ნარკოტიკები, ბენზინი და “ქართული ოცნება”
ზომა
A

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი / 2016 10:30

მთავრობა და საზოგადოება ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ. ამის მთავარი მიზეზი კრიზისია, რომელმაც არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მოიცვა. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ სიტუაციამ ქვეყანას?


რასაც დათესავ, იმას მოიმკი

10 დეკემბერს ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის “პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება” და ანალოგიური (45-ე) მუხლის გაუქმებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აქცია, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო, არც ისე მრავალრიცხოვანი გახლდათ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ამ მოთხოვნას უარყოფითად ან დიდი სიფრთხილით ეკიდება. ამასთანავე, აქციაში სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ (გოგა ხაჩიძე და სხვები) და ეს, შესაძლოა, დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა იმ მოქალაქეებისთვისაც კი, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის იდეას იზიარებენ.

აქციის არცთუ დიდი მასშტაბი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. კანონი შეიძლება იყოს მკაცრი ან ლიბერალური, მაგრამ ის, ნებისმიერ შემთხვევაში, 100%-ით უნდა მუშაობდეს. დღეს კი სიტუაცია განსხვავებულია _ საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობას არაფერს უშავებენ, ნაწილს აშანტაჟებენ, ერთეულებს კი იჭერენ, ხოლო ის, რაც ამ სფეროში ხდება, შეიძლება დახასიათდეს, როგორც პოლიციური “ბესპრედელი”, რომელსაც შერჩევითი სამართალის დამკვიდრებამდე მივყავართ.

სწორედ ეს არის საზოგადოების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი; პროტესტის ორგანიზატორები ცდილობენ, ის ნარკომოხმარების აკრძალვის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს განსხვავებული პოზიციები და ემოციებია. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი იმის გამო, რომ ათი ნარკომანიდან ერთს იჭერენ და პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბოს _ “ან ყველა დაიჭირონ, ან ყველას თავი დაანებონ”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მოხმარების დეკრიმინალიზაციის და, მით უმეტეს, ლეგალიზაციის მომხრეა. თუმცა რეალურად დღეს დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა ერთადერთი მკაფიო პოზიციაა აღწერილი პრობლემის მიმართ _ ლიბერალებისგან განსხვავებით, კონსერვატიულ ძალებს ვითარების გამოსწორების გეგმა არ წარმოუდგენიათ. ეს, ალბათ, მათი შეცდომა იყო, რადგან საქმე არა აბსტრაქტულ პრობლემას, არამედ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ უამრავ ოჯახს ეხება.

ტელემაყურებლების გარკვეული ნაწილი, როდესაც რუსთაველზე პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება იხილა, შესაძლოა, ქვეცნობიერად დემონსტრანტების მხარეს დადგა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ლოზუნგებს არ იზიარებდა, რადგან სწორედ ამ მიმართულებით გვიბიძგებს სააკაშვილის მმართველობის წლებში მიღებული მძიმე გამოცდილება და ეროვნული ფსიქოლოგიის ზოგიერთი თავისებურება. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს აინტერესებდა აქციის ორგანიზატორებს ყველაზე მეტად, თუმცა მთავრობა მსგავს ეპიზოდებში წაგებული მხოლოდ ამის გამო როდი რჩება. მთავარია, რომ მან პრობლემურ საკითხზე ოპონენტების მიმართ სრულყოფილი და საზოგადოებისთვის მისაღები პოზიცია არ ჩამოაყალიბა და, თუ არ სურს, რომ ქულების დაკარგვა განაგრძოს, ეს უახლოეს მომავალში უნდა გააკეთოს. ისეთი ზოგადი განცხადებები, როგორიც გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაააკეთა (“საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა, თუ რა მიმართულებით, ამას უკვე განხილვები გადაწყვეტს”) აშკარად არასაკმარისია.

რაში ხარჯავენ ამდენს?

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია შაბათს ავტოდილერებმა და ავტომფლობელებმა გამართეს. მათ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდა და გარკვეული კატეგორიების ავტომობილების განბაჟების გაძვირება გააპროტესტეს. უზარმაზარ მიტინგებს მიჩვეულ თბილისში ამ აქციას ფურორი ნამდვილად არ მოუხდენია, მაგრამ აქ საგულისხმოა სხვა რამ _ ქართველებს ძალიან იშვიათად გამოაქვთ წინა პლანზე ეკონომიკური ლოზუნგები და მათი გამოყენება რეალური პრობლემისა და უკმაყოფილების არსებობაზე მიუთითებს.

მთავრობა აქციზს, სავარაუდოდ, იმიტომ ზრდის, რომ მოგების გადასახადის გაუქმების (რეინვესტირების შემთხვევაში; საუბარია ე.წ. ესტონურ მოდელზე) შედეგად წარმოქმნილი დანაკარგები აანაზღაუროს. საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარზე – ხელისუფლებამ, უბრალოდ, ვერ მოახერხა ხარჯების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების გაბერილი შტატების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იყო. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტროს ბოლო საშტატო ნუსხის მიხედვით, იქ 88 მრჩეველი (თითოეული თვეში 1200 ლარს იღებს) და 42 კონსულტანტი (1120 ლარი) მოღვაწეობს. საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა “ბიუჯეტის წურბელების” უზარმაზარ, გაუმაძღარ არმიას არჩენს.

იმის ნაცვლად, პატიოსნად აეხსნა მოსახლეობისთვის, რომ დამატებითი შემოსავლების მობილიზება სჭირდება, მთავრობამ დაიწყო საუბარი (ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების შემთხვევაში) იმაზე, რომ ავტოპარკის განახლება და ეკოლოგიის გაჯანსაღება აინტერესებს, ხოლო აქციზების შემთხვევაში არ დაუკავშირა გაძვირება “ესტონური რეფორმით” გამოწვეული დანაკარგების ანაზღაურების აუცილებლობას _ თუ ამ ნაბიჯის მიზანი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობაა, საწვავის გაძვირება ეკონომიკას თრგუნავს და ხელს უწყობს მცირე ბიზნესმენების გაკოტრებას და მოსახლეობის შემდგომ გაღატაკებას. ამიტომ ზოგიერთ ფენას, შესაძლოა, ერჩივნა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო და არ მომხდარიყო შეძლებულთა წახალისება ღარიბთა ხარჯზე.

ამ ეტაპზე ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებს შორის სერიოზული ოპონენტი, სამწუხაროდ, არ ჰყავს. არასაპარლამენტო ოპოზიცია კოლაფსშია, “პატრიოტთა ალიანსი” ეკონომიკაზე, როგორც წესი, ძალიან ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ პარტიის შიგნით განვითარებულ კრიზისულ პროცესებს თავი რომ დავანებოთ, მას, საკუთარი მხარდამჭერების გარდა, ტრადიციულად არავინ უსმენს. თანაც, ნაციონალების “მთავარი სპიკერი” ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძეა, “კუპონიზაციის მამა”, იგივე “ალ კუპონე”, რაც ისედაც რთულ სიტუაციას კლოუნადის ელფერს სძენს.

ამგვარად, საზოგადოების უდიდეს ნაწილს მისი შეშფოთების გამხმოვანებელი არ ჰყავს, რაც იძულებულს ხდის, პროტესტი ეკონომიკურ პრობლემებზე თვითონ გამოხატოს, სოციალურ ქსელში იქნება ეს თუ ქუჩაში. ამ პროცესის გაგრძელება ბუნებრივად მიგვიყვანს დაპირისპირებამდე “საზოგადოება მთავრობის წინააღმდეგ”, რაც ხელისუფლებისთვის აპრიორი წამგებიანია. მას აღარ აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეთა ნეგატიური ემოციები სხვისკენ, მაგალითად, “ნაციონალი საბოტაჟნიკებისკენ” მიმართოს ან თქვას, რომ პარლამენტში სასურველი კანონპროექტის გატანა არ შეუძლია, რადგან არჩევნების შემდეგ ბურთიც და მოედანიც მას დარჩა. ამიტომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, თავი აარიდოს სიტუაციას, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს მთავრობასთან დაპირისპირებულად იგრძნობს და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

დაყავი და იბატონე

თუ ახლო მომავალში “ქართულ ოცნებას” თანაბარი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური ოპონენტები არ გამოუჩნდება, ქვეყანა, სავარაუდოდ, ისევ “ფაქტობრივი ერთპარტიულობის” გზას დაადგება. ასეთ ვითარებაში მმართველ პარტიას (პოლიტოლოგები ქრესტომათიულ მაგალითად მექსიკის “ინსტიტუციურ-რევოლუციურ პარტიას” განიხილავენ) არ რჩება სხვა, გარდა იმისა, რომ მთელი პოლიტიკა “შეისრუტოს” და პარტიების ბრძოლა საკუთარი ფრაქციების შიდაპარტიული ბრძოლით ჩაანაცვლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, უბრალოდ, ვერ ახსნის, რა იწვევს მდგომარეობის გაუარესებას, გაღიზიანებული მოსახლეობის პირისპირ დარჩება და ხელისუფლებას აუცილებლად დაკარგავს, თუნდაც მისი შენარჩუნებისთვის ყველაზე ხისტი მეთოდები გამოიყენოს და კრახის გადავადება მოახერხოს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უარყო გასულ კვირას გავრცელებული ცნობები გიორგი კვირიკაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის დაპირისპირების თაობაზე, ეს არასაკმარისად სწრაფად და დამაჯერებლად გააკეთა, შესაძლოა, იმიტომ, რომ საუბარი ხელისუფლების შიგნით “გუნდებსა” და “ჯგუფებზე” ამ შემთხვევაში ხელს აძლევს. ის არა მხოლოდ ქმნის პოლიტიკური შოუსთვის აუცილებელ ინტრიგას, არამედ ტოვებს ერთ-ერთი მხარის “განტევების ვაცად” გადაქცევის შესაძლებლობას, ამზადებს ნიადაგს საკადრო გადაადგილებებისთვის და ა.შ. მოკლედ, მაშინაც კი, როდესაც დაპირისპირება რეალურად არ არსებობს, საუბარი მასზე შეიძლება ხელისუფლებისთვის სასარგებლო გამოდგეს. გამორიცხული არ არის, რომ მალე გაჩნდეს ახალი სიუჟეტი “რეფორმატორებისა” და “რეტროგრადების” ბრძოლაზე პარტიასა და პარლამენტში, როგორც ეს “მოქალაქეთა კავშირის” მმართველობის პერიოდში მოხდა. ეს “ფაქტობრივი ერთპარტიულობის” პირობებში აპრობირებული სქემაა, რომელიც აბნევს მოსახლეობას, ხელს უშლის, დაუპირისპირდეს ხელისუფლებას მთლიანობაში და უბიძგებს, იმედები მის წიაღში აღმოცენებულ ერთ-ერთ ფრაქციას დაუკავშიროს.

მთავარი, ალბათ, ის არის, მიიღებს თუ არა საზოგადოება თამაშის ამ წესებს, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სიმპათია “რეფორმატორთა ჯგუფის” მიმართ არაადამიანური რეჟიმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიქნა. შესაძლებელია თუ არა, რომ “ფაქტობრივი ერთპარტიულობის” პირობებში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები განვითარდეს? საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა დღის წესრიგში გაცილებით სერიოზულ გამოწვევებს აყენებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ლუკა ნემსაძე

მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#381)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა