული მხარეების შეხვედრა. ამ შეხვედრაში მონაწილეობას, აგრეთვე, მიიღებენ სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარს უჭერენ აშშ, საუდის არაბეთი, ყატარი და თურქეთი.

ეს მიუთითებს, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად, შემცირდება _ თურქეთის, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი კი ყველაფერს იღონებს რუსეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ამერიკის გავლენის ყულფისგან თავის დასაღწევად.

გიორგი გაჩეჩილაძე

ცნობისთვის:

* რუსეთის პირველი ელჩი, რომელიც მოკლეს, იყო რუსეთის ელჩი ირანში ალექსანდრე გრიბოედოვი, ნინო ჭავჭავაძის მეუღლე, ავტორი წიგნისავაი ჭკუისაგან”. ის 1829 წელს სიცოცხლეს გამოასალმა ფანატიკოსთა ბრბომ.

* 1927 წელს საბჭოთა კავშირის ელჩი პოლონეთში _ პეტრე ვოიკოვი მოკლა თეთრგვარდიელმა ტერორისტმა ბორის კოვერდამ.

* იტალიაში საბჭოთა კავშირის ელჩი ვაცლავ ვოროვსკი, რომელიც 1923 წელს ლოზანაში კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, თეთრგვარდიელმა მორის კონრადიმ მოკლა.

მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#381)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: გიორგი/
კარგია, გიორგი.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა