გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით
ზომა
A

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი / 2015 11:48

1783 წლის 17 თებერვალი. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II- ფიცის აღთქმის ნიმუში ნიმუში იმისა, რომლის მიხედვით ქართლისა და კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ უნდა აღუთქვას ერთგულების ფიცი მის საიმპერატორო დიდებულებას, რუსეთის თვითმპყრობელს და აღიაროს მფარველობა და უმაღლესი ძალაუფლება სრულიად რუსეთის იმპერატორებისა ქართლისა და კახეთის მეფეებზე.


“მე, ქვემოთ დასახელებული ყოვლისშემძლე ღმერთისა და მისი წმინდა სახარების წინაშე ვაღიარებ, რომ მსურს ვიყო ერთგული მისი იმპერატორებითი დიდებულების... (ჩამოთვლილია ეკატერინე მეორეს ტიტულები), სრულიად რუსეთის იმპერატრიცისა და თვითმპყრობელის ეკატერინე ალექსეის ასულის და მისი ვაჟის, უგანათლებულეს დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძისა, სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრის და იმ ტახტის ყველა უმაღლესი მემკვიდრის ერთგული, გულმოდგინე და კეთილისმსურველი. ჩემი და ჩემი მემკვიდრეების სახელით ვაცხადებ, რომ სრულად ჩემს სამეფოსა და ოლქზე სამარადჟამოდ ვაღიარებ მისი იმპერატორებითი დიდებულებისა და ყველა მისი მემკვიდრის უმაღლეს მფარველობასა და ძალაუფლებას ჩემსა და ჩემს მემკვიდრეებზე, ქართლისა და კახეთის მეფეებზე.

შედეგად ამისა, უარვყოფ ჩემზე და ჩემს სამფლობელოზე სხვა ხელმწიფეთა და სახელმწიფოთა ძალაუფლებასა და მფარველობას, რაგინდ ტიტულითა და მიზეზით იყოს შემოთავაზებული. ჩემი ქრისტიანული სუფთა სინდისით ვაცხადებ, რომ რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს მივიჩნევ ჩემს საკუთარ მტრებად, ვიქნები მორჩილი და ყველა შემთხვევაში მზადმყოფი, ვემსახურო მის იმპერატორებითს დიდებულებასა და რუსეთის სახელმწიფოს, თუ საჭირო გავხდები, არ დავიშურებ სიცოცხლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; მისი დიდებულების უმაღლეს უფროსებთან და მსახურებთან ვითანამშრომლებ გულწრფელი თანხმობით; და თუ მისი იმპერატორებითი დიდებულებისა და იმპერიის წინააღმდეგ მიმართულ რაიმე საქმიანობისა თუ განზრახვის შესახებ შევიტყობ, დაუყოვნებლივ ვაცნობებ მას.

ერთი სიტყვით, ჩემი ასეთი ქცევა განპირობებულია ჩემი და რუსეთელი ხალხების ერთმორწმუნეობითა და მისი იმპერატორებითი დიდებულების მფარველობითა და უმაღლესი ძალაუფლებით. ჩემი ამ ფიცის დასასრულს ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარს ჩემი მაცხოვრისა. ამინ!

ეს ნიმუში საფუძვლად დაედება მომავალშიც ქართლისა და კახეთის მეფეთა ფიცს ტახტზე მათი ასვლისა და რუსეთის საიმპერატორო კარისგან ბოძებული რწმუნების დამადასტურებელი სიგელის მიღების ჟამს”...

დოკუმენტს ადევს ეკატერინე II- თანხმობის რეზოლუცია.

1783 წლის 17 თებერვალი. იმპერატრიცა ეკატერინე II-ს სიგელი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტ, გენერალ-ანშეფ, უგანათლებულეს თავად გ.ა. პოტიომკინსთვის ქართლ-კახეთის მეფესთან ერეკლე II-სთან ხელშეკრულების დადების უფლების მინიჭების შესახებ

“ჩვენ, ეკატერინე მეორე, სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და თვითმპყრობელი (ჩამოთვლილია მისი ყველა ტიტული, მათ შორის, “ივერიის მიწის, ქართლისა და ქართველი მეფეების მბრძანებელი და ხელმწიფე”) ჩვენი იმპერატორებითი ტახტისადმი ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძის მიერ წარმოდგენილი თხოვნის თანახმად მისი და მთელი მისი სამეფოსა და ოლქების ჩვენი მფარველობის ქვეშ მიღებისა და მის მიერ ჩვენი და ჩვენი მემკვიდრეების უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ ქართლისა და კახეთის მფლობელებზე. ორმხრივი ნათელი და თანხმობითი დადგენილების გათვალისწინებით, ჩვენი მხარის წარმომადგენლად ავირჩიეთ თავადი გრიგორი ალექსანდრეს ძე პოტიომკინი (ჩამოთვლილია მისი ყველა წოდება და ჯილდო რუსეთისა და სხვა სახელმწიფოთა მიერ მისთვის ბოძებული), რომელსაც ვანიჭებთ უფლებას თვითონ ან მისი არყოფნის შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ დანიშნოს და სრული უფლებით აღჭურვოს თავისი წარმომადგენელი ხელი მოაწეროს ტრაქტატს ჩვენი და ჩვენი მემკვიდრეების მფარველობისა და სრულიად რუსეთის თვითმპყრობელთა უმაღლესი ხელისუფლების აღიარების შესახებ ქართლისა და კახეთის მეფეებზე, ჩვენი იმპერატორებითი სიტყვით დაუდასტუროს, რომ ერთგულად შესრულდება ყოველივე, რასაც დაპირდება ნახსენები თავადი გრიგორი ალექსანდრეს ძე პოტიომკინი ან მისი დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენელი, და დანიშნულ დროს წარმოდგენილი იქნება ჩვენი რატიფიკაციისთვის. რასაც ვადასტურებთ საკუთარი ხელმოწერით და ვუბრძანეთ დაადასტურონ ჩვენი სახელმწიფო ბეჭდით.

გაცემულია წმინდა პეტრეს ჩვენს სამეფო ქალაქში ქრისტეს დაბადებიდან 1783 წლის თებერვლის 17 დღეს და ჩვენი მეფობის ოცდაერთ წელს”.

1783 წლის 18 თებერვალი. იმპერატრიცა ეკატერინეს II-ეს ბრძანებულების პროექტი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა და მისი სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღების შესახებ

ღმერთის წყალობით ჩვენ, ეკატერინე მეორე სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და თვითმპყრობელი (ჩამოთვლილია ყველა მისი ტიტული) მზრუნველობამ, რომელსაც ჩვენი, აწ გარდაცვლილი წინაპრები და მათი მაგალითით ჩვენც არ ვიშურებდით ქართველი ხალხებისა და მათი უგანათლებულესი ხელმწიფეების დასახმარებლად, მტრებისგან და მათი მეზობლების შევიწროებისგან დასაცავად, წარმოქმნა ნახსენებ ხელმწიფეთა ჩვენი ტახტისადმი ისეთი დამოკიდებულება, რომელიც საქვეყნოდ არის ცნობილი.

იგი (ბრძანებულება) ამტკიცებს ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ირაკლი თეიმურაზის ძისა და მთელი მისი სამეფოსა და ოლქების სამარადჟამოდ ჩვენს მფარველობაში მიღებას პირადად მისი გულწრფელი და ნებაყოფლობითი თხოვნის თანახმად; მისი უგანათლებულესობის მიერ ასეთივე ძალდაუტანებელი აღიარებით, ქართლისა და კახეთის მეფეებზე მისი და მისი მემკვიდრეების მიერ სრულიად რუსეთის იმპერატორების უმაღლესი ხელისუფლების აღიარებას.

(ეკატერინე II ადასტურებს, რომ მან და ერეკლე II- საზეიმოდ დაადგინეს ორივე მხარისთვის სასარგებლო დებულებები და ერეკლე თეიმურაზის ძეს მიენიჭა მისი მეფობის დამადასტურებელი ატრიბუტები: რუსეთის სახელმწიფოს ღერბიანი დროშა, რომლის (ღერბის) შუაგულში აღბეჭდილია ქართლისა და კახეთის სამეფო ღერბი; გადაეცა ხმალი, სამეფო კვერთხი და ყარყუმის ბეწვის მანტია).

“ჩვენ მიერ ბოძებული ამ სიგელის ძალით ვუბრძანებ ყველა ჩვენ სამხედრო, სამოქალაქო, სასაზღვრო და სხვა უფროსობას, ზემოთ ნახსენებ უგანათლებულეს მეფეს აღმოუჩინონ შესაფერი პატივისცემა და ნდობა, რომელიც ეთანადება იმ მჭიდრო კავშირსა და კეთილ თანხმობას, რომლითაც ამჟამად მისი სამფლობელო სამარადჟამოდ გაერთიანებულია ჩვენს იმპერიასთან. წყალობა, კეთილგანწყობა და ჩვენი საიმპერატორო მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფისა და მისი ხალხებისადმი სამუდამოდ იქნება განუყოფელი, რადგან ჩვენ სავსებით დაიმედებული ვართ მისი უგანათლებულესობის და მისი ქვეშევრდომების კეთილი ნებითა და ფიცით განმტკიცებული დაპირების, რომ უერთგულებენ ჩვენს ტახტს და ყოველთვის მზად იქნებიან ხელი შეუწყონ ყოველივე იმას, რაც სასარგებლო და სადიდებელი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის”.

სიგელს ხელს აწერს ეკატერინე II. სპ (სანკტ პეტერბურგი) 18 თებერვალი, 1783 წლისა.

1783 წლის 25 მარტი. კავკასიის კორპუსის სარდლის გენერალ-პორუჩიკის . . პოტიომკინის უფლებამოსილებანი, რომლებიც მას მიანიჭა სამხედრო კოლეგიის გენერალ-ანშეფმა უგანათლებულესმა თავადმა . . პოტიომკინმა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II- სრულუფლებიან წარმომადგენლებთან მოლაპარაკების საწარმოებლად და ტრაქტატზე ხელის მოსაწერად

წერილში გ. ა. პოტიომკინი აცნობებს კავკასიის კორპუსის სარდალს პავლე სერგის ძე პოტიომკინს ეკატერინე II-ს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების შესახებ, რომელშიც სიტყვა-სიტყვითაა გამეორებული იმპერატრიცას 1783 წლის 18 თებერვლის ბრძანებულების ტექსტი. ამასთან, აუწყებს, რომ მას ნიშნავს თავის წარმომადგენლად და არწმუნებს, რომ მისი განკარგულებები და ხელმოწერა მიღებული იქნება, როგორც მისი _ გრიგორი ალექსანდრეს ძე პოტიომკინისეული.

ხელმოწერილია თავად პოტიომკინის მიერ, დადასტურებულია მისი გერბიანი ბეჭდით და დათარიღებულია 1783 წლის 25 მარტით.

გაგრძელება იქნება

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა