პრემიერმინისტრის მოულოდნელი გულახდილობა – საქართველოს ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
ზომა
A

სამშაბათი, 13 დეკემბერი / 2016 23:38

საქართველოს ხელისუფლებები, წლებია, მოსახლეობას ყურს უჭედავენ ნატოსა და ევროკავშირში შესვლასა და, აქედან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკით. თავდაპირველად იყო “მაპი”, შემდეგ _ “მაპზე უკეთესი”, შემდეგ _ “მეტი ნატო საქართველოში”, ვიზალიბერალიზაცია” და ა.შ., მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა არც _ ე.წ. ვიზალიბერალიზაციას და მით უმეტეს _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის დამოუკიდებელი, არამედ უცხოელ პატრონებთან შეუთანხმებლად სიტყვასაც ვერ ძრავს.


საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-ისთვის 11 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ, ჩანს, რეალობას არის მოწყვეტილი, დედამიწაზე არ ცხოვრობს და ვერ აცნობიერებს, რა პროცესები დაიწყო მსოფლიოში:

* “რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას; რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს, რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავე დროს, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმა გერმანული გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას.

აქ კვირიკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, ფაქტებს ამახინჯებს, როდესაც ამბობს, რომ “რუსი პოლიტიკოსების მხრიდან არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები”.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარებაზე. ზუსტად ერთი წლის წინათ კი, 2015 წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:

“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი... რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი”.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს რუსეთთან დიალოგის დაწყების გზაზე. ეს იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთის _ ნატოსა და აშშ-ის, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის _ გავლენისთვის ვერ დაუღწევია თავი, თუმცა ეს არც სურს, რადგან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და არა ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების გატარებაზე. არ ფიქრობენ, რომ ნატოში შესვლა ამ ალიანსის სამხედრო ძალების განლაგებას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე და სწორედ ის არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სამიზნეში აღმოვჩნდებით.

* “ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ნდობის ხარისხის ამაღლებაში მდგომარეობს, ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი მასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის. აქ საუბარია ღირებულებებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში”.

კვირიკაშვილი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრია, რომელმაც აღიარა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველა ხელისუფლების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და მოსახლეობისთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა, რადგან, ნატოს წესდების თანახმად, ამ ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. კვირიკაშვილის ნათქვამი საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი რესპუბლიკელების _ თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ თინა ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის რიტორიკას, რომლებიც გაიძახიან, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილაო. ისე კი, ნატოს წევრობას მართლაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, დასავლეთს საქართველო ნატოს წევრად მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს.

2008 წლიდან, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ნატოს დელეგაცია 4-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში (უპრეცედენტო შემთხვევაა), ქართველი ჯარისკაცები კი სიცოცხლეს სწირავდნენ და სწირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზულია.

ალიანსის 28 ქვეყანა გადაწყვეტს, შევა თუ არა საქართველო ნატოში”, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე წელს გამართული ნატოს ვარშავის სამიტის წინ.

ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც რომ იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი, ამ ორგანიზაციაში არავინ მიგვიღებს. არადა, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, წინააღმდეგი არიან.

აი, რას ამბობს საფრანგეთის სენატის წევრი ემერი დე მონტესკიუ: “საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგნი არიან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნატოში შესვლის. ეს აბსოლუტური პროვოკაცია იქნება”.

ნატოში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობაზე ლაპარაკობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც:

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი:

არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში შესვლის გზაზე. არ ყოფილა და არც არსებობს ნატოს დაუყოვნებლივ გაფართოების გეგმა”.

აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა:

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში წევრობის სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგან, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”.

ამაზე მეტი ვინ რა უნდა გვითხრას, რომ შევიგნოთ: დასავლეთს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ნატოში საქართველოს მიღებით კიდევ უფრო არ აიტკივებს თავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ჯიუტად ადგას აშშ-ის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზას...

ამასთანავე, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა დატოვოს ნატო, რადგან არ სურს, ამერიკის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს იმ ქვეყნების გამო, რომლებიც ნატოს საწევროს არ იხდიან. და, თუ აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოვა ან დაფინანსებას შეუმცირებს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ნატო აღარ იარსებებს?!

მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ნატოში საქართველოს შესვლაზე უარს კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის შიშით ამბობენ და მოგვიწოდებენ (ყოველ შემთხვევაში, სიტყვით მაინც) ამ უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა მოვაგვაროთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ამ ურთიერთობის ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად.

თუმცა ამას, ალბათ, სახელისუფლო სტრუქტურებში (აღარაფერს ვამბობთ .. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც მილიონობით დოლარითა და გირვანქა სტერლინგით აფინანსებენ ამერიკელები და ბრიტანელები) ჩანერგილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მითითებით აკეთებენ. ეს კარგად ჩანს საქართველოს კიდევ ერთი “სტრატეგიული პარტნიორის”, დიდი ბრიტანეთის, მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც “კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (ჩშშF) 2016_2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი ჰქვია (იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #45, 2016 წ.).

ტერორისტული აქტებით, “ბრექსიტითა” და მიგრაციული კრიზისით შეშფოთებულ ევროკავშირში აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ შეუქცევადი პროცესები დაიწყო _ ბულგარეთში, მოლდოვასა და ლიტვაში ნაციონალურმა ძალებმა გაიმარჯვეს, ანალოგიურ პროცესებს წინასწარმეტყველებენ ექსპერტები გაისად საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. ამ ფონზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის მთავრობის წევრებმა ჯერჯერობით მხოლოდ აბსურდული ტერმინებით _ “დაჰეჯირება”, “დედოლარიზაცია”, “ლარიზაცია”, “ვალატილობა” _ გაითქვეს სახელი, როგორც ჩანს, ილუზიების ტყვეობაშია და, იმის ნაცვლად, რომ ლარის კატასტროფული დაცემის შეჩერებასა და გაღატაკებული ადამიანების ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ევროპაში დასეირნობს და კვლავ განაგრძობს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკით.

შემოულაწუნეთ ვინმემ, იქნებ გონს მოეგოს!

გიორგი გაჩეჩილაძე


პრემიერმინისტრის მოულოდნელი გულახდილობა

ახალი სტატიები
გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: გიორგი
პარლამენტი და მთავრობა შესაცვლელია, სად შოულობენ ამ მარიონეტებს! ნაცფაშისტები ციხეში./
წერს: ნაცა ქექია
ვირუსი არ ვრცელდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენს მთავრობას გადაედო ფსაკობა, მოგერინობა , ფოქსობა... საერთოდ...
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა